ენიგმა

ლემურია – კაცობრიობის აკვანი

1864 წელს ზოოლოგმა ფილიპ სკლეტერმა ყოველთვიურ სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია სათაურით “მადაგასკარის ძუძუმწოვრები”, სადაც ცხოველების ერთ-ერთ, მანამდე უცნობ კლასს “ლემურები” უწოდა.

მან განაცხადა, რომ ლემურების ნაშთები მოიპოვებოდა მხოლოდ მადაგასკარის კუნძულზე და ინდოეთში, ხოლო აფრიკისა და აზიის დანარჩენ ტერიტორიაზე მსგავსი რამ არ ფიქსირდებოდა. ამაზე დაყრდნობით მეცნიერმა ივარაუდა, რომ მადაგასკარი და ინდოეთი ოდესღაც ერთი კონტინენტის შემადგენელი ნაწილები იყვნენ.

ის წერდა:

– ანომალიები, რასაც მადაგასკარის ძუძუმწოვრებში ვხვდებით, მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას… დიდი კონტინენტი, რომელსაც ატლანტისა და ინდოეთის ოკეანის ნაწილი ეკავა… შემდეგ ეს კონტინენტი დაიშალა და წარმოშვა კუნძულები, რომელთაგან ზოგი აფრიკას ეკუთვნის, ზოგი აზიას… მაგალითად მადაგასკარი მასთან ახლოს მდებარე რამდენიმე კუნძულით სავარაუდოდ იყო კონტინენტის ნაწილი, რომელსაც მე “ლემურიას” ვუწოდებ…

მეცნიერ ეტინ ჯეფრი სეინტ ჰილარს ასევე ჰქონდა ვარაუდი სამხრეთში არსებული კონტინენტის შესახებ სკლეტერზე 20 წლით ადრე, მხოლოდ მას სახელი არ უწოდებია. ამის მიუხედავად, იმ დროისთვის სკლეტერის თეორია საკმაოდ უჩვეულო და მიუღებელი აღმოჩნდა.

მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა. მას შემდეგ, რაც მეცნიერთა უმრავლესობამ აღიარა დარვინიზმისა და კონტინენტების გადაადგილების თეორია, ბევრი აღმოჩენა გაკეთდა მე-19 საუკუნეში. იპოვეს მსგავსებები კონტინენტების დეფორმაციის ეტაპებში, წამოაყენეს ვარაუდები, რომ ადრე ყველა კონტინენტი ერთი მთლიანობა იყო და ამით აიხსნებოდა სხვადასხვა კონტინენტზე მსგავსი სახეობების არსებობა ფლორასა და ფაუნაში.

შესაბამისად, ლემურიის თეორია მხოლოდ თეორია აღარ იყო. ის უკვე მეცნიერთა ნაშრომებში ფიგურირებდა. დარვინისტმა ერნსტ ჰეკელმა წამოაყენა ვარაუდი, რომ “ლემურია” ცხოველების ნაშთებს შორის არსებული “დაკარგული რგოლის” (missing link) ახსნა იყო. მისი აზრით, სწორედ იმიტომ ვერ პოულობდნენ მეცნიერები ბევრ გარდამავალ სახეობას, რომ ისინი ლემურიის ტერიტორიაზე, ანუ ოკეანის სიღრმეებში განისვენებდნენ.

სხვა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ლემურია შეიძლება წყნარ ოკეანეში მდებარეობდა და ამით ხსნიდნენ აზიისა და ამერიკის კონტინენტების ფლორისა და ფაუნის მსგავსებებს.

უარყოფა

მას შემდეგ, რაც ტექტონიკური ძვრების შესახებ აღმოჩენები გაკეთდა და მეცნიერებს გარკვეული ცოდნა დაუგროვდათ, მათ უარყვეს ლემურიის არსებობა. მათი ვარაუდით, მადაგასკარი და ინდოეთი ოდესღაც მართლაც ერთი მთლიანობა იყო, მაგრამ მილიონობით წლების წინ გაიყვნენ და მადაგასკარმა თანდათანობით მიაღწია იმ ადგილს, სადაც ახლაა. ანუ კონტინენტი მხოლოდ შუაზე გაიყო – მისი ნაწილი წყალში არ ჩაძირულა. ლემურია თუკი არსებობდა, მის დაშლას უნდა გამოეწვია გეოლოგიური ცვლილებები ოკეანეში, რის კვალსაც ვერ მიაკვლიეს.

1999 წელს “JOIDES Resolution”-ის ხომალდმა ინდოეთის ოკეანეში აღმოაჩინა დიდი კუნძულის, კერგულენის პლატოს არსებობის დამადასტურებელი ფაქტები, რომელიც სავარაუდოდ 20 მილიონი წლის წინ დაფარა წყალმა. აღმოაჩინეს ყვავილებისა და ხის ნაშთები, რომლებიც 90 მილიონი წლით დაათარიღეს. წესით, ეს ფაქტი ლემურიის სასარგებლოდ უნდა ამეტყველებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

ლემურია – სამოთხე დედამიწაზე

ბრიტანელი ოკულტისტი მწერალი ჯეიმს ჩაჩვარდი წერდა, რომ ლემურია სიგრძეში 8000 კმ და სიგანეში 5000 კმ იყო. ბიბლიაში აღწერილი ედემის ბაღი სწორედ ეს იყო, აქ მოხდა ადამიანების შექმნა. მისი მტკიცებით, ლემურიის ჩაძირვისას (200 000 წლის წინ) 64 მილიონი ლემურიელი დაიღუპა. ლემურიელები ატლანტებივით განვითარებული ხალხი იყო და მათთან ცივილიზაცია ყვაოდა. მათ სახლებს გამჭვირვალე სახურავი ჰქონდა.

ლემურიელი ხალხი მზეს სცემდა თაყვანს და ბუნებასთან ჰარმონიულად, ერთმანეთისადმი სიყვარულით აღსავსენი ცხოვრობდნენ. არ იცოდნენ რა იყო შიში, სტრესი, სიძულვილი და ყველანაირი უარყოფითი გრძნობა, ამიტომაც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ასობით წლებს შეადგენდა. ლემურიელები არაბუნებრივად მაღლები (რამდენიმე მეტრი) იყვნენ. თავიანთ გონებრივ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებდნენ და შესაბამისად, სწრაფად ვითარდებოდნენ. მათ გახსნილი ჰქონდათ ე.წ. “მესამე თვალი”, შეეძლოთ ტელეპატიური კავშირი ერთმანეთთან, შეხების გარეშე საგნების გადააადგილება, ტელეპორტაცია და მოგზაურობა დროსა და სამყაროს შორეულ წერტილებში.

ლემურიელები ძირითადად ვეგეტარიანელები იყვნენ. ისინი სამეცნიერო ტექნიკისადმი ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ და ატლანტებისგან განსხვავებით, ამჯობინებდნენ, სხეულის ექსტრასენსორული გრძნობები განევითარებინათ, დიდ დროს უთმობდნენ მედიტაციას. ათვისებული ჰქონდათ მზისა და ჰაერის ენერგია.

ლემურიელები მომავალ წყვილს (ცოლ-ქმარს) ასეთ გამოცდას უწყობდნენ: ყველანაირი საკვების, იარაღის, ტანსაცმლის და აღკაზმულობის გარეშე უშვებდნენ ტყეში 28 დღით. ამ დროის განმავლობაში მათ უნდა აეშენებინათ სახლი, გაეკეთებინათ იარაღები, ეშოვათ საკვები და თავი გაეტანათ. თუ ამ გამოცდას ჩააბარებდნენ, ცოლ-ქმარი ხდებოდნენ.

1894 წელს ფრედერიკ სპენსერ ოლივერმა გამოაქვეყნა წიგნი “ორი პლანეტის ბინადარი”, სადაც ამტკიცებდა, რომ ლემურიაზე მცხოვრებთაგან ნაწილი გადარჩა და მათ ჩრდილოეთ კალიფორნიაში მდებარე შასტას მთას შეაფარეს თავი. მათ მთაში გვირაბების კომპლექსი გააკეთეს და ამგვარად, საცხოვრებელი ტერიტორია მოიწყვეს, რომელსაც ტელოსი უწოდეს. გარეთ იშვიათად გამოდიან და მათი შემჩნევა ძნელია, რადგან თეთრი (თოვლისფერი) მანტიები აცვიათ. წიგნის გამოქვეყნებიდან მცირე ხნის შემდეგ ბევრი ამტკიცებდა, რომ მათაც იხილეს ლემურიელები. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ მთის მიდამოებში ხშირად უნახავთ მფრინავი ობიექტები.

შასტას მთა

ოლივერის აღწერით, ტელოსში ცხოვრობს 1.5 მილიონი ლემურიელი. მათი საშუალო სიმაღლეა 1.9-2.3 მეტრი. სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე საუკუნეს შეადგენს, მაგრამ 30-40 წლისას გვანან. ქალაქს მართავს საბჭო, რომელიც შედგება 6 ქალისგან და 6 კაცისგან. ასევე ჰყავთ მეფე რა და დედოფალი რამუ მუ. არ არსებობს ფული, რაც სჭიდებათ, ყველაფერი უსასყიდლოდ აქვთ. შეუძლიათ დროში და სხვა სამყაროებში მოგზაურობა. თავად ამ რასას დასაბამი აქვს ვარსკვლავებიდან – სირიუსიდან და ალფა კენტავრიდან.

გადმოცემის მიხედვით, ბრიტანელმა მკვლევარმა ჯეისი ბრაუნმა 1904 წელს შასტაში დასახლებული ქალაქი აღმოაჩინა. ის დაქირავებული იყო ბრიტანეთის მიერ, რათა მთაში ოქროს კვალისთვის მიეკვლია და ძიებისას შემთხვევით წააწყდა გვირაბს, რომელიც დაახლოებით 18 კმ სიგრძის იყო. გაჰყვა გვირაბს და გამოქვაბულში აღმოაჩინა მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც სავსე იყო ოქროთი, ფარებით, მუმიებით. ზოგიერთი მუმია სიგრძეში 3 მეტრი იყო. მან თავისი თავგადასავალი მოუყვა ჯონ რუთს, რომელმაც 80 კაციანი მკვლევართა გუნდი შეკრიბა და ბრაუნთან ერთად მთისკენ გაეშურა. ამის შემდეგ მათი კვალი აღარავის უნახავს.

ბევრი ადამიანი თვლის, რომ აღდგომის კუნძულის ქანდაკებები ლემურიის ცივილიზაციის კვალია

ლემურიასთან აკავშირებენ ასევე იაპონიაში აღმოჩენილ წყალქვეშა პირამიდებს

ახალ ზელანდიაში მცხოვრებ მაორის ტომელებში ჯერ კიდევ ცოცხლობს გადმოცემა, რომ მათი წინაპრები “წყლის მეორე მხარეს”, ამჟამად ჩაძირულ მიწაზე ცხოვრობდნენ

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button