National Geographicსურათებიუცნაური

ტატუ, პირსინგი და იარები სხვადასხვა კულტურაში (National Geographic-ის ფოტოები)

ტატუ, პირსინგი და სხეულის მოხატვა ბევრ კულტურაში თამაშობდა მნიშვნელოვან როლს თავდაცვის, სხეულის გალამაზებისა და იდენტიფიკაციის საკითხში. ახალგაზრდა ტაილანდელი ბუდისტი ბერი ბასრი ღეროთი სვირინგს იკეთებს. მას სწამს, რომ ხმერის ენაზე დაწერილი ლოცვები დამცავი თილისმა იქნება.

საუკუნეების განმავლობაში აფრიკის, შუა და სამხრეთ აზიის ქალები ინის ფოთლებისგან დამზადებული საღებავით იხატავდნენ სხეულს. ინდოეთში ამ კულტურას მეჰნდი ეწოდება და მისი მეშვეობით ბოროტ ძალებს განაგდებენ ან ადამიანის ბედნიერებას გამოსახავენ.

მურსის ტომის ქალი სამხრეთ ეთიოპიაში მდებარე ომოს ხეობიდან. მას სახე სხვადასხვა ნიშნებით აქვს მოხატული, ზედა ტუჩში კი ორნამენტული თეფში უდევს. ეს მურსის ტომში სილამაზის სიმბოლოდ ითვლება.

კანადელი მამაკაცის სახე და ტანი ტატუებითაა დაფარული, რაც მას ზომბის ან გვამის იერს აძლევს. ტატუირება ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი ფორმაა და სხვადასხვა კულტურებში განსხვავებული დატვირთვა გააჩნია.

ბენინელი ქალის მუცელი ნაიარევებითაა დაფარული.
ასეთ რიტუალურ ნიშნებს ჯერ კიდევ მოზარდ გოგონებს უკეთებენ.

ახალგაზრდობაში პადაუნგის ტომის ქალები ყელზე თითბერის რგოლების გაკეთებას იწყებენ, რათა ბოროტი სულები დააფრთხონ. დროთა განმავლობაში კი რგოლების რაოდენობა იზრდება და ყელიც გრძელდება. ბოლო წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს ამ ტრადიციასთან დაკავშირებით და მის გამოყენებასთან ტურისტების მიზიდვის საკითხში.

ფერადი მძივები ფარავს მასაის ტომის კენიელი მამაკაცის ყურს. ამ ტომში ქალებიც და კაცებიც ატარებენ ამ მორთულობებს და დროდადრო უფრო იფართოებენ ბიბილოს მეტი მძივით დასახუნძლად.

პანამელი კუნას ქალის ცხვირს ნახატი ამშვენებს. ადგილობრივი ტომის წევრები მაქსიმალურად ცდილობენ, ტრადიციები შეინარჩუნონ, რაც თანამედროვე მსოფლიოსთან შერწყმის გამო სულ უფრო რთული ხდება.

იტალიის დედაქალაქ რომში ერთ-ერთი ღამის კლუბი უამრავ ადამიანს იზიდავს, მათ შორის ამ მამაკაცს, რომლის სახესაც პირსინგები ამშვენებს, ლინზა კი უცნაური და, შეიძლება ითქვას, შემაძრწუნებელი ფერისაა. ასეთია გოთური სტილის ერთ-ერთი მიმდევარი.

დასანეჩის ტომის წევრი მამაკაცის ტანი უამრავი ნაიარევითაა დაფარული. მათი რაოდენობა გამოხატავს ამ ადამიანის მიერ მტერთან ბრძოლისას დახოცილთა რიცხვს. ჭრილობაში ნაცრის ჩაყრა მას განსხვავებულ იერს აძლევს. დასანეჩის ტომი ერთ-ერთია ეთიოპიის მთავარი ტომებიდან, რომლებიც ომოს ხეობაში ბინადრობენ.

ტატუირების იაპონელი სპეციალისტი ქალის ზურგზე იაპონური ხელოვნების ნიმუშებს ხატავს.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button