რიუნოსკე აკუტაგავა – ოისი კურანოსკეს ერთი დღე
მჭიდროდ მოხურულ სიოძის მზის კაშკაშა შუქი ეფინა და ძველი ალუბლის ჩრდილი ნახატივით გამოსახულიყო განათებული კედლის სივრცეზე. ოისი კურანოსკე, ასანო ტაკუმი-ნო-კამის ყოფილი ვასალი, ხოლო ამჟამად თავად ჰოსოკავას სახლის ტუსაღი, სიოძისკენ ზურგშექცეული იჯდა და თავაუღებლივ კითხულობდა. წიგნი “სამმეფობის” რომელიღაც ტომი უნდა ყოფილიყო, ჰოსოკავას ერთ-ერთმა აზნაურმა რომ ათხოვა.
ამ ოთახში ჩვეულებრივ ცხრა კაცი იყრიდა თავს. მაგრამ ამწუთას კატაოკა გენგოემონი საჭირო ოთახში გასულიყო: ჰაიამი ტოძაემონი ქვემო სართულში იჯდა და ჩვეულებისამებრ ლაყბობდა: დანარჩენი ექვსი _ ოისიდა ტიუძაემონი, ჰარა სოემონი, მასა კიუდაიუ, ინოდერა ძიუნაი, ჰორიბე იაჰეი და ჰაძამა კიჰეი _ თითქოს ვერ ამჩნევდნენ მოკაშკაშე მზეს: ზოგი წიგნს ჩაღრმავებოდა, სხვანი წერილის წერით იყვნენ გართულნი. ექვსივე ხანდაზმული იყო და იქნებ სწორედ ამიტომაც გაზაფხულის სურნელებით აღვსილ ოთახში მკვდრული სიჩუმე დამკვიდრებულიყო. ხანგამოშვებით ვინე ხმადაბლა თუ ჩაახველებდა, მაგრამ ეს არ არღვევდა მყუდროებას.
კურანოსკემ თვალი მოწყვიტა “სამმეფობას”, მზერა სადღაც შორს მიმართა და ხელები მის წინ მდგარ მაყალს მიუფიცხა. ცხურით გადახურულ მაყალში ღადარი ღვიოდა და ლამაზი ნაპერწკლები ანათებდა ნაცარს. კურანოსკე გრძნობდა მათგან მოდენილ სითბოს და მთელი მისი არსება მშვიდ კმაყოფილებას მოეცვა. ეს იგივე განცდა იყო, შარშან, უკანასკნელი თვის მეთხუთმეტე დღეს ლექსად რომ გამოთქვა, როცა მათი დაღუპული პატრონის სისხლი უკვე აღებული ჰქონდათ და ყველანი ერთად სენგაკუძის ტაძრად მიემართებოდნენ:
აჰა, ჟამი სანეტარო!
საზრუნავი უკუმეყარა:
აღსრულდა… სისხლი სისხლისა წილ.
პირმანგმა მთვარემ
ღრუბლითგამო გამოანათა.
რა მძიმე იყო ის ორი წელი, აკოს ციხე-კოშკიდან წასვლის შემდეგ რომ გაატარა! რა ხრიკებს არ მიმართავდა იგი იმ დაუსრულებელი დღეებისა და თვეების მანძილზე! ადვილი არ იყო მოთმინებით ლოდინი და გულფიცხელი მეგობრების შეკავება, ვიდრე შესაფერი ჟამი დადგებოდა. ესეც არ იყოს, ფხიზლად ზვერავდა მას მტრის სახლიდან მოგზავნილი საისაკუ. თავაშვებული ღრეობებით შეცდომაში შეჰყავდა ეს კაცი და თან იჭვიანი თანამზრახველების იჭვებიც უნდა გაეფანტა. მოაგონდა იამასინასა და მარუიამაში მათი მაშინდელი თავყრილობა და კვლავინდებურად გული დაუმძიმდა. მაგრამ მოსახდენი ხომ მოხდა.
აღუსრულებელი მხოლოდ განაჩენი დარჩა, ორმოცდაშვიდის მიმართ გამოსატანი განაჩენი. მაგრამ განაჩენიც დიდხანს არ დააყოვნებდა. ასეა, მოსახდენი მოხდა. უბრალოდ როდი აღსრულებულა შურისგება, ყველაფერი ისე მოგვარდა, როგორც მის ზნეობრივ მოთხოვნილებებს შეეფერებოდა. იგი კმაყოფილი იყო არა მარტოოდენ ვალის მოხდით, არამედ იმითაც, რომ მაღალანაზღაურებრივი საწყისები სინამდვილედ ექცა. როგორადაც უნდა განესაჯა შურისგების მიზანი და საშუალებანი, კმაყოფილების გრძნობას მისას სინდისის ქენჯნა არ წამლავდა. მეტი რაღა უნდოდა? არსებობდა კი მისთვის სხვა რამ უმაღლესი კმაყოფილება?
ამის გაფიქრებისას კურანოსკეს შუბლზე ნათელი გადაეფინა და იოსიდა ტიუძემონს მიუბრუნდა, რომელიც, ეტყობა, წიგნის კითხვით დაღლილიყო და მუხლებზე თითებით რაღაცას ხაზავდა.
_ დღეს ალბათ გარეთ თბილა…
_ ალბათ… ასე რომ ზიხარ, ძალაუნებურად ძილი მოგერევა კაცს. ალბათ, იმიტომ, ძალზე რომ თბილა.
კურანოსკეს გაეღიმა. მის გონებაში ამოტივტივდნენ სტრიქონები, ახალწლის დღეს საახალწლო ღვინით შემთვრალმა ტომიმორი საკაემონმა რომ შეთხზა:
გაზაფხულია,
და სამურაისაც
ძილის არ შერცხვება.
ეს სტრიქონებიც იმავ კმაყოფლებით სუნთქავდნენ, ამჟამად რომ გრძნობდა კურანოსკე.
_ ეს მოთმენილობაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ განზრახული აღსრულებულია.
_ ალბათ ასეა.
ტიუძაემონმა ჩიბუხი გააბოლა. მოცისფრო კვამლმა ოდნავ შებინდა ნაშუადღევის გაზაფხულისეული ჰაერი და შეუბღალავ მყუდროებაში განქარდა.
_ ვინ იფიქრებდა, კიდევ თუ მოვესწრებოდით ოდესმე ასეთ მშვიდ დღეებს.
_ აბა! სიზმრადაც არ დამსიზმრებია, რომ კვლავ შევხვდებოდი ახალ წელს.
_ სულ მგონია, რომ ჩვენ ნამდვილად ბედნიერები ვართ, და კმაყოფილი ღიმილით გადახედეს ერთმანეთს.
ამ წამს კურანოსკეს უკან, სიოძის მიღმა, კაცის ჩრდილი რომ არ მომდგარიყო, ეს ჩრდილი რომ არ გამქრალიყო ანაზდად, ვიდრე სიოძის გვერდზე გასწევდნენ, და იმ ჩრდილის ნაცვლად ჰაიამი ტოძაემონის ზორბა ტანი არ გამოჩენილიყო ოთახში, იქნებ კურანოსკე კვლავ მინებებოდა გაზაფხლის სითბოს და კმაყოფილებისა და სიამაყის გრძნობას. მაგრამ ახლა ღაჟღაჟა, პირმოცინარი ტოძაემონი უბოდიშოდ შემოვარდა ოთახში, თუმცა განსაკუთრებილი ყურადღება არავის მიუქცევია მისთვის.
_ გატყობთ, დიდად გიმხიარულნიათ ქვემოთ.
ტაუძაემონს ნაღვლიანად გაეცინა, კვამლი გადასცდა და ხველა აუტყდა. ონოდერა ძიუნაიმ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში წერით იყო გართული, თითქოს რაღაც გაახსენდაო, თავი აიღო, მაგრამ იმავ წამს ქაღალდს დახედა და სასწრაფოდ განაგრძო წერა. ცოლს თუ სწერდა კიოტოში წერილს. კურანოსკეს ღიმილიდგან თვალები მოეწკურა.
_ მაინც რა ითქვა საგულისხმო?
_ ლაყბობა იყო, მეტი არაფერი. თუმცა რატომ? როცა ტიკამაცუ ძინგოროს ამბავს ყველბოდა, თვით დენემონსაც კი მოერია ცრემლი. კიდევ რა იყო? ჰო… აი, რა. მას შემდეგ რაც თავადი კირი მოვკალით, მთელ ედოში შურისგების შემთხვევები გახშირებულა.
_ ვინ ფიქრობდა!
ტიუძაემონმა გაკვირვებით გადახედა ტოძაემონს, რატომღაც კმაყოფილი დარჩა, ამ საგანზე რომ ჩამოვარდა საუბარი.
_ სამიოდე ასეთი შემთხვევა გვიამბეს. ერთი ძალზე სასაცილოა, მინამინატებორიში მომხდარა. ბრინჯის დუქნის პატრონი აბანოში წაჰკიდებია მეზობელ მღებავს. რომელიღაცას მდუღარე წყალი შეუსხამს მეორესთვის, ისე, ტყუილუბრალოდ. საპასუხოდ ოსტატს კარგა მაგრად უბეგვია ეს შენი მედუქნე. თურმე ნუ იტყვი, მედუქნის ბიჭს ბრაზი ჩაუხვევია გულში და, როცა მღებავი ღამით ქუჩაში გამოსულა, შიგ ბეჭებში ჩაურტყამს დანა. თან დაუყოლებია: “ესეც შენ, ჩემი პატრონისთვისაო!”
ტოძაემონი ხელის მოძრაობით ასურათებდა ნაამბობს, თან მთელი ხმით როხროხებდა.
_ ოჰ! ეს ხომ უბრალო შეხლა-შემოხლაა!
_ ძაან კი დაზარალდა მღებავი. მაგრამ საკვირველი ესაა, რომ ყველა იმ ბიჭის მხარს იჭერს, კარგად მოიქცაო მედუქნის შეგირდი. იმავე ქუჩის მესამე უბანშიც განმეორებულა და კიდევ სადღაც, ერთი სიტყვით, მთელ ქალაქს მოსდებია. ასე ამბობენ, ჩვენი მაგალითი გადაიღესო. სასაცილო არაა განა?
ტოძაემონმა და ტიუძაემონმა ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ. თუმცა ეს ამბები უბრალო კინკლაობა იყო, მაგრამ მათ მაინც სიამოვნებდათ, რომ ედოელებზე ასეთი გავლენა მოუხდენია მათ მიერ აღსრულებულ შერისგებას. მხოლოდ კურანოსკეს არ გაიცინია, შუბლზე ხელი ჰქონდა მიდებული და უკმაყოფიულოდ დუმდა. ტოძაემონის ნაამბობმა უცნაურად შეუმღვრია კმაყოფილების გრძნობა, წეღან რომ დაეუფლა მის არსებას. განათუ პასუხისმგებლობა იგრძნო ედოელთა საქციელის გამო. არა, სულაც არ ქენჯნიდა სინდისი, რომ მათ თავგანწირულ შერისგებას ასეთნაირად გამოეხმაურნენ ქალაქის მდაბიონი. მაინც იგრძნო, რომ გაზაფხულის სითბოთი გამთბარ მის სულში რაღაც სიცივე შეიპარა.
სიმართლე რომ ითქვას, კურანოსკეს კიდეც უკვირდა, რომ მათმა საქციელმა ასეთი გავლენა იქონია ხალხზე. ამ ამბებმა, რაზეც ტიუძაემონთან ერთად სხვა დროს ბევრს იცინებდა, ახლა კმაყოფილებით აღვსილი მის სულში რაღაც უსიამოვნების თესლი ჩააგდეს.
მაგრამ იმ ორმა ვერ შეამჩნია, რომ არც კი გაუღიმია კურანოსკეს. პირიქით, გულმართალი და კეთილი ტოძაემონი ალბათ დარწმუნებული იყო, რომ მისი ნაამბობი კურანოსკესაც გაართობდა. სხვაგვარად რომ ეფიქრა, ხომ არ ჩავიდოდა ქვემო სართულზე ჰოსოკავას ვასალი, ჰორიუტი დენდემონის მოსაყვანად, რომელიც ამ დღეს ზედამხედველობდა პატიმართ. “დენდემონს დავუძახებ”, _ ეს უთხრა ტიუძაემონს, ფარდა გადასწია და ქვემოთ ჩავიდა. და მალე კვლავინდებურად მომღიმარი და ხალისიანი დაბრუნდა აყლაყუდა დენდემონთან ერთად.
_ გმადლობთ, რომ გაისარჯეთ და მოგვინახულეთ, _ ღიმილით შეეგება ტიუძაიმონი. ალალი გულის კაცი იყო დენდემონი, ამიტომაც მასა და პატიმრებს შორის თავიდანვე გულითადი ურთიერთობა დამყარდა, თითქოს ძველი მეგობრები ყოფილიყვნენ.
_ ტოძაემონმა მითხრა, უსათუოდ ამომყევიო. მეც ამოველ, თუმცა, ვატყობ, ხელი შეგიშალეთ.
დენდემონი ჩამოჯდა, ხშირი წარბები აქაჩა და კუნთები ისე აუთამაშდა ლოყებზე, თითქოს ახლა სიცილი წასკდებაო. თან ოთახშიმყოფთ ავლებდა მზერას. ახლა კი ყველა მიესალმა მას, წერილის მწერალიცა და წიგნის მკითხველიც. კურანოსკემ თავაზიანად დაუკრა თავი. ცოტა სასაცილო კი გამოუვიდა, რომ ჰარიბე იაჰეიმ, “ტაიჰეიკის” რომელიღაც ტომზე რომ თვლემდა, მოწიწებით დაჰხარა თავი და რულმორეულს სათვალე გადმოუვარდა. თვით ჰიძამა კიჰეიც გააცინა ამან, თეჯირისაკენ მიბრუნდა. სიცილს ძლივს იკავებდა.
_ არც თქვენ გყვარებიათ მოხუცები, დენდემონ ბატონო, ისე იშვიათად გვეწვევით ხოლმე.
მისთვის უჩვეულო, წყნარი ხმით წარმოთქვა კურანოსკემ. ალბათ ჯერ კიდევ შერჩენოდა მკერდში წეღანდელი თბილი განცდა კმაყოფილებისა, თუმცა ოდნავ უგუნებოდ შექმნილიყო.
_ როგორ გეკადრებათ! უბრალოდ, მოცლა არა მაქვს, ხან ვინ შემაჩერებს, ხან ვინა, ამბებს მაყოლებენ.
_ აგერ ახლა თქვეს, საინტერესო ამბავი მოგიყოლიათ ქვევით, _ ლაპარაკში ჩაერია ტიუძაიმონი.
_ საინტერესო ამბავი? მაინც რომელი?
_ აი ისა, ედოელმა მდაბიორებმა რომ მიბაძეს ჩვენს შურისგებას. ამას არ უამობდით ქვემოთ? _ თქვა ტოძაემონმა და ღიმილით გადახედა დენდემონსა და კორანოსკეს.
_ ჰო… ამას ამბობთ? მაინც რა უცნაურია ადამიანი! მდაბიორნი რომ მდაბიორნი არიან, ისინიც კი აღაფრთოვანა თქვენმა გმირობამ და პატრონისადმი ერთგულებაში მოგბაძეს. ღმერთმა ქნას და კეთილისმყოფელი გავლენა იქონიოს ამ ამბავმა ჩვენს გადაგვარებულ საზოგადოებაზე! სხვა არა იყოს რა, ბალანგებს რომ აღარ ეტანებიან, ესეც კარგი ნიშანია.
არ ესიამოვნა კურანოსკეს, ამგვარი მიმართულება რომ მიიღო საუბარმა, მაშინ განზრახ შთაგონებულ კილოზე და მდაბიური სიტყვის მოქცევით შეეცადა სხვა მხრივ წარემართა საუბარი.
_ მადლობის მეტი რა გვეთქმის, პატრონისადმი ერთგულება რაღაი შეგვიქეთ. ისე, მე რომ მკითხოთ, ნამეტანი კი უნდა გვრცხვენოდეს, _ კურანოსკემ თვალი მიმოავლო შეკრებით და განაგრძო. _ რატომო, იკითხავთ? აი, რას გეტყვით: ბევრია სამურაო აკოს ტომში, აქ მხოლოდ დაბალი რანგისანი ვართ დატყვევებულნი. თავდაპირველად თუმცა გვეხმარებოდა თვით წინამძღოლი ტომისა ოკუნო სიოგენი, მაგრამ შუა გზაზე პირი გვიშალა და მოგვატოვა. აბა ვინ იფიქრებდა ამას? ჩვენ შორის იყვნენ სინდო გენსირო, კავამურა დემბეი, კომურა გენიემონი. ჰარა საემონზე წარჩინებულნი გახლავან ესენი. სწორედ ამ ხალხმა გადაიფიქრა განზრახული, როცა საქმე საქმეზე მიდგა. მათ შორის ჩემი ნათესავებიც ერივნენ. განა ეს ჩვენი სირცხვილი არაა?
კურანოკეს ამ სიტყვების შემდეგ ოთახში გამეფებული მხიარულება ერთბაშად განქარდა, ყველას სიდინჯე დაეუფლა ანაზდად. მაშინ ტოძაემონმა მუშტები შეკრა და რამდენჯერ დაიბაგუნა მუხლებზე.
_ მართალია! აბა ტაკადა გომბეი კაცია? პირუტყვზე უარესი არაა…
წარბები აქაჩა და ჰორიბე იაჰეის გადახედა დასტურის მოლოდინში. გულფიცხმა იაჰეიმაც არ დააყოვნა:
_ იმ დილით, რომ გავდიოდით, გავიფიქრე: ახლა რომ სადმე გადამეყაროს, პირში შეფურთხებას არ ვაკმარებ-მეთქი. გავიხედე და არ გამოგვეცხადა თავისი ურცხვი სიფათით! გვეუბნება: “აღსრულდა თქვენი ნატვრა. გიხაროდეთ!”
_ ტაკადა კი ვიცოდი, ვინც იყო, _ ახლა მასა კიუდაიუმ შეაწია სიტყვა, _ მაგრამ ეს ოიამადა სეძაემონიც კაი შვილი ბრძანებულა.
ამის თქმა და მაშინვე მოჰყვნენ განდგომილთა ლანძღვა-თრევას ჰარა სოემონი და ონოდერა ძიუნაი. თვით მუდამ მდუმარე ჰაძამა კიჰეიც კი აკანტურებდა დასტურის ნიშნად ჭაღარა თავს.
_ საკვირველია, მე და ჩემმა ღმერთმა, ერთ ტომში როგორ რიგდებოდით თქვენისთანა ერთგული ყმები და ის უღირსნი? ყველა მათ ლანძღავს, სამურაებზე რომ არაფერი ვთქვა, მდაბიორთაც კი ვერ მოუთმენიათ მათი სიმდაბლე, უჰ, ის ძაღლიშვილები, ის მუხანათებიო! ოკობაიასი მოკუნოსკემ შარშამ სარშან ხარაკირი გაიკეთა, მერე ხმა გავარდა, ნათესავებიც მიჰყვნენო მას. იქნებ ეს მართალიც არ იყოს, მაგრამ რაღაი საქმე აქამდე მივიდა, სირცხვილს ვერ ასცდებიან. ახლა, როცა შურისგების შემთხვევები გახშირდა, რა იცი, არ გამოჩნდეს ვინმე და ერთიანად არ ამოჟუჟოს ეგ ხალხი იმ საბაბით, რომ სამართლიანობისადმი გმირული სამსახური ედოს ქალაქის ჩვეულებაა, თანაც თქვენც კარგა ხანია განწყრალი ხართ მათზე.
ამას ამბობდა გაცხარებული დენდემონი, თითქოს დატუსაღებული სამურაების ამბავი მისი სისხლხორცეული საქმე ყოფილიყოს. თითქოს ნანობდა კიდეც, რომ იმ განდგომილთა ამოწყვეტის უფლება არა ჰქონდა. ლანძღვის აზარტმა გაიტაცა ოისიდა ტუძაემონიც, ჰარა სოემონი, ჰაიამი ტოძაემონი, ჰორიბე იაჰეი. არავინ დატოვეს მოუხსენებლი უღირს ვასალებსა და ტომის უკუღმართ შვილებს შორის.
ამ აურზაურში ერთადერთი კაცი, ოისი კურანოსკე არ ჩარეულა. იგი უფრო და უფრო ეთიშებოდა საუბარს, მის მიერ წამოწყებულს. უფრო და უფრო იღრუბლებოდა, ხელები მაყალზე მიეფიცხებინა და ფიქრიან მზერას არ აშორებდა ღადარს.
არ ეგონა კურანოსკეს, რომ მის მიერ ჩამოგდებული სიტყვა ასეთგვარ საუბარს მოიტანდა, კიდევ უფრო მოულოდნელი რამ მოხდა: ახლა იქ მყოფნი თითქოსდა ყოფილი თანამზრახველების ღალატის საზღაურად უფრო და უფრო ადიდებდნენ თავიანთ ერთგულებას. ამის გაგონებაზე მის მკერდში მქროლ ნიავს გაზაფხულისას კვლავ მოაკლდა სითბო. მას ხომ იმისათვის არ გამოუთქვამს სინანული განდგომილთა მიმართ, რომ საუბარი საწინააღმდეგო მხრისკენ შეეტრიალებინათ! მას მართლაც აწუხებდა თანამზარხველთა ღალატი, მაგრამ მხოლოდ ეცოდებოდა ეს ორგული სამურაები, რომელნიც სიძულვილის ღირსნი იყვნენ მხოლოდ. კურანოსკეს არ ეუცხოებოდა ადამიანური მერყეობა და ცხოვრების ტრიალი, ამიტომაც ბუნებრივად უჩნდა ეს ღალატი. თუ აქ მოსატანია სიტყვა “გულწრფელობა”, გულწრფელად მოიქცნენ სამწუხაროდ ის სამურაები. ამის გამო გულმოწყალედ უყურებდა მათ საქციელს კურანოსკე. მით უმეტეს ახლა, როცა შურისგება უკვე აღსრულებულიყო, ისინი მხოლოდ სინანულის ღიმილს თუ იწვევდნენ მისას. სხვანი ერთგულების რაინდებად გვიხსენიებენ, ვითომ რატომ უნდა ჩაითვალოს ისინი პირუტყვებად? დიდი გასნხვავება როდია ჩვენსა და მათ შორის. კურანოსკეს, რომელსაც წეღან არ ეპრიანებოდა ედოელ მდაბიორთა წამხედურობის გაგონება, ახლა დენდემონის მიერ გამოთქმულმა საზოგადოებრივმა აზრმა დაანახა, თუ როგორი გამოძახილი ჰპოვა ამ გავლენამ განდგომილებს შორის. ნაღველი ნაღველზე მოეძალა კურანოსკეს, მაგრამ წინ იყო საბოლოო დარტყმა.
დენდემონმა კურანოსკეს დუმილი მის თავდამდაბლობას მიაწერა და ია, ამ ხიგოელმა გაუთლელმა სამურაიმ, რომელიც ეთაყვანებოდა კურანოსკეს და ბუსიდოს ცოცხალ მაგალითად რაცხდა, თავისი თაყვანისცემის დასტურად ერთბაშად შეატრიალა საუბრის თემა და კურანოსკეს ერთგულებისა და თავდადების ქება-დიდებას მოჰყვა.
_ ერთი ნავალი კაცისაგან გამიგონია, თურმე ჩინეთში ერთი სამურაი ისე ბეჯითად ზვერავდა თავისი პატრონის მტერს, რომ მუგუზალიც კი გადაუყლაპავს დასამუნჯებლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში თავისი სურვილის წინააღმდეგ, მთელი ამ ხნის განმავლობაში თავისი სურვილის წინააღმდეგ, მტრების თვალის ასახვევად, თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდა?
_ ამგვარი შესავალის შემდეგ დენდემონმა სათითაოდ გაიხსენა ყველაფერი, რასაც ჰყვებოდნენ ერთი წლის წინათ კურანოსკეზე, როცა იგი წრეგადასულ ღრეობებს მართავდა. მერე რა ძნელი იყო კურანოსკესათვის თავის მოგიჟიანება. ის დაუსრულებელი სეირნობანი ტაკაოსა და ატაგოს წითელი ნეკერჩხლებისაკენ; მერე რა მტანჯველი იყო კურანოსკესათვის, რომელიც შურისგების გულისათვის თავს არ იზოგავდა, ღამეული ქეიფები სიმაბარასა და გიონში ალუბლების დღესასწაულზე!
_ გამიგონია, ასეთი სიმღერა დადიოდა იმხანად კიოტოში: “ოისი განა კლდე ყოფილა, ქვასავით მყარი არ ყოფილა”, ოისი ფურცელივით რომ გაეცურებინა ხალხი, ამას წინათ თვით ამანო იაძაემონმაც კი შეაქო იგი; აი, მესმის ჭეშმარიტი გმირობაო. მართლაც ასეა.
_ რას ამბობთ! ეს რა სალაპარაკოა! _ ნაძალადევად გაეპასუხა კურანოსკე.
მისმა თავდაჭერილმა პასუხმა, როგორც ჩანს, არ დააკმაყოფილა გულუბრყვილო დენდემონი და იგი კიდევ უფრო გაიტაცა ტყვე სამურაის ხოტბის ჟინმა. მან ზურგი შეაქცია კურანოსკეს და ახლა ონოდერა ძიუნაის მიუბრუნდა, რომელთანაც ერთ დროს კიოტოში მსახურობდა, და უფრო მეტი სიცხადით იწყო აღტაცების გამოხატვა. ძიუნაი გამოცდილი კაცი იყო და დენდემონის ყმაწვილური სიცხადე სასაცილოდ და ამაღელვებლადაც უჩნდა. მანაც მხარი აუბა დენდემონს და დაწვრილებით უამბო, როგორ მიიპარებოდა ხოლმე ბერად გადაცმული კურანოსკე იუგირისთან, მასუიელ მეძავ ქალთან, რათა მტრისაგან მოგზავნილი საისაკუ მოეღორებინა.
კურანოსკემ, ამ დარბაისელმა კაცმა, სალაღობო სიმღერაშიც კი შეთხზა. მთელ ედოს მოედო ეს სიმღერა, ყველა საროსკიპოში მღეროდნენ მას. მღეროდნენ, როგორ მიბანცალებდა შავ ანაფორაში გადაცმული, მთვრალი კურანოსკე ალუბლის ყვავილებით მოფენილ გიონის შეკებში. არ მიკვირს, რატომ განითქვა ეს სიმღერა და მასთან ერთად კურანოსკეს გაუთავებელი ღრეობები. იუგირისა და უკიხასის, ყველა სახელგანთქმულ როსკიპს, ვინც კი სიმაბარასა და სიუმოკუ-მატიში იყო, დიდ ბედნიერებად მიაჩნდა მისი სტუმრობა.
ნაღვლიანად ეწვეთებოდა კურანოსკეს ძიუმაის ნაამბობი, თითქოს სიძულვილით ჰყვებიანო ამას. უნებურად ამიტოვტივდნენ მის ხსოვნაში ის ძველი განცდები, რაღაც უცნაურად კაშკაშა, ფერადოვანი მოგონებები. კვლავ აღდგა მის გონებაში შუქი დიდი სანთლისა, კვლავ ეყნოსა ტკბილსურნელოვანი ზეთის სურნელი, კვლავ მოესმა მის ყურთასემნას სიამისენის საამური ჰანგები. თვით სიტყვებიც კი იმ სიმღერისა მოაგონდა, ძიუნაიმ რომ გაიხსენა წეღან: “ოისი განა კლდე ყოფილა, ქვასავით მყარი არ ყოფილა, ოისი ფურცელივით მჩატე ყოფილა”. სიმღერა იგი მის სულში აღვიძებდა იუგირისა და უკიხასის მომხიბლავ სახეებს. აგონდებოდა, უყოყმანოდ რომ მინებდა იმ თავაშვებულ ცხოვრებას და განცხრომაში მყოფს რომ გადაავიწყებდა ხოლმე შურისგების საქმე. საკუთარ თავსაც ატყუებდა მაშინ კურანოსკე, ამას მაშინაც გრძნობდა კურანოსკე და ახლა როგორღა უაროფდა. თუმცა ადამიანის ბუნებაში ღრმად ჩახედულ სამურაის არც კი უფიქრია, უზნეობად ჩაეთვალა თავისი საქციელი. ამის გამო არ სიამოვნებდა, ქება-დიდებას რომ ასხამდნენ, რაკი ეგონათ, რომ ეს წრეგადასული ქეიფობანი მხოლოდ და მხოლოდ ერთგულების ვალის აღსრულებას ემსახურებოდა. არ სიამოვნებდა და თავს დამნაშავედ გრძნობდა.
განა გასაკვირი იყო, რომ კურანოსკე კიდევ უფრო დანაღვლიანდა, როცა თავისი მაშინდელი მოგიჟიანებისა და ვნებაღა ღელვის ქება გაიგონა? სწორედ ახლა მთელი სიცხადით იგრძნო, როგორ განქარდა მის მკერდში გაზაფხულის სითბოს უკანასკნელი ნაშთი, მხოლოდ წყენაღა შერჩა საყოველთაო გაუგებრობისა და საკუთარი უგუნურების გამო, დიახ, საკუთარი უგუნურებისა, რომ იმთავითვე ვერ გაითვალისწინა მომავალი გაუგებრობა. ამ განცდის ცივი ჩრდილი უფრო და უფრო ეპარებოდა მის სულს. ახლა ცხადად წარმოიდგინა, რომ მისი გმირობისა და მისთა მეგობართა ამბავი. ამგვარი გაუმართლებელი დიდებით გადასწვდებოდა მომავალ თაობებს. თვალწინ დაიდგა ეს უსიამო სინამდვილე, ხელები ჩანავლებულ მაყალს მიუფიცხა და ნაღვლიანად ამოიოხრა. თვალს ვერ უსწორებდა დენდემონის მზერას.
მცირე ხნის შემდეგ ოისი კურანოკემ დრო მოიხელთა და გარეთ გავიდა. მიეყდრო სვეტს გარე დერეფნისას და სიამაყით გაჰხედა ქლიავის ხეს, ძველი ბაღის ხავსსა და ლოდებს შორის რომ აყვავებულიყო. მზე დასალიერისკენ იწურებოდა და ბამბუკის ჭალის წიაღ დაისის მწუხრი მოიპარებოდა. სიოძის იქით კი კვლავ გაისმა გახარებული საუბრის ხმა. ამ ხმების გაგონებაზე კიდევ მოეძალა მწუხარება კურანოსკეს. ქლიავის მსუბუქ სურნელებასთან ერთად მთელი მისი არსება სევდამ მოიცვა, გამუთქმელმა სევდამ, ნელინელ რომ აღწევდა გაყინული გულის სიღრმემდე.
შეურხევლად იდგა კურანოსკე და მიშტერებოდა მწუხრის იისფერ ცაზე ჩახატულ ქლიავის მკვრივსა და ცივ ყვავილებს.