ახალი ამბებიკოსმოსი

ჯეფ ბეზოსი: Blue Origin ადამიანებს კოსმოსში წელს გაუშვებს

კომპანია Blue Origin ემზადება, რომ პირველი კოსმოსური ტურისტები გაუშვას თავისი სუბორბიტალური აპარატის – New Shepard-ის მეშვეობით. პორტალ SpaceNews-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუში კერძო აეროკოსმოსური კომპანიის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ პირველი კომერციული ფრენა მიმდინარე წელს შედგება. ამავე ინტერვიუში ბეზოსმა აღნიშნა, რომ Blue Origin-ს კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა აქვს, მაგალითად Virgin Galactic-ზე: მის აპარატს შეუძლია აფრინდეს იმ სიმაღლეზე რომ გადააჭარბოს კოსმომფრენ SpaceShipTwo-ს მიღწევებს, ამიტომ Blue Origin-ი იმედოვნებს, რომ Virgin-ს გაასწრებს კოსმოსური ტურიზმის სფეროში.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვამბობ“ – მიმდინარე წელს“. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მე მხოლოდ ვამბობდი – „განვახორციელებთ მომავალ წელს“ – განაცხადა ბეზოსმა. 

რაკეტა New Shepard-ის გამოცდები უკვე რამოდენიმე წელია მიმდინარეობს. ყველა სატესტო ფრენა უპილოტოდ ხორციელდებოდა. უკანასკნელი გამოცდა 23 იანვარს ჩატარდა. ბეზოსის თქმით „ყველაფერი ძალიან კარგად მიდის“. იგი ხაზს უსვამს, რომ კომპანიამ ასევე წარმატებით გაიარა აპარატის სამაშველო სისტემის გამოცდა. 

„ჩვენ რაკეტის თითოეული ნაწილი შევამოწმეთ, რაიმე ნაკლი რომ არ ჰქონოდა. ეს ყველაზე რთული გამოცდა იყო ჩვენთვის“ – განაცხადა ბეზოსმა. 

Blue Origin-ი ერთადერთი კომპანია არაა, რომელსაც მიმდინარე წელსვე სურს კოსმოსური ტურისტული ფრენების დაწყება. მისი მთავარი კონკურენტი Virgin Galactic-იც მთელი ძალით ცდილობს რაც შეიძლება მალე დაიწყოს კომერციული ფრენები თავისი სუბორბიტალური აპარატით – SpaceShipTwo. აპარატის ბოლო წარმატებული გამოცდა რამოდენიმე დღის წინ ჩატარდა. ამ გამოცდისას Virgin Galactic-მა სიმაღლის საკუთარ რეკორდს გადააჭარბა და მიაღწია დედამიწიდან 89,9 კილომეტრს. ეს ფრენა აღსანიშნავია კიდევ იმიტომ, რომ ბორტზე „სატესტო ტურისტი“ იმყოფებოდა. SpaceShipTwo-ს პირველი მგზავრი იყო კომპანიის მთავარი ასტრონავტ-ინსტრუქტორი ბეტ მოზესი. აღსანიშნავია, რომ სწორედ მან უნდა მოამზადოს მომავალი კოსმოსური ტურისტები ფრენისთვის. 

„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც Virgin Galactic-მა უნდა მოაგვაროს, დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს ე.წ. „კარმანის ხაზს“ (Karman line). ვფიქრობ, მათ მოუწევთ გაარკვიონ – როგორ გასცდნენ ამ ხაზს“ – აცხადებს ბეზოსი კონკურენტ კომპანიაზე. 

განვმარტავთ, რომ „კარმანის ხაზი“ მიიჩნევა საზღვრად კოსმოსსა და დედამიწას შორის არსებულ სივრცეში. იგი დედამიწიდან 100 კმ სიმაღლეზეა პირობითად განთავსებული. 

ბეზოსმა ინერტვიუს მსვლელობისას აღნიშნა, რომ მიუხედავად შესანიშნავი ტემპისა, კომპანიას არანაირი გრაფიკი არ ამოძრავებს: „მე მუდმივად ვუმეორებ ჩემს გუნდს და ამაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ არის შეჯიბრი. მსურს ბორტზე მყოფი ხალხით ფრენა წელსვე განხორციელდეს, თუმცა ჩვენ გავფრინდებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ნამდვილად მზად ვიქნებით“. 

ინტერვიუში ნახსენები იყო უფრო მოზრდილი რაკეტის – New Glenn-ის შექმნაზეც, რომელიც განკუთვნილია კოსმოსური აპარატების დედამიწის ახლო ორბიტაზე გასაყვანად. აგრეთვე საუბარი შეეხო სარაკეტო ძრავ BE-4-ს, რომლითაც ხსენებული რაკეტა იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით ბეზოსმა განაცხადა:  

„New Shepard-ს ჩვენ პრაქტიკისთვის ვიყენებთ. რეალურად, მისი შემადგენელი უამრავი რამ გამოიყენება New Glenn-ის მეორე ეტაპზე. ყველა სისტემა გულმოდგინე გამოცდას გაივლის სუბორბიტალური ფრენებისას, შემდეგ კი ახალი რაკეტის ზედა საფეხურზე გადავლენ. New Shepard-ის ტექნოლოგიები გამოყენებას ჰპოვებს რაკეტა New Glenn-ის ექსპლუატაციაშიც“. 

New Glenn-ის პირველ სატესტო გაშვებას კომპანია Blue Origin 2021 წელს აპირებს. კომპანიის მიზნები მხოლოდ დედამიწის ორბიტაზე გასვლით არ შემოფარგლება. Blue Origin-ს სურს 2023 წელს კოსმოსური აპარატი მთვარეზე გაუშვას. შესაბამის მოდულზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close