ისტორია

ფილემონი და ბავკიდი

ფრიგიის ერთერთ მაღლობ გორაკზე განმარტოებით დგას დაბერებული მუხა და მის მახლობლად ცაცხვის ხე. ხეებს გარშემო არტყია პატარა ბუჩქნარი. ამ ხეების შორიახლოს მოჩანს დიდი ტბა, რომლის ადგილას ოდესღაც სოფელი ყოფილა გაშენებული. ერთხელ ღმერთების მამამთავარი ზევსი და შვილი მისი ჰერმესი ესტუმრნენ ამ სოფელს. სტუმრებს უნდოდათ გაეგოთ, სოფლელები რამდენად სტუმართმოყვარე და პურმარილიანი ხალხი გამოდგებოდნენ. ღმერთებმა თითქმის მთელი სოფელი შემოიარეს, მაგრამ კარი არცერთმა მოსახლემ არ გაუღო. ბოლოს, მთელ სოფელში აღმოჩნდა ერთადერთი ღარიბი სახლობა, რომელმაც დიდის თავაზიანობით და სტუმართმოყვარეობით მიიპატიჟა კაცის სახით მოვლენილი ღმერთები. ოჯახის უფროსები – უკეთილმსახურესი მოხუცნი ფილემონი და მეუღლე მისი, ღვთისმოყვარული ბაკვიდი, სიხარულით მიეგებნენ სტუმრებს და საპატიო ადგილი დაუთმეს თავის ღარიბ ქოხში. ბავკიდმა დაუყოვნებლივ ცეცხლი დაანთო კერაში და წყლით სავსე სპილენძის ქვაბი შემოდგა. ფილემონმა ჩამოჭრა ღორის ხორცის მოზრდილი ნაჭერი, ჩადო კერაზე წამოდგმულ სპილენძის ქვაბში და შეშა ბლომად შეუკეთა. სადილობამდე სტუმრებს რომ არ მოსწყენოდათ, უკეთილმსახურესი ცოლ–ქმარი ღმერთების ფეხთით ჩამოსხდნენ და, როგორც კი ეხერხებოდათ, ართობდნენ მუსაიფით თავის ძვირფას სტუმრებს. ამ სასიამოვნო ბაასის დროს სადილიც უკვე დამზადდა. ბავკიდმა მარდად გაშალა სუფრა, მოიტანა ლამაზად გარჩეული მწვანილი, ზეთისხილი, კვერცხები, შარბათივით ტკბილი ღვინო, პური, მარილი და ცხლად მოხარშული ღორის ხორცის დიდი კერძი. სტუმრები მადიანად შეექცეოდნენ კეთილის გულით გაშლილ უხვ სუფრას. უკეთილმსახურესნი მოხუცებულნი თავს დასტრიალებდნენ სტუმრებს და გულმოდგინედ ემსახურებოდნენ. ღმერთები მადიანად შეექცეოდნენ სულითა და გულით მიძღვნილ სადილს, მაგრამ დახედ ფილემონისა და ბავკიდის გაკვირვებას: სასმელი და საჭმელი სუფრას არა თუ აკლდებოდა, პირიქით, თანდათან ემატებოდა. ფილომენი და ბავკიდი ახლა მიხვდნენ, თუ ვინ იყვნენ მათი სტუმრები, თუ ვინ გააბედნიერა მათი ღარიბი ქოხი, და მოკრძალებით ბოდიში მოიხადეს ღმერთებთან მცირე მასპინძლობისათვის. ღმერთებმა დიდი მადლობა შესწირეს სტუმართმოყვარე მოხუც მასპინძლებს და ამასთანავე გამოუცხადეს: „ჩვენ ღმერთები ვართ, ჩვენ გადავწყვიტეთ სასტიკად დავსაჯოთ ღმერთებისა და კაცის დამგმობი თქვენი მეზობლები, ამიტომ დაუყოვნებლივ დასტოვეთ ეს თქვენი ქოხი და თავი შეაფარეთ მაღალი მთის მწვერვალს“. უკეთილმსახურესნი მოხუცნი, ფილემონი და ბავკიდი, ხმაამოუღებლივ დაემორჩილნენ ღმერთების ბრძანებას და მყისვე მთისაკენ გაეშურნენ. როცა მოხუცებულები მთის მწვერვალზე ავიდნენ და უკან მოიხედეს, დაინახეს, რომ მთელი სოფელი აზვირთებული ტბის მორევში ცურაობდა. მთელი სოფელი წყლის ტალღებს წაელეკა, მხოლოდ ტბის შუაგულში უვნებლად იდგა ფილომენისა და ბავკიდის ქოხი, რომელიც ყოვლად შემძლებელ ღმერთებს მდიდრულად მორთულ ოქროებით შემკულ ტაძრად გადაექციათ. ფილომენი და ბავკიდი, ცაში ხელებაპყრობილნი, განცვიფრებით დასცქეროდნენ წყლის აზვირთებული ტალღებით განადგურებულ სოფელს. ამ დროს მოხუცებულებს შემოესმათ ყოვლად შემძლებელი ზევსის მეგობრული ხმა: „უკეთილმსახურესო ფილემონ და შენ, ღირსეულო მისო მეუღლევ ბავკიდ, თქვით, რაიცა გსურთ, და ყველაფერს აგისრულებთ!“ „თუ კეთილს ინებებთ და გაგვაბედნიერებთ“ – შეჰკადრა ფილემონმა ღმერთების მამამთავარს: „ ნება გვიბოძეთ თქვენს ტაძარში სიკვდილამდე ვიმსახუროთ, ხოლო მოვკდეთ კი ერთსა და იმავე საათს, რომ ერთი–მეორეს სიკვდილს არ შევესწროთ!“ ოლიმპოს, მბრძანებელმა ზევსმა შეისმინა უკეთილმსახურესი მოხუცებულების ვედრება. ფილემონი და ბავკიდი დიდხანს ერთგულებითა და სასოებით მსახურობდნენ ზევსისაგან დანიშნულ ტაძარში. ერთხელ ფილემონი და ბავკიდი ტაძრის ზღუდესთან იდგნენ და თავისი სოფლის დაღუპვის ამბავს მწუხარებით იგონებდნენ. მოხუცებულები ერთმანეთს შესცქერიან და ხედავენ, რომ ისინი მწვანე ფოთლებით იმოსებიან. მოხუცებულები ტკბილად და სასიამოვნოდ ესაუბრებიან ერთი– მეორეს, მათი სხეული ამ დროს კი ხის ქერქით იმოსება და ტოტები ესხმის. ფილემონისა და ბავკიდის აღსასრულის დღემაც მოაღწია. „მშვიდობით, ფილემონ!“ „მშვიდობით, ბავკიდ!“ – ერთსა და იმავე დროს უკანასკნელად შესძახეს უკეთილმსახურესმა მოხუცებულებმა და მყისვე მათი ბაგენი ხის ქერქით დაიფარნენ და სამუდამოდ დადუმდნენ. ყოვლად შემძლებელმა ოლიმპოს მბრძანებელმა ფილემონი მუხად აქცია, ბავკიდი კი ცაცხვის ხედ. ხალხმა კარგად იცის ამ მუხისა და ცაცხვის ამბავი და კიდევაც ამიტომ ასე უხვად ამკობს ამ ხეების ტოტებს გვირგვინითა და თაიგულებით.

ელინური მითები

მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button