იაკობ გოგებაშვილი – მცირედი შესწორებანი
(წერილი რედაქციისადმი)
საჭიროდ მიმაჩნია გაუწყოთ, რომ ჩემი წიგნები პეტერბურგში გაიგზავნა არა “წერა-კითხვის საზოგადოების” გამგეობის გადაწყვეტილებით, როგორც ეს შეცდომი იყო ნათქვამი “სახალხო გაზეთში”, არამედ, თანახმად ჩემი სრუვილისა და განკარგულებისა და ჩემივე ხარჯით. წარსულს თვეში ერთმა ქართველმა სტუდენტმა პეტერბურგის უნივერსიტეტისამ წაიღო გამგეობის წიგნის მაღაზიიდან ყველა ჩემი ქართული წიგნები და სახელმძღვანელოები ჩვენებურის პროფესორებისა და დეპუტატრებისათვის. ამას წინად კიდევ გამგემ იმავე წიგნის მაღაზიისამ გაუგზავნა დამსახურებულს პროფესორს ალექსანდრე ანტონის ძეს ცაგარელს ჩემი რუსული წიგნები და ჩემი რუსული სახელმძღვანელო “Русское слово” ორივე ნაწილი მეთოდიკური. ყველა ეს წიგნები გაიგზავნა არა თითო ცალობით, არამედ რამდენსამე ცალად. ეს გაგზავნა გამოიწვია ორმა გარემოებამ: ფროგორც სატახტო გაზეთები იუწყებიან ახლო მომავალში სათათბირომ უნდა განიხილოს პროექტი ინოროდცების სახალხო სკოლებისა, და რომ ეს პროექტი სახარბიელოს არას გვიმზადებს, სჩანს სხვათა შორის, იქიდან, რომ იმავე გაზეთებში იწერებიან: კადეტები ემზადებიან გამოესარჩლონ განაპირა ქვეყნების სახალხო სკოლების თავისებურებასა და პედაგოგიურად მოწყობასაო.
მეორე გარემოება იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთში ბევრს, სამწუხაროდ, ქართველობა მიაჩნია ველურ ხალხად, რომელსაც არ აბადია ლიტერატურა, არც საზოგადო და არც სამოსწავლო, და თითქმის შეუძლებლად ჰხდის სწავლებას “დედა-ენაზე” ჩვენს სკოლებში და თვით ქართულის ენის სწავლებასაც. ჩვენებური პროფესორები და დეპუტატები გააცნობენ სათათბიროს ლიდერებს გაგზავნილის წიგნების საშუალებით საქმის მდგომარეობასა, აგრეთვე შეუძლიანთ რუსული პერიოდული გამოცემებიც ჩაურიონ ამ საქმეში და საქმის წაღმა დატრიალება გაადვილონ.
კარგი იქნება, რომ სხვა ქართველმა ავტორებმაც გაუგზავნონ თავისი წიგნები და სახელმძღვანელოები.