დუტუ მეგრელი – ქინაქინა
I
მშვენიერი ზაფხულის დილა იყო. მზეს თუმცა უხვად მოეფინა დედა-მიწაზე თავისი სხივები, მაგრამ ჯერ კიდევ გრილოდა. ხან-და-ხან ქროდა საამო ნიავი და ფენდა გარშემო ბაღებიდან ტკბილ სურნელებას სხვა-და-სხვა ყვავილებისას. დიდი სიმხიარულე იყო ყოველგან: სულიერი თუ უსულო სიამოვნებით შეხაროდა ამ ბედნიერ დილას.
არც კის სასოფლო სკოლის პაწაწა შეგირდებით მოფენილი ეზო იყო მოწყენილი ამ დილას: ბავშვები უკან არ ჩამორჩებოდნენ საერთო მხიარულებაში სიცოცხლით სავსე ბუნებას და მასთან ერთად დღესასწაულობდენ, ათასნაირ თამაშობაში გართულნი: სულ პატარები ჭრელ პეპლებს დასდევდენ დასაჭერად, უფრო მოზრდილები რიკ-ტაფელას თამაშობდენ, ყველაზე უფროსები ბურთს გაეტაცნა და აქეთ-იქით დარბოდენ, თავდავიწყებულნი. სკოლის აივანი სავსე იყო პატარა გოგოებით; ესენი რაღაცეებს აკეთებდენ ალბათ თავიანთ დედოფალებისთვის _ და ისე მხიარულად იცინოდნენ, რომ მათი კისკისი მაღლა ღმერთს ეყურებოდა…
აგერ გამოვიდა აივანზედ ახალგაზრდა, ცოტათი გამხდარი კაცი. ღიმილით გაიარ-გამოიარა გოგოებში, ზოგიერთებს კიდეც დაელაპარაკა და მოვიდა სვეტთან, სადაც ზარი ეკიდა. გოგოებმა იცოდენ, რომ ზარის დარეკა იყო საჭირო და თვალებში შესცქეროდენ მასწავლებელს, არა მე დამარეკიე, არა მეო.
_ დარო, მოდი დარეკე! _ დაუძახა მასწავლებელმა ყველაზე უფრო პატარა გოგოს, რომელიც კუთხეში იჯდა მარტოდ. გოგოს აქამდის მოწყენილი სახე გაუბრწყინდა, ლოყები გაუწითლდა, თვალები გაუცოცხლდა, ტუჩებმა გაუღიმა. თვალის დახამხამებაზე მიირბინა სვეტთან, ძლივს მოკიდა ზარის თოკს ხელი და რამდენჯერმე ჩამოაწკარუნა.
გაიგონეს თუ არა ბავშვებმა ზარის ხმა, მაშინვე მიატოვეს თამაშობა და ყვირილით გაიქცენ სკოლისაკენ. გოგოები დაროსთან ერთად ბიჭებზე უმალ შევიდენ სკოლაში: სკოლის კარებთან იდგა მასწავლებელი და უცინოდა მოწაფეებს, რომელნიც მხიარულად მოხტოდენ მის წინ.
_ ბევრი ითამაშე? _ კითხა მასწავლებელმა ერთ შეგირდს.
_ ბევრი, _ მიუგო ამან.
_ როცა სახლში მიხვიდე, არ დაგავიწყდეს, გააკერინე, სახელო დაგგლეჯია. _ ბავშვმა დახედა ჩამოხეულ სახელოს, გაწითლდა და შევიდა
სკოლაში.
_ სიკო, რად კოჭლობ? _ კითხა მეორე შეგირდს მასწავლებელმა.
_ ეკალი შემესო ფეხში, _ უპასუხა ბავშვმა და აჩვენა გამოგლეჯილ წუღიდან გამოყოფილი ტიტველი ქუსლი.
_ მერე ვერ გამოიღე?
_ ვერა.
_ მოდი ჩემთან, მე გამოგიღებ.
_ მასწავლებელი და ბავშვი შევიდენ იქვე ოთახში. პატარა ხანს უკან ბავშვი, გახარებული, გამოვიდა ოთახიდან და თამაშ-თამაშობით შევიდა სკოლაში.
_ როცა ყველანი მივიდნენ და დასხდენ თავ-თავიანთ ადგილებზედ, მასწავლებელიც შევიდა; შეგირდები მაშინვე ადგენ და ერთმა მათგანმა წაიკითხა სწავლის დაწყების წინ სათქმელი ლოცვა.
_ დაჯექით! _ უთხრა მასწავლებელმა შეგირდებს, როცა ლოცვა გათავდა.
შეგირდები დასხდენ. მასწავლებელი გაჩერდა შუა ადგილზე. შეგირდებმა ხმა გაკმინდეს. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ბუზის ფრენასაც გაიგონებდა ადამიანი.
_ დღეს ჩვენ გვეწვევა ერთი სტუმარი, _ ღიმილით დაიწყო მასწავლებელმა: _ როცა აქ შემოვიდეს, ყველანი ადექით და, სანამ არ გითხრათ, ნუ დაჯდებით. როცა გკითხოსთ რამე, პასუხი თამამად უთხარით, ხმამაღლა, გარკვევით. არ შეგეშინდეთ! ის ერთობ კეთილი კაცია და ბავშვები ძლიერ უყვარს. გკითხავსთ მხოლოდ იმას, რაც იცით. ცოდნა-კი უნდა მოიხმაროთ, როცა საჭიროება მოიტანს, და დღეს სწორედ საჭირო იქნება მისი მოხმარება, რაც გისწავლიათ. აბა თქვენ იცით!..
გაათავა ეს სიტყვები, მივიდა კედელთან, სადაც გამოკიდებული იყო შეგირდების სახელი და გვარები, და ჩამოიკითხა, რომ გაეგო ვინ არ იყო დღეს სკოლაში. აღმოჩნდა, რომ ერთი პაწაწა ბავშვის, მიხას, გარდა ყველა იყო.
_ ავად ხომ არ არის მიხა, თუ იცით ვინმემ? _ იკითხა მასწავლებელმა. ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს და პასუხი კი ვერავინ უთხრა.
II
პაწაწა მიხა ავად არ იყო, მაგრამ სკოლაში წასასვლელად მაინც არა სცალოდა, საბრალო მიხას დედას აციებდა და იმ დილასაც საშინლად გააცივა. მიხას მამა ყანაში იყო წასული და ავადმყოფს მიხას მეტი პატრონი არავინა ყავდა. ჯერ ვითომ გაუძალდა მიხას დედას სენს და სადილის კეთებას მიყო ხელი, მაგრამ ფეხებმა და ხელებმა უსუსტეს და იძულებული შეიქნა დაწოლილიყო, დაწვა საწყალი, მოატანია მიხას, რაც რამ ქვეშაგების მაგვარი მოიპოვებოდა მათ სახლში; მოატანია აგრეთვე, რაც რამ კონკები ებადათ, და დაიყარა ყველაფერი თავზე, მაგრამ ვერაფერი ეშველა, ვერ გათბა.
_ მოდი, შვილო, შენც დამაწევი, თვარა მოვკვდი სიცივით, _ უთხრა შვილს აკანკალებულმა დედამ.
მიხა მაშინვე მივიდა და ჩაეკრა დედას, რამდენსამე ხანს ასე იყვნენ დედა-შვილი, გათბა, როგორც იქნა, მიხას დედა და მიხაც ძირს ჩამოვიდა. ნელ-ნელა სიცხემ უმატა ავადმყოფს და პატარა ხანს უკან ისეთი ბორგვა დაიწყო, რომ, რაც ეხურა, ყველაფერი გადაყარა.
_ წყალი, წყალი!.. _ იძახოდა ყოველ წამს ავადმყოფი და მიხაც აწოდებდა პატარა ხელადით წყალს.
ამასობაში შუა დღემ მოატანა, ავადმყოფს ოფლი მოედინა და დაწყნარდა. მიხა თავით უჯდა და ფიქრებში იყო გართული.
“ახლა რა ამბავია სკოლაში?” _ ფიქრობდა მიხა: _ “იქნება კარგი რამ არის და მე კი წასვლა არ შემიძლია”…
მიხა არ ტყუვდებოდა; სკოლაში მართლა კარგი ამბავი იყო. სტუმარი, რომელზედაც მაწავლებელი ეუბნებოდა შეგირდებს, მართლა ეწვია სკოლას. იგი დაესწრო გაკვეთილებს და შეგირდების ცოდნით კმაყოფილი დარჩა. ბევრმა შეგირდმა საჩუქარიც მიიღო მისგან კარგი სწავლისათვის და მთელმა სკოლამ მასწავლებელთან ერთად მადლობა დაიმსახურა.
“ნეტა ახლა მამა მოვიდოდეს”, _ ფიქრობდა მიხა: _ “რომ მე სკოლაში წავიდე!”
მიხამ იცოდა, რომ ახლა გვიან-ღა იყო, მაგრამ მაინც უნდოდა სკოლაში მისვლა. დიდი ხანი არ იყო, რაც მიხა სკოლაში შეიყვანეს, მაგრამ ისე შეუყვარდა სკოლაში სიარული, მაწავლებლის ყურისგდება, სასიამოვნო ამბების კითხვა ახალ წიგნში, რომელიც ანბანს შემდეგ დააწყებინეს, რომ ის დღე, რა დღესაც სკოლაში ვერ წავიდოდა, დღეთ არ მიაჩნდა.
ამ დროს მიხას მამა სიმინდს მარგლიდა ყანაში. სადილობის დრომ მოატანა და ამისთვის კი სადილი კაცს არ მოქონდა.
“ალბად, კიდევ გააცივა დედა-კაცს,” _ იფიქრა მან, როცა ნახა, რომ აღარავინ მოდის, და, მწარედ დაღონებული, წავიდა შინისკენ.
“რა ვქნა, რა მოვახერხო, რომ არ ვიცი”? _ ფიქრობდა საბრალო მუშა-კაცი გზაზე: _ “ავადმყოფს მოვუარო, სადილი ვაკეთო, თუ ვთოხნო? დაგელოცა, ღმერთო, სამართალი.. მარტო-ხელი კაცი ვარ და ამდენი საქმე კისერზე მაწევს, რა ვქნა, რომელ ერთს გავუძღვე? ამ დღეებში “ბორჩიკიც” მომადგება კარებზე ფოსტის ფულისთვის და მე-კი ორი გროშიც ვერ მიშოვნია, ქინაქინა ვიყიდო, იქნება, დედაკაცს ციებამ თავი დაანებოს”…
ამ მწარე ფიქრებში იყო გართული უბედური მიხას მამა, მაგრამ, შევიდა თუ არა თავისს სახლში, სადაც ავადმყოფი ცოლი დახვდა, მაშინვე ალერსიანად დაეკითხა, როგორა ხარო.
_ რაღა როგორა ვარ, საშინლად გამაცივა, _ ძლივს უპასუხა ცოლმა.
არაფერია, ღიმილით უთხრა ქმარმა, _ დღეს ან ხვალ საიდანმე ღმერთი მოწყალებას მოიღებს ჩვენზე; ფულს ვიშოვი, ერთი ორჯერ ქინაქინას გადაგაშუშხვინებ და სულ კუდით ქვას ვასროლინებ შენს ციებას.
_ ქინაქინა-კი არა, ნეტავი, რაც საჭიროა იმისათვის ვიშოვიდეთ ფულს, _ თქვა ავადმყოფმა.
_ ვიშოვით, ვიშოვით!.. აბა ხომ ჩვენზე არ შეიკვრის ქვეყანა. _ ამბობდა მიხას მამა.
_ მამი, რა არის ქინაქინა? _ იკითხა მიხამ, ცნობის მოყვარეობით გატაცებულმა.
_ წამალია, შვილო, მერე რა წამალი? _ დედაშენმა ახლა ერთი წვეთი რომ დალიოს, მაშინვე ფეხზე წამოდგება, _ უთხრა მამამ.
მიხა გაჩუმდა; ვეღარაფერი თქვა, ისე გაიტაცა დედის მორჩენის სურვილმა.
_ ნეტა ერთი ფულს ვიპოვიდე დღეს, რომ დედისთვის “ქინაქინა” ვაყიდვიო მამას, _ ფიქრობდა მიხა და გულში ღმერთს ეხვეწებოდა: _ ღმერთო, გზაზედ ფული მაპოვნინეო.
_ მიხა, შვილო, თუ გინდა, წადი სკოლაში! _ უთხრა დედამ მიხას, რადგან იცოდა, რომ სკოლაში წასვლა მიხას არ ეწყინებოდა.
_ წადი შვილო, წადი, _ უთხრა მამამაც: _ წადი, იქნება, ისწავლო რამე და გამოიყენო, თვარა ხომ ხედავ ჩვენს გაჭირვებას? წადი, მე სადილს დაგახვედრებ…
მიხასაც ეს უნდოდა; მაშინვე წამოხტა ზეზე, ჩაიწყო ჩანთაში წიგნები და გაექანა, მხიარული, სკოლისაკენ.
III
როცა მიხა სკოლაში შევიდა და დაინახა თავისი ამხანაგების გაბრწყინებული სახე, ბედნიერი მასწავლებელი, კმაყოფილი სტუმარი; დაინახა, რომ მთელ სკოლას რაღაც სადღესასწაულო ფერი დასდებია, _ აღარ იცოდა, რა ექნა. შემკრთალი გაჩერდა ერთ ადგილზე და მიაჩერდა მასწავლებელს. თითქო თვალებით შესთხოვს, გამაგებინე, რა ამბავია აქაო.
_ მიხას გაუმარჯოს! _ დაუძახა მასწავლებელმა ღიმილით: _ სად იყავი ამდენ ხანს?
მიხა არაფერს არ ამბობდა და, გაშტერებული, იდგა.
_ სხვა დროს არ დაგიგვიანია და დღეს როგორ დაგემართა, რომ ამისთანა ბედნიერ დღეს გამოგვაკლდი? დღეს ჩვენ გვეწვია ძვირფასი სტუმარი, ყველანი შეძლებისდაგვარად დავხვდით და მადლობა დავიმსახურეთ, შენ-კი ასე გვიან მოხვედი… აგრე უნდა მასპინძლობა?..
მიხას თვალები ძირს დაეშვა და ცრემლებით ავსებოდა. რამდენიმე სიტყვა რომ ეთქვათ კიდევ, ის ტირილს დაიწყებდა; მაგრამ ამ დროს მიიხმო სტუმარმა მასწავლებელი და ცოტა ხანს ჩუმად ელაპარაკებოდა. ლაპარაკის დროს ორივენი მიხას უყურებდენ; მერე მივიდა მასწავლებელი მიხასთან, გადაუსვა თავზე ხელი და უთხრა:
_ არა უშავს რა!
_ მოდი, პაწაწავ! _ უთხრა სტუმარმაც ალერსიანად. მიხას იამა მასწავლებლისა და სტუმრის სიტყვების კილო და თამამად მივიდა.
_ აბა, მოყევი აქედან! _ უთხრა სტუმარმა და აჩვენა გადაშლილ წიგნზე ადგილი. მიხა ჯერ ხმის კანკალით შეუდგა კითხვა, მერე და მერე-კი გათამამდა და ჩინებულად დაიწყო კითხვა. წაკითხვის მერე სტუმარმა ათქმევინა წანაკითხი და მიხამაც მშვენივრად უამბო ყველაფერი, რაც წაეკითხა, მერე ლექსები ათქმევინეს ზეპირად, მერე საანგარიშო მისცეს. მიხამ თავი გამოიჩინა, ისე კარგათ უთხრა ყველაფერი.
_ ყოჩაღ, ყოჩაღ! _ იძახოდა სტუმარი. მასწავლებელი გახარებული იყო მიხას პასუხით, სტუმარი გაკვირვებული.
გაათავეს მიხას გამოკითხვა.
_ საჩუქარი რომ აღარა მაქვს შენთვის! _ გულდაწყვეტილი ეუბნებოდა მიხას სტუმარი: _ რაც მქონდა, ყველა დავარიგე დღეს.
_ ნუ შეწუხდებით, მე მივცემ საჩუქარს თქვენ მაგიერ, _ უთხრა სტუმარს მასწავლებელმა.
_ თქვენ-კი მიცემთ, მაგრამ მე მინდა, რომ ჩემგანაც ქონდეს რამე. მე მოგცემთ ფულს და გთხოვთ, ჩემ მაგიერ უყიდოთ, რაც თვითონ სურს.
ამ სიტყვებზედ ამოიღო სტამურმა რამდენიმე თეთრი ფული და მიცა. მასწავლებელმა გამოართვა და მიუბრუნდა მიხას:
_ მიხა, ბარემ ახლავე მითხარი, რა გიყიდო ამ ფულით?
_ “ქინაქინა”! _ წამოიძახა უცებ გახარებულმა მიხამ.
ყველამ ყურები ცქვიტა და, გაოცებულებმა, შეხედეს.
_ რა? _ დაეკითხა მეორედ მასწავლებელი, რომელსაც ეგონა, რომ ყურმა მომატყუაო.
_ ქინაქინა! _ განიმეორა ბავშვმა.
_ იცი მერე, რა არის ქინაქინა? _ ღიმილით კითხა სტუმარმა.
_ წამალია, მიუგო ბავშვმა.
_ მერე რად გინდა შენ ეგ წამალი? _ კითხა მასწავლებელმა.
_ დედას აციებს და მამა წუხს: უფულობას რა ვუყო, თვარა “ქინაქინას” ვიყიდდი და მოვარჩენდიო,
სტუმარმა და მაწავლებელმა ერთმანეთს შეხედეს…
იმ საღამოს მასწავლებელი და ფერშალი მახლობელ დაბიდან მივიდენ მიხას სახლში. ფერშალმა ნახა ავადმყოფი, საჭირო წამლები (რასაკვირველია “ქინაქინაც”) დაუტოვა და დარიგებაც მიცა, როგორ მოქცეულიყო. მასწავლებელმა-კი პატარა სურათებიანი წიგნი მოუტანა მიხას. აუწერელია ის მხიარულება, რომელსაც გრძნობდენ, როგორც მიხას მშობლები, ისე თვითონ მიხა; ამისი მხოლოდ გრძნობა შეიძლება და არა გამოთქმა!..