მეცნიერება

ადამიანის სხეული 10 000 წელია, დეგრადაციას განიცდის

ადამიანებმა დაიპყრეს ევერესტი და ფეხი დადგეს მთვარეზე. ალბათ უპრიანია, ვიფიქროთ, რომ ჩვენს წინაპრებთან შედარებით უფრო განვითარებულები და უკეთესები ვართ. თუმცა ფიზიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ეს ასე არ არის. რეალურად, ადამიანთა მოდგმა პატარავდება.

კემბრიჯის უნივერსიტეტის ექსპერტები ამბობენ, რომ ადამიანებმა უკვე გაიარეს ზენიტში ყოფნის პერიოდი და ამჟამად 10%-ით უფრო წვრილები და პატარები არიან თავიანთ წინაპრებთან შედარებით, რომლებიც ნადირობითა და შემგროვებლობით იყვნენ დაკავებულნი. კვლევები აჩვენებს, რომ გავრცელებული შეხედულება, თითქოს ადამიანები უფრო მაღლები და მსხვილები გახდნენ, არასწორია. ეს უბრალოდ ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების ფონზე ჩანს ასე.

თუკი ეს საკმარისად შემაშფოთებელი არაა, დავამატოთ ის ფაქტი, რომ ჩვენი ტვინიც პატარავდება.

200 000 წლის წინ: “მონადირე შემგროვებლის” ყველაზე ადრეული ნამარხები აჩვენებს, რომ ისინი იყვნენ მაღლები, დაკუნთულები, ჰქონდათ უფრო დიდი ზომის ტვინი.
30 000 წლის წინ: ჩნდება კრომანიონელი ადამიანი, ყველაზე ადრეული თანამედროვე ადამიანი – მონადირე შემგროვებელი 1500 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ტვინით.
9000 წლის წინ: ადამიანები გადაერთვნენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე, ფერმერობაზე, რამაც მათი სხეულის დაპატარავება გამოიწვია. ეს სავარაუდოდ მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობის გამო მოხდა.
ახლა: უფრო პატარა და სუსტი ორგანიზმი, ტვინის მოცულობა შემცირებულია 1350 კუბურ სანტიმეტრამდე, რაც კრომანიონელ ადამიანთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.

ეს პროცესი ბოლო 10 000 წელია, მიმდინარეობს. მეცნიერები ამაში დამნაშავედ მიიჩნევენ ერთი მხრივ სასოფლო მეურნეობას, რამაც გამოიწვია საკვები დიეტის შეცვლა. მეორე მხრივ კი ქალაქური დასახლების გავრცელებას, რამაც ცუდად იმოქმედა გარემოზე და შესაბამისად, ჯანმრთელობაზე, ხელი შეუწყო დაავადებების სწრაფად გავრცელებას.

დასკვნა ეყრდნობა აფრიკაში, ევროპასა და აზიაში ნაპოვნ ნამარხებს. აფრიკაში ნაპოვნი ჰომო საპიენსის ყველაზე ძველი – 200 000 წლის – ნამარხები აჩვენებს, რომ ისინი გაცილებით გვჯობდნენ აღნაგობითა და სიმტკიცით. ისრაელის გამოქვაბულში აღმოჩენილი ნამარხები, რომლებიც თარიღდება 100 000 – 120 000 წლით, ასევე აჩვენებს, რომ იმ დროში ჩვენი წინაპრები მაღლები და კუნთმაგრები იყვნენ და ეს ტენდენცია გრძელდებოდა დიდხანს, სანამ ადამიანმა ცხოვრების სტილი არ შეიცვალა. 10 000 წლის წინ ტიპიური ადამიანი იწონიდა 80-85 კგ-ს. დღესდღეობით ეს მაჩვენებელი დაცემულია 70-80 კგ-მდე.

ჩინეთში მცხოვრები პირველი მიწათმოქმედები იკვებებოდნენ მარცვლეულებით – წიწიბურით, ბრინჯით, სიმინდით. მათში მცირე რაოდენობითაა ნიაცინი, იგივე ვიტამინი B3, რომელიც აუცილებელია ზრდა-განვითარებისთვის. თუმცა მიწათმოქმედების განვითარება არ ხსნის იმას, თუ რატომ მცირდება ტვინი ზომაში.

20 000 წლის წინ მამაკაცის ტვინი 1500 კუბური სანტიმეტრი იყო. თანამედროვე მამაკაცის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1350-ია. მათ შორის სხვაობა მოცულობით დაახლოებით ჩოგბურთის ბურთის ზომისაა. ქალის ტვინის ზომაც დაახლოებით იგივე პროპორციით შეიცვალა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად ჭკვიანები ვართ, პირიქით – ახლა უკეთ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსები. ამ მხრივ ადამიანის ტვინის ევოლუცია კომპიუტერის პროცესორისას ჰგავს – დაპატარავდა, მაგრამ უფრო მრავალფუნქციური და ქმედითი გახდა.

რობერტ ფოული, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ადამიანის ევოლუციის დარგში, ამბობს: “ადამიანად გახდომა, ევოლუციური თვალსაზრისით, უწყვეტი და თანდათანობითი პროცესია. ჩვენი სახეობები, იმის მაგივრად, რომ მუდმივად ერთ გარემოში ყოფილიყვნენ მყარად, მუდამ იცვლიდნენ ფორმასა და აღნაგობას.”

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button