პირველი სმარტფონები Harmony OS-ის ბაზაზე 2020 წლის შუა პერიოდში გამოვა
ოპერაციული სისტემის დაანონსების დღიდან Huawei-ს მომხმარებლებს მუდმივად აწუხებთ კითხვა – ბოლოს და ბოლოს, როდის გახდება იგი ხელმისაწვდომი სმარტფონებისთვის. Business Insider-თან ინტერვიუში Huawei-ს ვიცე პრეზიდენტმა ვინსენტ პანგმა ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე.
თავდაპირველად გამოცხადებული იყო, რომ ოპერაციული სისტემა Harmony OS განკუთვნილი იქნებოდა არა სმარტფონებისთვის, არამედ მხოლოდ ინტერნეტ-ნივთებისა და სმარტ სახლის მოწყობილობებისთვის, თუმცა ამჯერად ცნობილი გახდა, რომ მისი დაყენება შესაძლებელია მობილურ გაჯეტებშიც. პანგის თქმით, Harmony OS-ის გამოყენებას მომხმარებლები სულ მალე შეძლებენ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დიდწილად დამოკიდებულია ამერიკის სანქციებსა და მის საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ვიცე-პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ნებისმიერი გართულების მიუხედავად ოპერაციული სისტემა ამოქმედდება მომდევნო წლის დასაწყისში ან მაქსიმუმ შუა პერიოდში, ე.ი. დაახლოებით 6-7 თვეში. ვინსენტ პანგმა საუბარი დაასრულა იმით, რომ კომპანიამ უკვე გამოტოვა ერთი ფლაგმანის (Huawei Mate 30) გამოშვება საკუთარი ოპერაციული სისტემის გარეშე და ამიტომ მეტად აღარ დაუშვებს ფაქტს – ხელიდან გაუშვას შესაძლებლობა – გამოიყენოს Harmony OS თავის მოწყობილობებში. Huawei-ს წარმომადგენლებმა გარკვეული პერიოდის წინ განაცხადეს, რომ მომდევნო წლიდან მათი სმარტფონები ორ ნაწილად იქნება გაყოფილი: ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, რომლებიც Harmony OS-ზე იმუშავებენ და დანარჩენი მსოფლიოსთვის განკუთვნილი მოწყობილობები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android-ით.