კონსტანტინე გამსახურდია – ქართული ჩაბალახი
იმ საღამოს შუქთშენიღბვა იყო ტფილისში. მეზარებოდა ლურჯი ლამფის ანთება, ამიტომაც გაოგნებული ვიჯექი ბნელში. წინა ღამის უძინარს კედლის საათის ჟღრიალზე გამომეღვიძა. თორმეტჯერ დავითვალე. ისევ მომერია თვლემა. ახლა ზარის ხმა მომესმა ტალანიდან. ასე მეგონა, მომეჩვენა-მეთქი.ხელახლა დარეკეს.ვინაობის უკითხავად გავუღე კარი. ბეჭგანიერი დევკაცი შემოვიდა ტალანში. წითელი არმიელის სილუეტი გავარჩიე ნახევრად ბნელში. გადამეხვია უცნობი.ნოდარ ჩირიდელელი ვიცანი, ჩემი მეგობარი, ძველი. წლობით გვინადირნია მე და მას ერთად. სწორედ ამ დროს მოდიოდა იგი, დარეკდა, კარს გავუღებდი, მერმე ვუსხედით რამდენსამე საათს თითო ჭიქას, ვაზნებს ვამზადებდით და ნაშუაღამევს მანქანით მივდიოდით კახეთს.ისევ მოვიდა იგი ფრონტიდან მობრუნებული ჩემთან. ჩემი სამუშაო ოთახისკენ გაემართა ნაჩვევი დერეფნით. სიარულის დროს აკლობდა, მარჯვენა ფეხი ისე მიჰქონდა, როგორც პროტეზიანებს სჩვევიათ ეგ.ეს იყო პირველი სტუმარი, რომელმაც ამ საშინელი ომის წყლულებანი თან მოიტანა ჩემს სამუშაო ოთახში.თითქოს პირველად ყოფილიყო იგი ჩემს სახლში, ეუცხოვა ეს წიგნებით დახერგილი ოთახი, სავსე კარადები და გადაჯორგილი თაროები სამკითხველოსი. მყუდროების მომგვრელი წკარუნი კედლის საათისა, მარჯვედ რომ ითვლის ტაქტს და კეპავს ნამუსრევად დროს.არაფერი ისე არ მაოცებს, როგორც სიჩუმე, _ ამბობდა ნოდარი. _ ეს სამი თვეა, ზარბაზნების გრიალისაგან გამოჭექილი მაქვს ყურები. როცა ხანგრძლივად დავყოვნდები სიმყუდროეში, მოჩვენებითი გრიალი მომესმის სივრცეში.წარმოიდგინე, ისე მივეჩვიე ყუმბარების ქუხილს, მიკვირს, როგორ შეიძლება დუმილი ბოგინებდეს სადმე მიწაზე. როცა მთებს ვუყურებ ცისკიდურზე გალურსულთ, ასე მგონია გამოხდება წამი და ვულკანიური გრიალი შესძრავს-მეთქი მათ ქედებზე სიჩუმეს.ჩვეულებისამებრ ვუსხედით ორივენი მრგვალ სუფრას, ჩემი საწერი მაგიდის მახლობლად დადგმულს, ღამეს ვათევდით არა იმისთვის, რომ წავსულიყავით ალაზნის ნაპირისაკენ, რათა გვენახა, თუ როგორ სდგებიან გათენებისას ტყის პირად მამალი ხოხბები.არა, მეორე დღეს ნოდარი მიდიოდა დასავლეთის ფრონტზე. უხალისოდ ვსვამდით მუხრანულ ღვინოს, ხოლო კედლის საათი მარჯვედ ითვლიდა ტაქტს და კეპავდა ნამუსრევად დროს. სამ თვეში საფეთქლები შეჟღალებოდა ნოდარს, ლურჯ სინათლეზე ფერნაცვალს მიაგავდა იგი.მე არ ვეძალებოდი მას, არც მინდოდა ეამბნა რამე, რადგან ვიცოდი, განცდილის თხრობით ხელახლა განიცდის ხოლმე ჭირთამთმენი ერთხელ გადახდილს. მუხრანულ თეთრს ვთავაზობდი, ვაგონებდი საღამოებს ალაზნის პირად დანთებულ კოცონებთან გატარებულს, რათა ჩვენს ვენახებში შემონახულ მზის მხურვალებას ახალი ბრძოლებისათვის საჭირო ძალა ესესხებინა მისთვის.კედლის საათი წკარუნებდა ნელა და ბეჯითად კეპავდა ნამუსრევად დროს.შენ კარგად იცი, ლაპარაკი არ მემარჯვება, არცთუ წერის საქმეში ვყოფილვარ დახელოვნებული ოდესმე, მაგრამ ის, რაც მე ამ ომში ვნახე, მის გამოხატვას უდიდესი სიტყვის ოსტატიც ვერ შესძლებს, რადგან ლექსიკონებში შემონახული სიტყვები, საშინელისა და შემზარავის წარმომსახველნი, უკმარი იქნებიან მათ გამოსათქმელად.ამას ამბობდა კაპიტანი ჩირიდელელი, საერთოდ სიტყვაძვირი და ომებში მრავალნაცადი ვაჟკაცი.დილამდის ვისხედით და ვმასლაათობდით აგრე. მე თვალი მეჭირა საათისაკენ, მეშინოდა, მატარებელზე არ დაგვიანებოდა სტუმარს.ბავშვის ფეხების ტკაპუნი შემოგვესმა ტალანიდან. კარი გავაღე, ჩემს პატარა ზვიადს ჩაბალახი თავზე მოეხვია, `თოფი მხარზე დაეკიდა, ტოლებთან ომობანას სათამაშოდ მიჰყავდათ იგი.მოდი, გზა დაულოცე ბიძიას!__ მივაძახე ბავშვს.ზვიადი თვალგაბრწყინებული უტრიალებდა ორდენოსანს, რევოლვერიან ძიას, კაპიტანის რომბებისა და ლაპლაპა ფოლაქების ჭვრეტაც სიხარულს ჰგვრიდა მას.მეცა მყავს ამხელა ბიჭუნა, – სთქვა ჩირიდელელმა, – ჯერაც არ მომშუშებია მარჯვენა ფეხი, მაგრამ მაინც მივდივარ ხელახლა ფრონტზე, რათა ფაშიზმის გასაგისი ამოვაგდოთ მიწიდან, მაშინ სამი წლის ბიჭუნებს აღარ დაჭირდებათ სისხლის ღვრა .ზვიადის ჩაბალახმა ერთი ამბავი გაახსენა კაპიტანს და მეც შეუფარავად აქ ჩავწერე იგი:მთელი კვირა ვებრძოდით ბელორუსიის ერთი პატარა, პატარა ქალაქის გამო გერმანელებს დასავლეთის ფრონტზე. ქალაქი სამჯერ გადავიდა ხელიდან ხელში. მეშვიდე დღეს ფაშისტებმა კვლავ შემოგვიტიეს. ქალაქში შემოჭრილს დავეძგერეთ, დასავლეთის მიჯნებისაკენ გავრეკეთ მტერი. შავად გათენდა ქალაქის მკვიდრთათვის ის ორშაბათი. ამ პაწია ქალაქში რაც სისხლი დაიღვარა, ალბათ იმის მეათედი არ დაუკარგავს ორივე მხარეს აუსტერლიცთან, სადაც ნაპოლეონი მოკავშირეებს შეეტაკა, არც ლაიპციგისა და ვატერლოს ველებს უნახავს ის საშინელებანი, რომელთა აღსაწერად ქაღალდიც არ გეყოფოდათ ალბათ. მოგჭამა ჭირი ძველი ომების იდილიებმა, როცა ბინდი გაჰყრიდა მეომრებს.პირიქით, დაღამდა თუ არა, აგრუხუნდნენ საზენიტო ქვემეხები, ცა და მიწა გააერთიანა ადუღებულმა ლითონის ღვარმა.მთელი კვირა ტანკში ვისხედით, ნაშუაღამევს ოდნავ შენელდებოდა ხანდახან ბრძოლა, დროს მოვახელებდით, წავიხემსებდით რაიმეს, თვალს მოვატყუებდით და ისევ შევუტევდით მტერს.უცნაური რამ გამონაგონია ტანკი. რამდენჯერ მიფიქრია ხოლმე შიგ მჯდომს, თუნდაც ერთი ტანკიც რომ ჰქონოდა ჩვენს პატარა კახს, ზურგზე ბოლს აადენდა ირანელებსა და ოსმალებს.საფლაგმანო ტანკში ვიჯექი, ჩემი დივიზია ცეცხლით იკაფავდა ქალაქის ვიწრო ქუჩებში გზას, ტყვიის მერეხს გვიშენდა ქვითკირის სახლებში ჩასაფრებული მტერი, როგორც იქნა, დავსძარით ქალაქიდან ფაშისტები, ისევ მოგვისწრო ღამემ. უცნაურად მოგვშივდა უძინართა და დაქანცულთა.ბნელში გავარჩიეთ, უკვე დალეწილი ხუთსართულიანი სახლის ეზოსთან ჩვენი გუშაგები იდგნენ. შიგ შევედით ტანკებიანად. უამრავი წიგნები, სასკოლო დაფები, მერხები და საბავშვო რვეულები ეყარნენ ეზოში.ქარწვიმა ჰქროდა, ბნელოდა. პროჟექტორების გიგანტიური წამწამები ცას უსინჯავდნენ ღრუბლებით დაბამბულ უბეებს.ირგვლივ ისეთი მყუდროება იდგა, როგორც ტყეს სჩვევია ხოლმე ნაქუხილარზე. ეზოში მბჟუტავ კოცონებს გარს უსხდნენ მუზარადიანი მხედრების სილუეტები, ვახშმობდნენ, თუთუნსა სწევდნენ და საუბრობდნენ წყნარად. ერთ მხარეზე ჩავამწკრივეთ ჩვენი ტანკები.ტანკიდან ჩამოსვლაც ვერ მოვასწარი, ჩვენმა ბიჭებმა პური და არაყი მოიტანეს, ყველიც ამოაცოცა ჯიბიდან ჩვენმა მექანიკოსმა. დავნაყრდით, პაპიროსი გავაბოლეთ და კვლავ ვიგემეთ დასვენება ომგადახდილის.ჩემი ტანკის გასწვრივ ფარდული იყო სანახევროდ ჩამონგრეული. კუთხეში სამი მეომარი ცეცხლს მიჯდომოდა. ერთს მუხლისთავებზე მკლავები დაეწყო, ზედ დაედო მუზარადიანი თავი, არა სჩანდა, ეძინა თუ ძილფხიზლობდა. ორთაგანს ერთსაც თეთრი ჩაბალახი შემოეგრაგნა მუზარადის გარშემო. ჩაბალახის ფოჩს მამლის ბოლოსებრ აბიბინებდა ქარი.ხმადაბლა საუბრობდნენ ისინი, სთვლემდნენ და ტფებოდნენ ცეცხლზე.მეც რული მეკიდებოდა დიდი ხნის უძილარს, ჩვენიანების ნელი საუბარი ზუნივით შემოდიოდა ჩემს შემეცნებაში და ის იყო, ძილი აბამდა თავის ნაზ პოტიკებს ჩემს ქუთუთოებზე, როცა დედა დაიფიცა ვიღაცამ ბნელში.ალბათ ქართველია ვინმე, ეს გავიფიქრე და გამოვიხედე ტანკის სამზერიდან. ძალი მოეცა ქარს, კოცონებს აფორიაქებდა ირგვლივ, ფარდულის ქვეშ ისევ ის სამნი ისხდნენ უკვე სანახევროდ დავსილ კოცონთან.__კარგია ეგ თქვენებური ჩაბალახი,__უთხრა მუზარადიანმა მეორეს, რომელსაც თეთრი ჩაბალახით შეებურა თავი.__დედამ გამომატანა ეგ ჩაბალახი, მოგატფობსო, შვილო.__სთქვა მან და ნაფოტები დააყარა ცეცხლს.__გარდა ამისა, ვინძლო დაგჭრან, სახვევადაც გამოგადგება.დავაცქერდი ცეცხლის პირად მოსაუბრეთა.ამასობაში მთვლემარესაც თავი წამოეყო. ერთი მათგანი უკრაინულად უქცევდა, ხოლო მეორე რიაზანულად.უცნაური სურათი იყო. ასე მეგონა, თანამედროვე მუზარადიან ვაჟკაცებს შორის იჯდა შავწვერა რაინდი. მისი თავსაბურავი რკინის ჩაბალახად მეჩვენებოდა ამ სიბნელეში. მოსულიყო თითქოს გარდასული ჟამიდან იგი და კოცონს მოსჯდომოდა თავზუჩიანი უკრაინელ და რუს ამხანაგებთან ერთად.ტყვიამფრქვევთა ბატალიონის მეთაურები უნდა იყვნენო, სთქვა ჩვენმა მექანიკოსმა, შოფერმა.ტანკიდან ჩამოსვლა დავაპირე, მაგრამ ატყდა ზარბაზნების გრიალი. მყისვე მოვემზადენით საბრძოლველად და ქუჩაში გამოვედით კვლავ.უთენია განვაახლეთ შეტევა.დასავლეთის გარეუბანში ერთი გერმანული სატანკო დივიზია გაჯანჯლდა. მიწაში ჩაფლეს ტანკები, ცეცხლი დაგვიშინეს, მაშინ დავსძარით ჩვენი მოტომექნაწილები და ბეჰემოტებსავით ეძგერენ ტანკები ტანკებს.ჯოჯოხეთური ცეცხლი შევუნთეთ მტრის პოზიციებს.ათი დღე ვიბრძოლეთ ასე. მიწა ძაგძაგებდა ზარბაზნების ქუხილისაგან.რამდენიმე გერმანელი ტანკისტი ტყვედ ჩამივარდა.ერთ ფელდფებელს მე დავკითხე პირადად და აი, რა გამოირკვა.თურმე გერმანელთა სატანკო დივიზიის ნაშთს მესამე დღესვე უკუქცევა მოუწადინებია, მაგრამ დასავლეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში გამაგრებულიყვნენ ჩვენი მეტყვიამფრქვევენი და ერთი საველე ბატარეა.__ეს ხუთი დღეა არტილერიის ცეცხლს ვუშენებთ მაგ ეკლესიას, – ამბობდა ფელდფებელი, – სავსებით დავლეწეთ იგი, მაგრამ, როგორც სჩანს, ცალკეულ მავზოლეებში ტყვიამფრქვევების დოტები აქვთ გამართული თქვენებს და უკან დახევას არ ანებებენ ჩვენს მექნაწილებსა და ავტომატისტებს.__გუშინღამ ამბავი მოგვიტანა ჩვენმა მზვერავმა, ვიღაც ჩალმიანი თურქი მეთაურობსო რუსებს, არ იქნა და ვერ დავსძარით სასაფლაოდან ისინი,__ დასძინა ტყვემ.__ჩალმიანი თურქიო?__მეუცნაურა ეგ ამბავი.__თურქი და იგიც ჩალმიანი – საბჭოურ ჯარში?გათენდა თუ არა, კვლავ შევუტიეთ მტერს, ოციოდე ტანკი ხელში ჩაგვივარდა, სროლით მივყევით დასავლეთისკენ გაქცეულ მტერს. მივჰქროდი ავტოსტრადაზე და ტანკის სამზერიდან ვხედავდი, სასაფლაოს რო მოეახლებოდნენ, მოცელილი წვებოდნენ გერმანელი ავტომატისტები პირქვე.როცა ეკლესიის ზღუდეს მივადექი ტანკით, დაუბრკოლებლად შევედი ეზოში, რადგან უზარმაზარი გალავნის ნამუსრევები დაეყარა მიწაზე, საყდარი სავსებით დაელეწა ქვემეხებს. გრანიტის ლოდებზე წაქცეული ქვის ჯვრების გვერდით ეყარნენ მტრისა და ჩვენი მეომრები, გერმანელები, რუსები, ბელორუსები, უკრაინელები, ესპანელები. აქვე იყვნენ დალეწილი ზარბაზნების, ტყვიამფრქვევების ნამსხვრევები, გახლეჩილი პროპელერები, გადაყირავებული ტანკები, ადამიანთა სხეულის ნაწილები მიმოებნია მათ შორის პირსისხლიან მარიხს, ღვთაებას ომისას.მოკლედ: ახალი სასაფლაო გაემართა ძველზე.ტყვია მოხვედროდა კათოლიკურ სამლოცველოს მადონას, ყბაახვეულს მიაგავდა იგი, გაკვირვებული ცალი წარბიღა შერჩენოდა ნატყვიარ სახეზე ამ შეგინებულ დედაღვთისას სასაფლაოსას.ერთადერთი მავზოლეიღა დარჩენილიყო დაუმსხვრეველი. ორიოდე ზარბაზანი შესავალთან იდგა, ერთიც ტყვიამფრქვევი თავათ მავზოლეის შიგნით.ტანკიდან ჩამოვედი, მავზოლეისკენ გავემართე. რკინის კარი შევაღე თუ არა, შევნიშნე: მარმარილოს უზარმაზარ ლოდზე ტყვიამფრქვევი იდგა ლულამომსხვრეული და მის გვერდით შავწვეროსანი ვაჟკაცი იწვა ჩაბალახით თავშებურვილი. სწორედ იგი, რომელიც სკოლის ეზოში ვნახე რამდენიმე დღის წინათ.დედას ახსენებდა იგი სიკვდილის უკანასკნელ შემოტევისას.თეთრი ჩაბალახი შვინდისფრად შეეღება ჭრილობებიდან დანადენ სისხლს: ხელებს ოდნავ ამოძრავებდა, ორივე ფეხი მუხლის ქვემოდ წაეწყვიტა ყუმბარას. მასვე შეელეწა მავზოლეის ერთი კედელიც მეტრ-ნახევარი სისქითა. მივედი, კისერზე ხელი მოვხვიე და წამოვაყენე სულთმობრძავი მხედარი.ვინაობა ვკითხე.__ეჰ, რაღად გინდა ჩემი ვინაობა, ძმაო!__დაიკვნესა ღონემიხდილმა.მაინც არ მოვეშვი, არც სახელსა და გვარს მიმხელდა, არც მშობლების მისამართს. ახლა მიზეზი მინდოდა გამეგო.__გურიაში დედა მყავს მოხუცებული, მე არ მინდა ჩემი სიკვდილი გაიგოს დედამ, დაე, იცოცხლოს კიდევ ცოტა ხანს, ცოცხალთა შორის მიგულოს ეგების.ტანკში ჩავსვი, უცნაური ამბავი შემემთხვა. მიცვალებული ტანკში მყავდა. გაასკაცებული ენერგიით ვიბრძოლე იმ დღეს, მის მაგივრად და ჩემს მაგივრად.ბინდისას ბრძანება მოგვეწია და შევსდექით ახალ მიჯნებთან.ერთ კორდთან ალვის ხეები იდგნენ, ქართული ალვის ხეების დარი. აქ დავმარხეთ უცნობი გმირი.ჩვენი დიდი წინაპრები მომაგონა მან, ისინი, ვისაც აროდეს შეურცხვენია ქართული ჩაბალახის პატიოსნება.შენ უკეთ იცნობ მათ: ვახტანგ გორგასლანი და აღმაშენებელი დავით, ბაგრატ მესამე და ბაგრატ მეოთხე, გიორგი პირველი, გიორგი მეორე, გიორგი მესამე. გიორგი მეშვიდე და, თუ გინდა, მეთერთმეტეცა, ბოლოს ერეკლე, გარდასულ გმირთა შორის უკანასკნელი. ეჰ, სად ჩამოვთვალო ყველა, ლეგიონია მათი სახელი.შენ უსახელო გმირებიც გიყვარს, მიტომაც მოვინიშნე ეს ამბავი შენთვის სათხრობლად…მეშინია, მატარებელმა არ გამასწროს ამასობაში~, დასძინა კაპიტანმა ჩირიდელელმა, საათს შეხედა და წამოდგა.