ინტერვიუსაკითხავი

საუბარი მარტინ ჰაიდეგერთან

თარგმნა ზურაბ ხასაიამ

წინამდებარე ინტერვიუ ჰაიდეგერმა მისცა 1969 წელს საფრანგეთში, ჟურნალ `L’Expres”–ის თანამშრომელს ფრედერიკ ტოვარნიცკის და წიგნის `ჰაიდეგერის პოლიტიკური ნაწარმოებები~ ავტორს ჟან-მიშელ პალმეს

კორესპონდენტი _ თქვენ, ბატონო ჰაიდეგერ, გთვლიან დასავლური ტრადიციის უკანასკნელ ფილოსოფოსად, ვინც დაასრულა იგი და ამავე დროს სცადა გაეჭრა ახალი გზა კითხვის დასმისა (1). მაგრამ დღეს უნივერსიტეტები კრიზისმა მოიცვა, რასაც თან ახლავს ფილოსოფიისადმი უნდობლობა. უმრავლესობა ფიქრობს, რომ მას აღარა აქვს არსებობის უფლება. ის უსარგებლო გახდა.

ჰაიდეგერი _ ეს სწორედ ისაა, რაზეც მე ყოველთვის ვფიქრობდი. 1935 წელს დავწერე `შესავალი მეტაფიზიკაში” და იქ ვამტკიცებდი: ფილოსოფია მუდამ არათანადროულია; ესე იგი, არასდროს არაა თანამედროვე. ის ახირებაა ერთგვარი.

კორესპონდენტი _ ახირება?!

ჰაიდეგერი _ ფილოსოფია არათანადროულია თავისი ბუნებით (2). ის იმ იშვიათ მოვლენათა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც უშუალო გამოხმაურებას ვერასოდეს ეღირსებიან.

კორესპონდენტი _ მაშინ რაღაა ფილოსოფია?

ჰაიდეგერი _ ეს თვითრჯული და შემოქმედებითი არსებობის ერთერთი იშვიათი შესაძლებლობაა. მისი დასაბამიერი ამოცანაა უფრო ბუნდოვანი გახადოს საგნები (3).

კორესპონდენტი _ როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა მას წვლილი დაიდოს სამყაროს გარდაქმნაში, როგორც ეს სურდა კარლ მარქსს?

ჰაიდეგერი _ ფილოსოფიას არ ძალუძს უშუალო ზემოქმედება საგნებზე. მას არ შეუძლია შექმნას მოქმედების რაიმე ფორმები, რაღაც პირობები, რომლებიც გამოიწვევენ ისტორიულ მოვლენას (4).

კორესპონდენტი _ მაშინ რაღა აზრი აქვს მას?

ჰაიდეგერი _ ის არაა “ცოდნა”, რომელსაც მიაღწევ და მაშინვე გამოიყენებ. ის ფეთქავს ადამიანთა მცირე ჯგუფში და ვერ შეფასდება საერთო საზომებით. ამას აღარაფერი ეშველება. მაგრამ სწორედ ის ქმნის ჩვენგან რაიმეს, თუკი მისით განვიმსჭვალებით.

კორესპონდენტი _ ხომ ვერ დაგვიზუსტებდით რას გულისხმობთ?

ჰაიდეგერი _ ხალხები, თავიანთი ისტორიული განვითარების გზაზე, თავიანთ თავს ყოველთვის უსვამენ უამრავ კითხვას. ამ კითხვათაგან მხოლოდ ერთმა _ `რატომ არის რაიმე და არა, პირიქით, არარა?” (5) _ განსაზღვრა ბედი დასავლურ სამყაროსი. კერძოდ კი _ ამ კითხვაზე სოკრატემდელ ფილოსოფოსთა მიერ გაცემულმა პასუხებმა 2500 წლის წინათ. მაგრამ დღეს ამ კითხვის საზრისი აღარავის ესმის.

კორესპონდენტი _ ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ თანამედროვე მსოფლიოს არსს სოკრატემდელ ფილოსოფოსთა, ვთქვათ, პარმენიდეს და ჰერაკლიტეს გამოთქმათა გააზრება გაგვაგებინებდა?!

ჰაიდეგერი _ დიახ, მაგრამ დღეს აღარც გერმანიაში, აღარც სადმე სხვაგან მათ აღარავინ კითხულობს.

კორესპონდენტი _ როგორ ფიქრობთ, რა გვაკავშირებს ჩვენ ესოდენ შორეული წარსულის მოაზროვნეებთან?

ჰაიდეგერი _ ჩემს კურსში `მეტაფიზიკის შესავალი~ მე ვაჩვენე, თუ რატომ იწყება ყველა ფილოსოფიური კითხვა მათგან. მათი პოეტური გამოთქმებიდან იბადება დასავლური სამყარო.

კორესპონდენტი _ თანამედროვე ტექნიკაც?

ჰაიდეგერი _ მე ნათქვამი მაქვს, რომ თანამედროვე ტექნიკა, თუმცა ის სრულიად უცხოა ანტიკურობისთვის, სწორედ მისგან იწყება (6)
.
კორესპონდენტი _ მართალია, რომ 1907 წლიდან თქვენ ყოველდღე ერთ საათს უთმობთ ბერძენ მოაზროვნეებსა და პოეტებს _ ჰომეროსს, პინდარეს, ემპედოკლეს, სოფოკლეს, თუკიდიდეს?

ჰაიდეგერი _ დიახ, ომის წლების გამოკლებით.

კორესპონდენტი _ ხომ არ გგონიათ, რომ უნდა დავუბრუნდეთ ბერძნული აზროვნების წიაღს?

ჰაიდეგერი _ დავუბრუნდეთ?! ანტიკურობისაღორძინება დღეს?! ეს უაზრობა იქნებოდა, შეუძლებელიც. ბერძნული აზრი შეიძლება იყოს მხოლოდ ამოსავალი წერტილი. ესაა და ეს. ოღონდ ბერძენ მოაზროვნეთა კავშირი ჩვენს თანამედროვე სამყაროსთან არასოდეს ყოფილა ასე აშკარა.

კორესპონდენტი _ იმ კითხვების დავიწყება თანამედროვე მსოფლიოს საჭიროებებმა ხომ არ გამოიწვია?

ჰაიდეგერი _ რომელმა საჭიროებებმა?

კორესპონდენტი _ მკვეთრმა დაპირისპირებამ თეორიასა და პრაქტიკას შორის. მარქსმა სამყაროს თეორიულ ჭვრეტას დაუპირისპირა და მასზე მაღლა დააყენა სამყაროს პრაქტიკული გარდაქმნა.

ჰაიდეგერი _ მარქსის მეთერთმეტე თეზისს (7) გულისხმობთ ფოიერბახის შესახებ, არა? დღეს მხოლოდღა მოქმედება, სამყაროს განმარტების გარეშე, ვერაფერს შეცვლის ამ მსოფლიოში.

კორესპონდენტი _ მაგრამ დღეს უფრო სიამოვნებით მარქსს, ფროიდსა და მარკუზეს კითხულობენ, ვიდრე პარმენიდეს და ჰერაკლიტეს.

ჰაიდეგერი _ სწორედ ეს გახლავთ ის, რასაც მოგახსენებდით.

კორესპონდენტი _ თქვენ წერდით, რომ ატომური ბომბი აფეთქდა უკვე პარმენიდეს პოემაში. ხომ არ გულისხმობდით სწორედ ამ კავშირს ბერძნული მეტაფიზიკისა თანამედროვე ტექნიკასთან?

ჰაიდეგერი _ დიახ, ოღონდ არ უნდა ვენდოთ უკონტექსტო ფორმულებს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ პარმენიდეს პოემაში და იქ დასმულ საკითხში იქმნება მომავალი მეცნიერების შესაძლებლობა. მაგრამ ფორმულები საშიშია _ ისინი გვაიძულებენ ვირწმუნოთ, თითქოს საუბარია ჰეგელისეულ ფატალურ აუცილებლობაზე.

კორესპონდენტი _ შეიძლებოდა ისტორია სხვა მიმართულებით განვითარებულიყო?

ჰაიდეგერი _ ვინ იცის! მე აუცილებლობა არ მწამს. ისტორია არ შეიცავს მარქსისტული ტიპის დეტერმინიზმს; (8) ისევე როგორც _ ფილოსოფია ან პოლიტიკა. ფიზიკოსებს, რომლებიც ეძებდნენ ბირთვის გახლეჩის კანონებს, არ სურდათ ატომური ბომბის შექმნა. არადა სწორედ ესაა, რაც მათ შექმნეს.

კორესპონდენტი _ ამბობენ, თითქოს თქვენ თქვით თქვენი წიგნის `ყოფნა და დრო~ შესახებ: `ეს არის წიგნი, რომელშიც მე მინდოდა ძალიან სწრაფად წავსულიყავი ძალიან შორს~. მართლა ასე იყო?

ჰაიდეგერი _ დიახ, ვთქვი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღესაც ასე ვფიქრობ. დღეს სწორედ ეს მეეჭვება. მაშინ მე ვერ შევძელი მივდგომოდი საკითხს ტექნიკის არსის, მისი საზრისის შესახებ თანამედროვე მსოფლიოში. მოკლედ, კიდევ ოცდაათი წელი დამჭირდა ამისათვის.

კორესპონდენტი _ ხანდახან ამბობენ, რომ თქვენ აძაგებთ ტექნიკასა და თანამედროვე მსოფლიოს.

ჰაიდეგერი _ ეს აბსურდია. მომავალი _ აი რაა მთავარი!

კორესპონდენტი _ თქვენ პირველმა ახსენეთ `პლანეტარული ტექნიკის ერა~. რას გულისხმობდით?

ჰაიდეგერი _ `პლანეტარული ერა~, `ატომური ერა~ _ ესაა გამოთქმები, რომლებიც გვაუწყებს გარიჟრაჟს მომავალ დროთა. ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რა გამოვა აქედან. არავინ უწყის, თუ რად გადაიქცევა აზრი.

კორესპონდენტი _ ნიშნავს თუ არა პლანეტარული ტექნიკის ერა მეტაფიზიკის დასასრულს?

ჰაიდეგერი _ არა, პლანეტარული ტექნიკაც მეტაფიზიკის განხორციელებაა. დეკარტის გარეშე თანამედროვე მსოფლიო ვერ შეიქმნებოდა (9)
.
კორესპონდენტი _ როგორ სვამთ თქვენ ტექნიკის პრობლემას?

ჰაიდეგერი _ ტექნიკის არსს ვერ ჩაწვდება, ვინც კმაყოფილდება ტექნიკის გმობით ან ქებათა ქებით. საჭიროა კითხვის დასმა. (10)

კორესპონდენტი _ რას ნიშნავს `კითხვის დასმა~?

ჰაიდეგერი _ კითხვის დასმა, როგორც უკვე ვთქვი, გზის გაყვანაა, მისი შექმნაა (11). ტექნიკის არსზე კითხვა _ ეს ნიშნავს მოამზადო მისდამი თავისუფალი მიდგომის შესაძლებლობა. ოღონდ ტექნიკა სხვაა, ტექნიკის `არსი~ _ სხვა.

კორესპონდენტი _ რა გესმით თქვენ `არსში~?

ჰაიდეგერი _ ხის არსი არაა ხე, რომელსაც შეხვდებოდი სხვა ხეებს შორის.

კორესპონდენტი _ ხოლო თუ გავიაზრებთ ტექნიკის არსს?

ჰაიდეგერი _ მაშინ მონურად მივეჯაჭვებით ტექნიკას და დავკარგავთ თავისუფლებას; სულერთია, განვადიდებთ მას თუ დავგმობთ. ასეა, რადგან ტექნიკაც არაა რაღაც ნეიტრალური. სწორედ მაშინ, როცა მას ნეიტრალურ რამედ წარმოიდგენენ, მის მონებად იქცევიან.

კორესპონდენტი _ თქვენ გგონიათ, რომ თანმედროვე მსოფლიოს ჯერ არ `გაუაზრებია~ ტექნიკა?

ჰაიდეგერი _ მე ჩემს მოხსენებაში მიწერია: `ტექნიკისავე მიზეზით ჩვენ გამოგვეპარა ტექნიკის საზრისი; ისევე როგორც, ესთეტიკის მიზეზით ხელიდან გაგვისხლტა ხელოვნება~ (12).

კორესპონდენტი _ მიგაჩნიათ თუ არა ტექნიკა მთავარ საფრთხედ ადამიანისთვის?

ჰაიდეგერი _ ჰოლდერლინი ბრძანებდა: `იქ, სადაც საფრთხეა, საშველიც გამოჩნდება” (13).

კორესპონდენტი _ ჰოლდერლინს თქვენ `მწირი ეპოქის~ პოეტად იხსენიებთ ხოლმე. ხომ არ ფიქრობთ, რომ ნიცშეც ასეთსავე ეპოქას ეკუთვნის?

ჰაიდეგერი _ ნიცშე უთუოდ უკანასკნელი დიდი მოაზროვნეა დასავლურ მეტაფიზიკის.

კორესპონდენტი _ რატომ უკანასკნელი?

ჰაიდეგერი _ ნიცშემ დასვა თანამედროვე ეპოქის ძირითადი საკითხი, როცა იკითხა ზეკაცის შესახებ. მან შენიშნა დადგომა დროისა, როცა ადამიანი ემზადება მთელ დედამიწაზე საბატონოდ. ჰოდა ჰკითხა მან თავის თავს: ღირს კი ადამიანი ასეთი მისიისთვის? ხომ არ აჯობებდა მისი გარდაქმნა? ამ კითხვაზე ნიცშემ უპასუხა: ადამიანმა უნდა გადალახოს თავისი თავი და იქცეს ზეკაცად!

კორესპონდენტი _ ხომ არ ფიქრობთ, რომ ნიცშეს ეს აზრი ყველაზე მეტად დამახინჯდა ფილოსოფიის ისტორიაში?

ჰაიდეგერი _ მე ვწერდი ამის გამო, რომ ღრმა აზრები უვნებლად აღწევენ ხოლმე თავს განმაქიქებელთა ბრბოს.

კორესპონდენტი _ ჩვენი ხანა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა?

ჰაიდეგერი _ ნიცშე წერდა 1866 წელს: `ჩვენ სასწორზე დავდეთ ჭეშმარიტება… შეიძლება კაცობრიობა დაიღუპოს კიდეც ამ თამაშში! რა გაეწყობა, დაე იყოს ასე” (14).

კორესპონდენტი _ როგორ გესმით დამოკიდებულება ფილოსოფიასა და მეცნიერებას შორის?

ჰაიდეგერი _ ეს ძალიან რთული საკითხია. დღეს მეცნიერებამ თავისი ძალაუფლება მოახვია მთელ დედამიწას. მაგრამ მეცნიერება არ აზროვნებს (15). მისი გზა და საშუალებანი ისეთია, რომ მას არ შეუძლია იაზროვნოს.

კორესპონდენტი _ ეს ნაკლია?

ჰაიდეგერი _ არა, უპირატესობა. სწორედ იმის წყალობით, რომ არ აზროვნებს, მეცნიერებას ძალუძს დამკვიდრდეს და ენერგიულად იაროს წინ.

კორესპონდენტი _ მაგრამ დღეს ცდილობენ, რომ აზროვნება სწორედ მეცნიერებასთან გააიგივონ.

ჰაიდეგერი _ მეცნიერებასა და აზროვნებას უფსკრული ჰყოფთ ერთმანეთისგან. მხოლოდ მაშინ, როცა ამას აღიარებენ, მათი ურთიერთდამოკიდებულება სწორ კალაპოტში ჩადგება.

კორესპონდენტი _ თქვენ ბრძანეთ: `მეცნიერება არ აზროვნებს~. არ გეჩვენებათ, რომ ეს გამაოგნებელი განცხადებაა?

ჰაიდეგერი _ რა თქმა უნდა, მაგრამ აზრის გარეშე მეცნიერება უძლურია. ლექციებში მითქვამს: ჩვენს დროში უმთავრესი ისაა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაზროვნებთ სათანადოდ.

კორესპონდენტი _ რისი თქმა გინდოდათ ამით?

ჰაიდეგერი _ ალბათ იმისი, რომ საუკუნეების მანძილზე ადამიანი ძალიან ბევრს მოქმედებდა და ძალიან ცოტას აზროვნებდა (16). სამყაროში, რომელიც მუდმივად გვაძლევს აზროვნების შესაძლებლობას, აზრი ვერა და ვერ იშვა.

კორესპონდენტი _ არ გეჩვენებათ, რომ თეორიისა და პრაქტიკის დაპირისპირება ჩვენი დროის მთავარი დაპირისპირებაა?

ჰაიდეგერი _ ვინ იცის, რაა სინამდვილეში `პრაქტიკა~? დღეს მას ხშირად ურევენ შემოსავლებთან, სარგებლის ძიებასთან. ბერძნებს თვითონ თეორია მიაჩნდათ უზენაეს პრაქტიკად.

კორესპონდენტი _ რომელ დროს აკუთვნებთ თავს, შორეულ მომავალს?

ჰაიდეგერი _ შეიძლება შორეულ წარსულსაც… `უძველესი აზრები წარსულშია და მაინც ხელახლა იბადება”. ჩვენ მეტისმეტად გვიან ვაღწევთ ღმერთებამდე და ძალიან ადრე _ ყოფნამდე (17).

კორესპონდენტი _ მეოთხედი საუკუნე მიიწურა თქვენი ნაშრომის `ყოფნა და დრო~ გამოცემიდან. შეგიძლიათ თქვათ, რომ უკეთ ხართ გაგებული?

ჰაიდეგერი _ არ ვიცი. მე არ გავცნობივარ ჩემს შესახებ დაწერილ ნაშრომებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მზადდება ჩემი თხზულებების სრული კრებული. მაგრამ მე ხანდახან მიჭირს ჩემი აზრების ცნობა ზოგიერთ ამერიკულ ინტერპერეტაციაში.

კორესპონდენტი _ გერმანიაში თქვენს შესახებ ცოტას საუბრობენ, მაგრამ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას: თქვენი გავლენა ისევ საგრძნობია. ეს ჩანს უამრავ გამოკვლევაში. ეგაა, რომ თქვენ თითქმის არ გიმოწმებენ.

ჰაიდეგერი _ მით უკეთესი. ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჩემს ძმას ეცინება ამაზე. იგი კლეპტომანიას უწოდებს ამას (18).

კორესპონდენტი _ 1945 წელს გამოსულ ბიბლიოგრაფიაში, სადაც ჩამოთვლილია თქვენდამი მიძღვნილი 820 ნაშრომი, რედაქტორი შენიშნავდა: თქვენი შემოქმედების მიმართ ინტერესი თანდათან ნელდება.

ჰაიდეგერი _ დიახ; ამ დროს კი ჩემდამი მოძღვნილი ნაშრომების რიცხვი გასამკეცდა. როგორ გინდა ასეთ წინასწარმეტყველებაზე არ იხალისო? მე მითხრეს, რომ ამ ნაშრომების რიცხვმა სამ ათასს გადააჭარბა (19).

კორესპონდენტი _ თვალყურს თუ ადევნებთ თქვენი ყოფილი სტუდენტის, ჰერბერტ მარკუზეს (20) შემოქმედებას?

ჰაიდეგერი _ მარკუზემ 1932 წელს ფრაიბურგში, ჩემი ხელმძღვანელობით, მოამზადა დისერტაცია ჰეგელზე. ეს იყო ძალიან კარგი ნაშრომი. ამის მერე ყველაფერს, რასაც იგი წერს, თვალყურს ვეღარ ვადევნებ. მისი `ერთგანზომილებიანი ადამიანი~ წაკითხული მაქვს.

კორესპონდენტი _ ზოგიერთები აღნიშნავენ ურთიერთკავშირს მარკუზეს მიერ დასმულ საკითხსა და თქვენს პრობლემატიკას შორის.

ჰაიდეგერი _ ამაში არაფერია შეუძლებელი.

კორესპონდენტი _ მაგალითად, მარკუზე ამბობს, რომ თანამედროვე ტექნიკა არაა უბრალო გროვა მანქანებისა. ის პლანეტარული კანონია; რომ თანამედროვე ადამიანი ჩათრეულია ამ კანონში და ამავე დროს ვერ აკონტროლებს მას.

ჰაიდეგერი _ მე არაერთხელ მითქვამს და დამიწერია ეს.

კორესპონდენტი _ მარკუზე ამ ახალი წესრიგის მიერ დამონებული ადამიანის შესახებ ლაპარაკობს. ტექნიკა მას ესმის ვითარცა სამყაროში არსებობის ფორმა, სადაც სიცოცხლეზე მაღლა  შრომა დგას.

ჰაიდეგერი _ დიახ, ჰგავს ეს ჰაიდეგერს. მე ვწერდი, რომ ტოტალიტარიზმი როდია უბრალოდ მართვის ფორმა. ეს ტექნიკის აღვირახსნილი ბატონობის შედეგია. დღეს ადამიანი ემონება მისივე ფაბრიკაციების უგუნურებას.

კორესპონდენტი _ ხომ არ ფიქრობთ, რომ მარკუზემ მთლიანობაში, რევოლუციურ პერსპექტივაში, გადახარშა თქვენი ნათქვამი პლანეტარული ტექნიკის ბატონობის შესახებ?

ჰაიდეგერი _ ეს უდავოდ ასეა. მაგრამ იქნებ საჭიროა ამასთან ერთად ვიკითხოთ ტექნიკის არსის შესახებაც.

კორესპონდენტი _ შესაძლებელია მარქსისა და ჰაიდეგერის ალიანსი?

ჰაიდეგერი _ ჩემი პრობლემატიკის ნიადაგზე ეს შეუძლებელი მგონია. მარქსი არაა ის კაცი, ვინც ყოფნის შესახებ იკითხავს. ეს არ ნიშნავს, რომ მარქსის შემოქმედება ჩამოუვარდება ჰეგელისას, ან შორსაა მეტაფიზიკისგან. ყოფნა მარქსს ესმის ვითარცა ბუნება, რასაც უღელი უნდა დაადგა და მართო. მარქსი გამოიყურება უდიდეს ჰეგელიანელად.

კორესპონდენტი _ თქვენ კვლავაც კითხულობთ მარქსს?

ჰაიდეგერი _ მე ცოტა ხნის წინ გადავიკითხე მისი ყრმობისდროინდელი თხზულებანი (21). სხვათაშორის, მე თვალყურს ვადევნებდი ჩემი მოწაფის ლანდსხუტის შემოქმედებას, რომელიც გამოქვეყნდა 1932 წელს. გასულ ზაფხულს განვიზრახე მიმეძღვნა ამ ტექსტებისთვის ფაკულტატური სემინარი სახალხო დემოკრატიის ქვეყნების მასწავლებელთა მონაწილეობით. მათ მთხოვეს ამის შესახებ.

კორესპონდენტი _ ფროიდზე კი რაღას იტყოდით?

ჰაიდეგერი _ ფსიქოანალიზი ძალიან მნიშვნელოვანი საგანია. მე იგი თერაპია მგონია. ოღონდ მისი ფილოსოფიური პოზიციები სუსტია.

კორესპონდენტი _ რატომ?

ჰაიდეგერი _ იმიტომ რომ, იგი ადამიანის არსის ბიოლოგიზაციაა. გადაიკითხეთ ფროიდის `სიამოვნების პრინციპის იქით~ და დარწმუნდებით.

კორესპონდენტი _ დღეს ასეთი პრაქტიკა უფრო იზიდავს ადამიანს, ვიდრე განაზრებანი ადამიანის არსის გარშემო.

ჰაიდეგერი _ ეს მე მშვენივრად ვიცი.

კორესპონდენტი _ კიდევ ერთხელ: ფიქრობთ თუ არა თქვენ, რომ მომავალში თქვენს აზრსა და მარქსიზმს შორის შეიძლება `შეხების წერტილები~ გაჩნდეს?

ჰაიდეგერი _ შეიძლება, რატომაც არა? მაგრამ ვერ გეტყვით, კერძოდ, რა მსგავსებაზე იქნება ლაპარაკი. მე ვიღებ ხოლმე წერილებსაც, სტუმრებსაც სოციალისტური ქვეყნებიდან: ჩეხებს, პოლონელებს, იუგოსლავებს, რუსებს…

კორესპონდენტი _ თქვენ ერთხელ თქვით: მომავალი სოციალიზმს უფრო აქვს, ვიდრე ამერიკანიზმს (22). ახლაც ასე ფიქრობთ?

ჰაიდეგერი _ რა თქმა უნდა.

კორესპონდენტი _ ერთხელ როგორღაც გკითხეს, ხომ არ დაწერდითო `ეთიკას~, მოქმედების დოქტრინას.

ჰაიდეგერი _ `ეთიკას~? ვის შეუძლია დღეს ამის უფლება მისცეს თავს? ანდა ნეტავ რომელი ავტორიტეტის სახელით უნდა შესთავაზო ეს დოქტრინა მსოფლიოს?

კორესპონდენტი _ თქვენ გიწერიათ: `ადამიანის არსებობა მისი საკუთარი შესაძლებლობაა~. ეს თემა გაშალა ჟან პოლ სარტრმა თავის თხზულებაში `ყოფნა და არარა” (23).

ჰაიდეგერი _ ხანდახან სარტრი ჩემს აზრს მარქსისტულად განმარტავდა ხოლმე. ადამიანი თავისივე შესაძლებლობაა, მაგრამ მას როდი ძალუძს თავისი თავის `შექმნა~.

კორესპონდენტი _ თქვენ ხანდახან გისაყვედურებენ, თითქოს ერთგვარ დისტანციას იცავთ მსოფლიო ისტორიის მოვლენების მიმართ.

ჰაიდეგერი _ აზრს მარტოობა უყვარს. როცა სურთ გადაეხვიონ, ის განზე გაიწევს ხოლმე (24). მე ვიცი ეს. ამას მივხვდი რექტორობის ჟამს, 1933 წელს, გერმანიის ისტორიის ტრაგიკულ მომენტში. შევცდი მაშინ. რჩება კი ჩათრეული და გამოყენებული ფილოსოფია ფილოსოფიად? იცის კი ფილოსოფოსმა ის წესი, რითაც ფილოსოფიას ძალუძს ზემოქმედება ადამიანზე და ისტორიაზე? არა, ფილოსოფია არ ემორჩილება ორგანიზაციას (25).

კორესპონდენტი _ ხშირად ამბობენ, რომ თქვენი `ყოფნა და დრო~ დაიწერა უნგრელი მარქსისტის, გეორგ ლუკაჩის შემოქმედების გავლენით.

ჰაიდეგერი – მე მეჩვენება, რომ ლუკაჩს ათვალისწუნებული ვყავარ…

კორესპონდენტი _ მაგრამ პარიზში წაიკითხეს ასეთი კურსი: `ჰაიდეგერი და ლუკაჩი. მსგავსება და განსხვავება.~.

ჰაიდეგერი _ ამან დიდად გამაკვირვა. სასაცილოა, ლუკაჩმა ხომ `შპიგელის~ 1966 წლის ნომერში მე ფაშისტი ფილოსოფოსი მიწოდა. სხვათაშორის, აღარც კი მახსოვს, წაკითხული მქონდა კი ლუკაჩი `ყოფნა და დრო~-ს დაწერამდე? არა, არ მქონდა.

კორესპონდენტი _ თვითონ ის თუ გკითხულობდათ თქვენ?

ჰაიდეგერი _ ეს მე არ ვიცი.

კორესპონდენტი _ ხშირად გესხმიან ხოლმე თავს?

ჰაიდეგერი _ ვაი, რომ ფილოსოფიურად _ ძალიან იშვიათად! ნეტავ თუ დარჩება აი ასეთი თავდასხმებისგან თუნდაც ერთი ღირებული ნაშრომი? თქვენ ალბათ იცით ვალერის სიტყვები: `როცა ვერაფერს აკლებენ აზრს, ებრძვიან მოაზროვნეს~.

კორესპონდენტი _ კიდევ გრძელდება ნეტავი ეს კინკლაობა?

ჰაიდეგერი _ ჩაცხრება ის ჩემი სიკვდილის შემდეგ. ბოლოს და ბოლოს ვინაა ჰაიდეგერი? მომავალი კვლევა-ძიებათა არტელს ეკუთვნის. ვიღას ახსოვს, სიტყვაზე, ტაძრის მშენებელთა სახელები? დღეს ხომ სრულიად არავინ წაიკითხავდა არცერთ ჩემს წიგნს, მას რომ ჩემი გვარი არ ეწეროს _ ჰაიდეგერი! სხვათაშორის, ადამიანთა უმრავლესობას უკვე მკვდარი ვგონივარ. ცხოვრებაში მუდამ გაუგებრობა სუფევს. იმასაც კი წერდნენ, თითქოს `რა არის ეს _ მეტაფიზიკა?~ მე შევთხზე შვარცვალდში, თხილამურებით სრიალის დროს.

კორესპონდენტი _ ხომ არ გაწუხებთ ეს გაუგებრობანი?

ჰაიდეგერი _ ისევ და ისევ მარტინ ჰაიდეგერი _ აი ვინ მაწუხებს მე. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

კორესპონდენტი _ რას გულისხმობთ?

ჰაიდეგერი _ მთავარია, რომ ჩემი მუშაობა გარძელდეს თავისი გზით. არა აქვს მნიშვნელობა, ეცოდინებათ თუ არა ჩემი სახელი. მთავარი სხვაა _ დარჩება თუ გაქრება მომავალში ის, რაც ღირებულია ჩემს აზროვნებაში.

კორესპონდენტი _ მთელი თქვენი ცხოვრება ერთადერთ საკითხს მიუძღვენით _ ყოფნას. როგორ გგონიათ, ეს საკითხი დღესაც ისევე დასაბამიერია?

ჰაიდეგერი _ დიახ, ის ინარჩუნებს მთელ თავის მნიშვნელობას.

კორესპონდენტი _ ყოფნის შესახებ კითხვამ გადაწყვიტა თქვენი აზროვნების ბედი, განსაზღვრა თქვენი გზა. როგორი იყო ეს გზა?

ჰაიდეგერი _ თვითონაც არ ვიცი, რა გიპასუხოთ. სხვებმა სცადეს ამის გარკვევა. მაგრამ აბა რა გითხრათ, სწორად გაიგეს მათ ჩემი აზრები?

კორესპონდენტი _ შეიძლება განმეორდეს ჰაიდეგერი?

ჰაიდეგერი _ არავითარ შემთხვევაში! მე კი არ უნდა მომბაძონ, თავიანთი საკუთარი კითხვები უნდა დასვან. არანაირად საინტერესო არაა ჰაიდეგერის მიბაძვა. ხამს ნაირ-ნაირი მიმართულებით
გაშალონ ჩემი პრობლემატიკა, ან წინ აღუდგნენ მას.

კორესპონდენტი _ `ჰაიდეგერი უნდა გაიაზროთ ჰაიდეგერის წინააღმდეგ!~(26)_ ბრძანებდით თქვენს ლექციებში.

ჰაიდეგერი _ თავადაც ამას ვცდილობდი ნიადაგ! 30 წლის მანძილზე ერთი კურსიც არ წამიკითხავს ჰაიდეგერის შესახებ.

კორესპონდენტი _ და მაინც არ ამბობენ განა, რომ არსებობს ჰაიდეგერის ფილოსოფია?

ჰაიდეგერი _ უკვე ვთქვი: არ არსებობს ჰაიდეგერის ფილოსოფია. ექვსი ათეული წელია ვცდილობ გავერკვე, რაა ფილოსოფია. არასოდეს მიცდია ჩემი ფილოსოფია შემექმნა.

კორესპონდენტი _ ზოგჯერ ცდილობენ თქვენს აზრებთან მიახლოებას იმ გავლენების გათვალისწინებით, რომლებიც თქვენ განიცადეთ. რას იტყოდით ამაზე?

ჰაიდეგერი _ მე ფილოსოფიის მთელი ტრადიციიდან მოვდივარ. მაგრამ ჩემთა აზრთა წვდომის ეს გზა სამაგალითოდ მოწაფურია: `ჰაიდეგერი და ჰეგელი~, `ჰაიდეგერი და შელინგი~… ზოგიერთ
კომენტატორს რომ ჰკითხო, თურმე უნდა აიღო არისტოტელე, ჰუსერლი, კანტი, ბრენტანო, ყველაფერი ეს ერთმანეთში უნდა აურიო და გამოვა `ყოფნა და დრო~. სასაცილოა. (27)

კორესპონდენტი _ როგორ გესმით ამოცანა, რომელიც დღეს აზროვნების წინაშე დგას?

ჰაიდეგერი _ ჩემთვის ძნელია ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან ყველაფერი, რაც დამიწერია ამის შესახებ, როდია გამოქვეყნებული. ყოფნის შესახებ დასაბამიერ კითხვასთან დაბრუნება _ აი გზა, რამაც მიმიყვანა `ყოფნა და დრო~-მდე. მეორე ნაწილს უნდა დაერქვას `დრო და ყოფნა~.

კორესპონდენტი _ ხშირად უკვირთ ის მკვეთრი გარდატეხა, რაიც მოხდა თქვენს შემოქმედებაში. `ჰაიდეგერ პირველსა~ და `ჰაიდეგერ მეორეზეც~ კი ლაპარაკობენ.28 უცებ შეიცვალა თქვენი სტილი. ეტყობა, თქვენ დატოვეთ მეტაფიზიკური კვლევის უნაყოფო ნიადაგი და გადაერთეთ პოეტებთან მუსაიფზე _ ჰოლდერლინთან, მორიკესთან, გებელთან, რილკესთან, მეტადრე კი თრაკლთან.

ჰაიდეგერი _ მე ვწერდი ამის თაობაზე: ფილოსოფია და პოეზია დგანან ერთმანეთის საპირისპირო მწვერვალებზე, მაგრამ ამბობენ ერთსა და იმავეს.

კორესპონდენტი _ გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა ლაპარაკი ორი ჰაიდეგერის შესახებ, როგორც ამას ამერიკელი კომენტატორები შვრებიან?

ჰაიდეგერი _ არავითარ შემთხვევაში! `მეორე ჰაიდეგერი~ შესაძლებელია მხოლოდ `პირველი ჰაიდეგერის~ წყალობით. პირველი იმთავითვე შეიცავდა მეორეს.

კორესპონდენტი _ მაშინ რაღას ნიშნავს `ყოფნა და დრო~_ს შემდეგ კითხვის ახლებურად დასმა, რასაც შეიძლება პოეტური ეწოდოს?

ჰაიდეგერი _ ეს მხოლოდ შემობრუნება იყო. ჩემი ლექცია `რა არის ჭეშმარიტება?~ შემობრუნების წერტილია ერთგვარი. ამ ნაწარმოებში პირველი კითხვა რომ დავსვი, მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორი იქნებოდა მეორე კითხვა.

კორესპონდენტი _ მართლა თქვით თუ არა, რომ სიამოვნებით დაიწყებენ თქვენს კითხვას, ოღონდ, სულ ცოტა, სამასი წლის მერე.

ჰაიდეგერი _ სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ამ საკითხს არა მგონია რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს.

კორესპონდენტი _ ვთქვათ პირდაპირ: სტუდენტებს არ ესმით თქვენი წიგნების შინაარსი. ისეთი გრძნობა ეუფლებათ, რომ შეხვდნენ ძალიან რთულ და უჩვეულო აზრებს; ეჩვენებათ, რომ ეს აზრები სრულიად უპირისპირდება ტრადიციულ განათლებას. თქვენ კი ამ დროს დუმხართ. არ გეჩვენებათ, რომ თქვენს წიგნებთან პირისპირ დარჩენილი სტუდენტები დაიბნევიან?

ჰაიდეგერი _ სამწუხაროდ, კი, მაგრამ რა გაეწყობა. ამას ზედ ერთვის თარგმნის პრობლემა. როგორ გინდა თვალყური ადევნო და გაუმკლავდე ამას? მე უკვე იძულებული გავხდი უარი მეთქვა იაპონური თარგმანების გაკონტროლებაზე. ხოლო რაც ეხება სტუდენტებს: მათი ცოდნა ერთობ შეკოწიწებული და უწესრიგოა. ან სხვაგვარად როგორღა იქნებოდა დღევანდელ უნივერსიტეტებში?!

კორესპონდენტი _ თქვენ მეტად აღარ კითხულობთ ლექციებს; აღარც სემინარებს ხელმძღვანელობთ. რჩება მხოლოდ თქვენი წიგნები.

ჰაიდეგერი _ ვისურვებდი სემინარულ დიალოგებს ათიოდე სტუდენტთან. მხოლოდ მაშინ შეიძლება ასწავლო `ხედვა~; აჩვენო, რა კითხვას სვამს ფილოსოფია.

კორესპონდენტი _ ეს გგონიათ თქვენ ყველაზე არსებითი, არა?

ჰაიდეგერი _ მე ვფიქრობ, რომ საფრანგეთში საერთოდ არ იცნობენ მუშაობის ამგვარ წესს. აქ წესად არა აქვთ დიალოგი, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ, აზრთა განუწყვეტელი ურთიერთგაცვლის პროცესში ყველა მონაწილე მიჰყავს ფილოსოფიური კითხვის გამჟღავნებამდე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სემინარებზე მყოლია `ბრმებიც~, ანუ ისეთები, ვინც ამას ვერ აღწევდნენ. ისინი ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობდნენ; ზოგჯერ სხვებზე მეტსაც კი. მე მათ ვეკითხებოდი: `რატომ გვიყვებით აქ ამ ყველაფერს?~. მაშინ ისინი მიდიოდნენ და უკან აღარ ბრუნდებოდნენ. დღეს ბევრი ამბობს: როცა ვინმე გაბედავს და აზროვნებას დაიწყებს, მისკენ თითს გაიშვერენ და იტყვიან: `ის აბსტრაქციებში ეფლობა” (29).

კორესპონდენტი _ თქვენ თუ ადევნებდით თვალყურს მსოფლიო საუნივერსიტეტო მოძრაობას და დისკუსიებს უნივერსიტეტების თემაზე?

ჰაიდეგერი _ უნივერსიტეტის პრობლემებს მე ვეხებოდი ჯერ კიდევ 1925 წელს ნაშრომში `რა არის ეს _ მეტაფიზიკა?~. დღეს სტუდენტები მეამბოხეები გახდნენ. ეს კარგია. მაგრამ ნამდვილად თუ ესმით ნეტავი, რა უნდათ? მე კარგა ხანია ვიცი, რომ უნივერსიტეტი იქცა ჩვეულებრივ სკოლად. ის აღარ ასწავლის აზროვნებას; მზამზარეულ ცოდნას იძლევა ოდენ. ძველი უნივერსიტეტი მოკვდა, რაიც, ეჭვს გარეშეა, გარდუვალი იყო.

კორესპონდენტი _ რას იტყოდით ახალ მიმდინარეობებზე, მთელი მსოფლიოს უნივერსიტეტებს რომ იპყრობენ?

ჰაიდეგერი _ ვფიქრობ, თანამედროვე უნივერსიტეტები ერთბაშად მოიცვა კრიზისმა. მაგრამ გავიმეორებ: ეს სულაც არაა ახალი ამბავი. ბევრ პრობლემას, ჩემს სტუდენტებთან ერთად, მე წავწყდომივარ უკვე მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. მაგრამ ამ საკითხების გადაწყვეტის დრო ჯერ არ დამდგარა.

კორესპონდენტი _ თქვენ ერთხელ თქვით: `ვინც ღრმად აზროვნებს, ღრმადაც ცდება~.30 როგორ უნდა გავიგოთ ეს ფრაზა _ ფილოსოფიურად თუ პოლიტიკურად?

ჰაიდეგერი _ ყველანაირი აზრით.

კორესპონდენტი _ საფრანგეთში იყო არაერთი მცდელობა ნათელი მოეფინათ ზოგიერთი გაუგებრობისთვის და გაერკვიათ ნამდვილი პოზიცია, რომელიც თქვენ გეკავათ 1933 წელს, ათი თვის განმავლობაში, ახალი რეჟიმის მიმართ.(31)

ჰაიდეგერი _ მე არაფერი მითხოვია. მაგრამ უცნაურია, რომ თვითონ ფრანგებმა შემომთავაზეს დახმარება ამ საკითხში.

გერმანიაში გასაგებია: იქ თავდასხმები არ დასრულდება. იქ ალბათ არც ბოროტი განზრახვის არსებობაა გამორიცხული. სარტრმა მთელი ერთი თავი მიუძღვნა ამ თემას. საკითხს რეტროსპექტულად უდგებიან. ხშირად ავიწყდებათ ტრაგიკული არევ-დარეულობა, რაც მაშინ სუფევდა, 1933 წელს _ სიღატაკე, უიმედობა, ილუზიები… მე ათი თვე დამჭირდა გონს მოსასვლელად.

კორესპონდენტი _ ბევრი თქვენი ყოფილი სტუდენტი იგონებს თქვენს გამოხდომებს ლექციებზე ნაციონალსოციალიზმის წინააღმდეგ, თქვენს მიერ რასიზმის დაგმობას…

ჰაიდეგერი _ მე ყველაფერ ამას კარგა ხანია მოვრჩი. დღეს ყველაზე მთავარია ახალგაზრდობა. მას ახალი პრობლემები დაუგროვდა. ის ახალ სამყაროს აშენებს. მე ახალგაზრდობა ძალიან მიყვარს. მხოლოდ ახალგაზრდობა მიმაჩნია ყურადღების ღირსად.

კორესპონდენტი _ თქვენი ერთადერთი პოლიტიკური გამოსვლა ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო `ბუნდესვერის ბირთვული შეიარაღების წინააღმდეგ 1957 წლის საპროტესტო მიმართვის” ხელმოწერა. რატომ?

ჰაიდეგერი _ მე ხელი მოვაწერე ერთ დოკუმენტს, ოღონდ არა ამას. პროტესტი, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, ეკუთვნოდა მხოლოდ მეცნიერებს, რვა ბონელ პროფესორს. ფიზიკოსებმა, ჰაიზენბერგმა და ფონ ვაიცზეკერმა მე არ მიმიწვიეს მასზე ხელმოსაწერად.

კორესპონდენტი _ განა ფონ ვაიცზეკერი არ იყო ერთერთი, ვინც ამუხრუჭებდა გერმანული ატომური ბომბის წარმოებას და ანგრევდა ყველაფერს შექმნისთანავე?

ჰაიდეგერი _ დიახ. ის ამას შვრებოდა დუნაის ხეობაში, ჩემს მშობლიურ ქალაქ მესკირხთან სულ ახლოს.

კორესპონდენტი _ თქვენი ნაწარმოებები ითვლება ერთერთ ურთულესად ჩვენს დროში. მაგრამ იდეოლოგიური ბარიერის მიუხედავად მათ არ აკლიათ ინტერპრეტატორები და დამცველები. როგორ უყურებთ თქვენ იმ ფაქტს, რომ თქვენი შემოქმედება ასეთ ყურადღებას იპყრობს?

ჰაიდეგერი _ შეუძლებელია გვერდი აუარო იმ საკითხებს, მე რომ დავსვი.

კორესპონდენტი _ იაპონელი მოაზროვნეები ამბობენ, რომ მრავალწლიანი გამოკვლევების შედეგად აღმოაჩინეს ღრმა მსგავსება თქვენს ფილოსოფიასა და აღმოსავლურ აზრს შორის.32

ჰაიდეგერი _ ეს ასეა. ბევრი ჩამოვიდა კიდეც ჩემთან. საკითხისადმი მათმა მიდგომამ მე ძალიან დამაინტერესა. ბევრი იმასაც კი წერდა, რომ ჩემი შემოქმედება მათ წარმოუდგებათ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, აზიისა და ევროპის შემაერთებელ ძაფად.

კორესპონდენტი _ თუ ადევნებთ თვალყურს თანამედროვე ფილოსოფიურ კვლევებს საფრანგეთში?

ჰაიდეგერი _ მე, სამწუხაროდ, არ მრჩება დრო ყველა იმ წიგნის წასაკითხად, რომლებსაც ვიღებ ხოლმე. ამას ერთვის ენის პრობლემაც. ადრე სარტრი მსტუმრობდა ხოლმე.

კორესპონდენტი _ მისი წიგნის `ყოფნა და არარა~ წყალობით, ბევრმა გაიგო თქვენს შესახებ საფრანგეთში; აგრეთვე _ ეგზისტენციალიზმის შესახებ, რომლის მამად თქვენ გთვლიან ხოლმე.

ჰაიდეგერი _ ეგზისტენციალიზმი _ ეს ერთგვარი უაზრობაა. მაგრამ ეს სარტრის ბრალი არაა. მე მას ძალიან ვაფასებ.  გერმანელი ფილოსოფოსისთვის გასაკვირია, რომ ადამიანმა თავი გამოიჩინოს
ერთდროულად ფილოსოფიითაც, რომანითაც, პიესებითაც, ესეებითაც… მე ძალიან პატივსა ვცემ ფრანგების ამგვარ უნარს. ერთმა იაპონელმა უფლისწულმა, რომელიც ჩემთან მუშაობდა სადღაც 1929 წლის სიახლოვეს, გადასცა ჩემი ნაწარმოები სარტრს. თვითონ მე კი მისი `ყოფნა და არარა~ მხოლოდ 1945 წელს წავიკითხე.

კორესპონდენტი _ სხვა ფილოსოფიური შრომებით ხომ არ დაინტერესებულხართ?

ჰაიდეგერი _ ის, რაც დღეს ფილოსოფიად ითვლება, იშვიათად, რომ სხვა რამე იყოს, ვიდრე ფიზიკისა და ბიოლოგიის მეთოდებით აგებული ტექნიკური იდეოლოგია. ეს არაა კითხვის ნამდვილი ფილოსოფური დასმა.33

კორესპონდენტი _ თქვენი მიმდევრები თქვენს შესახებ ამბობენ: `ის, რისკენაც ილტვის ჰაიდეგერი, უპირველეს ყოვლისა, აზროვნების სწავლაა. ის ცდილობს იაზროვნოს უმკაცრესად, სოკრატესნაირად. ამაში მდგომარეობს მისი მთავარი ღირსება~.

ჰაიდეგერი _ შეიძლება.

კორესპონდენტი _ რატომ გიყვართ ჰოლდერლინი პოეტებს შორის გამორჩეულად?

ჰაიდეგერი _ იმიტომ, რომ ჰოლდერლინი არაა მხოლოდ ერთერთი უდიდესი პოეტი. ის, გარკვეული აზრით, თვით ენერგიაა პოეზიის.

კორესპონდენტი _ რომელი ფრანგი პოეტი მოგწონთ ყველაზე მეტად?

ჰაიდეგერი _ რენე შარი. ამასწინათ მან გამომიგზავნა თავისი ლექსების კრებული ჯაკომეტის ილუსტრაციებით.

კორესპონდენტი _ ხელოვნების შესახებ რაღას იტყოდით? სცნობთ თუ არა მის მნიშვნელობას?

ჰაიდეგერი _ გაიხსენეთ ნიცშეს სიტყვები, რომელიც მე დამოწმებული მაქვს: `ჩვენ გვაქვს ხელოვნება, რათა გავუძლოთ ჭეშმარიტებას~.

კორესპონდენტი _ როგორ ფიქრობთ, თანამედროვე მხატვრებიდან ვინ შექმნა რაღაც არსებითი?

ჰაიდეგერი _ მგონია, სეზანიდან დაიწყო რაღაც. ძალიან მიყვარს ვან გოგი, ბრაკი… ერთხელ მან მაჩუქა თავისი ნახატი.

კორესპონდენტი _ დღეს მხატვრები დიდი სიამოვნებით ლაპარაკობენ ხელოვნებისა და ტექნიკის ახალი კავშირის შესახებ.

ჰაიდეგერი _ ხელოვნება და ტექნიკა _ ეს უზარმაზარი პრობლემაა. ბერძნულ ხელოვნებაში უკვე იყო მოცემული ეს აზრი.

კორესპონდენტი _ თანამედროვე ხელოვნებაში იწყებენ კიბერნეტიკის გამოყენებას…

ჰაიდეგერი _ სიფრთხილე გვმართებს კიბერნეტიკასთან! მალე მიხვდებიან, რომ ეს არაა უბრალო საკითხი.

კორესპონდენტი _ ამბობენ, რომ არის ორი რამ, რაზეც თქვენ პასუხს არ იძლევით ხოლმე. ერთია კითხვა, თუ რაზე მუშაობთ ამჟამად. მეორეა ღმერთის პრობლემა.

ჰაიდეგერი _ მე მირჩევნია წაიკითხონ ჩემი თხზულებები.

კორესპონდენტი _ რატომ ცხოვრობთ ასე განდეგილად?

ჰაიდეგერი _ იმიტომ, რომ ვმუშაობ.

კორესპონდენტი _ თქვენ არ გიყვართ, როცა თქვენს შესახებ ლაპარაკობენ?

ჰაიდეგერი _ თქვენ გულისხმობთ დიდ არენაზე, თეატრში ან უსარგებლო ჭორების კარნავალში მოხვედრას, არა? ეს როდია მთავარი.

კორესპონდენტი _ თქვენ საბოლოოდ გაწყვიტეთ კავშირი საზოგადოებასთან?

ჰაიდეგერი _ მე ხშირად მეძახიან კონგრესებზე, კოლოქვიუმებზე და ზოგიერთ ოფიციალურ ცერემონიაზეც კი. იძულებული ვარ უარი ვუთხრა ყველას. მე წავიკითხე ჩემი უკანასკნელი ლექცია ხელოვნების შესახებ ათენში, სამხედრო გადატრიალებამდე ექვსი დღით ადრე. ჩემი მაშინდელი მსმენელების უმრავლესობა ალბათ ციხეშია. აქ კი მნახველები ხშირად მიკაკუნებენ კარზე. მე ვცხოვრობ განმარტოებულად, მაგრამ მარტოობა არ ნიშნავს გაბოროტებას.

კორესპონდენტი _ თქვენ სულ იმეორებთ, რომ დღეს ნამდვილი პრობლემები შეუმჩნეველი რჩება და მათ შესახებ სდუმან. თუ ფიქრობთ, რომ მომავალში დასვამენ ამ საკითხებს?

ჰაიდეგერი _ ვინ იცის, შეიძლება _ ორი ან სამი საუკუნის შემდეგ…

შენიშვნები:
1. `საკითხის დასმა~ ჰაიდეგერის ერთერთი საშუაგულო გამოთქმაა. ეს მისტიური ყაიდის და პოეტური სტილის მოაზროვნე `შეკითხვას~ უფრო აფასებს, ვიდრე `პასუხს~. ქვეყნიერება, ყოფნა საიდუმლოებითაა მოცული. ამიტომ ის შეკითხვის საგანია და ამ შეკითხვას ვერცერთი პასუხი ვერ ამოწურავს. პასუხში ქრება საიდუმლოება და იკარგება ის, რაც ყველაზე მთავარია `ყოფნაში~. ამიტომ ჰაიდეგერს ფილოსოფიის მთავარ საქმედ კითხვის სწორად დასმა მიაჩნია და არა ნათელი და გარკვეული პასუხის `დადება~.

2. `ფილოსოფია ყოველთვის არათანადროულია~. ხშირად ამას ისე განმარტავენ, თითქოს ფილოსოფია მომავალს ეხება; თითქოს ფილოსოფიაში გამოთქული აზრი მომავალშიღა გახდება გასაგები. ჰაიდეგერი ასე არ ფიქრობს. ფილოსოფია `არათანადროულია~ სხვა აზრით: ის ეხება მოვლენათა სიღრმეს და არა ზედაპირს, სადაც თანადროულობა ტივტივებს. ამიტომ ეს, დაახლოებით, იმ უძველესი აზრის გამეორებაა, რომლის თანახმადაც, ფილოსოფია არაა `პრაქტიკულად გამოსადეგი~, `აქტუალური~, `პოპულარული~ და ასე შემდეგ.

3. ჰაიდეგერის ერთერთი ცნობილი პარადოქსი! ჩვეულებრივ, ფიქრობენ, რომ ფილოსოფიამ ქვეყნიერება უნდა ნათელჰყოს, გასაგები გახადოს. ჰაიდეგერი კი ამბობს, რომ ნათელყოფა დამახინჯებაა. `პირველად იყო წყვდიადი~, რის გამოც სინათლე მისი დაფარვა და დავიწყებაა. ამიტომ ფილოსოფიამ სინათლე, პირიქით, უნდა გაფანტოს და საგნები უკანვე წყვდიადში ჩააბრუნოს, `გახადოს ისინი უფრო მძიმე, ძნელი, რთული…~.

4. ეს, დაახლოებით, იმას ნიშნავს, რომ ფილოსოფია სფეროა ჭვრეტისა და არა მოქმედებისა. ის მომდინარეობს არა აქტივობის, მოქმედების, არამედ შემეცნების წადილიდან, `სიბრძნის სიყვარულიდან~. ამიტომ ფილოსოფია, უბრალოდ, არ ეკუთვნის იმ არეს, სადაც ხალხი ფუსფუსებს, რაღაც იცვლება და ისტორია კეთდება. ფილოსოფია ამ ამაოებაზე მაღლა დგას და არც
გამოადგება ამაოების არქიტექტორებს, ცხოვრების მორევში ჩამდგართ.

5. მთავარი ფილოსოფიური კითხვა ჰაიდეგერმა ასე ჩამოაყალიბა: `რატომ არის არსებული და არა არარაობა?~. ეს ნიშნავს ეჭვის შეტანას არსებულის საზრისში, ყოფნის ღირებულებაში. ადამიანობა და მისი საწყისი _ აზროვნება სწორედ ამ ეჭვიდან და მისგან გამომდინარე ფილოსოფიური კითხვიდან იწყება. ვისთვისაც არსებობა ნათელი და გასაგებია, მას ჯერ აზროვნება და, მაშასადამე, ადამიანობა არ დაუწყია. ჰაიდეგერი ფიქრობდა, რომ სოკრატემდელი ფილოსოფოსები ამ კითხვით იყვნენ გამსჭვალულნი. მაგრამ სოკრატეს დროიდან არსებობას მიენიჭა გადამწყვეტი, ფუნდამენტური მნიშვნელობა, ხოლო არარაობა დავიწყებას მიეცა.

6. ჰაიდეგერის მორიგი პარადოქსი: თანამედროვე დასავლეთის ტექნიკა პირველ ბერძენ ფილოსოფოსთა პოეტური ფრაზებიდან გამომდინარეობს. ჰაიდეგერმა, ცხადია, იცის, რომ აქ არაა პირდაპირი კავშირი. ლაპარაკია ღრმა, შინაგან კავშირზე. პარმენიდემ, სიტყვაზე, არსებობა ცნებას გაუტოლა: საგანი ისაა, რაც საგნის ცნებაში იგულისხმება. აქედან კი მართლაც გამომდინარეობს ბუნების გამარტივება, მისი ჩანაცვლება `ხელოვნებით~, ადამიანის ნახელავით, ტექნიკით. ადამიანი გაექცა `ცოცხალ ბუნებას~ და დასახლდა `ქალაქში~, აისხა ცნებათა აბჯარი, მოირგო ტექნიკური აღჭურვილობა. იგი მოხერხებულად, მარჯვედ მოთავსდა ტექნიკურ გარემოში, სამაგიეროდ დაკარგა ბუნების `მადლი~.

7. ახალგაზრდობაში მარქსმა ჩამოაყალიბა 11 თეზისი ფოიერბახის შესახებ, სადაც მოცემულია მისი აზროვნების ფილოსოფიური განვითარების გეგმა. მერე მარქსმა პოზიცია შეიცვალა და თავისი გეგმაც არ განუხორციელებია. მეთერთმეტე თეზისში ის ამბობს, რომ `დღემდე ფილოსოფოსები მხოლოდ განმარტავდნენ ქვეყნიერებას, მთავარი კი მისი შეცვლაა~. როგორც ვხედავთ, ჰაიდეგერი არ იზიარებს ახალგაზრდა მარქსის ამ `მცნებას~. ის ამბობს, რომ ქვეყნიერებას ვერ შეცვლი მისი განმარტების გარეშე.

8. ბუნებისა და ისტორიის მოვლენათა განვითარების ჰეგელიანურ და მარქსისტულ გაგებას ჰაიდეგერი ფატალიზმსა და დეტერმინიზმს უწოდებს და არ ეთანხმება. წარსულსა და მომავალს შორის არაა აუცილებელი კავშირები. აუცილებლობა მხოლოდ ფორმულებშია, მაგრამ
არა დროში. სიტყვაზე, გუშინდელ დღესა და დღევანდელ დღეს შორის აუცილებელი კავშირი კი არაა, არამედ დროითი კავშირი; ისინი დროში მეზობლობენ. ჰაიდეგერმა აუცილებლობისადმი, კანონებისადმი რაციონალურ რწმენაზე მაღლა დროის საიდუმლო განცდა დააყენა.

9. `პლანეტარული ტექნიკის ერა~ ჰაიდეგერის ტერმინია. ასეთ ერად გერმანელ ფილოსოფოსს მიაჩნდა არა წარსული, ან თუნდაც აწმყო, არამედ მომავალი. აი ამ აზრ-გაგებით ამბობს ის, რომ მომავალია მთავარი. ხოლო ამ ერის ფუძის ჩამყრელად მას დეკარტი მიაჩნია, ვინც ბუნება გაიგო `მანქანად~ და მათემატიკური აზროვნება _ შემეცნების უმაღლეს სახეობად.

10. იგულისხმება: ტექნიკის შეფასება კი არაა მთავარი, არამედ _ მისი შემეცნება. ტექნიკის ძაგება ან მისით აღტაცება მხოლოდ ხელს უშლის მის შემეცნებას.

11. საგნის შესახებ `კითხვის დასმა~ ნიშნავს ამ საგნის არსებობაში შეეჭვებას და მისი საფუძვლების მოძიებას. აქ მთავარი სიახლე მაინც ისაა, რომ `საგნის საფუძვლები~ ჩვენივე აზრი აღმოჩნდება და მისი შეცვლით ჩვენ ვცვლით თვითონ საგანს. ჰაიდეგერი ამას უწოდებს ახალი გზის გაჭრას. ის, რასაც რეალობა ეწოდება და რის მორჩილებასაც ჰეგელი ასწავლიდა, მხოლოდ ერთერთი გზაა მოვლენათა განვითარებისა. შეიძლებოდა რეალობა სულ სხვაგვარი ყოფილიყო. `კითხვის დასმა~ სწორედ ახალი გზის გაყვანაა, ახალი რეალობის შექმნაა. სიტყვაზე, ჩვენ კითხვას ვსვამთ საქართველოს შესახებ. ეს ნიშნავს მისი დღევანდელობის მიზეზთა ნათელყოფას, ახალი მიზეზების შექმნის და `ახალი საქართველოს~ მიღების შესაძლებლობას.

12. თანამედროვე ტექნიკის თვითმპყრობელურ ძალას ჰაიდეგერი, უპირველეს ყოვლისა, იმაში ხედავს, რომ ის გვართმევს ტექნიკის `არსებითად გააზრების~ უნარს. ტექნიკის `არსებითად გააზრებით~ კი თავს დავაღწევდით ტექნიკისადმი მონობას. მაგრამ ტექნიკა ისე შემოგვეხვია, რომ ვერ ვახერხებთ მისგან განაპირებას და რაღაც მანძილიდან შეხედვას, გონს მოსვლას, `არსებითად გააზრებას~. საინტერესოა შედარებაც ხელოვნებასა და ესთეტიკასთან. ესთეტიკა ხელოვნების ქმნილების ტექნიკური ანალიზია; ესე იგი, ისიც ტექნიკის ნაწილია და ხელს გვიშლის ხელოვნების აღქმაში.

13. გერმანელი პოეტი ჰოლდერლინი ჰაიდეგერის განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა. მისი ფრაზების განმარტება ფილოსოფოსის საგანგებო მეთოდად იქცა. ჰაიდეგერი ჰოლდერლინს `მწირი ეპოქის~ პოეტად თვლიდა; ეპოქისა, როცა სინამდვილე რაციონალურ გამოსახულებათა გროვად გადაიქცა და სიტყვას, გრძნობად შემეცნებას აღსასრულის ჟამი დაუდგა. გერმანელი პოეტი ამ ვითარებას ღრმად განიცდიდა და ცდილობდა სიტყვის საიდუმლოების, გრძნობადი შემეცნების ბერძნული კულტურის გადარჩენას. ამით მიიპყრო მან ჰაიდეგერის ყურადღება.

14. თანამედროვე ეპოქას ჰაიდეგერი განსაკუთრებული მნიშვნელობის ეპოქად მიიჩნევდა და ამ განსაკუთრებულობის დასტურად ნიცშეს აღნიშნული ფრაზა მოჰყავდა. ამ ფრაზაში `ჭეშმარიტება~ გაგებულია ქრისტიანული მნიშვნელობით _ ვითარცა მოყვასისადმი სიყვარული და თანაგრძნობა. თანამედროვე ეპოქის დედაარსს ნიცშე ხედავდა ამ ქრისტიანული ჭეშმარიტების უარყოფაში _ ადამიანი სწავლობს უღმერთოდ ცხოვრებას და იქცევა ზეკაცად. მიმდინარეობს `ადამიანის გადალახვის~, `ზეკაცად~ მისი ქცევის ისტორიული პროცესი. ამ პროცესისთვის მხარდაჭერა ნიცშეს მიაჩნდა უაღრესად სარისკო გადაწყვეტილებად, ცეცხლთან თამაშად, რომელშიც შეიძლება კაცობრიობა დაიღუპოს. მაგრამ ის ანტიკური ტრაგედიის გმირივით ეგებება განსაცდელს, წინ არ აღუდგება ბედისწერას.

15. ჰაიდეგერის მორიგი სკანდალური პარადოქსი! ბერძნული ფილოსოფიის გარიჟრაჟიდან მომდინარეობს მეცნიერების გაგება უმაღლეს აზროვნებად. ჰაიდეგერი კი მეცნიერებასა და აზროვნებას ერთმანეთისგან წყვეტს _ `მეცნიერება არ აზროვნებს!~. გერმანელი ფილოსოფოსი იმას გულისხმობს, რომ მეცნიერების ანტიკური გაგება ძირფესვიანად შეიცვალა დასავლურ კულტურაში. საბერძნეთში `მეცნიერება აზროვნებდა~, რადგან ის იყო არსებობის საფუძვლების შემეცნება, `თავისუფალი ჭვრეტა~. ახალ დროში კი მეცნიერებამ უარი თქვა ამ დიდ ამოცანაზე, ჭეშმარიტების შემეცნებაზე, და გეზი აიღო სარგებლიანობისკენ, იქცა ბუნების დაპყრობის ტექნიკურ ინსტრუმენტად. ჰაიდეგერი პარადოქსულად შენიშნავს: ამით მეცნიერებამ უარი თქვა აზროვნებაზე, სამაგიეროდ დაადგა კვლევისა და წინსვლის გზას.

16. თუ ღრმად ჩავუკვირდებით, ეს არც ისე ახალი აზრია. ოცდაექვსი საუკუნის წინათ ჩინელი ბრძენი ლაო-ძი ჰქადაგებდა, რომ ყველა უბედურების სათავე მოქმედებითობაა. ადამიანმა აღვირი უნდა ამოსდოს მოქმედებითობის დემონს და აზროვნებით დაინთქას საკუთარი ცნობიერების წიაღში. დიახ, ეს არაა ახალი აზრი, მაგრამ მოქმედებითობის კვიატით შეპყრობილ დასავლურ ცივილიზაციას იგი სრულიად უცხოდ მოეჩვენა.

17. აქაც მეორდება ფილოსოფიისა და ფილოსოფოსის `არათანადროულობის~ ზემოხსენებული მოტივი. ფილოსოფოსი არასოდეს არ ეკუთვნის აწმყოს; ოღონდ არა იმიტომ, რომ
`შორეული მომავლის~ მკვიდრია. შორეულ მომავალს არავითარი უპირატესობა არა აქვს შორეული წარსულის მიმართ _ შორეული მომავალი შორეული წარსულის განმეორებაა. ფილოსოფოსი არ ეკუთვნის აწმყოს ერთადერთი მიზეზით _ ის ეკუთვნის `მარადისობას~. ცალკე განმარტების საგანია ის, რომ მარადისობა ჰაიდეგერს ესმის მითოსურად _ დროსთან შინაგან კავშირში. არა პლატონურად, ან ჰეგელივით _ დროისგან დამოუკიდებელ საგნად. დროში გახვეულ ამ `მარადისობას~ ჰაიდეგერი `ყოფნას~ უწოდებს. ესაა არსებობის უპირველესი და უღრმესი მდგომარეობა, როცა სუბიექტი და ობიექტი ჯერ კიდევ არ დაპირისპირებია ერთმანეთს. `ღმერთები~ და `ღმერთი~ მხოლოდ მოგვიანო მოვლენებია. ისინი ადამიანის განვითარებისა და დაცემის მაუწყებელია. ამ აზრ-გაგებით, ნებისმიერი განვითარება დაცემაცაა, რაიც ღერძია ადამიანის ცხოვრების პარადოქსისა.

18. აქ აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ორი რამ: სხვისი აზრების გამოყენება და სხვისი აზრების მოპარვა. ყველა მოაზროვნე იყენებს სხვის აზრებს. ეს აზრები აღვიძებს მის გონებას, ფანტაზიას და
უბიძგებს ახალი აზრისკენ. ეს ახალი აზრი, ნაწილობრივ, სხვისი გამეორებაცაა. ამ აზრ-გაგებით, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი შემოქმედება ძველის თავისებური განმეორებაა: `არაფერია ახალი ცისქვეშეთში~. ამ კანონზომიერების აღიარება უჭირთ შემოქმედ ადამიანებს. ისინი საგანგებოდ გახაზავენ ხოლმე თავიანთ განსხვავებას სხვებისგან და ჩრდილში ტოვებენ მსგავსებას. ეს მათს ადამიანურ სისუსტეებს უნდა მივაწეროთ. არადა სულაც არაა საჭირო სხვებთან მსგავსების უარყოფა, რადგან ეს მსგავსება არ ნიშნავს სხვისი აზრების მოპარვას და საკუთარი ინდივიდუალობის დამცირებას. საკუთარ აზრად უნდა ჩაითვალოს არა ის აზრი, რომელიც მანამდე არავის უთქვამს, არამედ სხვანაირად და დამაჯერებლად გამოთქმული აზრი. მოპარული აზრი სხვაა: ის გადმოტანილია ისევე, როგორც გამოთქმულია სხვის მიერ, და მითვისებულია.

19. ყველაფერი, რაც ჰაიდეგერს უკავშირდება, პარადოქსითაა სავსე. ერთერთი ისაა, რომ ეს ყველაზე ბუნდოვანი ფილოსოფოსი ყველაზე პოპულარული გახდა სიცოცხლეშივე. წესით, მისი დრო გვიან უნდა დამდგარიყო. ჩარლ ჩაპლინი ხუმრობდა, რომ აინშტაინს ტაშს უკრავენ მისი გაუგებრობის გამო. ჰაიდეგერის შემთხვევაშიც ზუსტად იგივე ვითარება გვაქვს.

20. ჰერბერტ მარკუზე (1898_1979) _ აშშში მოღვაწე გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი, ჰაიდეგერის მოწაფე ფრანკფურტში. განიცადა ჰაიდეგერის, ჰეგელის, მარქსისა და ფროიდის გავლენები. ამტკიცებდა, რომ თანამედროვე ადამიანი გახდა `ერთგანზომილებიანი~, ანუ გარედან მართვადი, რის გამოც მან დაკარგა მოვლენათა კრიტიკული შეფასების უნარი. შეიძლება ვთქვათ: მარკუზემ სოციოლოგიური გემოვნებით გაშალა ჰაიდეგერის
მეთაური აზრები თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის შესახებ. მაგალითად, იდეა, რომ თანამედროვე ადამიანი ჩაითრია და დათრგუნა მის მიერვე შექმნილმა ტექნიკამ, გამოიყურება
ჰაიდეგერის აზრის გაშლად. უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ თანამედროვე ტოტალიტარიზმი ტექნიკის აღვირახსნილი ბატონობაა ადამიანზე; რომ ადამიანი დაექვემდებარა მისივე ფაბრიკაციების უგუნურ ლოგიკას.

21. ჰაიდეგერი ეკუთვნის იმ მოაზროვნეებს, ვინც აპირისპირებენ ახალგაზრდა მარქსს და მოწიფულ მარქსს. ახალგაზრდა მარქსის ყურადღების მთავარი საგანი ადამიანია; მოწიფულ მარქსს კი აღარ სწამს ადამიანისა და იგი `საზოგადოებრივ ურთიერთობათა ანსამბლად~ ესმის. ამიტომ მისი ინტერესის საგანიც საზოგადოებაა. ჰაიდეგერის განსაკუთრებულ სიმპათიებს ახალგაზრდა მარქსი იმსახურებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ეს ორი მოაზროვნე არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ახალგაზრდა მარქსს ქვეყნიერება ადამიანის ასპარეზად ესმის, ჰაიდეგერს კი ადამიანზე მაღლა `ყოფნა~ ეგულება.

22. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ჰაიდეგერს `სოციალიზმი~ და `ამერიკანიზმი~ ერთი რიგის მოვლენებად მიაჩნია _ ისინი `პლანეტარული ეპოქის~ ეგზემპლარებია. მაგრამ `ამერიკანიზმი~ უფრო ძლიერად გამოხატავს ტექნიკის აღვირახსნილ ბატონობას ადამიანზე, ვიდრე `სოციალიზმი~. ამიტომ `პლანეტარული ტექნიკის ეპოქის~ დასასრული, უპირველეს ყოვლისა, `ამერიკანიზმის~ დასასრული იქნება. `სოციალიზმი~ კი უფრო გამონახავს საერთო ენას მომავალთან.

23. ჟან-პოლ სარტრი (1905-1980) _ ფრანგული ეგზისტენციალიზმის ყველაზე აღიარებული წარმომადგენელი. განიცადა ჰაიდეგერის გავლენა. უკანასკნელის აზრი, რომ ადამიანი თავისივე შესაძლებლობაა, სარტრმა სახელმძღვანელო დებულებად აიღო და ადამიანი ამ შესაძლებლობიდან თავისი თავის შემქმნელად გაიგო. ჰაიდეგერი აპროტესტებს: ადამიანი რჩება
შესაძლებლობად და მას არ ძალუძს თვითონ შექმნას საკუთარი თავი.

24. მშვენიერი მეტაფორა: `აზრს რამდენადმე მარტოობა უყვარს; როცა გადახვევას მოუნდომებ, გაგირბის!~. ეს ნიშნავს, რომ არცერთი დიდი აზრი პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ის მეტია, ვიდრე ჩანს. აზრი არ არის გამოსახულების გარეშე, მაგრამ ვერ ეტევა მასში. ასევე ვერ ეტევა მუსიკა ნოტებში. ამიტომ აზრი ღრმად სიმბოლურია და მითოსში უფრო ლაღად სუნთქავს, ვიდრე რაციონალურ აბჯარში.

25. ჰაიდეგერს სწყინს, როცა მის ამა თუ იმ ისტორიულ ნაბიჯს, ვთქვათ, ნაცისტებთან თანამშრომლობას  შეახსენებენ. ფილოსოფოსს აღემატება მისივე ფილოსოფია. ფილოსოფოსი შეიძლება ორგანიზაციაში აღმოჩნდეს, მაგრამ მისი ფილოსოფია ორგანიზაციაში ვერ მოექცევა. ამიტომ ფილოსოფოსი უნდა შეფასდეს არა მისი ბიოგრაფიული ქრონიკებით, არამედ გამოთქმული აზრებით. ამის დასტურად ჰაიდეგერი იმოწმებდა ხოლმე პოლ ვალერის მშვენიერ ფრაზას: `როცა ვერაფერს აკლებენ აზრს, ებრძვიან მოაზროვნეს~.

26. ჰაიდეგერი განავითარებს ზემოხსენებულ მრწამსს _ აზრი იდუმალია და არ ექვემდებარება გარკვეულობას, ერთმნიშვნელოვან გამოსახვას. ამის საილუსტრაციოდ ზღვრულ შემთხვევას იღებს: თვითონ ჰაიდეგერიც კი ვერ გამოხატავს ჰაიდეგერის აზრს! აი ამ აზრით არ არსებობს ჰაიდეგერის ფილოსოფია. ხოლო ჰაიდეგერს ყველაზე კარგად ის გაიგებს, ვინც ჰაიდეგერს არ დაეთანხმება. ამაზე დიდი `დაოისტური თავმდაბლობა~ თუ `ფილოსოფიური ლიბერალიზმი~ ძნელი წარმოსადგენია. ფილოსოფიაში მუდამ დევს `ლიბერალიზმი~ და ჰაიდეგერი მშვიდად ემორჩილება მას.

27. ჰაიდეგერი გადაჭრით ეწინააღმდეგება `ფილოლოგიზმებს~ ანუ, როგორც ნიცშე უწოდებდა, `ალექსანდრიულ სულისკვეთებას~ ფილოსოფიაში. `ფილოლოგიზმი~, `ალექსანდრიული სულისკვეთება~ ნაწილებად შლის ცოცხალ აზრს და ამით ამკვიდრებს შეხედულებას, თითქოს აზრი ამ ნაწილებისგანაა შემდგარი. ეს აზროვნების მკვლელობაა. ყველგან და ყველაფერში მთავარია ის, რაც ნაწილებად აღარ დაიშლება და ნაწილებიდან ვერ ააწყობ. ამ აზრით, ჰაიდეგერი უარყოფს `რაციონალიზმს~ და ინტუიციის, უშუალო წვდომის მომხრეა `შემეცნების თეორიაში~.

28. თავის პირველ ფუნდამენტურ თხზულებაში `ყოფნა და დრო~ ჰაიდეგერი ცდილობდა `ყოფნა~ გაეგო `დროის~ საშუალებით. სიტყვაზე, საკითხი `რა არის საგანი~ უნდა გადაწყდეს ამ კითხვის საზრისის გაგებით. ეს წმინდა ფენომენოლოგიური გზაა. ცოტა მოგვიანებით, ნაშრომში `ჭეშმარიტების არსისთვის~ ჰაიდეგერის მიდგომა იცვლება. პირიქით, `დრო~ უნდა გავიგოთ `ყოფნიდან~. კერძოდ, ადამიანი უნდა გავიგოთ მასზე მაღლა მდგომი საიდუმლოდან. ჰაიდეგერი თავს ანებებს `სისტემურ~ აზროვნებას და ცდილობს დიდი პოეტური ფრაზების განმარტებით გაიკაფოს გზა სინამდვილისკენ. ჰაიდეგერი ეწინააღმდეგება ამ ორი გზის
დაპირისპირებას ერთმანეთთან და ამბობს, რომ პირველი გზა შეიცავდა და ამზადებდა მეორეს.

29. ჰაიდეგერი აღნიშნავს თანამედროვე საუნივერსიტეტო კრიზისს დასავლურ კულტურაში და ცდილობს დაუპირისპიროს მას `სოკრატული დიალოგების~ ერთგვარი აღორძინება. დასავლური ცივილიზაცია და მისი უნივერსიტეტები მიეჯაჭვნენ მოვლენათა ზედაპირს და ცდილობენ გონების გაწვრთნას გამოთვლის, აღრიცხვის, სტატისტიკის მიმართულებით. ამით ხელი ეწყობა კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას, რადგან ყოველი კრიზისი აზროვნების დავიწყებიდან მომდინარეობს. ადამიანი უნდა გამოვიდეს სტატისტიკის მტვრიდან და შეისუნთქოს აზროვნების სუფთა ჰაერი. მან უნდა ისწავლოს აზროვნება. მაგრამ ზედაპირზე მიბმულ ცნობიერებას აზროვნება `აბსტრაქციებში ჩაძირვად~ ეჩვენება. ეს ადამიანის დაცემაა, რაც პლატონმა შთამბეჭდავად დახატა `გამოქვაბულის მითში~. პლატონის გარჩევისას ჰაიდეგერი ვრცლად განმარტავს ამ მითის საკაცობრიო მნიშვნელობასა და შინაარსს.

30. ჰაიდეგერი გამოირჩევა სიტყვისადმი განსაკუთრებული მგრძნობიარობით. მას აფრთხობს გაცვეთილი სიტყვები და ვერ ბედავს მათ გამოყენებას ახალი აზრების გამოსახატავად. შეიძლება გაგვახსენდეს ქრისტეს სიტყვები: ახალი ღვინო ძველ ტიკებს დახეთქავს! დიახ, ჰაიდეგერი ერიდება სიტყვებს `ჭეშმარიტება და მცდარობა~ და ხშირად მათ ნაცვლად მოიხმარს სიტყვებს `ღრმა და ზედაპირული~. აი ეს ცვლილება ჰქმნის პარადოქსს: `ვინც ღრმად აზროვნებს, ღრმადაც ცდება~. მთავარია ღრმად იაზროვნო. ასეთ შემთხვევაში `შეცდომაც~ ისევე ღირებულია, როგორც `ჭეშმარიტება~. სინამდვილეში მათ შორის განსხვავება პირობითია. ისინი ერთი და იგივეა.

31. საუბარია ზემოხსენებულ კაზუსზე: ჰაიდეგერი მიემხრო ნაცისტურ რეჟიმს და იკისრა ფრაიბურგის უნივერსიტეტის რექტორობა ნაცისტების ხელდასხმით. ათ თვეში იგი გადადგა რექტორობიდან, მაგრამ არაკეთილმოსურნეებმა ხელზე დაიხვიეს ეს შემთხვევა _ რაკი აზრს ვერაფერი დააკლეს, მოაზროვნეს დაესხნენ თავზე. ფილოსოფოსი ნაწყენია თანამემამულეებზე, ხოლო მადლობას გამოთქვამს ფრანგების მისამართით. მათ მეტი გულისხმიერება და დიდსულოვნება გამოიჩინეს ამ შემთხვევაში.

32. ჰაიდეგერის ფილოსოფიას ხშირად ამსგავსებენ აღმოსავლურ აზროვნებას. გულისხმობენ ამ ფილოსოფოსის განდგომას დასავლური `სუბიექტივიზმისგან~ ანუ სუბიექტის აქტივობის პრინციპისგან და აზროვნების რაციონალური სტილისგან; შესაბამისად _ უპირატესობის მინიჭებას უქმობისა და ჭვრეტისთვის, აგრეთვე _ აზროვნების ფრაგმენტული და პოეტური სტილისთვის.

33. ჰაიდეგერს ფილოსოფიად მიაჩნია ეპოქაზე მაღლა მდგომი აზროვნება. ხოლო თუ აზროვნება  ეპოქის ნაწილია, მას არ ძალუძს ამ ეპოქის მიუკერძოებელი შემეცნება და შეფასება. ამიტომ ის არც ჩაითვლება ფილოსოფიად. `ტოდტნაუბერგელი განდეგილი~ დარწმუნებული იყო, რომ თითქმის მთელი თანამედროვე ფილოსოფია, ძირითადად, `პლანეტარული ტექნიკის~ ინსტრუმენტად რჩება და ამიტომ არცაა ყურადღების ღირსი.

წყარო: ჟურნალი “საგურამო”

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

One Comment

კომენტარის დამატება

Back to top button