ენიგმაუცნაურიფლორა & ფაუნა

ოსკარი – კატა, რომელიც მომავალს ხედავს

2005 წელს ოსკარი ჯერ კიდევ კნუტი იყო, როცა უპატრონო ცხოველთა თავშესაფრიდან აიყვანეს როდ აილენდში, პროვიდენსის რეაბილიტაციის ცენტრის პაციენტებისთვის. ეს განყოფილება მკურნალობს ალცჰაიმერით, პარკინსონითა და სხვა სენით დაავადებულ პაციენტებს, რომელთა უმეტესობა ავადმყოფობის ბოლო სტადიაზეა.

6 თვის შემდეგ მომსახურე პერსონალმა შენიშნა, რომ ოსკარი ექიმების მსგავსად, “შემოვლებს” აკეთებდა. ის ყნოსავდა და აკვირდებოდა პაციენტებს, ხანდახან კი ზოგიერთის საწოლზე ახტებოდა და იძინებდა. თითქოს უჩვეულო არაფერია, მაგრამ მედიკოსები ერთმა რამემ განაცვიფრა: ვისთანაც ოსკარი იძინებდა, მალევე, რამდენიმე საათში გარდაიცვლებოდა ხოლმე.

ერთ-ერთი პირველი პაციენტი, რომელსაც ოსკარმა სიკვდილი უწინასწარმეტყველა, ახალგაზრდა ქალი იყო და ფეხში სისხლის შედედება (თრომბი) სჭირდა. ოსკარი მის ფეხზე წამოწვა და იქამდე დარჩა, სანამ სიცოცხლეს არ გამოეთხოვა. პროფესორი დევიდ დოზა ბრაუნის უნივერსიტეტიდან იგონებს სხვა შემთხვევას, როცა ექიმებმა სამედიცინო მაჩვენებლებით განსაზღვრეს, რომ ერთ-ერთი პაციენტი მალე მოკვდებოდა და თავის პროგნოზში დარწმუნებულებმა, ოსკარი საწოლზე დაუსვეს, მაგრამ კატა იქ არ გაჩერდა. მანამდე 12 შემთხვევიდან 12-ვე სწორად ამოიცნო და ფიქრობდნენ, რომ მას ზებუნებრივი უნარი ჰქონდა, მაგრამ ამ მომენტში ეჭვი შეეპარათ. ოსკარი წავიდა და დასაძინებლად სხვა პალატაში, იმ ადამიანთან გადავიდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესი იყო. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ოსკარი მართალი იყო: მისი “რჩეული” პაციენტი იმავე დღეს გარდაიცვალა, 10 საათში. შემდეგ წინა პაციენტს მოუბრუნდა და მის საწოლზე დაიძინა. ეს უკანასკნელი 2 საათში გარდაიცვალა.

ოსკარის ნიჭის მეშვეობით უკვე უშეცდომოდ შეიძლება იმის გარკვევა, რა ელის პაციენტს. აქამდე 50-მდე შემთხვევაა ოფიციალურად დაფიქსირებული და ყველა მათგანში ვარაუდი სწორად ახდა. როცა ოსკარი რომელიმე პაციენტთან იძინებს, ცენტრის თანამშრომლები პაციენტის ნათესავებს ურეკავენ და აცნობებენ, რომ ავადმყოფს სიკვდილი ელის. ხოლო ახალი პაციენტის შემოყვანისას აფრთხილებენ, დააკვირდნენ ოსკარის მოქმედებას. მისი “ხედვა” იმდენად ზუსტია, რომ მაშინაც კი, როდესაც მომაკვდავის პალატიდან გარეთ აგდებენ ან ოთახის კარი დაკეტილია, იგი მას ფხაჭნის პროტესტის ნიშნად და არ მოეშვება, სანამ არ გაუღებენ. ხოლო როცა შიგნითაა, სიცოცხლის ბოლო წუთებამდე რჩება პაციენტთან.

პროფესორ დოზას თქმით, კიდევ უფრო უცნაურ ელფერს ის აძლევს ოსკარის ქმედებებს, რომ ის არც ისე კარგადაა განწყობილი (ცოცხალი) ადამიანების მიმართ და მათთან კონტაქტს გაურბის. როცა ოსკარი ისვენებს და ვინმე უცხო მიუახლოვდება, იწყებს შიშინს, გამოსცემს გველის მსგავს ხმებს და ამგვარად აფრთხილებს მათ, რომ შეეშვან. პროფესორმა დოზამ მოიძია ცნობები და დაადგინა, რომ მსგავსი ნიჭის მქონე კატები და ძაღლები მსოფლიოს სხვა წერტილებშიც არიან. მას მიაჩნია, რომ ოსკარს ყნოსვის განსაკუთრებული უნარი აქვს და ეს ეხმარება მას. აღიქვამს იმ სურნელს, ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც ორგანიზმიდან გამოიყოფა და ადამიანებისთვის აღქმადი არაა. ოსკარის გარდა ცენტრში 5 კატაა, მაგრამ მსგავსი უნარი არცერთს არ აქვს.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button