იაკობ გოგებაშვილი – წინასიტყვაობა ბუნების კარის
აწმდგომი გამოცემისათვის ჩვენ ამ წიგნში ვერ მოვახდინეთ იმდენი ცვლილებანი, რამდენიც საჭიროდ მიგვაჩნდა, ჩვენ გადავათვალიერეთ მთელი წიგნი და შიგა-და-შიგ სტატიები გადავაკეთეთ, პირველი განყოფილება შევავსეთ ახალი სტატიებით, ხელახლად, შევადგინეთ მესამე განყოფილება; წიგნი შევამკეთ სურათებითა და საქართველოს კარტითა; მაგრამ ამით ჩვენ ავასრულეთ მხოლოდ ნახევარი ჩვენი განზრახვისა ამ წიგნის ცვლილების შესახებ. ჩვენ, მაგალითად, გვსურდა პირველი განყოფილება ხელახლად შეგვედგინა და მიგვეცა მისთვის, მონოგრაფიული ხასიათის მაგივრად, სისტემატური, მეცნიერული ხასიათი. გარდა ამისა, ჩვენ მოწადინე ვიყავით ისტორიული განყოფილება შეგვეტანა წიგნში. მაგრამ ეს სურვილი და წადილი შEუსრულებელი დარჩა. პირველ განყოფილების ზემოხსენებულ ცვლილებას გზაზე გაეხიდა მეორე საკითხავი წიგნის უქონლობა. სანამ ეს წიგნი ჩვენ დაბეჭდილი არ გვექნება, მანამდის გადიდება იმ მანძილისა, რომელიც არსებობს “ბუნების კარის” და პირველი საკითხავი წიგნის შუა ყოვლად მოუხერხებელია; მოუხერხებელია იმიტომ, რომ “ბუნების კარმა” დროებამდის უნდა ჰქმნას მეორე წიგნის მაგივრობაცა. და რომ სისტემატური ხასიათი პირველი განყოფილებისა ამ მანძილს გაადიდებდა, ეს ცხადია. ეს ორგვარი დანიშნულება “ბუნების კარისა” ყოველ შემთხვევაში უნდა გათავდეს ამ გამოცემით. უნდა გათავდეს იმიტომ, რომ მეორე საკითხავი წიგნი ნახევრობით მაინც შედგენილი გვაქვს. თუმცა მის გამოცემას მეტად აძნელებს სახალხო და პოეტური მასალების მტკნარი უქონლობა, მაგრამ ჩვენ მაინც სრული იმედი გვაქვს მომავალი წლის განმავლობაში ეს წიგნი დავამთავროთ. ისტორიული განყოფილების შეტანაც შეუძლებელი გახადა მასალის უქონლობამ. ცოცხალი, საინტერესო და სასარგებლო ისტორიული მონოგრაფიები ყმაწვილთათვის მხოლოდ მაშინ შეგვიძლია შევადგინოთ, როდესაც მდიდარი მასალა გვაქვს ხელში შესახებ ცხოვრებისა და მოქმედებისა უმთავრესი ისტორიული პირებისა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მონოგრაფიები იქმნებიან მშრალნი, ღარიბნი შინაარსით; იქნებიან მოკლებულნი სურათულ ხასიათსა და არც ყმაწვილის გონებას შესძინებენ მაგდენსა და არც მის გულს ეტყვიან რასმე. რათა არიან, მაგალითათ, საინტერესო და მასთან სასარგებლო ზოოლოგიური მონოგრაფიები, რომელთაც ეს წიგნი შეიცავს? იმიტომ, რომ ჩვენ ხელში გვქონდა იმისთანა ბუნების გამომძიებლების მდიდარი თხზულებანი, როგორც ბრემისა, ფრანკლინისა, ვაგნერისა და სხვ. მე ამით არ მინდა ვსთქვა, რომ მანამ ამ გვარი ავტორების თხზულებანი არ გამოვა საქართველოს ისტორიის შესახებ, მანამდის გვარიანი ისტორიული მონოგრაფიების შედგენა ყმაწვილთათვის შეუძლებელია მეთქი, – ეს ხომ ყინულზედ გაწერა იქნებოდა აღთქმისა, – მე ამით მინდა ვსთქვა მხოლოდ, რომ ისტორიული სტატიების შესადგენად საჭიროა საკმაო შემუშავებული მასალა; და რომ ჩვენ ამგვარი მასალით შესახებ საქართველოს ისტორიისა, ჯერ-ჯერობით მეტად ღარიბები ვართ, ეს არავისთვის არ არის უცნაური საქმე. ისტორიული განყოფილების ნაკლებობა საგრძნობლად დააკოჭლებდა ამ წიგნსა, რომ გეოგრაფიული განყოფილება არ ყოფილიყო ვრცელი და განვითარებული. საქართველოს წარსულის მაგივრათ წიგნი დაწვრილებით უხატავს ყმაწვილს ჩვენი ქვეყნის აწმდგომ ყოფა-ცხოვრებას. მისთვის რომ ეს უკანასკნელი უფრო საჭიროა და სანაყოფო არის ვინემ პირველი, ეს ყოველ ეჭვს გარეთ უნდა იყოს. წიგნის მესამე განყოფილებას ჩვენ ვაძლევთ დიდ მნიშვნელობას. მრავალი და საუკეთესო ლექსები ჩვენი პოეტებისა და მშვენიერი პროზის ნაწყვეტები როგორც შინაარსით, ისე ენით აძლევენ მასწავლებელს ხელში მძლავრ ღონისძიებას, რომ მან, ერთი მხრით, ყმაწვილების გონებაში დანერგოს სამოქალაქო გახსნის თესლი, შეიტანოს მათ აღზრდაში ესთეტიკური და ზნეობითი ელემენტი, შეიყვანოს მათი გონება მაღალ ჰაზრების სფეროში და მათ გულს გააცნოს ღრმა კაცური გრძნობანი და კეთილშობილი ლტოლვილებანი, – მეორე მხრით, გადასცეს მათ ცოცხალი ცოდნა ქართული ენის ხასიათისა, თვისებისა, მისი სულისა, სიმდიდრისა. საუკეთესო ლექსები, რომელთა შორის უეჭველად უნდა შეირაცხნენ ყველა ლექსები თ. გ. ორბელიანისა, ზეპირათ უნდა ისწვლებოდნენ. ლოგიკური და გრამატიკული გარჩევისათვის მასწავლებელმა უნდა აირჩიოს პროზაიკული ნაწყვეტები თ. ი. ჭავჭავაძის თხზულებათაგან, რომლებიც არიან დაწერილი ნამდვილი და სრულიად უნაკლო ქართული ენით.