ფიოდორ დოსტოევსკი – ძმები კარამაზოვები
„სოციალისტ-ქრისტიანი სოციალისტ-უღმერთოზე უფრო საშიშია.“
– ის „უწმინდური,“ „ცუდი ყოფაქცევის ქალი,“ შესაძლოა, თავად თქვენზე წმინდა იყოს, თავის ხსნისთვის მზრუნველო ბატონო მღვდელმონაზვნებო! – შეუტია ფიოდორ პავლოვიჩმა. – იქნებ სინორჩისას იმსხვერპლა საზოგადოებამ. მაგრამ მან „შეიყვარა ფრიად,“ ხოლო ვინც ფრიად შეიყვარა, მას ქრისტემაც შეუნდო…
– ქრისტეს ასეთი სიყვარულის გამო არ შეუნდვია… – ვეღარ მოითმინა და შესძახა თვინიერმა მამა იოსებმა.
– არა, ასეთი სიყვარულის გამო, სწორედ ამ სიყვარულის გამო, ბერებო, ამ სიყვარულის გამო! თქვენ აქ კომბოსტოთი გწადიათ, თავი იხსნათ და გგონიათ, რომ წმინდანები ხართ! ლიფსიტებს ჭამთ, დღეში თითო ლიფსიტას, და გგონიათ, რომ ღმერთს გულს მოუგებთ!
„შენთან არს ქრისტე. დაიფარე გულსა შინა შენსა და ისიც დაგიფარავს. დიად მწუხარებას იხილავ და მწუხარებასა შინა იქნები ბედნიერი. ამას გიანდერძებ: მწუხარებაში ეძიე ბედნიერება. იღვაწე, დაუცხრომლად იღვაწე.“
„სალოსებმა ასე იციან: სამიკიტნოს წინ ბირჯვარს იწერენ, ტაძარს კი ქვას უღერებენ. შენი ბერ-მოძღვარიც ამას სჩადის: წმინდანს ჯოხის ცემით გააგდებს, ხოლო მკვლელს თავდახრით დაუჩოქებს.“
„კაცს შეუყვარდება რაიმე სილამაზე, ქალის სხეული, ანდა ქალის სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი (ამას ავხორცი მიხვდება), ჰოდა, ეს სიყვარული გააწირვინებს საკუთარ შვილებს, დედ-მამასა და სამშობლოს; პატიოსანი კაცი იქურდებს, თვინიერი ყელს გამოსჭრის ვინმეს, ერთგული მოღალატედ გადაიქცევა.“
„წმინდა ბერო, მზა ლუკმისთვის მონასტერში კი ნუ ხარ გამოკეტილი და ჯილდოს იქ, მაღლა კი ნუ ელი, ცხოვრებაში იყავი სათნო და საზოგადოებას სარგებლობა მოუტანე, – აი ეს უფრო ძნელი იქნება.“
„იმის ატანა არ შემიძლია, რომ ზოგნი, ამაღლებული სულისა და მაღალი გონების მქონენიც კი, მადონას იდეალით იწყებენ და სოდომის იდეალით ამთავრებენ. უფრო შემზარავია, როცა ვინმე, სულში უკვე სოდომის იდეალის მქონე, არც მადონას იდეალს უარყოფს, გულში ეს იდეალი უღვივის, ჭეშმარიტად უღვივის, როგორც სიყრმის უმწიკვლო წლებში. ეშმაკმა უწყის, ეს რა არის! რაც გონებას სამარცხვინოდ მიაჩნია, გულს ჭეშმარიტ მშვენიერებად ესახება. მშვენიერება სოდომშია? დამიჯერე, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის სოდომშია. საშინელებაა, რომ მშვენიერება მხოლოდ შემზარავი კი არა, საიდუმლოებით მოცულიცაა. აქ სატანა და ღმერთი იბრძვიან, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.“
„კაცმა ზოგჯერ აღტაცების გამო შეიძლება თავი მოიკლას.“
– ნუთუ ყველას აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს, მის ირგვლივ მყოფთა შორის სიცოცხლის ღირსი ვინ არის და ვინ ნაკლებად ღირსია?
– ღირსია თუ არა, ამის მიხედვით გადაწყვეტა რა საჭიროა? ადამიანთა გულებში ეს საკითხი უმეტესად იმის მიხედვით კი არ წყდება, ვინ რისი ღირსია, არამედ სხვა, ბევრად უფრო ბუნებრივი მიზეზით. ხოლო თუ უფლებაზე მიდგება საქმე, სურვილის უფლება ვიღას არა აქვს?
„ჩემო კეთილნო, უწყოდეთ, რომ ყოველი ჩვენგანი უეჭველად დამნაშავეა ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის მაგიერ არამარტო ზოგადი მსოფლიო დანაშაულის გამო, არამედ თითოეული პირადად მთელი ხალხისა და ყოველი ადამიანის განვლილი გზისა. რამეთუ ბერები სხვანაირნი კი არა, ისეთივენი არიან, როგორც მართებს ამქვეყნად ყოველ ადამიანს. მხოლოდ მაშინ აღგევსება გული უსასრულო, ქვეყნიერების მომცველი, ზღვარდაუდებელი სიყვარულით. ყოველი თქვენგანი მხოლოდ მაშინ შეძლებს, მთელი სამყარო სიყვარულით მოიპოვოს და ცრემლით თავისით მსოფლიო ცოდვანი განრეცხოს…“
„სიბილწეს ყველა აგინებს, ყველანი კი მაინც სიბილწეს ეტანებიან.“
„კატერინა ივანოვნას არასოდეს ვყვარებივარ! მე რომ მიყვარს, ეს ყოველთვის იცოდა, თუმცა მასთან ჩემს სიყვარულზე ერთი სიტყვაც არ დამცდენია. იცოდა, მაგრამ არ ვუყვარდი! მისი მეგობარიც არასოდეს, ერთ დღესაც არ ვყოფილვარ; ზვიად ქალს ჩემი მეგობრობა არ ესაჭიროებოდა. ახლოს მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ გამუდმებით შური ეძია. შურს იძიებდა იმ შეურაცხყოფათა გამო, რასაც გამუდმებით, ყოველ წუთას დიმიტრისგან იტანდა მათი პირველი შეხვედრიდან დღემდე… იმიტომ რომ პირველი შეხვედრაც მის გულში შეურაცხყოფად ჩარჩა. აი, როგორი გული აქვს! მე ახლა მივდივარ, კატერინა ივანოვნა, მაგრამ იცოდეთ, რომ მართლა მხოლოდ იგი გიყვართ. თანაც, რაც უფრო მეტად შეურაცხგყოფთ, მით უფრო მეტად და მეტად გეყვარებათ. აი, ეს არის თქვენი თვითგვემა. იგი სწორედ ისეთი გიყვართ, როგორიც არის, გიყვართ თქვენი შეურაცხმყოფელი. თუ გამოსწორდება, უმალ მიატოვებთ და მისი სიყვარული საერთოდ გაგიქრებათ. იგი გჭირდებათ, რათა მისდამი თქვენს თავგანწირულ ერთგულებას განუწყვეტლივ ჭვრეტდეთ, ხოლო მას ორგულობას უსაყვედურებთ. ეს ყოველივე თქვენი ზვიადობის გამოა. ოჰ, აქ მრავალგზის დამცირება და დამდაბლებაა, მაგრამ ყოველივე ზვიადობის შედეგია… მე ძალზე ახალგაზრდა ვარ და ძალზე ძლიერად მიყვარდით. ვიცი, რომ ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, უბრალოდ განგშორებოდით და ეს თქვენც ნაკლებად შეურაცხგყოფდათ. მაგრამ მე ხომ შორს მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები. მე ხომ სამუდამოდ გშორდებით… არ მსურს, თვითგვემის დამსწრე ვიყო… მშვიდობით, კატერინა ივანოვნა, ჩემზე არ უნდა გაბრაზდეთ, იმიტომ რომ მე თქვენზე ასჯერ მეტად ვარ დასჯილი: დასჯილი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ვეღარასოდეს გიხილავთ. მშვიდობით. ხელს ნუ გამომიწვდით. თქვენ ძალზე შეგნებულად მტანჯავდით და ახლა არ ძალმიძს, რომ შეგინდოთ. მერე შეგინდობთ, ახლა კი ხელს ნუ გამომიწვდით.
Den Dank, Dame, begehr ich nicht, – ჯილდო არ მჭირდება, ქალბატონო.“
„დამცირებულ კაცს ძალიან უმძიმს, ყველანი კეთილიმსყოფლებივით რომ დაუწყებენ ცქერას.“
„ადამიანებზე ერთთავად როგორც ბავშვებზე, ისე უნდა ვმზრუნველობდეთ, ხოლო ზოგს როგორც საავადმყოფოში ავადმყოფებს, ისე უნდა ვუვლიდეთ.“
„თუნდაც ცხოვრების რწმენა დავკარგო, საყვარელმა ქალმა იმედი გამიცრუოს, ქვეყნიერებაზე წესრიგი თუა, აღარ მჯეროდეს, პირიქით, თუნდაც დავრწმუნდე, რომ ყველაფერი მოუწესრიგებელია, დაწყევლილია და ყველგან ეშმაკური ქაოსი სუფევს, ამქვეყნად ყოველივეზე გული რომ გამიტყდეს, სიცოცხლის წყურვილი მაინც არ გამინელდება და რაკიღა ამ თასს დავეწაფე, აღარც მოვცილდები, ვიდრე მთლად არ დავცლი!“
„სიცოცხლე მწყურია და ვცოცხლობ თუნდაც ლოგიკის საპირისპიროდ. ამქვეყნიური წესრიგი, ვთქვათ, არ მწამს, მაგრამ მიყვარს გაზაფხულზე გაფურჩქნული კვირტები. ლურჯი ცა, მიყვარს ზოგი ადამიანი, რომელიც, თუ დამიჯერებ, ზოგჯერ არც კი ვიცი, რატომ მიყვარს, მაგრამ გულით მაინც ძველებურად ვეთაყვანები.“
„უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე უნდა შეიყვარო.“
„ის კი არ არის უცნაური, ის კი არ არის საოცარი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, საოცარი ის არის, რომ ეს აზრი – აზრი ღმერთის აუცილებლობაზე – გონებაში შეეჭრა ისეთ ველურს და ანჩხლ ცხოველს, როგორიც ადამიანია, იმდენად წმინდა, იმნდენად მიმზიდველი, იმდენად ბრძნულია ეს აზრი და ისეთ ღირსებას ანიჭებს ადამიანს. ხოლო მე, დიდი ხანია, გადავწყვიტე, არ ვიფიქრო ამაზე: ადამიანმა შექმნა ღმერთი, თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი?“
„არსებობს თუ არ არსებობს ღმერთი? ეს საკითხი სრულიად უჩვეულოა მხოლოდ სამი განზომილების გაგების უნარით შექმნილი გონებისათვის. მაშასადამე, ღმერთს ვაღიარებ, თანაც ხალისით, უფრო მეტიც, ვაღიარებ მის სიბრძნეს, მის მიზანსაც, ჩვენთვის სრულიად შეუცნობელს, მწამს წესრიგიანობა და აზრი ცხოვრებისა, მწამს მარადიულო ჰარმონია, რისკენაც თითქოს ყველა მივემართებით, მწამს სიტყვა, რომლისკენაც სამყარო მიისწრაფვის და რომელიც თვით იყო ღმერთთან და რომელიც თვით არის ღმერთი. მგონი, სწორ გზას ვადგავარ, არა? მაგრამ, წარმოიდგინე, საბოლოო ჯამში ღმერთის საუფლო ქვეყნიერებას არ ვაღიარებ და არ შემიძლია, რომ ვცნო. ამასაც დავუმატებ: ყრმასავით მწამს, რომ ტანჯვა დასრულდება და წყლულებები მოშუშდება, ადამიანთა წინააღმდეგობის მთელი სამარცხვინო კომიზმი უსუსური მირაჟივით, უძლური და კნინი გონების მონაჩმახივით, ადამიანის ევკლიდური გონების ატომივით გაქრება და ბოლოს, სამყაროს ფინალში, მარადიული ჰარმონიის ჟამს, ქვეყნიერებას მოევლინება რაღაც ისეთი ძვირფასი, რაც ყველას გულს აღავსებს, ყოველნაირ გულისწყრომას დააცხრობს, რაც იკმარებს კაცთა მთელი ბოროტების, მათგან დაღვრილი მთელი სისხლის გამოსასყიდად, იკმარებს არა მარტო შესანდობად, არამედ გასამართლებლადაც იმისა, რაც ადამიანებს ჩაუდენიათ, – დაე, ეს მოხდეს, დაე, ეს მოგვევლინოს, მაგრამ მე ამას არ ვაღიარებ და არც მინდა, ვაღიარო! პარალელური ხაზები თუნდაც შეერთდეს და ეს თავად დავინახო: დავინახო და ვთქვა, რომ შეერთდა, მაინც არ ვაღიარებ. აი, ალიოშა, ჩემი მრწამსი, აი, ჩემი თეზისი.“
„ყოველ ადამიანში, რა თქმა უნდა, მხეცი იმალება, მრისხანე მხეცი, განაწამები მსხვერპლის ყვირილით ტკბობის ავხორცული ჟინით ანთებული მხეცი, ჯაჭვებაწყვეტილი, დაუოკებელი მხეცი, გარყვნილების ჟამს რომ შეჰყრია მრავალი სენი, ნიკრისი, თირკმლების დაავადება და სხვა. ამ ხუთი წლის საბრალო გოგონას განათლებული მშობლები რანაირად არ აწამებდნენ. სცემდნენ, წკეპლავდნენ, წიხლს ურტყამდნენ, თავადაც არ იცოდნენ, რას ერჩოდნენ, მთელი სხეული დაულურჯეს. ბოლოს უკიდურეს დახვეწილობას მიაღწიეს: სიცივეში, ყინვაში, მთელ ღამეს ფეხისადგილში ამწყვდევდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით გადაყენებას არ ითხოვდა (ანგელოზური ღრმა ძილით მძინარე ხუთი წლის ბავშვს თითქოს ისიც შეუძლია, რომ გადაყენება ითხოვოს), – ამის გამო მთელ სახეს განავლით უთხუპნიდნენ, აიძულებდნენ, ეს განავალი ეჭამა, და მას დედა სჩადიოდა, დედა! თანაც ამ დედას შეეძლო სძინებოდა, როცა ღამით უწმინდურ ადგილას ჩამწყვდეული ბავშვის კვნესა გაისმოდა! გესმის, თუ არა, პატარა არსება, რომელსაც ჯერ ისიც ვერ გაუგია, რას ერჩიან, უწმინდურ ადგილას, სიბნელესა და სიცივეში ერთი ბეწვა მუშტს აქვითინებულ მკერდში იბაგუნებს და სისხლნარევი, უწყინარი, თვინიერი ცრემლებით ღმერთს შესტირის, დამიცავიო, – გესმის, ეს რა უაზრობაა, ჩემო მეგობარო და ჩემი ძმაო, ჩემო ღვთის მორჩილო და თვინიერო, გესმის, ეს უაზრობა რა საჭიროა და რატომაა შექმნილი! ამბობენ, ამის გარეშე ადამიანი ამქვეყნად ვერც იარსებებდა, რამეთუ სიკეთესა და ბოროტებას ვერ შეიცნობდაო. რა საჭიროა ამ ეშმაკეული სიკეთისა და ბოროტების შეცნობა, თუკი ასეთ ფასად დაჯდება? მთელი სამყაროს შეცნობაც ხომ არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს და ღმერთს ევედრებოდეს.“
„ზოგჯერ ადამიანის „მხეცურ“ სისასტიკეზე ლაპარაკობენ, რაც მხეცების მიმართ ძალზე არასამართლიანი და დამამცირებელია: მხეცი ვერასოდეს იქნება ისეთი სასტიკი, როგორიც ადამიანია.“
„გაივლის საუკუნეები და კაცობრიობა თავისი სიბრძნისა და მეცნიერების პირით იტყვის, რომ დანაშაულობანი არ არსებობს და, მაშასადამე, არც ცოდვა არსებობს, არიან მხოლოდ მშიერნი. „დააპურე და სათნოება მერე მოსთხოვე!“ – აი, რას დააწერენ იმ დროშაზე, რომელსაც შენს წინააღმდეგ აღმართავენ და რომლითაც შენი ტაძარი დაემხობა.“
„ადამიანთა თავისუფლებას მხოლოდ ის დაეუფლება, ვინც მის სინდისს დაამშვიდებს.“
„გათავისუფლებული ადამიანისთვის იმაზე უფრო გამუდმებული და მტანჯველი საზრუნავი არა არის რა, როგორც კი თავისუფალი შეიქნება, სასწრაფოდ მოძებნოს ის, ვისაც თაყვანი უნდა სცეს.“
„ამქვეყნად სამი ძალა, მხოლოდ სამი ძალა არსებობს, რის მეშვეობითაც შესაძლოა ამ ძალნაკლულ მეამბოხეთა სინდისის საუკუნოდ ძლევა და მოხიბვლა მათივე ბედნიერებისთვის. – ეს სამი ძალაა: სასწაული, საიდუმლოება და ავტორიტეტი.“
„ადამიანი სასწაულს ოდნავ უარყოფს თუ არა, უმალ ღმერთსაც უარყოფს, რამეთუ ადამიანი ღმერთს ისე არ ეძიებს, როგორც სასწაულს.“
„ჭკვიან კაცთან საუბარი საინტერესოა.“
„სიცოცხლე სამოთხეა, ჩვენ კი არ გვინდა, რომ ეს გავიგოთ, ამის გაგებას თუ ვინდომებთ, მთელი ქვეყნიერება სამოთხედ გადაიქცევა.“
„მზის ამოსვლას ყოველდღიურად შევხარი, ჩემი გული ყოველდღიურად უმღერის, მაგრამ უკვე უფრო მეტად მზის ჩასვლა, მისი გრძელი, ალმაცერი სხივები მიყვარს, მასთან ერთად წყნარი, თვინიერი, გულის ამაჩუყებელი მოგონებანი, საყვარელი სახებანი, რაც ხანგრძლივი და კურთხეული სიცოცხლის მანძილზე გულში ჩამრჩენია – ხოლო ყველაფერს გულის მომლბობი, შემრიგებელი, ყოვლის შემნდობი ღვთიური სიმართლდე ასხივოსნებს.“
„უბირი კაცის გულში ჩაგდებული თესლი არ მოკვდება, მარად იცოცხლებს, წყვდიადსა და ცოდვათა წიაღში ნათელი წერტილივით იკიაფებს, როგორც დიადი შეგონება.“
„ვისაც ღმერთი არ სწამს, ღვთის ხალხისაც არაფერს ირწმუნებს. ვინც ღვთის ხალხისას ირწმუნებს, იმასაც განჭვრეტს, რაც ხალხისთვის წმინდათაწმიდაა, თუნდაც მისი რწმენა მანამდე სრულებით არ ჰქონდეს. მხოლოდ ხალხი და მისი მომავალი სულიერი ძალა მოაქცევს მშობლიური მიწიდან მოწყვეტილ ჩვენს ათეისტებს. რა არის ქრისტეს სიტყვა მაგალითის გარეშე? ხალხი ღვთის სიტყვის გარეშე დაიღუპება, რამეთუ მის სულს სიტყვა და ყოველგვარი მშვენიერების აღქმა სჭირდება.“
„ყოველივე ღვთიური რა კარგი, რა დიდებულია!“
„ადამიანის გარდა ყოველივე სრულყოფილია, უცოდველია და ჩვენზე უწინარეს მათთანაა ქრისტე, რამეთუ სიტყვა ყველასთვისაა, ყოველი ქმნილება და ყოველი არსი, ყოველი ფოთოლი სიტყვისკენ მიისწრაფის, ღმერთს სადიდებელს უგალობს, ქრისტეს გამო ტირის, თავისდა უცნობელად იდუმალ, უცოდველ არსებობას აღასრულებს.“
„შეუმზადებელი ერისკაცი სირცხვილისკენ ისეა მიდრეკილი, ზოგჯერ თავისი უსამართლიანესი საქციელისაც რცხვენია.“
„მამანო და მოძღვარნო, რა არის ბერი? განათლებულ სამყაროში ზოგნი ამ სიტყვას ჩვენს დროში დაცინვით წარმოთქვამენ, ზოგნი კი სალანძღავად. რაც ხანი გადის, ეს უფრო მატულობს. მართალია, ოჰ, რა მართალია! ბერთა შორის მრავლად არიან მუქთახორები, ფუფუნების მოყვარენი, გემოთმოყვარულნი და თავხედი მაწანწალები. ამას მიგვითითებენ განათლებული ერისკაცნი: „თქვენ უქნარები და საზოგადოების უსარგებლო წევრები, სხვისი ნაოფლარით მცხოვრებნი, უსინდისო მათხოვრები ხართო“. ამ დროს ბერთა შორის რამდენნი არიან თავმდაბალნი და თვინიერნი, განმარტოებისა და მყუდროებაში მგზნებარე ლოცვის მსურველნი. განმარტოებით მყოფთ უძველეს მამათა, მოციქულთა და წამებულთაგან ღვთიური სიმართლის სიწმინდით გადმოცემული ქრისტეს სახება დიდმშვენიერად და შეურყევლად აქვთ გულში ჩამარხული და როცა საჭირო იქნება, წარმოუჩენენ სიმართლეშერყეულ ქვეყნიერებას. დიადია აზრი ესე. ვარსკვლავი ესე აღმოსავლეთით აღმობრწყინდება. ამას ვფიქრობ ბერზე და ნუთუ ეს მცდარია, ნუთუ ქედმაღლურია? შეხედეთ ერისკაცებს და ღვთის ხალხზე ყოველგნით განდიდებულთა სამყაროს, ღვთის სახება და მისი სიმართლე იქნებ იქ დამახინჯდა? მათ მეცნიერება აქვთ, ხოლო მეცნიერებას მხოლოდ ის გააჩნია, რაც გრძნობებს ექვემდებარება. ხოლო სულიერი სამყარო, ადამიანში არსებობის უმაღლესი ნახევარი საერთოდ უარყოფილია, ერთგვარი ზარ-ზეიმით, სიძულვილითაც კი, განდევნილია. ქვეყნიერებამ თავისუფლება გამოაცხადა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. მერედა რას ვხედავთ ამ თავისუფლებაში: მხოლოდ მონობას და თვითმკვლელობას! რამეთუ ქვეყნიერება ამბობს: „რადგან მოთხოვნილება გაგაჩნია, მაშ დაიკმაყოფილე, რამეთუ ისეთი უფლებები გაქვს, როგორც წარჩინებულებს და მდიდრებს. დაკმაყოფილებას ნუ მოერიდები, პირიქით, მეტი ინდომე“ – აი მსოფლიოს ამჟამინდელი მოძღვრება. ამას უწოდებენ თავისუფლებას. რას იძლევა ეს უფლება მოთხოვნილებათა მატებისა? მდიდართათვის განცალკევებასა და თვითმკვლელობას, ღატაკთათვის შურსა და მკვლელობას, რამეთუ უფლებები კი მისცეს, მაგრამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებანი არ მიუთითეს. როცა თავისუფლება მოთხოვნილებათა მატება და დაკმაყოფილება ჰგონიათ, თავიანთ ბუნებას ამახინჯებენ, რამეთუ გულში აღიძრავენ მრავალ უაზრო და უგუნურ სურვილს, ჩვევას და სულელურ გამონაგონს. მხოლოდ ერთმანეთის შურისთვის, ფუფუნებისა და ამპარტავნობისთვის არსებობენ. წვეულებათა გამართვა, ცხენები, ეტლები, ჩინები, მონა-მსახურები უკვე ისეთ აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ ამას თუნდაც სიცოცხლეს, ღირსებას, კაცთმოყვარეობას ანაცვალებენ, რათა ეს აუცილებლობა დაიკმაყოფილონ და თავსაც კი იკლავენ, თუ დაკმაყოფილება ვერ შეძლეს. ვინც მდიდრები არ არიან, ასეთივე რამ ემართებათ, ხოლო ღატაკები მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობასა და შურს ჯერხანად ლოთობით იხშობენ. მაგრამ მალე ღვინით კი არა, სისხლით დათვრებიან, მათ აქეთკენ უბიძგებენ. გეკითხებით: ასეთი ადამიანი განა თავისუფალია?“
„ამქვეყნად სულ უფრო და უფრო ქრება აზრი კაცობრიობის სამსახურისა, ძმობისა და ადამიანთა ერთიანობისა.“
„თუ ფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, დანაშაული როგორღა იარსებებს?“
„ადამიანთა ცოდვები ნუ შეგაშინებთ, ადამიანი მისი ცოდვებიანად გიყვარდეთ, რამეთუ ეს უკვე ღვთიური სიყვარულის მსგავსია და მიწიერი სიყვარულის მწვერვალია. გიყვარდეთ ყოველივე, რაც ღვთის შექმნილია, ერთიანადაც და ყოველი ქვიშის მარცვალიც. ყოველი ფოთოლი, ყოველი ღვთიური სხივი გიყვარდეთ. გიყვარდეთ ცხოველები, გიყვარდეთ მცენარენი, გიყვარდეთ ყოველი საგანი. თუ ყველა საგანი გეყვარება, საგნებში არსებულ ღვთიურ საიდუმლოს ჩასწვდებით. ერთხელ თუ ჩასწვდები, მერე განუწყვეტლივ იწყებ მის შეცნობას სულ უფრო მეტად და მეტად, ყოველდღიურად. და ბოლოს მთელ ქვეყნიერებას უკვე მთლიანად შეიყვარებ ყოვლისმომცველი სიყვარულით. ცხოველები შეიყვარეთ: მათ ღმერთმა აზრის საწყისი და უშფოთველი სიხარული მიანიჭა. ნუ შეაშფოთებთ, ნუ გააწვალებთ, სიხარულს ნუ წაართმევთ, ღვთიურ აზრს ნუ აუმხედრებთ. ადამიანო, ცხოველს ზვიადად ნუ მოეპყრობი: ისინი უცოდველნი არიან, ხოლო შენ შენი სიდიადით დედამიწას აბინძურებ ამქვეყნად შენი არსებობისას და ამქვეყნად წასვლის მერე ბინძურ კვალს ტოვებ. ვაი, რომ ასეთია თითქმის ყოველი ჩვენთაგანი! განსაკუთრებით ბავშვები გიყვარდეთ, რამეთუ ისინიც უცოდველნი არიან, როგორც ანგელოზები, და ჩვენი გრძნობების აღმძვრელებად, ჩვენი გულის განსაწმენდად და გზის მიმთითებლად არსებობენ. ვაი მას, ვინც ბავშვს შეურაცხყოფს.“
„ბრიყვები იმიტომ არსებობენ, რომ ჭკვიანები ასარგებლონ.“
„ყოველივე, რაც ჭეშმარიტი და მშვენიერია, მუდამ ყოვლისმიმტევლობით აღვსილია.“
„იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რანაირ შერცხვენასა და ზნეობრივ დაცემას ეგუება ეჭვიანი ისე, რომ სინდისის ქენჯნას ოდნავადაც არ განიცდის.“
„ვერც კი წარმოიდგენთ, რას შეეგუება და შეურიგდება, რას მიუტევებს ზოგი ეჭვიანი! ეჭვიანები ყველაზე უწინარეს მიუტევებენ და ეს ყველა ქალმა იცის. ეჭვიანს ძალზე მალე (რა თქმა უნდა, თავდაპირველად საშინელი სცენების გამართვის შემდეგ) შეუძლია, მიუტევოს, მაგალითად, უკვე თითქმის დამტკიცებული ღალატი, თავისივე თვალით ნანახი ხვევნა-კოცნა, თუკი ამავე დროს დაიჯერებს, რომ ეს „უკანასკნელად“ მოხდა.“
– ნუთუ ღმერთი არა გწამთ?
– პირიქით, ღმერთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთი მხოლოდ ჰიპოთეზაა… მაგრამ…. ვაღიარებ, რომ იგი საჭიროა, წესრიგისათვის…
„ქრისტიანული სარწმუნეობა მდიდრებმა და დიდგვაროვნებმა დაბალი კლასის დასამონებლად გამოიყენეს.“
„ვაღიარებ, რომ ქალი ქვემდგომი არსებაა და უნდა გემორჩილებოდეს.“
„არის წუთები, როცა ადამიანები დანაშულს ესწრაფვიან.“
„მრავალნი პატიოსნები არიან იმის გამო, რომ ბრიყვები არიან.“
„ზოგიერთი გიჯობს მტრად გყავდეს, ვიდრე მეგობრად.“
„წარმოგიდგენიათ, მათ ჰგონიათ, რომ რწმენისთვის სასარგებლონი არიან, რადგან ეშმაკები საიქიოდან რქებს უჩვენებენ. „ეს უკვე იმის, ასე ვთქვათ, მატერიალური საბუთია, საიქიო რომ არსებობსო.“ საიქიო და მატერიალური საბუთი, რა ხალხია! ამასთანავე, ეშმაკი თუნდაც დასაბუთებული იყოს, განა გვეცოდინება, რომ ღმერთიც დასაბუთებულია?“
„ძილში, განსაკუთრებით კოშმარში, ადამიანს ზოგჯერ ისეთი მხატვრული რამ ესიზმრება, ისეთი რთული და რეალური სინამდვილე, ისეთი მოვლენები ანდა მოვლენათა მთელი სამყაროც კი, ისეთ ინტრიგებზე აგებული, ისეთი მოულოდნელი წვრილმანები, თქვენებური უმაღლესი გამოვლენებიდან დაწყებული, გულისპირის უმცირესი ღილით დამთავრებული, ლევ ტოლსტოიც რომ ვერ შეთხზავდა. ზოგი ხომ სიზმარში ბედსაც კი ეწვევა ხოლმე.“
„ამქვეყნად ყვეაფერი კეთილგონივრულად რომ იყოს, მაშინ არაფერი მოხდებოდა.“
„ტანჯვა არის ცხოვრება. სატანჯველის გარეშე ცხოვრებაში რა სიამოვნება იქნებოდა – ყველაფერი უსასრულო პარაკლისად გადაიქცეოდა, რაც წმინდაა, მაგრამ მოსაწყენია.“
– ნუთუ ღმერთი არც შენ გწამს?
– რანაირად გითხრა, მაგრამ თუ სერიოზულად მეკითხები…
– ღმერთი არის თუ არ არის? – დაჟინებით შეჰყვირა ივანმა.
– მაშ სერიოზულად მეკითხები? ჩემო კარგო, ღმერთმანი არ ვიცი, სიმართლეს გეუბნები.
– არ იცი, ღმერთს კი ხედავ? არა, შენ თავად შენ არა ხარ, შენ ხარ მე, მხოლოდ მე და მეტი არაფერი! სისაძაგლე ხარ, ჩემი ფანტაზია!
– უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მე და შენ ერთი და იგივე ფილოსოფიის მქონენი ვართ. „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, – ეს ნამდვილად ვიცი, ხოლო ყოველივე დანარჩენი ,რაც ჩემს ირგვლივაა, მთელი სამყაროები, ღმერთი და თვით სატანაც კი – ჩემთვის დამტკიცებული არ არის, თავისთავად არსებობს თუ მხოლოდ ჩემი ემანაციაა, ჩემი ნაადრევად არსებული და ერთპიროვნული მეს თანამიმდევრული განვითარება…
„რწმენასა და ურწმუნოებას შორის მონაცვლეობით გატარებ, რადგან ჩემი მიზანი მაქვს.“
– როდისმე თუ გიცდუნებიათ ისეთნი, კალიებით რომ საზრდოობენ და უკაცრიელ უდაბნოსი ჩვიდმეტ წელიწადს ლოცულობენ, ვხავსი რომ მოსდებიათ?
– ჩემო კარგო, მხოლოდ ამას ვაკეთებდი. მთელ ქვეყნიერებას, მთელ ქვეყნიერებებს დაივიწყებ, ასეთ ვინმეს კი აღარ დაეხსნები, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი ბრილიანტია. ერთი ასეთი სული ხან მთელი თანავარსკვლავედის ტოლფასია – ჩვენ ხომ სხვა არითმეტიკა გვაქვს. ასეთი გამარჯვება ხომ ძვირფასია! ხოლო ზოგი მათგანი ხომ, ღმერთმანი, განვითარებით შენ არ ჩამოგივარდება, თუცმა ამას არ დაიჯერებ: ერთსა და იმავე ჟამს რწმენისა და ურწმუნოების ისეთ უფსკრულებს ჭვრეტენ, ზოგჯერ მართლა მოგეჩვენება, ერთი მისხალიც და კაცი „თავდაყირა“ გადაეშვებაო.
„ო, მე მიყვარს ჩემი ფიცხი, ახალგაზრდა სიცოცხლის წყურვილით ათრთოლებული მეგობრების ოცნებები! იმათ ჰგონიათ, რომ ყველაფერს დაანგრევენ და ანთროპოფაგიით დაიწყებენ. სულელები, მე არ დამეკითხნენ! მე მგონი, არაფრის დანგრევა არ არის საჭირო, ადამიანს მხოლოდ ღმერთის იდეა უნდა მოუსპო, აი, საქმეს რით უნდა შეუდგე! ამით, დიახ, ამით უნდა დაიწყო – ბრმები არიან, არაფერი გაეგებათ! როცა კაცობრიობა ღმერთს უკლებლივ განუდგება, მაშინ თავისთავად, ანთროპოფაგიის გარეშე, მთელი ადრინდელი მსოფლმხედველობა და, რაც მთავარია, მთელი ადრინდელი ზნეობა დაემხობა, შემდეგ კი ყოველივე ახალი დაიწყება. ადამიანები გაერთიანდებიან, რათა ცხოვრებისგან მიიღონ ყველაფერი, რის მოცემაც კი ცხოვრებას შეუძლია, მაგრამ უსათუოდ მარტო ამქვეყნად ბედნიერებისა და სიხარულისთვის. ადამიანს ღვთაებრივი, ტიტანურად ამაყი სული განადიდებს და ღმერთკაცად აქცევს. ნებისყოფისა და მეცნიერების შემწეობით ბუნებას იგი ყოველ წუთას უკვე შეუზღუდველად დაამარცხებს, რაც ყოველ წუთას ისეთ სიამოვნებას მიანიჭებს, რომ ეს ადრინდელ ზეციურ სიამეთა სასოების მაგივრობას გაუწევს. ყველა შეიმეცნებს, რომ სრულად მოკვდავია, აღარასოდეს აღდგება და სიკვდილს ღმერთივით მშვიდად, ამაყად შეეგებება. სიამაყე მიახვედრებს, რომ არ უნდა დრტვინავდეს იმის გამო, რომ სიცოცხლე წარმავალია და ძმასსა თვისსა უკვე ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეიყვარებს. სიყვარული დააკმაყოფილებს მარტოოდენ წამიერი სიცოცხლისას, მაგრამ თვით იმის შეგრძნება, რომ სიცოცხლე წამიერია, სიყვარულის ცეცხლს იმდენად გააძლიერებს, რამდენადაც ადრე იმქვეყნიურ და უსასრულო სიყვარულის სასოებას ბადებდა. და ასე შემდეგ, ასე შემდეგ ამგვარადვე. დიდებულია!“
„ბნედით ძალზე გატანჯული სნეულნი ერთთავად განუწყვეტელი და, რა თქმა უნდა, ავადმყოფური თვითდადანაშაულებისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი იტანჯებიან რაღაცაში და ვიღაცასთან თავიანთი „დანაშულობის“ გამო, სინდისის ქენჯნა აწამებთ, ხშირად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშეც კი, აზვიადებენ, ხანაც თავიანთ თავს თავადვე უგონებენ სხვადასხვა დანაშაულსა და ბოროტმოქმედებას. ასეთი სუბიექტი შიშისა და დაშინების შედეგად მართლა დამნაშავე ხდება.“
„შებღალული ბუნება და დამნაშავე გული, ყოველგვარ მიწიერ მართლმსაჯულებაზე უფრო სრულად არის თავისივე განმსჯელი!“
„ეს გახლავთ ჟამი ცხოველური შიშის ჭვრეტისა, როცა დამნაშვე უკვე ხედავს, რომ ყველაფერი უკვე დაკარგულია, მაგრამ მაინც იბრძვის, თქვენთან ბრძოლას მაინც აპირებს. ეს ის ჟამია, როცა თვითგადარჩენის ყველა ინსტიქტი მის არსებაში ერთბაშად აღსდგება და იგი თავის გადასარჩენად მოგაპყრობთ შეკითხვის გამომხატველ, ტანჯულ, გამჭოლ მზერას, თქვენს შესწავლას, თქვენი სახის შესწავლას, თქვენს აზრებში ჩაწვდომას ცდილობს, ელის, რომელი მხრიდან დაარტყამთ და მშფოთვარე გონებაში ათასნაირ გეგმას მყისიერად ქმნის, მაგრამ სიტყვა მაინც ვერ დაუძრავს, შიშობს, რაიმე არ წამომცდესო! ეს დამამცირებელი მომენტები ადამიანის სულსა, გზანი სულის წამებისანი, ეს ცხოველური წყურვილი თავის გადარჩენისა ისეთი შემზარავია, ზოგჯერ თვით გამომძიებელსაც კი შესძრავს და დამნაშავის მიმართ თანაგრძნობას ჩაუნერგავს!“
„ფული ყველანაირ ვითარებაში აუცილებელია! ფულიანი კაცი ყველგან კაცია.“
„რომანისტიც კი შეიძლება, კუთხეში მიიმწყვდიო და გააცამტვერო წვრილმანებით, იმ წვრილმანებით, რითაც მუდამ ასე მდიდარია სინამდვილე და რაც ამ საცოდავ, უნებურ მთხზველებს არაფრად მიაჩნიათ და თავში არც მოუვათ, როგორც თითქოს სრულიად უმნიშვნელო და უსარგებლო რაღაცა. ო, იმათ იმ წუთას ამისთვის არ სცალიათ, მათი გონება გრანდიოზულ მთლიანს ქმნის – ამ დროს კი ისეთ წვრილმანებს აჩეჩებენ! მაგრამ სწორედ ამით გააბამენ ხოლმე!“
„ფსიქოლოგია თუმცა უღრმესი რამ გახლავთ, მაგრამ მაინც ჯოხსა ჰგავს, რომელსაც ორი ბოლო აქვს.“
„შურიანსა და თავმოყვარე კაცს ბევრ ფულს ერთბაშად ნუ აჩვენებთ.“
„რაც უფრო ძლიერია უფლება, მით უფრო შემზარავია მისი გამოყენება!“
„არაფრისგან სიყვარულის შექმნა შეუძლებელია, არაფრისგან მხოლოდ ღმერთი ქმნის.“
„წუთისოფლად ჩვენი ყოფნა ხანმოკლეა, მრავალ ავ საქმეს ვჩადივართ და ურიგო სიტყვებს წარმოვთქვამთ. ამიტომ ყველანი შევეცადოთ, ერთად ყოფნისას ხელთ ვიგდოთ ხელსაყრელი წუთი, რათა ერთმანეთს კარგი სიტყვაც ვუთხრათ.“
„ქრისტეს ცნება ჯერ თავად უნდა აღვასრულოთ და თავს ნება მხოლოდ ამის მერე მივცეთ, რომ ჩვენს შვილებს მოვთხოვოთ.“
„მამა ჯერ კიდევ არ არის ის, ვინც შვა, მამა ის არის, ვინც შვა და დაიმსახურა.“
„ნამდვილ ცხოვრებაში, რომელსაც არამარტო საკუთარი უფლებები გააჩნია, არამედ უდიდეს მოვალეობებსაც აწესებს, თუ გვინდა, რომ ჰუმანურები, ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანები ვიყოთ, მოვალენი ვართ, იმ მრწამსს მივყვეთ, რაც გონებითა და გამოცდილებით შემოწმებულია, ანალიზის ქურაში გამოტარებულია, ერთი სიტყვით, უდნა ვიმოქმედოთ გონივრულად და არა უგუნურად, როგორც სიზმარში და ბოდვისას, რათა ადამიანს არ ვავნოთ, რათა იგი არ გავტანჯოთ და არ დავღუპოთ. აი, ეს იქნება ნამდვილი ქრისტიანული საქმე, არა მხოლოდ მისტიკური, არამედ გონივრული და ჭეშმარიტად კაცთმოყვარული საქმე…“
„არაინ ისეთი ადამიანები, ვინც შეზღუდულობის გამო მთელ ქვეყნიერებას ადანაშაულებენ.“
„ადამიანი კეთილსა და კარგ გრძნობებს ხშირად დასცინის, მხოლოდ ქარაფშუტობის გამო.“