შტეფან ცვაიგი – დოსტოევსკი
„დოსტოევსკის ნაწარმოებებში ადამიანი იბრძვის თავისი ადამიანური მეობისა და თავისი საბოლოო ჭეშმარიტებისათვის. მკვლელობა თუ მოხდა სადმე, ან თუ სიყვარულის ალმურით იწვის ქალი, – ყველაფერი ეს მეორეხარისხოვანი ამბავია, კულისებია. მისი რომანის მოქმედება ადამიანის სულის სიღრმეში, სულიერ სამყაროში, სულიერ სივრცეში წარმოებს. ანაზდეული მოვლენები, გარეგნული ცხოვრების შემთხვევები მხოლოდ რეპლიკებია, თეატრალური მანქანებია, სცენური ჩარჩოებია. ნამდვილი ტრაგედია კი შიგნითაა. მას ყოველთვის დაბრკოლებათა გადალახვა, ჭეშმარიტებისათვის ბრძოლა ეწოდება. ყოველი მისი პერსონაჟი, თვით რუსეთის მსგავსად ეკითხება საკუთარ თავს: ვინა ვარ მე? რის მაქნისი ვარ? იგი ეძებს საკუთართავს, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, საკუთარი თავის აღმმატებით ხარისხში აყვანილ სახეს საზღვრის, სივრცისა და დროის გარეშე ვითარებაში. მას სურს წინასწარ შეიცნოს, თუ როგორი იქნება ღვთის წინაშე რომ წარსდგება. საკუთარ თავს აღსარებას ეუბნება, ცოდვებს ინანიებს. დოსტოევსკის გმირისთვის ჭეშმარიტება მარტო მოთხოვნლილება კი არაა, არამედ ექსცესია, ვნებათაღელვაა, აღიარებაა – ყველაზე წმინდა სიამეა, სპაზმია. დოსტოევსკის გმირის მოწოდება შინაგანი ადამიანის, სრულიად საყოველთაო ადამიანის, ღვთის გლახა ადამიანის ამოფრქვევაა მიწიერი საწყისიდან, ჭეშმარიტების ამოფრქვევაა, ყოფიერების ხორციელი გარსიდან ღვთაებრიობის ამოჩუხჩუხებაა.“
„დოსტოევსკის შემოქმედება მუდამ შუაგულს უმიზნებს, მაშასადამე, ფსიქოლოგიურ ცენტრს წვდება, ადამიანს ადამიანის შიგნით ეძებს, და სწორედ იქ პოულობს აბსოლუტურს, აბსტრაქტულს, რომელიც კულტურული ფენების სიღრმეშია შემალული. ხელოვანთა უმეტესობისათვის ამ ფენას ჯერაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, საშუალო სიმაღლეზე მდგომი რომანების წინამორბედი ნაწარმოებების მოქმედება ჩვეულებრივ სოციალურ, საზოგადოებრივ, ეროტიულ და საყოველთაო ვითარებაში წარმოებს, და აქვე იყინება.“
„დოსტოევსკი მხოლოდ სალხინებელს აღიარებს, და იცის, რომ გზასაცდენილი ადამიანი უფრო მეტ სულიერ წვას განიცდის და უფრო ახლოსაა ადამიანის ჭეშმარიტ იერსახესთან, ვიდრე ამაყი, ცივი და თავაზიანი პიროვნება, რომელის გულმკერდში ჭეშმარიტი ადამიანი ბურჟუაზიულმა კანონიერებამ გააქვავა და გაჰყინა.“
„არც ერთ სხვა ხელოვანთან არაა ისე მკაფიოდ ასახული ჭეშმარიტება, როგორც დოსტოევსკისთან, ალბათობის ზურგს უკან როდი დგას იგი, თითქოს მისი პირდაპირ ასვეტილა. უბრალო, ფსიქოლოგიურად შეუიარაღებელი თვალი ვერ მისწვდება მას, ისევე როგორც წყლის წვეთში შეუიარაღებელი თვალი მხოლოდ კამკამა სითხეს, გამჭვირვალე ერთობლიობას ხედავს, მიკროსკოპით შეიარაღებული კი – მილიარდობით მოფუსფუსე ინფუზორიების მრავალსახოვან ქაოსს; მისთვის მთელი სამყაროა ეს, სხვას კი შეიძლება უბრალო ერთობლივი ფორმა ეგონოს. უზენაესი რეალიზმით აღკაზმული ხელოვანი ისეთ ჭეშმარიტებას შეიცნობს, რომელიც არსებულთან შედარებით დაუჯერებელი მოეჩვენება კაცს.“
„დოსტოევსკის გატაცების საგანი სწორედ ისაა, როგორმე შეიცნოს უზენაესი, ანუ სიღრმისეული ჭეშმარიტება, საგანთა გარეგნული საფარის ქვეშ ყოფიერების გულის კუნჭულში რომ შემალულა. მას სურს უბრალო და გამახვილებული, მაგრამ ორივე შემთხვევაში მართალი მზერით შეიცნოს ადამიანი ერთდროულად, როგორც ერთობლივი და როგორც მრავალსახოვანი. ამიტომ მისი ნათელმჭვრეტი და ბრძნული რეალიზმი, რომელიც აღჭურვილია როგორც მიკროსკოპის თვისებებით, ისე წინასწარმეტყველის თვალთახედვით, ზღუდითაა გამოცალკევებული იმისაგან, რასაც ფრანგებმა სინამდვილის ასახვის უპირველესი ხელოვნება და ნატურალიზმი უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის ანალიზები გაცილებით ზუსტი და ღრმაა, ვიდრე იმათი, ვინც თავის თავს „ჭეშმარიტ ნატურალისტებს“ უწოდბს (ამით იმის თქმა სურთ, რომ მათ ზღვარს მიაღწიეს, დოსტოევსკი კი მუდამ ამ მიჯნის იქით გადადის), მისი ფსიქოლოგია შემოქმედებითი სულის სულ სხვა სფეროს ეკუთვნის.“
„დოსტოევსკი ადამიანის სულს ისეთ მომენტში წაეტანება ხოლმე, როდესაც იგი ნაპირებიდან გადმოსვლას ლამობს, როდესაც ადამიანი თავის შესაძლებლობების უკიდურეს ზღვართან დგას. მას სძაგს საშუალო მდგომარეობა, სძაგს როგორც საერთოდ ყოველგვარი სიგლუვე, ყოველგვარი ჰარმონია. მხოლოდ უჩვეულო, თვალით უხილავი, დემონურ მოვლენები ეზიდება მის პოეტურ ვნების უკიდურესი რეალიზმისაკენ. შეუდარებელი მოქანდაკეა უჩვეულოსი, უდიდესი ანატომია გაღიზიანებული და ავადმყოფი სულისა. ხელოვნებაში ტოლი არა ჰყავს მას ამ მხრივ.“
„იდუმალი რამ ხელსაწყო-იარაღი, რომლითაც იგი ადამიანების სულის სიღრმეს აღწევს, სიტყვაა. გოეთე ყველაფერს თვალისმიერად ჰქმნის. იგი – ვაგნერის შესანიშნავი შედარება რომ ვიხმაროთ – თვალისმიერი ადამიანია, დოსტოევსკი კი – ყურისმიერი. ჯერ ხმამაღლა უნდა აალაპარაკოს თავისი გმირები, მოუსმინოს მათ და მხოლოდ შემდეგ გახდის მათ ჩვენი თვალისათვის ხილულად. მშვენივრად დაახასიათა მერეჟკოვსკიმ თავის გენიალურ ანალიზში ორი რუსი ეპიკოსი: ტოლსტოისთან გვესმის, რადგანაც ვხედავთ, დოსტოევსკისთან კი ვხდავთ, რადგან გვესმისო.“
„დოსტოევსკის ზებუნებრივი ფსიქოლოგიური გამჭრიახობა სხვა არა არის რა, თუ არა უჩვეულოდ გამახვილებული სმენადობა. მსოფლიო ლიტერატურა უფრო სრულყოფილ პლასტიკურ ქმნილებას, ვიდრე დოსტოევსკის გმირების დიალოგია, მართლაც რომ არ იცნობს. სიმბოლურია სიტყვათა წყობა, თავისებურია სიტყვათწარმოება, არაფერი არაა შემთხვევითი. საჭირო და აუცილებელია ყველა მარცვალი, ყოველი ბგერა, არსებითია ყოველი პაუზა, ყოველი განმეორება, ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი წამონაცდენი სიტყვა. ყოველი წარმოთქმული სიტყვის მიღმა დათრგუნვილი ხმიანობა იმალება, იდუმალი შინაგანი სულიერი ზვირთცემის ხმაური მოისმის.“
„იმდენად მაგიურია ეს დიდოსტატური ხელოვნება, რომ სხვა ენაზე თარგმნისას იძლებითი გაუხეშებაც კი ვერ უკარგავს მისი გმირის სულს ნარნარ სილაღეს. დოსტოევსკის პერსონაჟთა ხასიათები მეტყველების რიტმით სულდგმულობენ. მისი ინტუიციის გენიალობაა, რომ გვირისტად შეკრულ დახასიათებას, ჩვეულებრივი, ერთი პაწაწინა დეტალით, ზოგჯერ ერთადერთი სიტყვით აღწევს ხოლმე.“
„დოსტოევსკის რომანებში ვერასდროს ვერ იპოვი სავანეს, ვერასოდეს ვერ დასტკბები ნაზი მუსიკალური რიტმით, თავისუფლად, მშვიდად სუნთქვის საშუალებასაც არ მოგვცემს მწერალი – განუწყვეტლივ აქეთ-იქით ეხლები, თითქოს ელექტროდენით იყო დამუხტული, და რაც უფრო შორს მიდიხარ მისი ფურცლების სიღრმეში, მით უფრო ძლიერად გეუფლება ციებ-ცხელება, მოუსვენრობა, ცნობისმოყვარეობა. და სანამ მისი პოეტური ძლიერების გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, მას ვბაძავთ, მას ვემსგავსებით. როგორც მარადიული დუალისტი, როგორც განხეთქილების ჯვარზე გაკრული ადამიანი, თავის გმირებსაც და თავის მკითხველსაც გრძნობათა განუწყვეტელ გაორებას განიცდევინებს იგი.“
„დოსტოევსკი თავისი გმირების იერსახეს ნერვების უკიდურესი დაძაბვით გრძნობს და განიცდის, მისი ოცნებების ზღვის ფსკერამდე ჩადის, მასთან ერთად ცახცახებს ვნებათა ღელვისაგან, მისი ზარხოშით თვრება. ერთი პაწაწინა აზრი, სულიერი თრთოლვის სულ უბრალო ვიბრაციაც კი არ გამოეპარება მხედველობიდან. გულმოდგინე თანმიმდევრობით ჭედავს იგი ფსიქოლოგიურ ჯაჭვს ხელოვნების ტყვექმნილთა გარშემო. ფსიქოლოგიურ ცდომილებას ვერ მოუძებნით მას, ვერც ისეთ კვანძებს, რომელიც გამჭვირვალე არ ხდებოდეს მისი მახვილი გონებისა და ნათელმჭვრეტი ლოგიკისათვის. არც ერთი შეცდომა, არც ერთი წინააღმდეგობა შინაგანი ჭეშმარიტებისადმი. გონების, სულიერი ცხოვრების რაოდენ დიდებული, ზეშთაგონებული, ხუროთმოძღვრული ტაძარი აღაშენა მან! რასკოლნიკოვისა და პორფირი პეტროვიჩის დიალექტიკური ორთაბრძოლა, დანაშაულებრივი ქმედობის არქიტეკტონიკა, კარამაზოვის ლოგიკური ლაბირინთი, – ესაა სულიერი არქიტექტონიკის უბადლო ნიმუში, მათემატიკასავით ზუსტი და მუსიკასავით დამატკბობელი. გონებისა და სულიერი გამჭრიახობის უზენაესი ძალები ახალ ჭეშმარიტებას წარმოქმნიან, ისეთ სიღრმეს სწვდებიან, რომლის მსგავსი ჯერ არ იცის კაცობრიობის სულიერმა ცხოვრებამ.“
„ზერეალისტმა, ყველა მიჯნის გადამლახავმა დოსტოევსკიმ განა ასახა სინამდვილე, საკუთარ თავს გადაამეტა იგი. შიგნიდან, მხოლოდ სულიდან მომდინარეობს მხატვრულად აღწერილი მისი სამყარო, შინაგანია ამ სამყაროს შებოჭილობა, განთავისუფლებაც შინაგანია. ხელოვნების ამ დარგს, ყველაზე ღრმას, ყველაზე ადამიანურს ლიტერატურაში წინამორბედი არა ჰყავს არც რუსეთში, არც საერთოდ მსოფლიოში.“
„დოსტოევსკის სწადია, რომ თავისი ეპოსი მხოლოდ დაძაბულ, აგზნებულ ადამიანებს გაუზიაროს, ისევე, როგორც მხოლოდ ასეთი ადამიანები შეარჩია მან თავისი ხვაშიადის მესაიდუმლე გმირებად. ბიბლიოთეკის ბეჯითი მკითხველები, გაცვეთილი პრობლემების გაკვალულ გზაზე ტაატით მოსეირნენი ვერ გაუგებენ მას, თვითონაც ვერ გაუგებს მათ. მხოლოდ მგზნებარე სულის პატრონი, ვნებათაღელვით შეპყრობილი, გრძნობააალებული ადამიანი თუ გაიკვლევს გზას მის სამყაროში.“
„დოსტოევსკის ხელოვნების უდიდესი საიდუმლოებაც სწორედ ეგაა: მისი ყველა რომანი ისეთ მწვერვალზეა კვირტგადაშლილი, რომელსაც თავს ებურვის გრძნობათა დაელექტროებული ატმოსფერო; მეხი სიმაღლეს ეძებს და ეს მწვერვალიც ანდამატივით იზიდავს ბედისწერის მეხს.“
„განა საჭიროა ვილაპარაკოთ ამ უბადლო ხელოვნებაზე, რომლის მსგავსი დოსტოევსკიმდე არ ყოფილა და ალბათ არც მომავალში იქნება? განა აუცილებელია დავიძინოთ, რომ მთელი სასიცოცხლო ძალების ეს წუთიერი სპაზმი სხვა არა არის რა, თუ არა ხელოვნებაში გადმოტანილი მისი პირადი ცხოვრება, მისი დემონური სნეულება? არასოდეს ყოფილა ხელოვანის ავადმყოფობა ისე ნაყოფიერი, როგორც ეპილეფსიის ეს მხატვრული ფერისცვალება, რადგან დოსტოევსკიმდე ხელოვნებამ არ იცის გრძნობათა სისავსის ასეთი კონცენტრაცია დროისა და სივრცის ესოდენ მცირე მონაკვეთებში. მხოლოდ მას, სემიონოვის მოედანზე რომ იყო ერთხელ ბოძზე გაკრული და ორიოდ წუთის განმავლობაში თავიდან რომ განიცადა მთელი თავისი განვლილი ცხოვრება, მხოლოდ მას, ყოველი ეპილეფსიური გულყრის დროს საშინელ თავბრუსა და სავარძლიდან გადმოვარდნას შორის რამდენიმე წამის განმავლობაში მთელს სამყაროს რომ აღიქვამდა ხოლმე, მხოლოდ მას შეეძლო დაუფლებოდა ამ ხელოვნებას, მხოლოდ და მხოლოდ მას შეეძლო კაკლის ნაჭუჭის ოდენა დროის მონაკვეთში ჩაეტია მოვლენათა მთელი კოსმოსი. მხოლოდ მას შეეძლო-მეთქი აფეთქებასავით მოულოდნელი და დაუჯერებელი წამების სინამდვილედ გადაქცევა ისე დემონურად, რომ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ დროისა და ადგილის უგულვებელყოფას. მისი ნაწარმოებები კონცენტრაციის ჭეშმარიტი სასწაულია.“
„ვკითხულობთ „იდიოტის“ პირველ ტომს, რომელიც 500-ზე მეტ გვერდს შეიცავს. რამდენი ადამიანის ბედიღბალს შევიტყობთ, სულების როგორი ქაოსია, რამდენი პერსონაჟ-გმირის იერსახე წარმოსდგება ჩვენს თვალწინ. მათთან ერთად შემოვივლით ქუჩებს, სახლშიც ვესტუმრებით თვითეულ მათგანს, მოვინახულებთ, გავეცნობით და მერე უცებ, გონს რომ მოვალთ, მივხვდებით, თურმე სულ რაღაც თორმეტიოდე საათის განმავლობაში, ე. ი. დილიდან შუადღემდე მომხდარა ყველაფერი ეს. კარამაზოვების ფანტასტიკური სამყარო რამდენიმე დღეშია ჩატეული, რასკოლნიკოვისა კი ერთ კვირაში, – ესაა შეკუმშლობის შედევრები, რომლის მსგავსსაც ვერც ერთმა ეპიკოსმა ვერ მიაღწია ჯერ.“
„არც ერთ ეპიკოსს არა აქვს მგრძნობიარე ნერვებით დასერილი ასეთი თხრობის სისტემა, ფაბულის ჩონჩხედში დიალოგების კანქვეშ შეფარებული ასეთი ალიაქოთი ამბებისა და მოვლენებისა. და მაინც სისტემას ვერ დავარქმევ ამას. ეს ფსიქოლოგიური პროცესი მხოლოდ ადამიანის ორგანიზმს თუ შეედრება. რადგან ერთგანაც და მეორეგანაც იდუმალი რამ მოწესრიგებულობა იმალება მოჩვენებითს ნებისმიერობაში. სხვა ეპიკოსები კი, განსაკუთრებით გოეთე, ბუნების სამყაროს უფრო ბაძავენ, ვიდრე ადამიანს, ორგანულად გვაამებენ თხრობით; ყვავილებით გვატკბობენ, ხატოვნად ლანდშაფტის სიამოვნებას განგვაცდევინებენ. დოსტოევსკის რომანი კი ღრმად მგრძნობიარე და ვნებით შეპყრობილ ადამიანთან შეხვედრას ჰგავს. უკვდავია მისი ხელოვნება, მაგრამ მეტისმეტად მიწიერი, თუმც კი სამარადისო, ესაა გაორებული, გონიერი, ნერვული, მუდამ აგზნებული და ვნებიანი ქმნილება, ხორცისა და ტვინის მარადიული ბობოქრობა და დუღილი. სულაც არა ჰგავს იგი მტკიცედ ნაჭედ კეთილშობი ლითონს, უმინარევოდ ნაწრთობ ელემენტს. როგორც ხორციელ გარსში ჩასახლებულ სულს, არც მასა აქვს განზომილება, არც გამოთვლა აქვს. ხელოვნების ფორმათა შორის არ არსებობს მისი ტოლი და სწორი.“
„არ არსებობს მისი ტოლი და სწორი: უზადოდ სრულყოფილია მისი ხელოვნება, მისი დიდოსტატობა, და რაც უფრო ღრმად ვეცნობით დოსტოევსკის ნაწარმოებებს, მით უფრო უკიდეგანო და ბუმბერაზული გვეჩვენება მათი სიდიადე.“
„მისი რომანების კოშკურებ ჩამონგრეული დაუმთავრებელი შენობები („კარამაზოვები“, ისევე როგორც „რასკოლნიკოვი“, მეორე ნაწილს გვპირდება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ დაწერილა) რელიგიის ცაში აღმართული, მარადიული კითხვების სფეროს სწვდება. რომანებს ნუ დავარქმევთ მათ, ეპიური საზომით ნუ გავზომავთ. კარგა ხანია მხოლოდ ლიტერატურის მონაპოვარს აღარ წარმოადგენენ ისინი. სხვა სახელი ეწოდება მათ, რადგან ესაა იდუმალი რამ ნიშნები, წინასწარმეტყველური ხმები; ეს ხომ პრელუდიაა მითისა ახალ ადამიანზე. რაოდენ ძლიერადაც არ უნდა ჰყვარებოდა დოსტოევსკის ხელოვნება, იგი მისთვის მაინც არ იყო მთავარი და ერთადერთი რამ, და როგორც მისი დიდი წინამორბედები, იგიც მხოლოდ ხიდად სთვლიდა მას – ადამიანის მიერ ღმერთის შეცნობის საშუალებად მიაჩნდა. ის, რაც მან შექმნა, აღარაა ხელოვნების ნაწარმოები ჩვეულებრივი მიწიერი გაგებით, ესაა მესამე სამეფოს სახარება, ესაა რაღაც მითი ახალ რუსეთზე, აპოკალიფსური ქადაგება, ბუნდოვანი და გამოუცნობი. ხელოვნება მისი დამშეული სულისათვის მხოლოდ დასაწყისი იყო და ბოლო კი… ბოლო უსასრულობაში იკარგებოდა. იგი მისთვის მხოლოდკარიბჭე იყო და არა თვით ტაძარი. მის ნაწარმოებებში არის ისეთი რამ, რაც სიტყვებით ვერ გამოითქმის. და რადგან ეს უზენაესი და საბოლოო აზრი მხოლოდ მინიშნებულია და წარმავალი ფორმით არაა ნათქვამი და დახურდავებული, სწორედ ამიტომაა მისი შემოქმედება ახალი ადამიანისა და საერთოდ მთელი კაცობრიობის სრულყოფისაკენ გაკვალული გზა.“
„იმ დიად მწერალთა შორის, რომელთაც ლიტერატურაში თამამად გადალახეს საზღვარი, ყველაზე დიადი ჩვენს ეპოქაში დოსტოევსკი გახლდათ, და ვერც ერთმა სხვამ ვერ აღმოაჩინა იმდენი ახალი სამყარო სულიერ ცხოვრებაში, რამდენიც ამ მიზანმსწრაფმა, უნაპირო შესაძლებლობით დაჯილდოებულმა შემოქმედმა, რომლისთვისაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „განუზომლობა და დაუსრულებლობა, ისევე საჭირო იყო, როგორც თვით დედამიწა.“ არავითარ დაბრკოლებას არ შეუჩერებია იგი. „ყველგან და ყველაფერში მიჯნა გადავლახე“, – წერდა იგი სიამაყით და თანაც თითქოს საკუთარი დანაშაულის შეგნებით – „ყველგან“.“
„კაცობრიობა თავის სულიერი ცხოვრების მექანიზმსა და მისტიკურ ძალებს ესოდენ ღრმად დოსტოევსკიმდე არ ჩასწვდენია. მისმა თვალმა მზერა გაუმახვილა, შეგნება გაუასკეცა, გრძნობით კი იდუმალებასა და ღვთაებრიობას აზიარა. თუ არა იგი, რომელმაც ყველა მიჯნა და საზღვარი გადალახა, კაცობრიობა ამდენს ვერ შეიტყობდა თავის მარადიულ საიდუმლოზე. მისი ნაწარმოებების სიმაღლიდან გაცილებით უფრო შორს შეგვიძლია გავიხედოთ მომავლისაკენ. ასეთი რამ კი წინათ არ შეგვეძლო.“
„დოსტოევსკი უფრო ღრმად ჩასწვდა ქვეშეცნეულის ქვესკნელს, ვიდრე ექიმები, იურისტები, კრიმინალისტები ან კიდევ ფსიქიატრები. ყველაფერი, რაც მეცნიერებამ მერე და მერე აღმოაჩინა, რასაც მერე და მერე დაარქვა თავ-თავისი სახელი და ექსპერიმენტისა და სკალპელის საშუალებით დაადგინა, სახელდობრ, ტელეპათიური, ისტერიული, ჰალუცინაციური, გაუკუღმართებული ფენომენები, – ყველაფერი ეს მან აღწერა თავისი ნათელმჭვრეტი განცდისა და თანაგრძნობის მისტიური უნარის წყალობით. სულის ფენომენებს რომ ჩაუდგებოდა კვალში, სიგიჟის კარამდე მიდიოდა (სულის ექსცესი), დანაშაულის კარამდეც (გრძნობის ექსცესი), სულის უსასრულო და უცნობ სივრცეებს შემოივლიდა ხოლმე გულთამხილავი. ძველმა მეცნიერებამ თავისი წიგნის უკანასკნელი ფურცელი ჩაათავა, დოსტოევსკიმ ხელოვნებაში ახალი ფსიქოლოგიის ერა დაიწყო.“
„მხოლოდ დოსტოევსკიმ, ერთიანობის პირველმა დამრღვევმა, მარადიულმა დუალისტმა შეაღო იდუმალების კარიბჭე. მხოლოდ მან ერთმა შესძლო გრძნობის სრული ანალიზი. დოსტოევსკისთან გრძნობათა ერთიანობა ნაკუწ-ნაკუწადაა ქცეული, თითქოსდა მის გმირებს სხვა სული ედგათ, არა ისეთი, როგორიც აქვთ სხვებს, მანამდე არსებულთ. სხვა მწერლების მიერ მანამდე დიდი გამბედაობით გაკეთებული სულიერი ცხოვრების ანალიზები მეტისმეტად ზერელე გვეჩვენება მისი დიფერენცირებული ანალიზების გვერდით.“