გამორჩეული ადამიანებისაკითხავი

ნიალა გოძიაშვილი – მაია პლისეცკაია

მისი გარდაცვალება ისეთივე მოულოდნელი, წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, როგორც ბუნების მოვლენების სამუდამო გაქრობა, რადგან მაია სწორედ ასეთი მოვლენა მგონია. არა აქვს მნიშვნელობა ადამიანის ასაკს და ჯანმრთელობას, როცა საქმე მართლაც ბუნების ქმნილების, გამოუცნობამდე მისული გენიალურობის და საკუთარი ხელით საბალეტო ხელოვნებაში ეპოქის შემქმნელი მსახიობის გარდაცვალებასთან გვაქვს. მაია პლისეცკაიას მთელი ცხოვრება და საბალეტო მოღვაწეობა გამორჩეულად და ხაზგასმულად სხვანაირი და შეუდარებელი იყო. არც ერთ როლში, კლასიკურსა თუ შედარებით თანამედროვეში, ბალერინა არ დამორჩილებია არანაირ სტერეოტიპს და კანონს. თუ მისსავე ნაამბობს დავუჯერებთ, იგი ნანობდა მხოლოდ იმას, რომ არ გაიარა ძლიერი, ფუნდამენტური საბალეტო სკოლა პეტერბურგში, აგრიპინა ვაგანოვას კლასში. ამ შემთხვევაშიც კი, ეს დანაკლისი პლისეცკაიამ საკუთარ მონაპოვრად აქცია. მისი უსაზღვრო თავისუფლება, მისი განუმეორებელი ხელები, უწყვეტი, ამოუსუნთქავი ცეკვის ტემპო-რითმი, ბუნებრივი არტისტიზმი და რასაკვირველია აბსოლუტური, უნიკალური სმენა, ქმნიდა სწორედ იმ ჯადოსნურ ატმოსფეროს სცენაზე, რაც მხოლოდ სკოლის სიზუსტით და თუ გნებავთ ტექნიკის სრულყოფით არ მიიღწევა. პლისეცკაიას სითამამე და დაუმორჩილებლობა როგორც პიროვნებისა, ასევე მოცეკვავის, განსაკუთრებით თანამედროვე ქორეოგრაფების სპექტაკლებში ბრწყინავდა სრულად. „კარმენ-სუიტა“, „ბოლერო“, „აისედორა“ და სხვა სწორედ რომ პლისეცკაის სულის, სილამაზისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ალბათ, ხელოვნების ნებისმიერი დარგის თუ ჟანრის მოყვარულთათვის პლისეცკაია ისევე დარჩება სუნთქვის და სწრაფვის ულამაზეს გამოხატულებად, როგორც არქიტექტურის, მუსიკის და მხატვრობის უკვდავი ნიმუშები.

ნიალა გოძიაშვილი

Arabesque ჟურნალი ბალეტზე, No 2 (25) 2015

http://www.opera.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button