იაკობ გოგებაშვილი – ჯეჯილის ადვოკატსა
ჯერ ფონს იკითხვენ,
მერე წყალში შევლენ.
ხალ. ანდაზა
ბ-მა დუტუ მეგრელმა ვეებერთელა წერილი გამოჭიმა მას წინედ “ივერიის” ფურცლებზედ ამ სათაურით: ბ-ნი იაკობ გოგებაშვილი და ჟურნალი “ჯეჯილი”. იგი ებრძვის ერთს კრიტიკუსლ წერილს “ჯეჯილის” შესახებ, ვითომ ჩემ მიერ დაწერილსა. მერმე და როდის დავბეჭდე ამისთანა წერილი? სადა ვსთქვი, რომ “ჯეჯილის” რედაქტორი და თანამშრომლები უნიჭონი არიან, ცუდად მიჰყავთ ჟურნალი, თანაგრძნობა საზოგადოებისა მთლად დაუკარგავს და თავისივე ხელით მარხავენო მას, როგორც ამას მაბრალებს ჩვენი პატივცემული დუტუ? არსად და არასოდეს.
არამც თუ ეხლა, არც წინა წლებში ხსენებულის ჟურნალის გარჩევა და დაფასება მე არ მიკისრნია, თუმცა “კვალის” რედაქცია აგერ სამი წელიწადია მოსვენებას არ მაძლევს, ასე გასინჯეთ, არც აღდგომას, არც ახალწელიწადს და არც შობასა, ისეთი ბოროტებით არის აღსავსე ჩემ წინააღმდეგ. მე მხოლოდ სამედიატორო საკითხი დავადგინე ჩემს უკანასკნელს წერილში, რომელიც “ჯეჯილსაც” შეეხებოდა. გადაწყვეტით მე ამ საკითხში არაფერი მითქვემს “ჯეჯილის” და “კვალის” ავკარგიანობაზედ. ეს მე სავსებით მივანდე საუნივერსიტეტო სამართალსა.
მაშ რა მიზეზით, რა საბუთით მწვდა მე ბატონი დუტუ? მას, როგორც ეტყობა, “ცნობის ფურცლის” წერილი “ჯეფილის” წინააღმდეგ ჩემდა უცვნია და ჩემთან საბრძოლველად გამოსულა. დალოცვილი, ჯერ შეიტყობდა, ვინ არის ეს სასტიკი კრიტიკოსი და მერე ისე გამოილაშქრებდა საადვოკატო მჭერმეტყველებით. ჯერ ფონს იკითხავდა, მერე წყალში შევიდოდა. თორემ სადაურია, პატარა ბრე გაადინოს “ჯეჯილსა” და იაკობს სთხოვდეს პასუხსა. ჩვენი მობაასე ამ შეცდომას ადვილად ასცილდებოდა, თუ რომ მას გაეხსენებინა, რომ მე ჩემს ნაწერებს ყოველთვის ვაწერ ქვეშ ან სრულ სახელ-გვარსა და ან იმისთანა ფსევდონიმსა, რომელიც ბევრმა შინაურმა, ქართველმა, კარგად იცის.
თუ მოსკოვის სტუდენტმა, ხუთი ათასი ვერსის სიშორეზედ, კარგად შეატყეს “ცნობის ფურცლის” წერილს, რომ იგი არც კილოთი, არც ენით და არც მსჯელობის ხასიათით და მიმდინარეობით მე არ მომეწერებოდა, ბ-ნს დუტუს რაღათ გაუჭირდა ეს ოლთისში. თუ “კვალ-ჯეჯილის” რედაქციამ მიაწოდა ეს ცნობა, არ უნდა დაეჯერებინა, რადგანაც იგი ჩემ შესახებ დაუღალავად ავრცელებს ჭორებს, რომლის სიცრუეში თითონვე დარწმუნებულია.
ვიცი, ბ-ნი დუტუ მეტყვის: თქვენი სამედიატორო საკითხიდან სჩანს, რომ თქვენ “ჯეჯილს” მდარე ჟურნალად სთვლითო. ეს მართალია, მაგრამ ჯერ ერთი ესა, რომ მდარესა და უმსგავსს შორის კაი მანძილია, მეორედ – ქართველებში ვინ არა სთვლის მას მდარე გამოცემად? და აი ამისი უტყუარი საბუთიც: ამ ჟამად “ჯეჯილს” ჰყავს, როგორც ამბობენ, მხოლოდ ას-ორმოც-და-ათი ხელის მომწერნი და ისინიც ნაშოვნი არიან რედაქციის აგენტების ჩიჩინის წყალობით. ეს ჩიჩინი რომ შეჩერდეს, ჟურნალი მთლად გაირიყება. ამის შიში თვითონ რედაქტორმაც გამოაცხადა “კვალში”. თქვენ ამ ფრიად სამწუხარო მოვლენას აბრალებთ არა რედაქციის უხეირობას, არამედ ქართველი საზოგადოების შეუგნებლობას, გულგრილობას, დაუდევრობას. მაგრამ ნუ თუ ჩვენი სამშობლო ქვეყანა ისე წყალ-წაღებულია, რომ მასში არ მოიპოვება ხუთას-ექვსასი სახლობა მაინც, რომელსაც ესმოდეს დიდი, შეუდარებელი მნიშვნელობა საბავშვო ჟურნალისა? ამას არავინ დაგიჯერებთ. თუ ეს სახლობანი არ იწერენ “ჯეჯილსა”, ეს იმისაგან უნდა იყოს, რომ არც ენით და არც შინაარსით შესაფერ საზრდოდ არა სთვლიან მას თავისი შვილებისათვის.
განა გულში თქვენ თვითონ სხვა აზრისანი ხართ? არა მგონია. ერთის წლის წინედ, როდესაც “ჯეჯილი” უფრო შინაარსიანი იყო თქვენ თვითონ სწუხდით მისს სიმდარეზედ და, სხვათა შორის, მირჩევდით მეც მიმეღო მონაწილეობა და სხვების მიმეზიდა ჟურნალისადმი, და ახლა-კი პენეგერიკს უწერთ, როდესაც “ჯეჯილი”, თვით მისი მოსკოველი მეგობრების სიტყვით, წინანდელზედ ბევრად დაბლა ჩამოვიდა. ამას ისიც უნდა დაუმატო, რომ თქვენთან საუბრის შემდეგ მე გაუგზავნე “ჯეჯილის” რედაქციას ის საყმაწვილო მოთხრობა, რომელიც “ცნობის ფურცელში” დაიბეჭდა სააღდგომოდ (“ერეკლე მეფე და ინგილო ქალი”). მაგრამ უკანვე მივიღე პირადი სიბოროტის გამო, როგორც ეს ნახსენები მქონდა ამას წინად ერთს ჩემს წერილში. ერთმა ჩემმა ნაცნობმაც გაუგზავნა მოთხრობა მშვენიერი ქართული ენით დაწერილი; მაგრამ ისე დამახინჯებული და გაფუჭებული დაიბეჭდა იგი “ჯეჯილში”, რომ ავტორმა ქვა მიაგდო რედაქციას. ეს ქავილი დამახინჯებისა არის, სხვათა შორის, მიზეზი იმისა, რომ ბევრნი ნიჭიერნი მწერალნი მონაწილეობას სრულად არ იღებენ ჩვენს საბავშვო ჟურნალში და ვინც იღებს, ისინიც თავისს თავს ძალას ატანენ.
ჩვენი მობაასე ბრძანებს: თუ სიმცირეს “მოამბის” ხელის მომწერლებისას თქვენ აბრალებთ საზოგადოების გულ-გრილობას, რატომ ამავე მიზეზს არ უნდა მიეწეროს “ჯეჯილის” მცირე გასავალი საზოგადოებაშიო? ამის პასუხად უნდა მოგახსენოთ, რომ თვით საუკეთესო საპოლიტიკო და სალიტერატურო ჟურნალებს არამც თუ რუსეთში, არამედ ევროპაშიაც მცირედი ხელის მომწერი ჰყავთ, რადგანაც გაზეთები კონკურენციას უწევენ ჟურნალებსა და ბევრს მკითხველებს ართმევენ მათ. საბავშვო ჟურნალს-კი ცილაობას ვერ გაუწევს ვერც ერთი გაზეთი და ამიტომ მას ყველგან ბლომადა ჰყავს ხელის მომწერი, თუ იგი ცოცხლად და გონივრად მიჰყავს რედაქციასა. საქართველოში მხოლოდ ერთი საბავშვო ჟურნალი არსებობს, ყოველს კონკურენციას მოკლებულია და მას ეყოლებოდა 400-600 დამბარებლამდე, თუ იგი ნახევრობით მაინც ასრულებდა თავისს მაღალს დანიშნულებას და საზოგადოების მოთხოვნილებასა.
ქებით და პანეგირიკით რომ “ჯეჯილს” ეშველებოდეს, არც მე დაგივარდებოდით ადვოკატობაში, ჩემო მობაასევ, რადგანაც ბრმა ბოროტება სავსებით დამილოცნია სხვებისათვის. მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჭირი დამალვით არავის განუკურნია და ყორანი ხეხით არავის გაუთეთრებია. და ვერც მე და თქვენ შEვძლებთ ამასა.
“ჯეჯილის” სიმდარეს იმიტომ-კი არ ვაღირებთ, რომ ჩემი თავი მიმაჩნია იმისთანა პირად, რომელსაც შეუძლიან ჯეროვან სიმაღლემდინ აიყვანოს იგი და მოუპოვოს სრული თანაგრძნობა ყოველი შეგნებული ქართველი ოჯახისა. სრულიადაც არა. საბავშვო ჟურნალის სამაგალითოდ წარმოებისათვის საჭიროა ჩემზე ნაკლებად ხნიერი, ჩემზედ უფრო ჯანსაღი, ჩემზედ ნაკლებად გაბეზრებული ოც-და-ათი წლის ბრძოლით შინაურს და გარეულს უკუღმართობასთანა. გარდა ამისა მე სხვა საზოგადო საქმეებს ვადგივარ, რომელნიც, ვგონებ, არა ნაკლებ საჭირონი არიან, და რომელთა პირნათლად გაძღოლა ითხოვს სრულს ჩემს დროსა და ძალას.
სასიხრულოდ ჩვენდა, ქართველ პედაგოგთა შორის მოიპოვებიან იმისთანანი, რომელთაც შეუძლიან ჩინებულად წაიყვანონ საბავშვო ჟურნალი, პირველსავე წელიწადს ერთი ოთხად მეტი თანამშრომელი და ხელის მომწერელი მოუპოვონ მას და ახლო მომავალში ათასს ქართველს სახლობას შეაყვარონ იგი და გახადონ საარსო, მიუცილებელ საჭიროებად.
“ჯეჯილის” გადაცემით მომავლის წლიდგან ცნობილნი მეუღლენი დიდს მოგებაში იქნებიან. ახლა იგინი მისდევენ ორს კურდღელსა და ორივე ხელიდგან მისდით, ზარალობენ. მაშინ კი მთელ თავის ძალას მოახმარებენ მხოლოდ “კვალს”, გააუკეთესებენ მას, ბევრს ხელს მომწერლებს მოიპოვებენ და საქმეს გაიჩალხავენ. საზოგადოებაც მადლობელი იქნება რადგანაც დიდებს ექნებათ რიგიანი კვირეული გამოცემა და ყმაწვილებს ყოველ-თვიური კარგი ჟურნალი.
ვგონებ, ეს რჩევა მეგობრულია და არ მოგაგონებთ იმ ბრმა და დაუცხრომელს მტრობას, რომლითაც ხსენებული რედაქცია მეპყრობა მე აგერ რამდენიმე წელიწადია.