National Geographicმეცნიერება

ადამიანების მომავალი: 4 გზა განვითარებისკენ

როგორები იქნებიან მომავალი ადამიანები? National Geographic გვაწვდის 4 ვარიანტს იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდნენ ან არ განვითარდნენ ჩვენი შთამომავლები, ანუ ადამიანთა რასა.

ჩარლზ დარვინის წიგნმა “სახეობათა წარმოშობა”, რომელიც 150 წლის წინ გამოქვეყნდა, ადამიანებს მათი ევოლუციური წარსული დაანახა, მეცნიერები კი მაიმუნთა ნამარხებამდე მიიყვანა. მაგრამ საით მივყავართ ევოლუციას? იქნებიან ჩვენი შთამომავლები ჩვენი მსგავსნი და არ განიცდიან ცვლილებას? თუ დაკუნთული კიბორგები იქნებიან? იქნებ სულაც გრძნობებს ციფრულ რეჟიმში გადაიყვანენ და ელექტრონული უკვდავი არსებები გახდებიან?

როგორი უცნაურიც გინდა ჩანდეს ეს ალტერნატივები, გავიხსენოთ, რომ 150 წლის წინ წიგნ “სახეობათა წარმოშობა”-ში აღწერილი სცენარი ადამიანისა და მაიმუნის კავშირის შესახებ ბევრისთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა მორიგი სისულელე.


 
 
ვარაუდი პირველი: ადამიანის ევოლუცია მკვდარია.

“რადგანაც ჩვენ განვვითარდით, ბუნებრივია, ვიფიქროთ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ეს არასწორია,” აცხადებს ანთროპოლოგი იან ტატერსოლი, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის თანამშრომელი. “ყველაფერი, რაც კი ვიცით ევოლუციურ ცვლილებაზე, მიანიშნებს იმაზე, რომ გენეტიკური ცვლილებები მუდმივად ხდება მხოლოდ იზოლირებულ პოპულაციებში. მაგალითად, დარვინის ცნობილი გალაპაგოსის მთიულები სათითაოდ განვითარდნენ მათი წინაპრებისგან, რათა მორგებოდნენ უნიკალურ გარემოს წყნარი ოკეანის იზოლირებულ კუნძულებზე.”

ბუნებრივი გადარჩევა ხდება მაშინ, როცა გენეტიკური მუტაცია – მაგალითად, ხერხემლის ცვლილება ვერტიკალურ სიარულთან შესაგუებლად – გადაეცემა თაობიდან თაობას, საბოლოოდ კი მუტაცია ნორმად იქცევა. მაგრამ თუკი პოპულაცია არაა იზოლირებული, შეჯვარებისას არ ხდება მნიშვნელოვანი გენეტიკური მუტაციები და სწორედ ესაა ის ვარიანტი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ამბობს ტატერსოლი.

“ცხოვრების დარეგულირებასთან ერთად ადამიანთა რასამ სწრაფად დაიწყო გამრავლება. ჰომო საპიენსი მთელ დედამიწას მოედო და მისი წარმომადგენლები წარმოუდგენლად მოქნილები გახდნენ. ასეთ პირობებში თითქმის შეუძლებელია, მოხდეს მნიშვნელოვანი ევოლუციური სიახლე. ადამიანები უბრალოდ გააგრძელებენ ცხოვრებას ისეთი ფორმით, როგორც ახლა არიან.”

მსგავსი სცენარი წარმოადგინა სტივ ჯონსმა, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა გენეტიკის დარგში, დარვინის 200 წლისთავთან დაკავშირებულ ლექციების სერიაში, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტში გაიმართა. მისი თქმით, რასები ერთმანეთს ერწყმიან და ადამიანები სულ უფრო დაემსგავსებიან ერთმანეთს. ამ შემთხვევაში სუსტდება დარვინის კონცეფცია, რომ გადარჩებიან გარემოსთან ყველაზე უკეთ შეგუებული ინდივიდები, რადგან მედიცინის წყალობით, სუსტსაც ეძლევა ცხოვრების გაგრძელებისა და გამრავლების საშუალება.

1859 წელს, როცა წიგნი “სახეობათა წარმოშობა” გამოქვეყნდა, ბრიტანელი ბავშვების ნახევარი თუ აღწევდა 21 წლამდე. დღეს ეს რიცხვი გაზრდილია 99%-მდე. “განვითარებულ ქვეყნებში მინიმუმ სექსუალურ მომწიფებამდეა შესაძლებელი ადამიანისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება, ამიტომ გადარჩენისა და მორგების პრინციპი აღარ მუშაობს”, აცხადებს ჯონსი.

 
 
ვარაუდი მეორე: ადამიანები განაგრძობენ განვითარებას.

სხვა მეცნიერები უამრავ მიზეზს ხედავენ იმაში დასარწმუნებლად, რომ ჯერ განვითარების პიკი შორსაა. მაგალითად, კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ “მეცნიერების ეროვნული აკადემიის შრომებში” 2009 წელს, გვამცნობს, რომ მომავალში ქალები უფრო დაბლები და ძლიერები იქნებიან.

მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა იელის უნივერსიტეტის ბიოლოგი ევოლუციის დარგში, სტივენ სტერნსი, დაადგინა, რომ ოვულატორული მახასიათებლების გამო, დაბალ და შედარებით მსხვილ ქალებს მეტი შვილის ყოლის უნარი აქვთ კონკურენტებთან შედარებით. ეს ფიზიკური მახასიათებლები გადაეცემათ მათ შთამომავლებს, რაც გვამცნობს, რომ ევოლუცია ისევ ძალაშია.

ჯეფრი მილერი, ევოლუციური ფსიქოლოგი ნიუ მეხიკოს უნივერსიტეტიდან, თვლის, რომ ადამიანებში დარვინისეული ევოლუცია აჩქარდა კიდეც. მან ხაზი გაუსვა, რომ ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია სექსუალური კუთხით გადარჩევა პარტნიორის ძიებისას.

“მომავალში სექსუალური გადარჩევა გაძლიერდება. რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია, მით უფრო იზრდება თითოეული ინდივიდის ინტელექტი და მისი გავლენა ეკონომიკურ-სოციალურ წარმატებაზე, რადგანაც რაც უფრო რთულდება ტექნოლოგია, მით მეტი ინტელექტია საჭირო მის ასათვისებლად. ინტელექტი გავლენას ახდენს მაღალ შემოსავალზე, სოციალურ სტატუსსა და სექსუალურ მიზიდულობაზე.”

მილერმა ასევე დაამატა, რომ გენეტიკური ტექნოლოგიების მეშვეობით ხელოვნური გადარჩევა მომავალში უფრო გაუსვამს ხაზს და წარმოაჩენს ცვლილებებს. “მშობლები აირჩევენ, რომელი სპერმა რომელ კვერცხუჯრედს გაანაყოფიერებს, რათა მიიღონ ბავშვი სასურველი გენეტიკური ინფორმაციითა და ფიზიკურ-გონებრივი მახასიათებლებით.”

“თუკი ამ სახის ტექნოლოგიას მხოლოდ მდიდარი და ძლევამოსილი ადამიანები მიმართავენ, მაშინ მივიღებთ გახლეჩილ რასას – მაღალი კლასის დომინანტ მოსახლეობას და დაბალი კლასის, სუსტი გენეტიკის მქონე მოსახლეობას. თუმცა ჩემი აზრით, ეს ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ფართოდ გავრცელდება. ასე რომ მდიდრებსაც და ღარიბებსაც ექნებათ საშუალება, ჰყავდეთ გენეტიკურად საუკეთესო შვილები. გაუმჯობესდება ჯანმრთელობა და გარეგნული მიზიდულობის საშუალო დონე, რაც გამოხატული იქნება სიმაღლეში, მუსკულატურაში, ენერგიის დონეში.”

“თუმცა ამჟამად სახეზეა უამრავი პათოგენური ვირუსები და ბაქტერიები, რომლებიც ქვეყნიდან ქვეყანაში ვრცელდებიან და მომავალში ეს უფრო მასშტაბური იქნება. მოხდება უამრავი ეპიდემია, რაც გაზრდის ადამიანის იმუნური სისტემის მნიშვნელობას გადარჩენის საკითხში. ამის შედეგად მივიღებთ უფრო ძლიერი იმუნიტეტის მქონე ინდივიდებს.”

 
 
ვარაუდი მესამე: ადამიანები მიაღწევენ ელექტრონულ უკვდავებას.

ფილოსოფია, რომელიც ცნობილია, როგორც ტრანსჰუმანიზმი, ადამიანის მომავალს ტექნოლოგიასთან მჭიდრო კავშირში წარმოაჩენს – შეზღუდული ბიოლოგიური მახასიათებლები გაუმჯობესდება ტექნოლოგიური მიღწევებით.

ნიკ ბოსტრომმა, ადამიანის მომავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ოქსფორდის უნივერსიტეტში განაცხადა, რომ დარვინისეული ევოლუცია ხდება ძალიან ნელა იმ პროცესებთან შედარებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის მდგომარეობაზე – მაგალითად კლონირება, გენეტიკური ზრდა, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი და ნანოტექნოლოგია.

ტრანსჰუმანიზმის საშუალებით იზრდება შანსი, რომ მივიღოთ ისეთი შედეგები, როგორიცაა სუპერჯარისკაცები და ათლეტთა ახალი სახეობები, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში უკვდავი არსებები. ეს უკანასკნელნი მოახდენენ ტვინის ატომ-ატომ სკანირებას და შემდგომ კომპიუტერებზე გადაიტანენ.

უკვდავების გარდა, ეს “ატვირთული” არსებები შეძლებენ დროში სინათლის სიჩქარით მოგზაურობას, რადგან ისინი ინფორმაციის სახით იქნებიან. გადაიტანენ მას რობოტებში, იფიქრებენ უფრო სწრაფად, როცა მოწინავე ოპერაციულ სისტემებზე იმუშავებენ, შეამცირებენ საკვების მოხმარებას და თანდათან ნულზე დაიყვანენ. ბოსტრომმა ტრანსჰუმანიზმის ხდკ-ც (ხშირად დასმული კითხვები) შეადგინა, რომელიც ხელმისაწვდომია HumanityPlus.Org-ზე.

თუკი ეს მოხდება, ევოლუციის ახალი ტიპი წარმოიშობა. “ევოლუციური გადარჩევა ხელოვნურ ინტელექტში ისევე იმოქმედებს, როგორც ბიოლოგიური ორგანიზმების პოპულაციაში. რეალურად, უფრო მეტადაც კი, რადგან ხელოვნური ინტელექტი გაცილებით სწრაფად მრავლდება.”

ბოსტრომის თქმით, თუკი დღევანდელ ადამიანს შთამომავლობის გაჩენისთვის საჭირო ასაკამდე მისაღწევად დაახლოებით 20 წელი სჭირდება, ციფრული ინდივიდი საკუთარი თავის გამრავლებას წუთებსა და წამებში მოახერხებს. თუმცა ცხადია, ასლების შექმნას სირთულეებიც ახლავს – რომელი მათგანი იქნები შენ ამ შემთხვევაში? რომელს გეკუთვნით ქონება? რომელი ხართ დაქორწინებული თქვენს რჩეულზე?

 
 
ვარაუდი მეოთხე: ევოლუციის ახალი ერა დედამიწის გარეთ არსებულ კოლონიებში დაიწყება.

რამდენიმე მნიშვნელოვანი იზოლაციური მექანიზმი იქნება საჭირო ადამიანთა ახალი რასის მისაღებად, გვამცნობს ჯონ ჰოუკსი, ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი. იმის მიუხედავად, რომ 30 000 წლის განმავლობაში ადამიანთა ნაწილობრივი იზოლაცია მოხდა ავსტრალიაში და პაპუა ახალ გვინეაზე, ადამიანთა ახალი სახეობა არ წარმოშობილა, შენიშნა მან.

მაგრამ თუკი შორეულ მომავალში მზის სიტემის გარეთ არსებულ საცხოვრებლად ვარგის პლანეტებს ადამიანები დაიპყრობენ და მათზე კოლონიებს ააშენებენ, მოხდება მიგრაცია და იქ დასახლებული ინდივიდები გარდაქმნას დაიწყებენ, რაც ახალ სახეობებს წარმოშობს.

“თუკი იქნებიან გაბედული ადამიანები, რომლებიც თანხმობას იტყვიან შორეულ ვარსკვლავზე გაფრენაზე ცალმხრივი ბილეთით, ეს ალბათ სრულიად საკმარისი იქნება, რომ გარდაქმნა დაიწყოს.” – განაცხადა ჰოუკსმა. მაგრამ ასევე დაამატა: “თუმცა თუკი დავფიქრდებით, 14 000 წლის წინ ადამიანთა რაღაც ნაწილი გაეშურა ცალმხრივ მოგზაურობაში (ამერიკელები) და როცა 500 წლის წინ ახალი ადამიანები (ევროპელები) ჩავიდნენ მათ სანახავად, ისინი ისევ უცვლელ სახეობებად დახვდნენ.”

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button