Hi-Techახალი ამბებიკოსმოსი

ასტრონავტები საკვებისა და ჟანგბადის წყაროს მისაღებად წყალმცენარეებს გამოიყენებენ

ხანგრძლივი კოსმოსური მისიების დროს კოსმოსური ხომალდების ეკიპაჟის წევრებს მოუწევთ თავად მოიყვანონ საკვები, რადგანაც დედამიწიდან რესურსების მიწოდება შეუძლებელი იქნება. ამასთანავე, აუცილებელი იქნება მათთვის მრავალფეროვანი რაციონი, რადგანაც ფილმ “The Martian”-ის მთავარი გმირის მსგავსად მხოლოდ კარტოფილით კვებას არავინ მოისურვებს.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მკვლევარებმა დაიწყეს ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც გაირკვევა, შესაძლებელი იქნება თუ არა წყალმცენარეების გაზრდა და მათგან საკვებისა და ჟანგბადის მიღება. როგორც ჩანს, ეს სავსებით შესაძლებელია.

წყალმცენარეების გასაზრდელად ასტრონავტები გამოიყენებენ ფოტობიორეაქტორს, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე მიიტანა SpaceX Dragon-მა. მიიჩნევა, რომ მისი მეშვეობით ასტრონავტები მიიღებენ არა მარტო საკვებ ბიომასას, რომელიც სამომავლო კოსმოსური მისიების რაციონის 30% იქნება, არამედ მისი სახით ექნებათ სუფთა ჟანგბადის დამატებითი წყარო. ამ მიზნებს შესანიშნავად ერგება წყალმცენარის სახეობა „Chlorella vulgaris“, რომელსაც გამოზრდიან ბიოლოგიურ რეაქტორში.

image.jpeg

ხსენებული მოწყობილობა იმუშავებს ჰაერის რეცირკულაციის ფიზიკურ-ქიმიურ სისტემასა და ACLS ტექნოლოგიასთან ერთად ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნისათვის. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჟანგბადი მიიღება ელექტროლიზის გზით წყლისგან, რომლის მიწოდებაც სადგურზე ხდება სატვირთო კოსმოსური ხომალდებით – წარმოქმნილი წყალბადი კი კოსმოსურ სივრცეში განიდევნება. წყალმცენარეებისა და ჟანგბადის მოპოვების სხვადასხვა ტექნოლოგიის წყალობით 400 ლიტრით ნაკლები წყლის მიწოდება გახდება საჭირო, ან ზედმეტ წყალს სხვა მიზნებისათვის გამოიყენებენ. 

თუკი ექსპერიმენტი წარმატებით ჩაივლის და დამტკიცდება მისი ეფექტურობა, ტექნოლოგია ფართოდ დაინერგება მთვარის კვლევებისა და მარსის კოლონიზაციის სამომავლო პილოტირებულ მისიებში. ამ მისიების მსვლელობისას ეკიპაჟისათვის საკვების დედამიწიდან მიწოდება შეუძლებელი იქნება: პრობლემა დაკავშირებულია არა მარტო შორ მანძილთან, არამედ ტვირთის დიდ წონასთანაც. სწორედ ამიტომ არიან მკვლევარები აქტიურად დაკავებულნი – შექმნან სიცოცხლის უზრუნველყოფის დახურული მიკროსისტემა, სადაც აღარ იქნება საჭირო გარედან წყლისა და საკვების მიწოდება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button