ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიინტერნეტი / სოც მედია

Facebook-ი თავის კრიპტოსაფულე Calibra-ს 2020 წელს აამოქმედებს

Facebook-მა ოფიციალურად განაცხადა თავისი კრიპტოსავალუტო გეგმების შესახებ. საუბარი შეეხო კრიპტოსაფულე Calibra-ს, რომელიც აგებული იქნება კრიპტოვალუტა Libra-ს საფუძველზე. Calibra – Facebook-ის შვილობილი კომპანია გვევლინება ფინანსური მომსახურების სერვისებით, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ წვდომა და იმოქმედონ Libra-ს ქსელში. უნდა აღინიშნოს, რომ ახალ კრიპტოვალუტას მხარდაჭერა აქვს ისეთი „მძიმეწონიანი“ კომპანიებისაგან, როგორებიცაა MasterCard, Visa, PayPal, eBay, Uber, Lyft და Spotify სხვა დანარჩენთან ერთად. Facebook-მა განაცხადა, რომ Calibra-ს ამოქმედებას 2020 წლისთვის გეგმავს, თანაც სერვისი ხელმისაწვდომი იქნება Messenger-ში, WhatsApp-სა და კერძო, საკუთარ აპლიკაციაში.

Facebook-ის განცხადებით, კომპანია იმედოვნებს, რომ Calibra მოაგვარებს იმ სახის პრობლემებს, რომლებსაც დღესდღეობით აწყდება უამრავი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით: სერვისის მეშვეობით მომხმარებლები წვდომას მიიღებენ საბაზისო ფინანსურ მომსახურებებთან. „მსოფლიოს სრულწლოვანი მოსახლეობის თითქმის ნახევარს არ აქვს აქტიური საბანკო ანგარიში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დიდია განვითარებად ქვეყნებსა და კიდევ უფრო დიდი – მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის“ – აღნიშნა უმსხვილესი სოციალური ქსელის წარმომადგენელმა. – „განუვითარებლობის წილი მაღალია – მაგალითად, მცირე ბიზნესის წარმომადგენლების დაახლოებით 70%-ს განვითარებად ქვეყნებში არ აქვს წვდომა კრედიტებთან, შრომითი მიგრანტები კი ყოველწლიურად 25 მილიარდს კარგავენ ქვეყნებს შორის საფასურის გაცვლისას“. 

Calibra ადამიანებს საშუალებას მისცემს ძალიან მარტივად მიიღონ და გაგზავნონ კრიპტოვალუტა Libra სმარტფონის მეშვეობით. საბოლოო ჯამში Facebook გეგმავს მეტი სერვისი შესთავაზოს კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, მათში შედის გადასახადის მარტივად გადახდა, ყავის ყიდვა კოდის სკანირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და სხვადასხვა სფეროში ანგარიშსწორებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენება. სმარტფონის მეშვეობით გადახდა განხორციელდება სხვა მობილური საფულეების, მაგალითად Apple-ისა და Google-ის საფულეების ანალოგიურად. 

image.jpeg

რაც შეეხება Calibra-ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, Facebook მომხმარებლებს შესთავაზებს რეგისტრაციის პროცესს, რომლის შედეგადაც მომხმარებელი აირჩევს ფინანსური მომსახურების მომწოდებელს, ვთქვათ, MasterCard-ს, Visa-ს, PayPal-ს ან Stripe-ს. გარდა ამისა, მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ ვალუტის გაცვლის ლოკალური და ონლაინ-პუნქტით და გადაცვალონ ვალუტა კრიპტოვალუტაზე.  

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ Facebook ვერ გამოირჩევა მაინც და მაინც კარგი რეპუტაციით პირადი ცხოვრების დაცვის მხრივ. თუმცა კომპანიამ ამ პრობლემაზე იზრუნა: იმისათვის, რომ პროექტი უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო, შეიქმნა Libra-ს ასოციაცია. იგი განკუთვნილია იმისათვის, რომ Facebook-ისგან დამოუკიდებლად დააკვირდეს კრიპტოვალუტა Libra-ს განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ს ექნება კრიპტოვალუტის საქმეში ჩარევის უფლება, მას არ ექნება იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე ასოციაციის სხვა წევრებს. Libra-ს ასოციაციაში (ჟენევა, შვეიცარია) ამჟამად შედის 28 კომპანია, Facebook კი აცხადებს, რომ საფულის ამოქმედების წინ, ანუ 2020 წელს მათი რიცხვი ასს გადააჭარბებს. 

image.jpeg

ცალკეული შემთხვევების გარდა Calibra არ მოახდენს მონაცემების მიმოცვლას სოციალურ ქსელთან: „გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა მონაცემები გადაცემულ იქნას, თუკი საქმე ეხება მომხმარებლების უსაფრთხოებას, კანონსა და ფუნქციონალურობის ზრდას. Calibra Facebook-ის მონაცემებს გამოიყენებს მხოლოდ კანონისა და მომხმარებლების ექაუნთების  დაცვის მიზნით, რისკების შემცირებისა და ბოროტმოქმედთა საქმიანობის აღკვეთისთვის“. 

Facebook თაღლითებთან ბრძოლის ისეთივე მეთოდებს გამოიყენებს, როგორებსაც იყენებენ ბანკები და საკრედიტო ბარათების ოპერატორები. გათვალისწინებული იქნება ავტომატიზებული სისტემები აქტივობის მონიტორინგისა და თაღლითური ქმედებების აღკვეთის მიზნით. ასევე, მხარდაჭერის სპეციალური ჯგუფი რეალურ დროში დაეხმარება იმ პირებს, ვინც დაკარგავს სმარტფონს ან ექაუნთის პაროლს. 

image.jpeg

Calibra – ეს არის Facebook-ის გეგმა – გააერთიანოს მთელი მსოფლიო. „პლატფორმის ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება ზედმეტი სირთულის გარეშე განახორციელოს გადარიცხვები ჩვენს ყველა აპლიკაციაში“ – აცხადებენ Facebook-ში. წარმომადგენლების თქმით ეს სერვისი ახალ შესაძლებლობებს მისცემს მცირე ბიზნესს და ადამიანებს გაუადვილდებათ თანხების მიმოცვლა აპლიკაციის მეშვეობით. 

კრიპტოვალუტა Libra-ს გამოყენება საფულის გარეშეც შესაძლებელი იქნება. „Libra-ს უპირატესობა ის გახლავთ, რომ აუცილებელი არაა მოხმარებელი ჩვენ გვენდოს, არამედ შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი სხვა საფულე. თუკი ვერ გვანდობთ სისტემის მართვას, საფულის ამოქმედებისას ჩვენ ხმის მხოლოდ 1% გვექნება, ასე რომ ძალიანაც რომ გვინდოდეს ვერაფერს გავაფუჭებთ“ – აცხადებენ Facebook-ში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button