ლიტერატურაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ჩემო მენავე

ჩემო მენავე, შენი ფიქრი
და შენი ზრუნვა
გაუზიარე შენს მეგობარს:
მშფოთვარე ზღვასა.
ნუ შეგაშინებს მისთა ტალღათ
მრისხანე ბრუნვა,
გულს ჩაუკვირდი და მიზეზებს
სხვასა და სხვასა.
ნუ გამაგონებ ნურასოდეს
ჰანგებს მწუხარეს,
ნუ ითვალთმაქცებ ცხოვრების წინ,
ნუ დაეცემი;
დიდი ხანია გზა ბრძოლისკენ
გადაუხარეს,
შენ მათ ფიქრიდან ისევ ღელვას
გადაეცემი.
ვარსკვლავთ ციმციმი
და ზღვის სუნთქვა დღეს არ დაგატკბობს,
არ გაგიტაცებს
მყუდროება დაკარგულ ცისა,
შენი სიმღერა
სხვანაირად გულებს გაათბობს,
როგორც სიმღერა
განწირულის და მებრძოლისა.
თქვენაც, ტალღებო,
ეს ოცნება თქვენი ნერგია,
საჭირო არის
თუ არ არის სინათლეთ ღვარი,
მეტი სისწრაფე,
მოძრაობა და ენერგია,
თავი და თავი
დღევანდელ დღის აი, რა არი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button