რობერტ ჰადლსტონი – პონი-ბიჭი
წლების განმავლობაში უამრავ ქალაქსა თუ ქვეყანაში სალაპარაკო თემად ჰქონდათ რობერტ ჰადლსტონის შემთხვევა, ავრცელებდნენ მის სურათებს, სადაც უჩვეულო პოზაში იყო გადაღებული. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული წარმოდგენების დროს მისი ნამდვილი სახელი და ისტორია ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა, თუმცა მოგვიანებით აღდგენა მოხერხდა.
რობერტი დაავადებული იყო “გენუ რეკურვატუმის”, იგივე “უკანა მუხლის დეფორმირების” მძიმე ფორმით. მას არ შეეძლო სწორად, ორ ფეხზე დგომა, ვერ ხმარობდა ყავარჯნებს, ასე რომ ცხოვრება და გადაადგილება ოთხზე უწევდა. თითქოს ეს საშინელი დეფექტი იყო, მაგრამ რობერტი არ შეეპუა და საკმაოდ აქტიურად ცხოვრობდა.
დაიბადა მისურის შტატში, 1895 წელს. ბავშვობის დიდი ნაწილი მან შეალია ყოველდღიურ მძიმე სამუშაოებს – წველიდა ძროხებს, უვლიდა პირუტყვს, იღებდა მოსავალს ნათესებიდან. მოზრდილობაში ის ემსახურებოდა მეზობლებსა და ნაცნობებს – მიდიოდა ტყეში, ჩეხავდა ხეებს და აწყობდა შეშას სპეციალურ ურიკაში, შემდეგ კი მათთან მიჰქონდა. ზოგჯერ ამისთვის 25 კმ-ს გადიოდა. ამ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შედეგად რობერტს მკლავები და ხელები გაუძლიერდა, მუსკულატურაც განუვითარდა. II მსოფლიო ომის პერიოდში ის მჭედელი და დურგალიც იყო.
ვინც რობერტს იცნობდა, ახასიათებდნენ, როგორც თბილ და მშრომელ ადამიანს. მასთან ურთიერთობისას ბევრს ავიწყდებოდა კიდეც, რომ საქმე ჰქონდა ფიზიკურად განუვითარებელ ადამიანთან. თუმცა იყო კატეგორია ხალხისა, რომელიც მიდიოდა და აშტერდებოდა მას, როგორ საქმიანობდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და შემდგომ მისი ფინანსურ მდგომარეობა გაუარესდა და გადაწყვიტა, თავისი სხეულით სარგებელი მიეღო.
გასაოცარი და უჩვეულო მდგომარეობის გამო ჰადლსტონმა მალე მიიპყრო ხალხის ყურადღება. მას “პონი-ბიჭი” შეარქვეს. პირველად მისი უნიკალური სხეული საჯაროდ იხილა საზოგადოებამ ერთ პატარა კარნავალზე, რომელიც ტეხასში ჩატარდა. რობერტის წილი ამ კარნავალში დროის მხრივ მცირე იყო, თუმცა დიდი წარმატება ხვდა წილად. პოპულარობა მალე მოიპოვა და ტომ მიქსის ცირკს შეუერთდა, რის შემდეგაც მთელი ჩრდილოეთ ამერიკა მოიარა. გამოდიოდა ხალხის წინაშე და ახდენდა არაჩვეულებრივი მოქნილობისა და ძალ-ღონის დემონსტრირებას. ამბობენ, რომ მარჯვენა ფეხის მხარზე შემოდებაც შეეძლო.
რობერტ ჰადლსტონის გამოსვლები 36 წლის მანძილზე გრძელდებოდა. შემდეგ პენსიაზე გავიდა და კალიფორნიის შტატში, ქალაქ ფრემონტში დაბინავდა. თუმცა არც იქ შეუსვენია და აქტიური ცხოვრება განაგრძო – ძირითადად ავტომობილების შეკეთებითა და კურდღლების მოშენება-გამრავლებით იყო დაკავებული. გარდაიცვალა 70-იანი წლების მიწურულს.