Hi-Techკოსმოსიმეცნიერება

იდუმალი „ტვინის რეგიონი“ მარსის ზედაპირზე

კოსმოსური სააგენტო NASA ხშირად უზიარებს საზოგადოებას მარსზე გადაღებულ ფოტოებს, მცირე ხნის წინ კი გამოქვეყნდა არა უბრალოდ წითელი და მტვრიანი ზედაპირის ფოტო, არამედ უჩვეულო ტერიტორიის – „ტვინის სფეროს“ ამსახველი გამოსახულება. მან ამგვარი დასახელება ტექსტურისა და შეფერილობის გამო მიიღო, რომელიც მოგვაგონებს ადამიანის ტვინის ხვეულებს. მკვლევარებმა არ იციან, რა გახდა ამგვარი ზედაპირის ფორმირების მიზეზი, თუმცა მათ აქვთ ვარაუდები, რომლებიც უკავშირდება მარსზე წყლის არსებობის ვარაუდს.

უცნაური ტექსტურა განვითარებულია „Protonilus Mensae“-ს (რეგიონის სახელწოდება) ტერიტორიაზე, რომლის ზედაპირის ქვეშაც შესაძლოა გაყინული წყალი არსებობდეს. მკვლევარების აზრით სწორედ იგია ზედაპირის უსწორმაწორობის განვითარების მიზეზი. სავარაუდოდ, ზედაპირის ჩაღრმავებები (ე.წ. დეპრესიები) წარმოიქმნება პროცესისას, როდესაც მყარი ყინული ორთქლად იქცევა. მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ამგავრი ზედაპირის პოვნა წითელი პლანეტის სხვა რეგიონებშიც შესაძლებელია.

ფოტო გადაიღო პლანეტათშორისმა სადგურმა – Mars Reconnaissance Orbiter (MRO), რომელმაც ფუნქციონირება 2006 წელს დაიწყო. კამერად გამოყენებული იყო სისტემა HiRISE, რომელმაც ბოლო ათწლეულის მანძილზე 52 ათასზე მეტი მაღალხარისხიანი ფოტო გადაუღო წითელ პლანეტას.

არსებობს მოსაზრება, რომ ტექსტურის ფორმირების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, თუმცა მკვლევარებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს რაიმე ცვლილების დაფიქსირება. შესაძლოა ახლო მომავალში კამერებმა შეძლონ რაიმე საინტერესო ცვლილების დაფიქსირება და NASA კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს უცნაური „ტვინის რეგიონის“ საიდუმლოს ამოხსნას.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close