ესესაკითხავი

ლელა ოჩიაური – მიხეილ ჭიაურელის სტალინის ტრილოგია და ღმერთ(ებ)ის დაღუპვა

ლელა ოჩიაური, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

საერთო პროპაგანდისა და საბჭოთა ხელოვნების წყალობით, სტალინის მითი „დიად მეგობარსა და ბრძენ მასწავლებელზე“ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყებს შექმნას. მის კანონიზაციაში ერთერთი უმთავრესი როლი კინემატოგრაფმა ითამაშა. სტალინის კულტი 1930-1950-იანი წლების ფენომენი იყო. მის ასეთ გაძლიერებას, გამყარებას, „რეალობად“ ქცევას ბევრმა ფაქტორმა, მაგრამ, პირველ რიგში, მაინც საბჭოთა კინორეჟისორებმა და მათგან, გამორჩეულად, მიხეილ ჭიაურელმა შეუწყვეს ხელი.

რეჟისორმა, რომელიც ისევე აღზევდა და ბოლოს ისევე დაეცა, როგორც მისი მონაწილეობით შექნილი „ბელადის ხატი“ და შემდეგ, სსრკ, რომლის ისტორიაც სტალინმა და ჭიაურელმა მის (სტალინის) პირად ისტორიად აქციეს. ჭიაურელი საბჭოთა კინოში სტალინის კულტის მთავარ შემქმნელადაა აღიარებული, „სტალინური ტრილოგიის“ საფუძველზე, თუმცა ფილმების რაოდენობა მეტი იყო.

სტალინის მითოლოგიზაციის კამპანია 1934 წელს, პარტიის მე-17 ყრილობის წინ იწყება. ყრილობის, რომელიც ორი სახელწოდებითაა ცნობილი _ „გამარჯვებულთა ყრილობა“ და „დახვრეტილთა“, რომლის მონაწილეთა უმეტესობა დიდი ტერორის წლებში დახვრიტეს.

ფრანგი კრიტიკოსი ანდრე ბაზენი ნაშრომში „სტალინის მითი საბჭოთა კინოში“ წერს: „ცხადია, რომ ამ კონტექსტში არ შეიძლება ჯეროვნად არ შეფასდეს სტალინის კინემატოგრაფიული სახის მნიშვნელობა. მასში ხაზგასმულია, რომ ამიერიდან სტალინი მთლიანად იდენტიფიცირებულია ისტორიასთან, რომ აქ არ აღმოცენდება სუბიექტურობასთან დაკავშირებული რაიმე წინააღმდეგობა. ეს ფენომენი შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმით, რომ სტალინმა საკმარისად დაამტკიცა პარტიისადმი ერთგულებაც და თავისი გენიალურობაც. მისი ღალატის ჰიპოთეზაც კი იმდენად წარმოუდგენელია, რომ სტალინის სიცოცხლეშივე შეიძლება მის მიმართ ისეთი დამოკიდებულების გამოჩენა, როგორსაც დაღუპული გმირის მიმართ ვიჩენთ. ლენინის მუმიფიკაციით, მავზოლეუმის შექმნითა და სტალინის ნეკროლოგით „ლენინი ცოცხალია“ ამ დასასრულის დასაწყისი აღინიშნა. მაგრამ ლენინის ნეშთის ბალზამირება არანაკლებ სიმბოლურია, ვიდრე სტალინის მუმიფიცირება კინოში. ეს მუმიფიკაცია ნიშნავს, რომ სტალინის დამოკიდებულებაში საბჭოთა პოლიტიკასთან არ დარჩა არაფერი შემთხვევითი და, ბოლომდე რომ ვთქვათ ჩვენი სათქმელი, – არაფერი ისეთი, რაც აღინიშნება სიტყვით „ადამიანური“. ადამიანი და ისტორია – მოცემულ შემთხვევაში განვლილი ეტაპია. სტალინი თავადაა ხორცშეხმული ისტორია“.1

სტალინიანას საფუძვლად დაედო თეზისი _ „სტალინი _ ეს ლენინია დღეს“, რევოლუციის სხვა ბელადებისა და იდეოლოგების სახელები _ ზინოვევი, კამენევი, ბუხარინი, ტროცკი _ ხალხის მტრებად იყვნენ გამოცხადებული, გზიდან ჩამოშორებული და ბუნებრივია, ისტორიის შექმნაში არ მონაწილეობდნენ. მის განვითარებას უშლიდნენ ხელს. ცნობილია, რომ თავისი ეკრანული სახეებისა და ზოგადად ბიოგრაფიის (საიმიჯო-პროპაგანდისტული) შექმაზე სტალინი ბევრს მუშაობდა, ასწორებდა ტექსტებსა და სცენარებს. მოკლედ, თავადვე ქმნიდა „სტალინის მითს“.

picture2

პირველი ფილმი ლენინსა და სტალინზე იყო მიხაილ რომის „ლენინი ოქტომბერში“ (1937). 1938 წელს ასევე ლენინსა და სტალინზე მიხეილ ჭიაურელმა გადაიღო „დიადი განთიადი“. სტალინი ყველა ეპიზოდში, ანუ ისტორიის ყველა პუნქტში, ლენინის თანასწორუფლებიანი მონაწილეა, თან მონუმენტური ფიგურაა, ნახევრადღმერთი, ან ღმერთკაცი. ლენინი (როგორც სხვა, წინამორბედ თუ მომდევნო ფილმებში) უფრო ადამიანურია, უფრო უშუალო და უბრალო. შემდეგ ფილმებში ლენინი ნელ-ნელა მეორე პლანზე ინაცვლებს. იყო ეს ასე ისტორიულად თუ არა, მისი სიკვდილის შემდეგ, სტალინი ერთპიროვნულ ლიდერად რჩება. იმავე, 1938 წელს, სტალინის რედაქციით გამოდის „საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის მოკლე კურსი“, რომელიც საბოლოოდ ამტკიცებს სტალინის პერიოდის ისტორიოგრაფიულ კანონს: რევოლუციის ისტორია ლენინ-სტალინის პარტიისა და „მოღალატეებთან“ ბრძოლის ისტორია ხდება.

„…ვინ, თუ არა პარტიამ და მისმა ბელადმა სხვაზე უკეთ იციან, თუ როგორი ხელოვნება გვჭირდება? ხომ სწორედ პარტიას მივყავართ მარქსიზმ-ლენინიზმის მიზნისკენ, ხომ სწორედ ის ცხოვრობს და შრომობს ღმერთთან მუდმივი კავშირით. აქედან გამომდინარე, მისი და მისი წინამძღოლის სახით ჩვენ გვყავს გამოცდილი და ბრძენი დამრიგებელი, კომპეტენტური ყველა სფეროში _ წარმოების, ლინგვისტიკის, მუსიკის, ფილოსოფიის, ფერწერის, ბიოლოგიისა და ა.შ. იგი ჩვენი მხედართმთავარიცაა, და მმართველიც, უზენაესი ქურუმი, რომლის სიტყვებში დაეჭვება ისეთივე ცოდვაა, როგორც ღმერთში ეჭვის შეტანა“. (2).

ყველა სხვა ისტორიულ ფილმი სტალინის სიკვდილამდე აზუსტებდა და ავითარებდა მის მიერ დამტკიცებულ მეტასიუჟეტს. ასე იძენს საბჭოთა კინო _ „ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებათა შორის“ _  ჟამთააღმწერლის უნიკალურ სტატუსს, რომლის მიხედვითაც მითს დოკუმეტის სტატუსი ენიჭებოდა და გამონაგონი ეჭვგარეშედ იქცეოდა.

მკვეთრი საავტორო სტილის მიუხედავად, ჭიაურელის სტალინიანა ასევე მკვეთრად გამოხატული სოცრეალიზმის იდეალური ნიმუშია. სოცრეალიზმი, როგორც საბჭოთა კინოს ისტორია, არა მხოლოდ მხატვრული მეთოდია, არამედ მხატვრის უნარი _ არაწინააღმდეგობრივად შეათავსოს მითები რეალობასთან და ისაუბროს პოლიტიკის ენაზე.

ლიტერატურისმცონდე, მწერალი, კრიტიკოსი ანდრეი სინიავსკი (ფსევდონიმი აბრამ ტერცი), გახმაურებულ წერილში „რა არის სოციალისტური რეალიზმი“ (1957) წერს: „რა არის სოციალისტური რეალიზმი? რას ნიშნავს ეს უცნაური, ყურისმომჭრელი თანაფარდობა? განა არსებობს რეალიზმი სოციალისტური, კაპიტალისტური, ქრისტიანული, მუსლიმური? და არსებობს კი ბუნებაში ეს ირაციონალური ცნება? იქნებ არც არსებობს? იქნებ მხოლოდ სიზმარია, შეშინებულ ინტელიგენტს რომ ეზმანა სტალინის დიქტატურის ბნელ, ჯადოსნურ ღამეს? ჟდანოვის უხეში დემაგოგია თუ გორკის მოხუცისებური ახირება? ფიქცია, მითი, პროპაგანდა? მსგავსი კითხვები, ხშირად ჩნდებიან დასავლეთში, ცხოველ კამათს იწვევენ პოლონეთში, ჩვენს წრეშიც მიდი-მოდიან, აღაგზნებენ მოქმედ ტვინებს, ეჭვისა და კრიტიკანობის მკრეხელობაში ვარდებიან. ამასობაში კი, მილიარდობით ნაბეჭდი ფურცელი, ფირისა და ტილოს კილომეტრები, საათები ასწლეულებით ითვლიან სოციალისტური რეალიზმის პროდუქციას. ათასობით კრიტიკოსი, თეორეტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პედაგოგი თავს იმტვრევენ, ხმებს ძაბავენ, რათა დაასაბუთონ, ახსნან და გამოარკვიონ მისი მატერიალისტური არსი და დიალექტიკური ყოფიერება. და თვით სახელმწიფოს მეთაური, ცკ-ს პირველი მდივანი წყდება გადაუდებელ სამეურნეო საქმეებს, რომ გამოთქვას მოსაზრება ქვეყნის ესთეტიკურ პრობლემებზე. სოციალისტური რეალიზმის ყველაზე ზუსტი განსაზღვრებაა მოცენული საბჭოთა მწერლების კავშირის წესდებაში: სოციალისტური რეალიზმი წარმოადგენდა საბჭოთა მხატვრული ლიტერატურისა და ლიტერატურის კრიტიკის ძირითად მეთოდს, რომელიც
მხატვრისგან მოითხოვს სინამდვილის დამაჯერებელ, ისტორიულ-კონკრეტულად ასახვას მის რევოლუციურ განვითარებში. ამასთან, მხატვრული გამოსახულების დამაჯერებლობა და ისტორიული კონკრეტულობა უნდა ეთანხმებოდეს „მშრომელთა იდეური გარდაქმნის ამოცანას სოციალიზმის სულისკვეთებით“. ეს უწყინარი ფორმულა წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომელზეც სოციალისტური რეალიზმის მთელი შენობაა
აგებული“.1

მიხეილ ჭიაურელი - Mikheil Chiaureli

მეორე მსოფლიო ომამდე მიხეილ ჭიაურელს სტალინის შესახებ პირველი ფილმი „დიადი განთიადი“ ჰქონდა გადაღებული. ომის პერიოდში იგი „გიორგი სააკაძეს“ იღებს, რომელიც, შეიძლება ითქვას, ასევე სტალინს ეძღვნება _ გიორგი სააკაძის სახე სტალინის მითის კიდევ ერთი წახნაგია. მითის შექმნა ომის შემდეგაც გრძელდება (უფრო ზუსტად, ღრმავდება) ფილმებში _ „ფიცი“ (1946, თბილისის კინოსტუდია), „ბერლინის დაცემა“ (1949, „მოსფილმი“) და „დაუვიწყარი 1919“ („მოსფილმი“) _ აქედან ორი უშუალოდ ომს ეძღვნება, მესამე _ წარსულში _ დასაწყისში აბრუნებს ისტორიას. მითოლოგიზაციისთვის შეიქმა სტალინის ხატი, რომელიც ფორმულებში _ „უბრალო დიდი ადამიანი“ და „სტალინი _ ეს ლენინია დღეს“ _ მოექცა.

„…ჩვენ დაუფარავად გვაგრძნობინებენ, რომ სტალინი დაჯილდოებულია ისეთი თვისებებით, რომლებსაც ფსიქოლოგიურს კი ვერ უწოდებ, არამედ ონტოლოგიურს: ესაა ყველაფრის ცოდნა და უცოდველობა. რუქის ან ტრაქტორის ძრავისთვის თვალის ერთი გადავლება საკმარისია იმისთვის, რომ მოიგოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა ან უშეცდომოდ დაადგინოს, რომ ტრაქტორის რაღაც ნათურა გაჭუჭყიანდა.

ვერავითარი სხვა რაციონალური კონსტრუქცია უფრო მეტად ვერ დააკმაყოფილებდა პროპაგანდის მოთხოვნებს. სტალინი ზეკაცია… ახლა არ შევუდგები კამათს იმის თაობაზე, მარქსისტულია თუ არა ზეკაცის იდეა – ეს მოცემული წერილის ფარგლებს სცილდება. თავს უფლებას მივცემ აღვნიშნო _ ყველა მითი – „აღმოსავლურიცა“ და „დასავლურიც“ _ ესთეტიკური თვალსაზრისით ერთნაირად ფუნქციონირებს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით სტალინსა და ტარზანს შორის განსხვავება ისაა, რომ უკანასკნელისადმი მიძღვნილ სურათებს არ აქვთ დოკუმენტური სიზუსტის პრეტენზია. თუკი ჯერ ცოცხალ სტალინს შუძლია გახდეს ფილმის გმირი, მაშასადამე იგი გააზრებულია არა ჩვეულებრივი ადამიანური არსების მასშტაბებში, არამედ მასზე ვრცელდება განსაკუთრებული ცოცხალი ღმერთებისა და გარდაცვლილი გმირებისათვის დამახასიათებელი ტრანსცედენტურობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ფიზიოლოგია დასავლეთელი ვარსკვლავების ფიზიოლოგიის მსგავსად ფუნქციონირებს. ორივე შემთხვევაში ეს სცილდება ფსიქოლოგიის ჩარჩოებს, ამგვარად ნაჩვენები სტალინი არ მოგეჩვენებათ და არც შეიძლება მოგეჩვენოთ ჭკვიან კაცად, „გენიალურ“ ბელადად – ის თავად ღმერთია, ხორცშესხმული ტრანსცედენტურობაა, ამიტომაცაა შესაძლებელი მისი ეკრანული სახის შექმნა მისი რეალური არსებობის პარალელურად.

იგი არაფერში ავლენს თავს, როგორც უბრალო მოკვდავი, ჩვენ არაფერს ვიგებთ მის ხასიათზე, ფსიქოლოგიაზე, პიროვნებაზე (ეს თვისებები ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ ჩაპაევს ძმები ვასილიევების ფილმში და პეტრე პირველს პეტროვის სურათში), აქ აღარ აქვს ადგილი ამ ეგზისტენციალურ კატეგორიებს და ყველაფერი რაღაც თეოლოგიას ეკუთვნის. ყველა ამ ფილმში სტალინი წარმოგვიდგება როგორც ჭეშმარიტი ალეგორია.

იგი ყოვლისმცოდნეა, უცოდველი, სწორუპოვარი და მისი ბედი წინასწარგანსაზღვრულია. იგი ხომ თავად ისტორიაა. რაც შეეხება მის წმინდად ადამიანურ თვისებებს, მისი ფსიქოლოგია განისაზღვრება ალეგორიასთან მიახლოებული ნიშნებით: გაწონასწორებული ხასიათი (ჰიტლერის ისტერიის საპირისპიროდ), განსჯისაკენ მიდრეკილება ან, უფრო სწორად, მაღალი შეგნება, გამბედაობა და სიკეთე (ეს უკანასკნელი თვისება განსაკუთრებით ხაზგასმულია ფილმში „ფიცი“, სავსებით ცხადია, რომ ეს საჭიროა იმისთვის, რათა განხორციელდეს კავშირი ხალხსა და ისტორიას შორის, რომელიც, მარქსისტული თვალსაზრისითი, ხალხის ნების გამომხატველია.). როგორც ჩანს, ნებისმიერი სხვა ადამიანური თვისება მხოლოდ დაანგრევდა ამ თითქმის ქურუმისებურ სახეს, ჩააგდებდა მას წარმავალ ფასეულობათა სამყაროში“. 1

მიხეილ ჭიაურელის ფილმებში საბჭოთა კავშირის ისტორიის სხვადასხვა ეტაპია ნაჩვენები _ რევოლუციიდან დაწყებული, ინდუსტრიალიზაცია, მეორე მსოფლიო ომის ცენტრალური მოვლენები, გამარჯვება ამ ომში და სხვა. „დიადი განთიადი“ (1938, სცენარის ავტორები _ გიორგი ცაგარელი, მიხეილ ჭიაურელი. სტალინი _ მიხეილ გელოვანი, ლენინი _ კონსტანტინე მიუფკე (ჟანრი _ ისტორიულ-რევოლუციური, სტალინის პირველი ხარისხის პრემია, 1941). მოქმედება 1917 წელს, ზაფხულში ხდება. ე. ი. ოქტომბრის რევოლუციის წინ. მზადება აჯანყებისთვის. იწყება მუშათა გამოსვლები. დროებითი მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების დახვრეტის ბრძანებას გამოსცემს. ფილმი ზამთრის სასახლის შტურმით მთავრდება, რომელშიც ფილმის მთავარი გმირებიც მონაწილეობენ.

2

დიადი განთიადი – Великое зарево (1938)

მოქმედება „ფიცში“ (სცენარის ავტორები _ პეტრე პავლენკო და ჭიაურელი) 1924-დან 1945 წლის ჩათვლით ხდება. ანუ სსრკ-ის ისტორიის არაერთ მნიშვნელოვან ეტაპსა და ფაქტს ასახავს, სწორედ იმ ჭრილში და იდეოლოგიური საფუძვლით, როგორც ეს იყო მიღებული. ომის ისტორიაც სტალინის „გეგმის“ მიხედვითა და იდეოლოგიით იყო დაწერილი და წარმოდგენილი.

ფილმი ჩაფიქრებული იყო, როგორც საბჭოთა კავშირის ისტორიის „მოკლე კურსი“ _ ეს იყო ზეამოცანა. სტალინის ეპოქის ყველა პერიოდი სიმბოლიზებული იყო, საბჭოთა რიტორიკის ყველა ნიშანი კინოს ენაზე იყო გადატანილი. რომელიც ერთი, ტიპური საბჭოთა ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომდგენლების საბჭოთა ცხოვრების გამჭოლ ხაზზე იყო აგებული.

ცენტრალურ სიმბოლოს წარმოადგენს _ საბჭოების საკავშირო მე-2 ყრილობაზე (1924 წლის 26 იანვარი; კომპარტიის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მნიშვნელოვან ყრილობაზე) სტალინის დადებული ფიცი, რომელშიც ლენინსა და პარტიას ერთგულებას ჰპირდება და რომელსაც წითელ მოედანზე წარმოთქვამს.

სტალინის როლის შემსრულებელი მიხეილ გელოვანი „იხსენებდა“, რომ როლზე მუშაობისას, რელიგიურ ექსტაზს განიცდიდა (გამორიცხული არაა, ასე ყოფილიყო, ან, რომც არა, სხვანაირად როგორ „გაიხსენებდა“(!) და აღნიშნავდა, რომ მასში მუდმივად ცოცხლობდა სტალინის, მუდმივად გვერდით არსებობის შეგრძნება (ნამდვილად, იარსებებდა!).

სცენარის საბოლოო ვარიანტის წინასიტყვაობაში ავტორები წერენ _ „როგორ მოვყვეთ სტალინზე? ვერც ერთმა მხატვარმა ვერ შეძლო გადმოეცა მისი თვალების ბრწყინვალება, ღიმილის მომხიბლაობა, და ბასრი ფარული იუმორი. ის, ძლივს მოსახელთებელი დეტალები, რომელთა თავისებურება მხოლოდ მას ახასიათებს და რომლებიც ქმნიან მისი ინდივიდუალური სახის შტრიხებს, უბრალოს, მაგრამ ეპიკურს…“1

სტალინს ღმერთკაცის თვისებები (თუ შეიძლება ასე ითქვას) აქვს _ უბერებელია, მომავალს ჭვრეტს, მსუბუქი შეხებით შეუძლია ტრაქტორის შეკეთება.

ფილმის ერთ-ერთი ცენტრალური და, შეიძლება ითქვას, ზოგადმეტაფორული ეპიზოდის აღწერას სტალინის შესახებ შექმნილი ფილმების ფაქტობრივად ყველა მკვლევრის ნაშრომში ვხვდებით. სტალინი გადის წითელ მოედანზე და ხედავს ტრაქტორისტებს, რომლებიც გაჩერებულ ტრაქტორს შემოხვევიან. „რა თქმა უნდა, სანთლები“, _ ამბობს იგი, ტრაქტორს ქოქავს და ხედავს (მასთან ერთად, ცხადია, მაყურებელიც) მომავალს, რომელშიც ათასობით ტრაქტორი საბჭოთა მიწებს ხნავს.

სტალინისა და ვარვარა პეტროვას ოჯახის გარდა, ფილმის მოქმედი პერსონაჟები ცნობილი ისტორიული ფიგურები არიან _ ვოროშილოვი, კალინინი, მიქოიანი, ბუდიონი, ჟუკოვი, კაგანოვიჩი, ჟდანოვი, კიროვი და უცხოელები _ საფრანგეთს საგარეო საქმეთა მინისტრი _ ჟორჟ ბონე, კაიზერი, ამერიკელი და ბრიტანელი ჟურნალისტები _ ჯონსონი და როჯერსი. საინტერესოა, რომ სხვა პირები _ ფრიდრიხ პაულიუსი, გენერალი ვორონოვი, პაპანინი, გერმანელი ოფიცერი და პარიზში საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი _ ტიტრებში მითითებული არ არიან.

1946 წელს ვენეციის ფესტივალზე „ფიცი“ პირველი პრემიით დაჯილდოვდა, ომში გამარჯვებული ქვეყნის აღიარებისა და მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ახალი როლისთვის (!). შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა კი სტალინის პირველი ხარისხის პრემია და 100000 მანეთი (თითოეულმა) ფულადი ჯილდო მიიღეს, სტალინის გადაწყვეტილებით.

„ფიცმა“ ომისშემდგომი სტალინიანას ახალი ეტაპი მოამზადა, რომელიც ბელადის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა და რომელიც 1949 წელს აღინიშნა. ამავე წელს გამოვიდა მიხეილ ჭიაურელისა და პავლენკოს ფილმი „ბერლინის დაცემა“, რომელზეც სცენარის ავტორები, ისევე როგორც „ფიცზე“, რამდენიმე წელი მუშაობდნენ. სტალინის მიერ საბოლოოდ დამტკიცებული ვარიანტი შეიცავდა ომის მისეულ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, „მშვიდობის ორგანიზატორი“ მხოლოდ ის იყო.

„ბერლინის დაცემის“ _ ორსერიიანი, ფერადი ეპოსის დაკვეთა მეორე მსოფლიო ომის, ანუ, როგორც სსრკ-ში უწოდებდნენ, დიდი სამამულო ომის, თემაზე ფილმის გადაღებაზე, მიხეილ ჭიაურელმა პირადად სტალინისგან, ფილმ „ფიცის“ ეკრანებზე გამოსვლისა და ომის დასრულების შემდეგ მიიღო. სტალინსვე ეკუთვნოდა პროექტი _ „სტალინის 10 დარტყმა“ – 10-ფილმიანი ციკლი, რომელსაც გენერალისიმუსის საბრძოლო სიბრძნე უნდა აესახა, რომლიდანაც სამი „დარტყმა“ განხორციელდა _ ი.სავჩენკოს „მესამე დარტყმა“ (1948), ვ. პეტროვის „სტალინგრადის ბრძოლა“ (1949) და მიხეილ ჭიაურელის „ბერლინის დაცემა“ (1949). ამ ფილმებს საბჭოთა კრიტიკოსებმა „დოკუმენტური დრამა“ უწოდეს. რაც ნიშნავდა, რომ ისინი ასახავდნენ „სიმართლეს ომზე“ მხატვრული კინოს ხერხებით.

„ბერლინის დაცემაც“, ისევე როგორც „ფიცი“ ამ პერიოდის (და არა მხოლოდ) საბჭოთა კინოს ტრადიციულ სქემაზეა აწყობილი _ გმირების პირადი ბედი ქვეყნის ისტორიის ფონზე ვითარდება და მის გაგრძელებასა თუ სიმბოლურ გამოხატულებას, მთლიანობას წარმოადგენს. იდეოლოგიური ფორმულები დრამატულ სიტუაციებზეა მორგებული და, ერთი მხრივ, ემოციურ გავლენას ახდენდნენ მაყურებელზე, რომელიც საკუთარ თავს აიგივებდა პერსონაჟებთან. მეორე მხრივ, სინამდვილის მითოლოგიზება, რაც საბჭოთა პროპაგანდის განუყოფელი ნაწილი იყო, სწორედ ამ შეგრძნებების გამოწვევის წყალობით, დამაჯერებელ და რეალურ შეფერილობას იძენდა.

„ფიცში“ _ მთავარი გმირი ქალი (რომლის ბედის გარშემო ეწყობა ამბავი და რომელიც მოსე თოიძის ცნობილი პლაკატის „დედა-სამშობლო მოგვიწოდებს“ გამოსახულებასთან იგივდება) საბჭოთა კავშირის ისტორიის ყველა ეტაპზე ოჯახის თითო წევრს კარგავს _ ქმარს კულაკი კლავს, ქალიშვილი დივერსიის შედეგად ქარხანაში „ტროცკისტის“ გაჩენილი ხანძრის დროს იღუპება, ვაჟი _ სტალინგრადის ბრძოლაში ეცემა. ასეთივე დედა-სიმბოლოა დედა „ბერლინის დაცემაში“, რომლის შვილიც, დაბადებული 1917 წლის 25 ოქტომბერს, ჯერ სტახანოველია და შემდეგ ომის გმირი, რომელიც ბერლინში რეიხსტაგის თავზე დროშას აღმართავს. აქ მითის კიდევ ერთი სახეობაა _ მათგან, ვინც ომის დასაწყსში ფრონტზე წავიდა, ცოცხალი ძალიან ცოტა გადარჩა.

სიყვარულის ხაზი ასევე ტრადიციულია საბჭოთა კინოსთვის. პარადოქსი ისაა, რომ მთავარი გმირი სიყვარულს შეყვარებულს კი არ უხსნის, არამედ თეთრ ფრენჩში გამოწყობილ სტალინს, რომელიც წითელი დროშის ორდენს გადასცემს, აყვავებული ხეხილის ბაღში. სტალინი, როგორც ყველა „საბჭოთა მოქალაქის მამა“, იბარებდა სიყვარულის ამ „ფიცს“ და ჭკუას არიგებდა თავის მრავალრიცხოვან შვილებს. ეს და ბევრი სხვა ასეთი ეპიზოდი დღევანდელ მაყურებელში (რომლისთვისაც ამ პერიოდიდან, ისტორიიდან, დამკვიდრებული ნორმებიდან ბევრი რამ უცნობია) ირონიას, სიყალბისა და აბსურდულობის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას იწვევს, მაშინ კი ბუნებრივად და ჩვეულად აღიქმებოდა.

9aac3ffb068c

ფინალში ქათქათა თეთრკიტელიანი (რომელიც ფილმში მუდმივად აცვია) სტალინი პოტსდამში ჩადის, უზარმაზარი თეთრი თვითმფრინავით და ადამიანები, რომლებიც გამარჯვებას მოესწრნენ, როგორც ღვთაებას, ეგებებიან. ეს სცენა, უშუალოდ სტალინის მიერ იყო შეთხზული (როგორც ამბობენ). საკუთარი კულტი, კინოში, მით უმეტეს, სტალინს საკუთარი უკვდავების შეგრძნებისთვის სჭირდებოდა. ლეგენდა სინამდვილედ იქცოდა და უკვდავების მითად გარდაიქმნებოდა.

ამ ფილმისთვის, რეჟისორმა, სცენარის ავტორმა და მიხეილ გელოვანმა სტალინის როლისთვის, სტალინის პირველი ხარისხის კიდევ ერთი პრემია მიიღეს.

ტრილოგიის მომდევნო, ორსერიიანი ფილმი „დაუვიწყარი 1919“ (1952 წელი, მიხეილ ჭიაურელის, ალექსანდრე ფილიმონოვისა და ვსევოლოდ ვიშნევსკის სცენარით) „მცირეფილმიანობის“ პერიოდის ყველზე ძვირადღირებული საბჭოთა ფილმია და სტალინის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ჭიაურელისეული (და საერთოდაც) ბოლო გამართლება. ბოლო ფილმი სტალინზე.

2fe82003068e7495e5802078123b220d

მოვლენები პეტროგრადში ვითარდება. ლენინი (რომელიც კომიკურად გამოიყურება) ფილმში იშვიათად ჩნდება. ერთ-ერთი ეპიზოდი კლასიკური შაბათობაა, როდესაც ლენინი მორს მიათრევს. რა თქმა უნდა, სტალინის ბრწყინვალე სტრატეგია თეთრგვარდიელების კონტრრევოლუციისთვის მზადებას და მათ წინააღმდეგობას ამარცხებს.

სტალინს ახალგაზრდობაში მიხეილ გელოვანი ასახიერებს. წარმოდგენილია, როგორც მონუმენტური, აუღელვებელი, გაწონასწორებული და „უბრალო“ ადამიანი. მთავარსარდალი, რომელსაც ლენინი უფლებამოსილებით აღჭურავს _ ინტერვენტებისა და თეთრგვარდიელების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ დასასჯელად, თავიდან ჩამოსაცილებლად, სასამართლოსთვის გადასაცემად.

იმის მიუხედავად, რომ ოფიციოზმა საბჭოთა კინემატოგრაფის განვითარების ახალ ნიმუშად დაასახელა, „დაუვიწყარმა“ სტალინის პრემია ვერ მიიღო. სტალინს თავისი ახალგაზრდობის პერიოდი და გელოვანი არ მოეწონა.

მიხეილ ჭიაურელი, როგორც სტალინის საყვარელი რეჟისორი და მისი ხშირი სტუმარი, სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წელს, მის შესახებ, გრიგორი ალექსანდროვსა და სერგეი გერასიმოვთან (კომუნისტებისა და ხელისუფლების მიერ ასევე აღიარებულ რეჟისორებთან) ერთად, სტალინზე ბოლო ფილმს „დიადი გამოთხოვება“ იღებს _ დაკრძალვის ქრონიკის მასალებისა და მსოფლიოს მგლოვიარე მუშათა კლასის დადგმული სცენების გამოყენებით.

ამა თუ ისტორიული პერიოდის (ეტაპის) მიუხედავად, რომელსაც ასეთი ნაწარმოები ეძღვნება, პოლიტიკური შინაარსი ყოველთვის პასუხობს პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობდა, და კურსს, რომელსაც პარტია სახავდა და რაც, პირველ რიგში, საგაზეთო (პარტიული) პუბლიკაციებში, ბრძანებებში, მოწინავე წერილებში ქვეყნდებოდა.

1950 წელს „ბერლინის დაცემამ“ ჩეხოსლოვაკიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრემია მიიღო. ამ ფაქტს აღტაცებული წერილები მიუძღვნეს გაზეთებმა სსრკ-ში და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, რომლებითაც სტალინს სიყვარულს ეფიცებოდნენ.

სინამდვილეში კი, ეს ასე არ იყო, იხსენებს მკვლევარი ოლგა რომანოვა: „ცოტა ხნის წინ გადაცემაში „ეხო მოსკვი“, ისტორიკოსმა ი. შერბაკოვამ ისაუბრა პოლკოვნიკ ე. ჩერნონოგის ბედზე, ომის გმირზე, რომელმაც, როდესაც „ბერლინის დაცემის“ ჩვენებაზე, ეკრანზე დაინახა თეთრ კიტელში გამოწყობილი სტალინი, რომელიც ციდან (თვითმფრინავიდან) ჩამოდიოდა, აღლუმი რომ მიეღო, თავი ვერ შეიკავა და თქვა _ „ეს ვინ ანგელოზი მოფრენილა? ჩვენ ის იქ არ გვინახავს“. ამისთვის მას 8 წელი ბანაკში გადასახლება მიუსაჯეს“.1

სტალინის სიკვდილისა და „კულტის გამოცხადების“ შემდეგ მისი სახე ასევე თანამედროვეების მოგონებებში სულ სხვანაირად იხატება _ ყვავილით შეჭმული სახე, დაჟინებული და ყვითელი თვალების უსაზღვრო შიშისაღმძვრელი მზერა, შურისმაძიებელი ბუნება და უხამსი ხუმრობების სიყვარული. 1

თუმცა, რა თქმა უნდა, მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც სტალინს იმ სიმართლეს ეუბნებოდნენ და თანაც, საჯაროდ, რის დამალვასა თუ არაღიარებას, ათასობით კომუნისტი და ათასობით უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. ეს სიმართლე-ბრალდება, მით უმეტეს, დამაჯერებლად და მწვავედ, აჩვენებს ისტორიას ამ რაკურსში, რადგან ავტორი პირველი თაობის ბოლშევიკი ფიოდორ რასკოლნიკოვია, დიპლომატი, რომელიც დაპატიმრებისა და დახვრეტის შიშით ემიგრაციაში დარჩა და რომელმაც სტალინს, ლეგენდარულად ცნობილი ღია წერილით მიმართა. ეს ერთი წერილიც კი საკმარისია სტალინის მითის დასამხობად, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, დღემდე აგრძელებს სიცოცხლეს.

„ლენინის კუბოსთან თქვენ საზეიმოდ დაიფიცეთ, რომ მის ანდერძს შეასრულებდით და თვალისჩინივით გაუფრთხილდბოდით პარტიის ერთობას. ფიცის გამტეხო, თქვენ ლენინის ეს დანაბარებიც დაარღვიეთ. თქვენ გაანადგურეთ ლენინის პარტია და მის ძვლებზე კი ახალი _ ლენინ-სტალინის პარტია შექმენით, რომელიც თქვენ ერთპიროვნულ ძალაუფლებას მოხერხებულად ნიღბავს. თქვენ ის შექმენით არა თეორიისა და პრაქტიკის საერთო ბაზაზე, როგორც ყველა პარტია შენდება, არამედ თქვენდამი პირადი სიყვარულისა და ერთგულების უდიდეს საფუძველზე.

პარტიის პირველი პროგრამის ცოდნა მისი წევრებისთვის არასავალდებულოდ გამოცხადდა, სამაგიეროდ აუცილებელია სტალინის სიყვარული, რომელსაც პრესა ყოველდღიურად აღვივებს. პარტიის პროგრამის აღიარება სტალინის სიყვარულით შეიცვალა.

ომის წინ თქვენ გაანადგურეთ წითელი არმია, ქვეყნის სიყვარული და სიამაყე, მისი სიძლიერის
მყარი ნიადაგი. თქვენ თავი მოჰკვეთეთ წითელ არმიასა და წითელ ფლოტს. თქვენ დახოცეთ ყველაზე ნიჭიერი მხედრამთავრები, რომლებიც მსოფლიო და სამოქალაქო ომის გამოცდილებაზე აღიზარდნენ. ბრწყინვალე მარშალ ტუხაჩევსკის მეთაურობით. თქვენ გაანადგურეთ სამოქალაქო ომის გმირები, რომლებმაც გარდაქმნეს წითელი არმია ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით და დაუმარცხებლად აქციეს ის. უდიდესი სამხედრო საშიშროების ჟამს თქვენ აგრძელებთ არმიის ხელმძღვანელების, საშუალო და უმცროსი რანგის მეთაურების განადგურებას. სადაა მარშალი ბლიუხერი? სადაა მარშალი ეგოროვი? თქვენ დააპატიმრეთ ისინი, სტალინ!

აფორიაქებული მოაზროვნეების დასამშვიდებლად თქვენ ატყუებთ ქვეყანას, რომ დაპატიმრებებითა და სიკვდილით დასჯებით დასუსტებული წითელი არმია უფრო გაძლიერდა. წითელი არმიის ხელმძღვანელების უნდობლობით თქვენ შეგაქვთ ორხელისუფლებიანობა და ანადგურებთ სამხედრო დისციპლინას. თქვენ ახრჩობთ საბჭოთა ხელისუფლებას, ითხოვთ მათგან პირმოთნეობას, მაგრამ ის დუმილს არჩევს, „ოსანა“ რომ არ გიმღეროს. თქვენ აღვივებთ, ამყნობთ ფსევდოხელოვნებას, რომელიც მომაბეზრებელი ერთფეროვნებით უმღერის თქვენს ყბადაღებულ, დამახრჩობელ „გენიალურობას“.

უნიჭო გრაფომანები გადიდებენ თქვენ, როგორც ნახევარღმერთს, „მთვარისა და მზისგან შობილს“, თქვენ კი, როგორც აღმოსავლელი დესპოტი, ტკბებით უხეში მლიქვნელობის კეთილსურნელებებით. თქვენ დაუნდობლად ანადგურებთ ნიჭიერ, მაგრამ პირადად თქვენთვის მიუღებელ რუს მწერლებს. სადაა ბორის პილნიაკი? სადაა სერგეი ტრეტიაკოვი? სადაა ალექსანდრე აროსევი? სადაა მიხეილ კოლცოვი? სადაა ტარასოვ-როდიონოვი? სადაა გალონა სერებრიაკოვა, მხოლოდ იმაში დამნაშვე, რომ სოკოლნიკოვის ცოლი იყო?

თქვენ დააპატიმრეთ ისინი, სტალინ!

…შიდა და საგარეო პოლიტიკის ყველა გათვლაში გამოდიხართ არა სამშობლოს სიყვარულიდან, რომელიც თქვენთვის უცხოა, არამედ საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის ცხოველური შიშიდან.
თქვენი უპრინციპო დიქტატურა, როგორც დამპალი კუნძი, ჩვენი ქვეყნის გზის გარდიგარდმო დევს. თქვენ, „ხალხების მამამ“, უღალატეთ დამარცხებულ რუს რევოლუციონერებს, მიატოვეთ ბედის ანაბარა და მათზე ზრუნვა სხვა სახელმწიფოებს გადაულოცეთ.
დიდსულოვანი გადარჩენა თქვენს პრინციპებში არაა. უბედური დამარცხებულები! თქვენ ისინი აღარ გჭირდებიან“.1

სტალინიც, ლენინის მსგავსად, წამებით მოკვდა (თუ მოკლეს, თუმცა ამ შემთხვევაში ფაქტი არ იცვლება), მის მიერ წამებული ათასობით ადამიანი კი, რომლებიც მის ნეშტთან გამოსამშვიდობებლად სვეტებიანი დარბაზისკენ მიიწევდნენ, ჭყლეტაში მოყვნენ. მან სიკვდილის შემდეგაც გაწირა ადამიანები, რომლებიც მისი მმართველობის მსხვერპლნი იყვნენ და რომლებიც, ამის მიუხედავად, კუბოსთან ერთგულების ფიცს დებდნენ, გლოვობდნენ და ეწირებოდნენ.

მიხეილ გელოვანმა, რომელიც სტალინის როლებს 15 წლის განმავლობაში ასრულებდა და რომელიც „დაუვიწყარი 1919-ის“ შემდეგ სტალინმა გაიცნო და არ მოეწონა, თავი მოიკლა სტალინის _ „სოციალისტური დიქტატორის“ დაბადების დღეზე, იმ წელს, როდესაც, მე-20 ყრილობაზე „სტალინის კულტი“ ამხილეს.

ამის შემდეგ იწყება მიხეილ ჭიაურელის შემოქმედებითი კარიერის დაღმავლობა. სტალინის პრემიის ექვსგზის ლაურეატი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი _ თამაშმიღმა აღმოჩნდა. ნიკიტა ხრუშჩოვმა ცნობილ მოხსენებაში _ „პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ“ – „ბერლინის დაცემა“ და „დაუვიწყარი 1919“ წელი გააკრიტიკა. ეს კი საკმარისზე მეტი იყო „სტალინის კულტის“ ერთ-ერთი მთავარი შემქმნელისა და პასუხისმგებელის კარიერის დასასრულის დასაწყებად.

„ღმერთები დაეცნენ“ შემდეგ, როდესაც სტალინის სახელი საბჭოეთის ისტორიიდან, „სტალინის კულტის“ ეპოქაში გაქრა და უკვე მისი ხსენება აიკრძალა, მისმა თანამოაზრეებმა თანამდებობასა და ძალაუფლებასთან ერთად საზოგადოებაში არსებობის ადგილებიც კი დაკარგეს, მიხეილ ჭიაურელი „მთავარი საბჭოთა რეჟისორიდან“ თბილისის მულტიპლიკაციური კინოსტუდიის რიგით რეჟისორად „ჩამოქვეითდა“ და ყოფითი დრამებისა თუ კომედიების გადაღებას შეუდგა „რიგით მოკვდავთა“ ცხოვრებიდან.

„… სტალინის სიკვდილმა აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა ჩვენ რელიგიურ-ესთეტიკურ სისტემას და ახლახან აღორძინებულ ლენინის კულტს მისი შევსება არ შეუძლია. ლენინი, თავისი ბუნებით, ზედმეტად ადამიანის მსგავსია, დაბალი, სამოქალაქო. სტალინი კი სპეციალურადაა შექმნილი მისი მომლოდინე ჰიპერბოლისათვის, იდუმალი, ყოვლისმჭვრეტელი, და მხოლოდ ერთი თვისება არ ჰყოფნიდა, რომ ღმერთად ქცეულიყო _ უკვდავება. ეჰ, ნეტავ, უფრო ჭკვიანები ვყოფილიყავით და მისი სიკვდილი სასწაულებით შეგვემოსა! რადიოთი გავაცხადებდით, რომ ის კი არ მოკვდა, ამაღლდა და იქიდან გვიყურებს, დუმს მისტიკურ ულვაშებში. მისი უხრწნელი ნაწილებით დამბლადაცემულები და ეშმაკეულნი განიკურნებოდნენ. და ბავშვები დაძინების წინ, ილოცებდნენ ფანჯარაში, ციური კრემლის მანათობელ ვარსკვლავებზე. მაგრამ ჩვენ ყური არ დავუგდეთ სინდისის ხმას და კეთილშობილი ლოცვის ნაცვლად, ჩვენივე შექმნილი „პიროვნების კულტის“ დაშლა დავიწყეთ. ჩვენ თვითონ ავაფეთქეთ იმ კლასიცისტური შედევრის ფუნდამენტი, რომელსაც შეეძლო (რა ცოტაღა გვაკლდა!) მსოფლიოს ხელოვნების საგანძურში ხეოფსის პირამიდისა და აპოლონ ბელვედერის თანასწორად შესულიყო. სტალინის სიკვდილის შემდეგ ჩვენ ნგრევისა და გადაფასების ხაზზე გადავედით. ისინი ნელი, არათანმიმდევრული, უპერსპექტივონი არიან, ხოლო წარსულისა და მომავლის ინერცია საკმაოდ დიდია“.1

მხატვრულ კინოს ჭიაურელი მხოლოდ 4 წლის შემდეგ დაუბრუნდა და „ოთარაანთ ქვრივი“ გადაიღო, ცხოვრების ბოლო 5 წელი თბილისში გაატარა. იღებდა ანიმაციურ ფილმებს, რომელთაგან ერთ-ერთი „როგორ დაასაფლავეს თაგვებმა კატა“ _ ასე ეწოდებოდა მე-17 საუკუნის ხალხურ, წარწერებიანი გრაფიკის ნიმუშს, პაროდიას პეტრე პირველის დასაფლავებაზე. სინამდვილეში, კი იყო კიდევ ერთი ფილმი, რომელიც სტალინის განდიდებას მიეძღვნა, ამჯერად ალეგორიისა და ქვეტექსტების ფორმით. ის, რასაც მიხეილ ჭიაურელი პირდაპირ და გახსნილად, წლების განმავლობაში აკეთებდა, იმჟამად შეუძლებელი გახდა.

მაინც რა იყო და არის სტალინის კულტის ასეთი ხანგრძლივი არსებობის მიზეზი? რომლის მიმდევრებიც (იმის მიუხედავად, რომ მილიონობით რეპრესირებული უდანაშაულო ადამიანისა და ლენინსტალინის მმართველობის ათწლეულებში, ბოლშევიკკომუნისტების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი მათი სხვა დანაშაულებების შესახებ უკვე ყველაფერია ცნობილი) დღესაც და ბოლომდე ამართლებენ ან თვალს ხუჭავენ საბჭოთა ტერორზე. რამ განაპირობა მაშინაც და დღემდე ასეთი უსაზღვრო და „ბრმა“ თაყვანისცემა?

საინტერესოა თეოლოგიის დოქტორ მალხაზ სონღულაშვილის მოსაზრება.

„ვისაც „სტოკჰოლმის სინდრომი“ აქვს შეყრილი, იგი თვალს არ დაახამხამებს, ისე ჩამოარაკრაკებს სტალინის საგმირო საქმეებს. ხოლო გაბედავ და იმას ეტყვი, კი მაგრამ, მილიონების მსხვერპლს რითი ამართლებო, ამაზე დაახლოებით ასეთ პასუხს მიიღებთ: ასე იყო საქმისთვის საჭიროო. ნეტა რა საქმეა იმისთანა, რომელიც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლს კი არა, თუნდაც ერთი ადამიანის მსხვერპლს ითხოვდეს, თუნდაც ერთი ბავშვის დაობლებას და გაუბედურებას ამართლებდეს?! ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე საკრალურია. ეს მონოთეისტურმა რელიგიებმა, რომლის პროდუქტსაც ქართული კულტურა წარმოადგენს, კარგა ხნის წინათ დაინახეს და დაადასტურეს: `გინდა ერთი ადამიანი გაგინადგურებია და …გინდა მთელი მსოფლიო; გინდა ერთი ადამიანი გადაგირჩენია და… გინდა მთელი მსოფლიო” (თალმუდი, სანჰედრინი 37ა).
ზუსტად ამავე აზრს იმეორებს ყურანიც: `ვინც მოკლას ადამიანი… თითქოსდა მთელი ხალხი ამოეწყვიტოს და ვინც ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, თითქოსდა მთელი ხალხისთვის შეენარჩუნებინოს~ (სურა 5:32).
სტალინი უკვე 60 წელია, რაც აღარ არის, თუმცა ვიცით, მისი გავლენა დიდხანს იბოგინებს ჩვენში და მთელ მსოფლიოში სწორედაც რომ იმ სტოკჰოლმის სინდრომის გამო, რომელიც ხელს გვიშლის მონობისგან გათავისუფლებაში. სტალინის გავლენა თავის გამოვლინებას პოულობს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მისი ამოძირკვის ერთადერთი გზა განათლება და კრიტიკული აზროვნებაა.
…მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ სტალინის 2 მილიონი ლარის ღირებულების ბრინჯაოს ქანდაკება სადღაც საგანგებოდ არის გადამალული. ის, ვისაც სტოკჰოლმის სინდრომი სერიოზულ ფორმებში სჭირს, ითხოვს, რომ ძეგლი დაუბრუნონ თავის ადგილს, ქალაქის მოედანზე, ხოლო, ვისაც _ შედარებით ნაკლებად, ისინი ითხოვენ ძეგლი მუზეუმის ეზოში აღმართონ. ახლა ამაზეა დავა _ კვარცხლბეკი, რომელზედაც `ვოლდემორტის~ ძეგლი უნდა შემოასკუპონ, რამსიმაღლე უნდა იყოს. ზოგი ამბობს, ძირი მაღალი უნდა იყოსო, ზოგი ამბობს, დაბალიო. სინამდვილეში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
საქმე ის არის, რომ თუ სტალინის ძეგლი აღიმართა გორში, გინდა წელამდე იჯდეს მიწაში და გინდა ყელამდე, ეს მაინც ძეგლის აღმართვა იქნება. ეს კი ჩვენს საზოგადოებაში არსებულ სტოკჰოლმის სინდრომს კიდევ უფრო გააძლიერებს. თუ ჩვენ მართლა გვინდა ჩვენი საზოგადოების გარდასახვა და განვითარება, ხომ არ აჯობებდა, რომ სხვა გზას მივმართოთ? ძეგლი კი არ გადავმალოთ ან დავასახიჩროთ, არამედ გადავადნოთ და იმ ბრინჯაოსაგან სტალინიზმის მსხვერპლთა მემორიალი აღვმართოთ, გნებავთ, გორში, გნებავთ, მუზეუმის ბაღში? იქნებ აზრი აქვს, გამოვაცხადოთ კონკურსი ამ მემორიალის შექმნაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იმ ქვეყნის შვილები, რომლებიც ყველაზე მეტად დააზარალა სტალინიზმმა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუძახებდი პოლონელებს, უკრაინელებს, ბალტიისპირელებს, ებრაელებს და სხვებს, ვისი კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრება დღესაც დაღდასმულია სტალინიზმის შედეგებით“.1

(მალხაზ სონღულაშვილის ეს მოსაზრება განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია ჩვენი
ისტორიის ამ ეტაპზე, როდესაც დღე-დღეზე, გორში სტალინის ძეგლი კვლავ აღიმართება, თუ ამასობაში, უკვე არ დაბრუნდა).

ლავრენტი ბერიასა და შემდეგ სტალინის სიკვდილის შემდეგ მიხეილ ჭიაურელის მდგომარეობა (როგორც ფიზიკურად, მატერიალურადაც, ასევე მორალურად) შეირყა. მეტიც, ის ხელისუფლებამ დიდი ხნის განმავლობაში დაივიწყა (და უკეთესიც იყო, რომ დაივიწყა). ჯერ სვერდლოვსკის დოკუმენტური და სამცენიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში „გადაასახალა“ და თუ სხვა შერისხულების შეწყალების თხოვნით, ნიკიტა ხრუშჩოვთან ვიღაცები მიდიოდნენ, ამბობენ, რომ ჭიაურელისთვის მთხოვნელიც აღარავინ დარჩა. იმასაც ამბობენ, რომ თვითონაც დაიჯერა მისი არსებობა და სტალინის უკვდავება ირწმუნა.

მიხეილ ჭიაურელი - Mikheil Chiaureli

და იმის მიუხედავად, რომ „ღმერთები დაეცნენ“ და „სტალინის მითიც“ დაინგრა, იქნებ არ ცდებოდა სტალინის მითის მთავარი შემქმნელი, სტალინის „უკვდავების სასწაულის“ მოწმეები ჩვენ დღესაც ვართ, „ღმერთკაცის“ სიკვდილიდან 60-ზე მეტი წლის შემდეგაც. ან ეს იქნებ მართლა სტოკჰოლმის სინდრომის ტყვეობაში მყოფი საზოგადოების ძველი მითების გაცოცხლების სურვილია, ახალი მითების შესაქმნელად და დასაჯერებლად.

ისტორიის გაკვეთილები ჩვენთვის ხომ არაფერს ნიშნავს…

გამოყენებული ლიტერატურა:
• ბაზენი ა., ჰტტპს://ბურუსი.წორდპრესს.ცომ/2014/02/10/ სტალინ-3/ , პირველი, ორიგინალური პუბლიკაცია Esprit, 17, N170, Paris, 1950, VI-VII

• Романова О., Как рассказать о Сталине, http:// urokiistorii.ru/media/film/2010/09/staliniana-chiaureli

• Раскольников Ф., Открытое письмо Сталину, «Новая Россия» 1939 г., также см. Неделя. 1988. № 26 и в кн.: Открывая новые страницы… Международные вопросы: события и люди / Сост. Н.В. Попов – М.: Политиздат, 1989

• სონღულაშვილი მ., სტალინი, სტოკჰოლმის სინდრომი და წინასწარმეტყველური პარადიგმა,  http://www. liberali.ge/ge/liberali/articles/117368

• Терц А., Что такое социалистический реализм, http:// imwerden.de/cat/modules.php?name=books&pa=show book&pid=1599

წყარო: ლელა ოჩიაური. სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. N2 (67), 2016.

Source
https://burusi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button