indie rock
ტრეკლისტი:
- Pride (3:35)
- Oxygen (2:31)
- Jean Valjean (3:35)
- Compass (4:14)
- Navigator (4:58)
- Edgar’s Last Resort (3:14)
- Photosynthesis (4:29)
- Parabellum Baby (2:48)
- Nicotine (2:08)
- Epilogue For The Heartless (4:45)
შემადგენლობა:
- ირაკლი “ბასკი” ასათიანი – ვოკალი
- გიორგი “ჯორჯ” გელაშვილი – გიტარა
- დავით აბაიშვილი – ბასი, გიტარა
- აჩი “არჩიბალდ” შიოშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მუსიკალურ მდგომარეობას ვერ დავარქმევთ უძრავს, ყველასათვის მარტივი მისახვედრია, რომ დამოუკიდებლად გადადგმული თითოეული ნაბიჯი ტკივილის ფასად ჯდება და ტრავმის საკმაო რისკსაც ატარებს. საქართველოსნაირ ქვეყანაში მუსიკალური იდეები სპონტანურად ყოველთვის დაიბადება, მაგრამ ამ იდეების დამუშავების, ჩაწერისა და მსმენელისადმი დახვეწილად წარდგენისთვის მრავალი ბუნებრივი თუ ხელოვნური ბარიკადის გადალახვა ხდება საჭირო. ბოლო 25 წლის განმავლობაში გაკეთებული ჩვენთვის ცნობილი ძალიან ბევრი ჩანაწერი არაოფიციალურია, სადაც ჩანაწერის ხარისხი თითქმის ყოველთვის ხარვეზად ითვლება, მის საპირწონედ კი ბევრი საინტერესო ჩანაფიქრია, რომელიც ხორციელდება იმ დონეზე, რის საშუალებასაც პრიმიტიული ჩამწერი აპარატურა იძლევა.
პრობლემის პირველწყარო როგორც არ უნდა ეძიო, ფიქრი მაინც ყოველთვის ფინანსებამდე დადის. ისინი. ვინც გადაწყვეტენ, სრულჰყონ თავისი იდეები ჩანაწერის მაღალი ხარისხით, აწყდებიან მახასიათებელ სირთულეებს. სწორედ ამ სირთულეები სჩანს ქართული ალტერნატიული სცენის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი წარმომადგენლის, ჯგუფ Landmark-ის პირველი ოფიციალურ ალბომშიც.
Landmark 2009 წელს შეიქმნა. The National / Interpol-ის ნიმუშზე დაფუძნებულმა მუსიკამ და კარგად დამუშავებულმა საკონცერტო გამოსვლებმა ჯგუფს საკმაო პოპულარობა მოუტანა. 2 წლის შემდეგ. მათ საკუთარი სახსრებით მოახერხეს EP „Cerbear”-ის გამოშვება. ამ ხუთსიმღერიან ჩანაწერში იგრძნობოდა ჯგუფის post punk / indie ჟღერადობაზე ორიენტება, რომელსაც ალამაზებდა The National-ისეული პოპ მოტივები. Cerbear-ის ხმის რეჟისურა კი ჩანაწერს უმეტესწილად მშრალ-პირქუშ ატმოსფერულობას ანიჭებდა.
2013 წლის აპრილში კი ვიხილეთ ჯგუფის პირველი სრულმეტრაჟიანი ჩანაწერი – “Void”. ვინც ჯგუფს თვალს ადევნებდა, ეცოდინება, რომ სიმღერების უმრავლესობა „Cerbear”-ის სიმღერების „თანამედროვეა“; მიუხედავად ამისა „Cerbear”-და და „Void”-ს შორის როგორც ჟღერადობრივი, ისე საკმაო სტილისტური განსხვავებები იგრძნობა.
ალბომის სმენისას მსმენელი პირველ რიგში რაფინირებულ, შედარებით განყენებულ ჟღერადობას შეამჩნევს. ეს განსაკუთრებით ნელ სიმღერებში იგრძნობა, სადაც ატმოსფერო ძირითადად ირიბად, თანდათანობით აღწევს კულმინაციას. მეორე-მესამე მოსმენისას კი ამის მიზეზი ნათელი ხდება: საგიტარო პარტიები უკვე უმეტესად post rock საწყისებზე დგას. როგორც წესი, პოსტ-როკ ატმოსფეროს ბოლომდე განვითარება ნაწარმოებთა გრძელ ფორმატს მოითხოვს, მაგრამ აქ გიტარის ფრაგმენტების ჭკვიანური არანჟირება მოკლე სიმღერებსაც ჯეროვნად ტვირთავს.
გიტარის სოლო პარტიები ალბომში თითქმის არ გვხვდება, ასე რომ სიმღერების კომპოზიციური ასპექტი ძირითადად არასტანდარტულ აკორდულ პროგრესიებს და ვოკალურ მელოდიებს ეფუძნება. აქ ვერ შეხვდებით რაიმე განსაკუთრებულად რთულს, მაგრამ ყველაზე ტრივიალურ მომენტებშიც კი ალბომს ბანალურობისგან კარგად დაყენებული ჟღერადობა და პატარა ნიუანსები იცავს. ასეთი ტიპის ალბომებში, თავიანთი შეკრულობის და ატმოსფერული ერთიანობის გამო ძნელია რომელიმე საუკეთესო სიმღერის გამორჩევა; საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ალბათ ენერგიულ Navigator-ს (ძალიან დასამახსოვრებელი ორნოტიანი hook-ით) და Epilogue For The Heartless-ს ავირჩევდი.
ალბომში იგრძნობა მუსიკოსების მიერ დახვეწილი ალბომის შექმნის მცდელობა. ამის გამო მუსიკაში მინიმუმამდეა დაყვანილი ის რისკები და იდიოსინკრაზიული ელემენტები, რაც ჩანაწერს სასიამოვნო ორიგინალობას და სიახლეს ჰმატებს ხოლმე. შებოჭილი ინსტრუმენტული პასაჟები ალბომზე ბევრ სიმღერას არ აძლევს პოტენციალის ბოლომდე გამოვლენის საშუალებას. ამ მხრივ „Cerbear”-ი უფრო საინტერესო იყო.
ალბომი თბილისში ჩაიწერა, მასტერინგი და მიქსინგი კი თურქეთში გაუკეთდა. ამან კი ბევრი ფინანსური სირთულე შექმნა. ასეა თუ ისე, მივიღეთ პროფესიონალურად განხორციელებული ჩანაწერი, რომელიც როგორც ჟღერადობით, ასევე მუსიკის ხარისხით პასუხობს სტილის უნივერსალურ სტანდარტებს. დამწყები ჯგუფებისთვის ამ ალბომის ეპოპეა ჭკუის სასწავლებელია იმით, რომ სჩანს, თუ რა მუსიკალური და არამუსიკალური სირთულეების და ხაფანგების გავლა მოუწევთ თავისი მუსიკის სრულსაყოფად.
როგორც ვთქვი, ალბომს აქვს თავისი ღირსებები და ხარვეზები, მაგრამ მოსმენა ქართული მუსიკის ყველა გულშემატკივრისთვის რეკომენდებულია – ასეთ პროფესიონალურ ნაშრომებს ქართველი მუსიკოსები ყოველდღე არ უშვებენ. ჩემი მხრიდან ამ ალბომის შეფასება იქნება 7 / 10.
ვისაც ალბომი მოგეწონებათ, ნუ დაიზარებთ მის ყიდვას. დისკები „სალვე“-ში იყიდებოდა 10 ლარად (ახლა არ ვიცი, თუ კიდევ დარჩა იქ რამე). ალბომის ციფრული ვერსიის ყიდვა კი Bandcamp-იდანაა შესაძლებელი. ამით 1) შეგეძლებათ ალბომის მოსმენა უდანაკარგო ფორმატში 2) დააფასებთ მუსიკოსთა მართლაც დიდძალ შრომას და 3) კიდევ ერთ ნაბიჯს გავაკეთებთ იმისკენ, რომ მუსიკალურ ევროპას დავუახლოვდეთ. 🙂
მოსასმენი ბმული: http://wearelandmark.bandcamp.com/album/void