“სიამაყე და მცდარი აზრი”- ჯეინ ოსტინი
ბრიტანელ მწერალს რომანი 21 წლის ასაკში დაუწერია, თუმცა გამომცემელთა უყურადღებობის გამო, “სიამაყე და მცდარი აზრი/ცრურწმენა” ათეული წლების შემდეგ გამოცემულა. ამ პერიოდში კი მწერალს მეორე რომანი “გრძნობა და გონება” დაუწერია. მარტივი სიუჟეტის მიღმა პერსონაჟების საინტერესო პორტრეტები იმალება. კითხვისას, თანდათან ქრება განცდა, რომ რომანი ახალგაზრდა, გამოუწრთობი ქალის მიერაა დაწერილი. გმირები საუბრობენ ფასეულობებზე, რომელიც შეუძლებელია ცხოვრებისეული სიძნელეებისაგან გამოუცდელ, სუსტ პიროვნებას დაეწერა. პორტრეტები ძალიან ხატოვანია, დახვეწილი, ერთიმეორისგან შესამჩნევად განსხვავებული და აქაც ქრება განცდა, რომ მწერალმა შეთხზა, დიდხანს ეძება და შეაკოწიწა გმირების თვისებები. ეპოქალური განსხვავებები თვალშისაცემია, ღიმილისმომგვრელია მეჯლისების “მისტერია”, გრძნობების ზომიერება, სიფრთხილე და მოკრძალება, თუმცა “სიამაყე და მცდარი აზრი” ყველაზე “მიწიერებსაც” გააბადინებს ოცნებას.
“ქალიშვილმა ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს მუსიკა, მღეროდეს, ხატავდეს, ცეკვავდეს, ფლობდეს უცხო ენებს, რათა სრულყოფილებას მიაღწიოს. ამ ყველაფრის გარდა სიარული, საუბრის მანერა და გამომეტყველება მომხიბვლელი უნდა ჰქონდეს”. ეს შეხედულება დრომ საგრძნობლად გამოხშირა: ადამიანი, რომელიც ერთდროულად ცეკვავს, მღერის, ხატავს, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავს, ქარგავს, უცხო ენებს ფლობს, სუპერმოდელივით მოქნილია, გამართულად საუბრობს და თან მომხიბვლელიცაა, უბრალოდ არ არსებობს.
“რა ცუდად გამოიყურება მის ბენეტი, არა, მისტერ დარსი? ზამთრის მერე ძალიან შეიცვალა, როგორ გაყავისფრდა და გაუხეშდა! ლუიზამ და მე ძლივს ვიცანით”. ოდმავ ყავისფერი იერის (ნამზეურის) სიმახინჯესთან გაიგივებაც სასაცილოა, სიფერმკრთალე და მაჯის ცისფერი ძარღვები კი მაღალი საზოგადოების უპირატესობად ითვლებოდა.
“მე კი ჩემდათავად, მასში ვერავითარ სილამაზეს ვერ ვხედავ. სახე ძალიან თხელი აქვს და არაფრით გამორჩეული. ნაკვთებზეც ვერ იტყვი, სიმპათიურიაო. ცხვირს დახვეწილობა აკლია. კარგი კბილები აქვს, მაგრამ განსაკუთრებული იქაც არაფერია და თვალები, თქვენ რომ ასე მშვენიერს უწოდებთ, მე ასეთად ვერ დავინახე. მათ ჭრელი, გამჭოლი გამოხედვა აქვთ, რაც საერთოდ არ მომწონს. მისი ძალიან თავდაჯერებული მანერები კი მეტისმეტად აუტანელია.” მის ბინგლის უსამართლო შენიშვნებმა კი სოციალურ ქსელებში ატეხილი აჟიოტაჟი გამახსენა. დადებით შეფასებებში, ყოველთვის გამოერევა ხოლმე აბსურდული “ბრალდებები” და არცთუ შესაფერისი შენიშვნები. მის ბინგლის პირადი დამოკიდებულება ბოჭავს, ქალური შუღლი, აღმატებულობის შეგრძნება.
“ჯეინი მალე შინაბერა გახდება. უკვე 23 წლისაა! ღმერთო, როგორ შემრცხვებოდა, ოცდასამი წლის ასაკში ისევ გასათხოვარი რომ ვყოფილიყავი.” ლიდიას ეს სიტყვებიც გვაღიმებს, 23 წლის ასაკში გათხოვებას თითქმის არავინ თვლის მიზანშეწონილად.
ელიზაბეთისა და დარსის სიამაყემ, თავდაჯერებულობამ წარმოქმნა მცდარი აზრი ადამიანურ ურთიერთობებზე, თვისებებზე. დარსიმ არასწორად შეაფასა ჯეინისა და ლიზის გრძნობები, თუმცა არც ლიზი ჩამორჩენია დარსის. “კეთილი სული შთამინერგეს, მაგრამ ამ კეთილ სულს სიამაყითა და ამპარტავნობით ვემსახურებოდი. საუბედუროდ, ერთადერთი ვაჟი ვარ და მშობლებმა გამათამამეს. კეთილი მშობლები მყავდა, მაგრამ სწორედ მათ გამხადეს ეგოისტი. თქვენ მე თავმდაბლობა მასწავლეთ, ელიზაბეთ! ” პირდაპირი, გულწრფელი და დაუმორჩლებელია ელიზაბეთი. არ გამოირჩევა დახვეწილი მანერებით, მაგრამ ვერ ეგუება ფარისევლებს და ამხელს მათ. – ” თქვენ გეზიზღებოდათ ქალები, რომლებიც ყველაფერში გეთანხმებოდნენ. მე თქვენში ინტერესი გავაღვივე, რადგან იმ ქალებს არ ვგავდი.” საბოლოოდ, ამ გმირებმა ერთმანეთი გამოაწორეს და შეცდომები აღიარეს. “წარსულზე მხოლოდ მაშინ იფიქრეთ, როცა მისი გახსენება სიამოვნებას მოგგვრით”.
ჩვენს შორის, ჯეინს რომ 200 წლის წინანდელი თვისებებით ეცხოვრა, უეჭველად დაიღუპებოდა. “ჯეინი ცუდად არავისზე ფიქრობს. ჯეინს ცუდის დაჯერება უბრალოდ არ შეუძლია”. თვალის დახამხამებაში მოტყუვდებოდა და გაითელებოდა ოსტინის გმირი. ლიზი, ლიდია, დარსი, ვიკჰემი, მის ბენეტი, მის ბინგლი, თითქმის ყველა მოერგებოდა თანამედროვეობას ჯეინ ბენეტის გარდა.
მისტერ ბენეტი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. ყოფით სიძნელეებს იუმორითა და სატირით უმკლავდება. არ უყვარს ცოლი, მაგრამ პატივს სცემს, უყვარს შვილები და მათ ნაკლს ცხადად ხედავს. “ისეთი შეყვარებული, რომელიც პატარა რამეზე ფრთხება, ფიქრადაც არ ღირს. აბა, მითხარი, ვინ დააფრთხო ლიდიამ”.
ჯეინ ოსტინის რომანმა საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წიგნის 20 მილიონამდე ეგზემპლარია გაყიდული. ნოველის შთაგონებით დაწერილია უამრავი ნაწარმოები: “დარსის ამბავი”, “სიამაყე და მცდარი აზრი 20 წლის შემდეგ” და ა.შ ბრიტანელი მწერლის ყველა რომანი ეკრანიზებულია და თითოეული რამდენჯერმე. “სიამაყე და მცდარი აზრიც” ორჯერ გადაიღეს, 1940 წელს და 2005 წელს. “ოსკარზე” ნომინირებული ეკრანიზაცია კირა ნაითლის მონაწილეობით ძალიან ახლოსაა რომანთან. გმირები სწორადაა შერჩეული, თვისებები, მანერები, დიალოგები, მნიშვნელოვანი დეტალები მკაფიოდაა გამოკვეთილი. სცენარი შეკვეცილია, ბევრი საინტერესოც გამორჩენილი, თუმცა იმდენად არა, რომ მცდარი წარმოდგენა შეგექმნათ. კირა ნაითლი არაჩვეულებრივად ასრულებს მხიარული ელიზაბეთის როლს. ფილმში ყველაზე შთამბეჭდავი სოფლის პეიზაჟებია.
თეკლე ქაროსანიძე