ფრედრიკ ბეგბედერი – ქალთა მჭვრეტელი
ქალთა მჭვრეტელი ექსტაზი – კაიფში დაწერილი ნოველები ჩემი აზრით, პლაჟების ჰიმნი სერჟ გენსბურგის ”Sea, Sex and Sun” კი არ არის, არამედ – პატრიკ კუტენის ”მიყვარს გოგონების ცქერა”. დიდებული სიმღერაა: ”მიყვარს გოგონების ცქერა/ დასეირნობენ პლაჟზე/ მშვიდად იხდიან ტანზე”. ყოველთვის, როცა ქვიშაზე ვწვები, ჩამესმის ეს ოდა სექსუალურ უკმარისობაზე, ეს აპოლოგია ეროტიული სცენების ბალნეოლოგიურ ჭვრეტაზე. მახსენდება ის მრავალი, განმგმირავი ნაშუადღევი, მონოკინიში გამოწყობილი ოქროცურვილი ქალბატონების ცქერაში რომ გაილია, ბიდარში, ბიარიცსა და სენ – ტროპეზში, ისე, რომ მათი შებმა აზრადაც არ მომსვლია. დარწმუნებული ვარ, ამ მორცხვ თვალთვალში გატარებულმა საათებმა მაქცია ურცხვ სექსუალურ ავხორცად, რომელსაც ახლა წარმოვადგენ. ”სიცოცხლეს ნაზიარები/ დაბერილი მკერდი და / კითხვით სავსე თვალები: / ” ეს ყმაწვილი ვინ არის?” კუტენის სიმღერაში ძლიერი კრეშენდოა. იგი კარგად გამოხატავს უკონტროლო, გაუსაძლისი სილამაზის ალყაში მოქცეული, სიცხით გათანგული ჰეტეროსექსუალური დამსვენებლის აუტანელ უძლურებას. გოგონები დაკუნტრუშებენ, მწველ ქვიშას აბნევენ და მათზე მეტად გარუჯული ბიჭების სახელებს გაიძახიან. წყლიდან ამოდიან იასამნისფერი კერტებით, სარცხვინელის თმები საცურაო საცვალზე აქვთ მიკრული. კოცნიან ავსტრალიელ სერფინგერებს, ან კამარგელ დისკ-ჟოკეებს. ვერც ამჩნევენ სუსტ, მომწვანო ბიჭებს, რომლებიც წიგნებს კითხულობენ და ასო პირსახოცში აქვთ ჩარგული. აინუნშიაც არ აგდებენ ამ რეტდასხმულ თაყვანისმცემლებს, უიღბლო ლაჩრებს, მუნჯ მიჯნურებს, რომანტიულ მწნილებს. მადლობა კუტენს, რომ პატივი მიაგო ზაფხულის მდუმარე ტკივილს. რატომ არ უშლიან თექვსმეტი წლის გოგონებს ზღვის პირას თავის ჭკუაზე ყიალს? მათი მოღერებული ყელი, შემორკალული დუნდულები, მარწყვის ესკიმოს წუწნით ნეტარებააღბეჭდილი ბაგეები, აბრეშუმის ხერხემალი, ოქროსფერი ლავიწები, სველი თმები, ქაფივით ქათქათა კბილები, ვიწრო ხვრელი, გრილი ენა, საცურაო კოსტიუმის თეთრი მარკა, პატარა ფეხები ლაქწასმული თითებით, ჩემი ხელის მტევნის სარგო ძუძუები… მიყვარს გოგონებზე წერა. რა უნდა ქნა, როცა ასი გოგო ერთად გიყვარდება? მათი ჭიპები გასარუჯი ზეთით სავსე აუზებია. თექვსმეტი წლის ვიყავი, ეს რომ დამეწყო. ორჯერ მეტისაც გავხდი და არაფერი შეცვლილა. ახლა ფორმანტერაში ვარ, 1997 წლის ივნისია, ჩემი საცოლეც აქაა და, მაინც, ბედისწერას ვერსად გავექეცი: მთელი ცხოვრება სასტიკი უმწიკვლოების ცქერა მომიწევს. დღეს დიდი მწერალი ვარ. ჩემი წიგნები ათი ათას ეგზემპლარად იბეჭდება, მაგრამ არ მავიწყდება, როგორ მომიკალით გული, პაწაწინა ჩათლახებო!