ენიგმამეცნიერებაუცნაურიფსიქოლოგია

პლაცებოს ეფექტი – განკურნება წამლის გარეშე

პლაცებო არის სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი, რომლის საშუალებითაც ექიმები ავადმყოფებს არწმუნებენ, რომ ის გამოჯანმრთელდება. პლაცებოთი მკურნალობის დროს ავადმყოფს აძლევენ რაიმე სახის აბს, აწვდიან არასწორ ინფორმაციას ან ატარებენ მასზე ცრუოპერაციას. ექიმი არწმუნებს, რომ ამ პროცედურის შემდეგ ის გამოჯანმრთელდება, მაგრამ უმალავს პლაცებოს ინერტულობის ფაქტს. ეს ქმედება საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების შესახებ.

ხშირად პლაცებოს ჩვეულებრივი წამლის საწინააღმდეგოდაც იყენებენ – ახალი წამლის შემოღებისას პაციენტთა ნაწილს პლაცებოს ასმევენ, ნაწილს – ნამდვილ წამალს და შედეგებს აკვირდებიან. მხოლოდ მაშინ, თუკი წამალს გაცილებით უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე პლაცებოს, ხდება მისი აღიარება ვარგისად. ბევრი მიიჩნევს, რომ მსგავსი რამ უპატიოსნო და არაეთიკურია, რადგან პაციენტს რაღაცას ატყუებენ.

ერთხელ პლაცებო პარკინსონით დაავადებულ ადამიანებში გამოიყენეს. შედეგებმა აჩვენა, რომ პლაცებოს მიღების შედეგად პაციენტებს ტვინში იგივე ცვლილებები აღენიშნებოდათ, რაც პრეპარატ ლევოდოპათი. ლევოდოპა იწვევს ქიმიური ნივთიერების, დოპამინის ზრდას. წესით ეს ეფექტი პლაცებოს არ უნდა ჰქონოდა. გამოდის, ამ შემთხვევაში საქმე რწმენაში ყოფილა. დაახლოებით ისეა, საკუთარი თავი დაარწმუნო, რომ 40 მეტრის გარბენა 4 წამში შეგიძლია და შემდეგ ეს რეალობაში განახორციელო. პლაცებოთი გამოწვეული მსგავსი ცვლილებები დაფიქსირდა დეპრესიისა და ტკივილის შესწავლის დროსაც.

როგორ მუშაობს პლაცებო, ეს ჯერ კიდევ გამოცანაა. რატომ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისიც და ექიმიც მდგომარეობის გაუმჯობესებას ელიან? სავარაუდოდ პოზიტივის მოლოდინი ტვინში ხსნის და ააქტიურებს გარკვეულ ბილიკებს, ზუსტად ისე, როგორც წამალი. თუკი მეცნიერთა და მედიკოსთა მიერ მოხდება პლაცებოს ეფექტის დაწვრილებით შესწავლა, შესაძლებელია წამალი აღარ იყოს საჭირო და პაციენტები თვითონ დაეხმარონ საკუთარ თავს საკმაოდ მოკლე დროში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველანაირი სახის პლაცებო არ არის ეფექტური. თუკი ზოგიერთი პაციენტი პოზიტიური განწყობით უკეთ ხდება, ზოგიერთის მდგომარეობა უარესდება და გვერდითი ეფექტების გამო მკურნალობის კურსის მიტოვება უწევს.

მეცნიერები დაახლოებით 1 საუკუნეა, პლაცებოს ეფექტს იკვლევენ, თავად ცნება კი მე-18 საუკუნეში გაჩნდა. 1955 წელს მკვლევარმა ჰენრი ბიჩერმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები ეწერა. 26 სხვადასხვა სახის დაკვირვებიდან ნათელი იყო, რომ პაციენტთა 35% რეაგირებდა პლაცებოზე. 60-იან წლებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა აღმოჩენამ, რომ უმოქმედო აბებს შეეძლოთ გავლენის მოხდება ორგანიზმზე. როცა პაციენტებს ეუბნებოდნენ, რომ ამგზნებ საშუალებას აძლევდნენ, შეინიშნებოდა გულისცემის სიხშირის გაზრდა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, რეაქციის სისწრაფის ზრდა. ხოლო როცა ეუბნებოდნენ, რომ ძილის წამალს ასმევდნენ, მალევე ითენთებოდნენ. რეალურად კი ორივე შემთხვევაში აბი ზუსტად ერთნაირი იყო.

მას შემდეგ 50 წელი გავიდა, თუმცა კითხვები ჯერაც უპასუხოდაა. როგორც ტვინის შესწავლამ აჩვენა, განწყობა არამარტო ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე მოქმედებს, არამედ ორგანოებსა და ქსოვილებზეც უშუალო ზემოქმედებას ახდენს. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ფსიქოლოგიის დარგში, მაიკლ ჯოსპი, 20 წელი სწავლობდა ამ მოვლენას და აცხადებს, რომ ფენომენმა საგონებელში არ უნდა ჩაგვაგდოს. ის ამბობს, რომ წინათგრძნობისა და შიშის ზეგავლენას ადამიანები თითქმის ყოველდღე განიცდიან. ეს ეხმარება მათ, თავი დაიცვან მოულოდნელი საფრთხისგან. მაგალითად, როცა შენობაში შედიხართ და ფეხზე ობობა მოგახტებათ, შეშინდებით და შესაბამისი ფსიქოლოგიური რეაქცია გექნებათ. შემდეგში, როცა ისევ მოხვდებით იქ, ფიქრი იმაზე, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს, განაწყობს ორგანიზმს შესაბამისად, სანამ კარებს შეაღებთ.

იგივე ეხება დადებით ასოციაციებს. პლაცებოს ეფექტიც მისი მაგალითია, ის ადამიანის პოტენციალის ნაწილია, რომელიც მკურნალივით მოქმედებს. პაციენტის სატკივარის შემცირება ისეთი ხერხითაც შეიძლება, რაც სამედიცინო კუთხით ეფექტურად არ ითვლება. მაგალითად, როცა ბავშვი თითს გაიჭრის და შეუხვევ ისეთი ლენტით, რომელსაც ვარსკვლავები ან კომიქსები ახატია, თავს უკეთ იგრძნობს და დამშვიდდება. თუმცა წესით არანაირი მიზეზი არ უნდა იყოს, რომ ამან იმოქმედოს ქსოვილებზე.

კვლევამ დაადგინა, რომ პლაცებოს მიღება იწვევს ტვინში ენდორფინის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას ან მთლიანად მოხსნას, ასევე ქმნის ეიფორიის მსგავს შეგრძნებას ტვინის გარკვეულ რეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად. ენდორფინს ახასიათებს მორფინის მსგავსი ქმედება, იმ განსხვავებით, რომ ის ბუნებრივია, მისი წარმოქმნა თავად ორგანიზმის ბრძანებით ხდება. ეს ეფექტი ხანმოკლეა, თუმცა რიგ შემთხვევებში არ ჩამოუვარდება წამლისას.

მეცნიერებმა კიდევ ერთი უცნაურობა აღმოაჩინეს: მსხვილი და დიდი ზომის პლაცებოს აბი უფრო ეფექტურია, ვიდრე პატარა. ასევე მნიშვნელოვანია ფერიც – ფერადი უფრო ქმედითია, ვიდრე თეთრი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს განწყობას პაციენტის მკურნალობისას. პლაცებოს ეფექტი რეალურია, ის არის ექსპერიმენტებით მრავალჯერ დამოწმებული და საკმაოდ ძლიერი ფენომენი.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button