გამორჩეული ადამიანებისაკითხავი

გივი მარგველაშვილის ბედისწერის წინააღმდეგ სვლა

გივი მარგველაშვილი 1927 წელს, ბერლინში, ემიგრანტი დისიდენტების ოჯახში დაიბადა. მამა – ტიტე მარგველაშვილი 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, დისიდენტურ მოძრაობას გაჰყვა გერმანიაში და ოჯახთან ერთად ბერლინში დასახლდა. ბერლინის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიასა და ორიენტალისტიკაზე. ხელმძღვანელობდა ქართულ სათვისტომოს და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველ ემიგრანტებში.

ომის დამთავრების და ქალაქის ორად გაყოფის შემდეგ მათი საცხოვრებელი ბინა ბერლინის დასავლეთ ნაწილში, ბრიტანულ სექტორში აღმოჩნდა, რაც ტიტე მარგველაშვილს, როგორც გივი მარგველაშვილი ამბობს, უძლიერებდა იმედს, რომ კომუნისტები მათ ოჯახს ვერ შეეხებოდნენ. თუმცა, ეს იმედიც, როგორც მაშინდელი ქართული ემიგრანტი ინტელიგენციის შეხედულებები, ზედმეტად მიამიტური იყო – 1945 წელს ტიტე მარგველაშვილი 18 წლის ვაჟთან ერთად ბერიას ბრძანებით ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში გადაიყვანეს, სადაც მამა-შვილის ბედი გადაწყდა: ტიტე მარგველაშვილი 8 თვის ტყვეობის შემდეგ დახვრიტეს, მისმა ვაჟმა კი წელიწადნახევარი საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა, რის შემდეგაც ის საქართველოში გადაასახლეს.

თბილისში თავს მასწავლებლობით ირჩენდა. ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, მეცნიერ-თანამშრომლად განაგრძო.

გივი მარგველაშვილის წიგნების უმეტესობაც სწორედ თბილისში ცხოვრების დროს, გერმანულ ენაზე დაიწერა. მათი გამოცემა კი მხოლოდ მოგვიანებით, უკვე გერმანიაში მოხერხდა.

არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ გივი მარგველაშვილის შემოქმედებითი ბედი~ დიდწილად სწორედ მისმა ბიოგრაფიამ განაპირობა. ორმხრივმა ემიგრანტმა, ორივე სივრცისთვისუცხო~ ადამიანმა თავი საკუთარ ტექსტებს შეაფარა. მისი ნაწარმოებების ძირითადი თემაც სწორედ ტექსტი და ამ ტექსტის ბედი თუ ბედისწერის წინააღმდეგ სვლა გახდა.

ამ ბიოგრაფიამ, შეიძლება ითქვას, განაპირობა მისი ლიტერატურაც. უფრო მეტიც, განაპირობა საერთოდ ის, რომ გივი მარგველაშვილი გახდა მწერალი და უფრო მეტიც – ის, რომ მისი ცხოვრება გახდა ლიტერატურა. ერთი პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, გივი მარგველაშვილისთვისცხოვრება იქცა იმ ადგილად, სადაც ცხოვრება არ შეიძლება~. ამიტომ უნდა გამოინახოს რაღაც სხვა ადგილი, სხვა სივრცე, სადაც ამ ადამიანს შეუძლია იცოცხლოს, შეუძლია ისუნთქოს. აი, ასეთი ადგილი გახდა მარგველაშვილისთვის ლიტერატურა,~ აღნიშნავს გივი მარგველაშვილზე გერმანისტი ალეკო კარტოზია.

გივი მარგველაშვილი თხრობას შორიდან იწყებს, იმ დღიდან, როცა ოჯახს მამის მეგობარი ესტუმრა: `გვესტუმრა მამის მეგობარი, რომელმაც მამას ქართველებთან სტუმრობა და მათი გაცნობა შესთავაზა. სთხოვა, მეც თან წავეყვანე. სიმართლე გითხრათ, წასვლა არ მინდოდა, იმ დღეს ჩემი გეგმები მქონდა, მაგრამ სურვილმა – მენახა და გამეცნო სხვა ქართველები – მძლია და გავყევი. მამა ჯერ ვერაფერს ეჭვობდა, მხოლოდ შემდეგ, როცა მანქანაში ჩავსხედით, ორივემ ვიგრძენით, რომ რაღაც ისე ვერ იყო – ჩვენს თანმხლებ პირებს სამოქალაქო ტანისამოსის ქვეშ ფორმა ეცვათ.

დასავლეთიდან აღმოსავლეთში წავედით და კომენდატურის შენობასთან გავჩერდით. მამა დასაკითხად შეიყვანეს, მე მანქანაში დავრჩი. შემდეგ მეც შემიყვანეს და მამასთან ერთად მომათავსეს საკანში. ეს იყო ბოლო ღამე, რომელიც მამაჩემთან ერთად გავატარე. ამის შემდეგ დიდხანს არ ვიცოდი, რა ბედი ეწია.მხოლოდ წლების მერე გავიგე, რომ ის ამ ამბიდან 8 თვის შემდეგ, თბილისში დაუხვრეტიათ.

მეორე დღეს სხვა საკანში მომათავსეს, ცოტა ხანში კი საკონცენტრაციო ბანაკში გადამიყვანეს, ჯერ ჰოჰენშონჰაუზენში, შემდეგ კი საქსენჰაუზენში, ფაშისტების მიერ მოწყობილ კონცლაგერში, რომელსაც შემდეგ კომუნისტები იყენებდნენ. იქ წელიწადნახევარი დავყავი, 47 წლის გაზაფხულამდე…

საკონცენტრაციო ბანაკში: ესენი იყვნენ განსხვავებული ფენისა და წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც, ასე ვთქვათ, საეჭვო, ან საშიშები იყვნენ საბჭოთა წყობისთვის. ზოგიერთი მათგანი ძალიან განათლებული, ინტელიგენტი ადამიანი იყო. ისინი იძულებული იყვნენ, პარტიულები ყოფილიყვნენ, რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ. თუ შენი საქმის კეთება გინდოდა, პარტიაში უნდა ყოფილიყავი. ამიტომ, რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთები, ვინც ამაზე ხელს აწერდა. მაგალითად, ის აკადემიკოსები და მეცნიერები, რომლებსაც მხოლოდ თავიანთი იდეები და მათი განხორციელების სურვილი ჰქონდათ თავში. მათ სურდათ საქმის კეთება და ასე ხვდებოდნენ პარტიაში. ეს საბჭოთა კავშირშიც და გერმანიაშიც ერთნაირად ხდებოდა. ადამიანი ასეა მოწყობილი, და ამაში მას ვერ გაამტყუნებ… ასე გავიცანი იქ ადამიანები ყველა სოციალური ფენიდან. იქ გატარებული დრო ჩემთვის დიდი გაკვეთილი აღმოჩნდა. იქიდან გამოსვლის შემდეგ ყველაფერს სხვა თვალით დავუწყე ყურება.

გათავისუფლება: მათ, უბრალოდ, არ იცოდნენ რა მოეხერხებინათ ჩემთვის. არც ქართული ვიცოდი, არც რუსული. არაფერი ვიცოდი. რა უნდა ექნათ? ამიტომ თბილისში გამიშვეს, რა თქმა უნდა, სხვა სახელით და გვარით, მაღრაძე ვიყავი საბუთებით. ასე მოვხვდი თბილისში. აქ იმ წლებში საუკეთესო ადამიანები გავიცანი, ზოგიერთ მათგანთან კიდეც ვმეგობრობდი. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ სინამდვილეში არავინ, ვინც ასე თუ ისე აზროვნებდა, არ თანამშრომლობდა რეჟიმთან. ეს ბევრ რამეს მიმსუბუქებდა. ცხადი და კანონზომიერი იყო ის, რაც შემდეგ მოხდა – რეჟიმმა თავისი თავი ამოწურა. დღემდე აუხსნელია, როგორ მოხდა ეს. ერთი ცხადია – თავად რუსებსაც ყელში ამოუვიდათ ეს ბოროტება. დიდი როლი შეასრულა შემდეგ დისიდენტურმა მოძრაობამაც, რომლის დიდ ნაწილსაც თავად რუსები წარმოადგენდნენ. მათ დიდი როლი ითამაშეს ამ სისტემის დანგრევაში. თუმცა, ეს მაინც ზოგადი სურათია. აი, კონკრეტულად რა და როგორ მოხდა, ამაზე კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო ისტორიკოსებს.

საქართველო-გერმანია: როგორც ყველა ქართველ ემიგრანტს გერმანიაში, ჩვენც გვჯეროდა და ველოდით, რომ საბჭოთა კავშირი ძალიან მალე დაინგრეოდა და ემიგრანტები სახლებში წავიდოდნენ. მანამდე, როცა ომი დაიწყო, ყველა ელოდებოდა, რომ ამ ომს რუსეთი წააგებდა, შეძლებდნენ შინ დაბრუნებას და თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს აშენებას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ნაივური წარმოდგენები იყო.

თავიდან ქართველი ემიგრანტები ძალიან პოლიტიზირებულები იყვნენ და იმედით ცხოვრობდნენ. თვალს ადევნებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა, რადგან მათ ბევრი შრომა უწევდათ თვითგადარჩენისთვის, ამიტომ ეს პოლიტიზირებულობა განელდა და ამ ხალხმა ჩვეულებრივი ცხოვრება დაიწყო, ბრძოლა გადარჩენისთვის.

რაც შეეხება აქაურობას, ამ ქვეყანას არ ვიცნობდი, გერმანიაში მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მქონდა მასზე და აქედან მხოლოდ საფრთხეს ველოდი. არ ვენდობოდი, მთელი ამ საბჭოთა ამბების გამო, რამაც ჩემი ოჯახი გაანადგურა და რასაც შეეწირა მამაჩემის სიცოცხლე. მე არ ვიყავი ერთადერთი, ვინც ასე ხედავდა. თბილისი იყო ჩემთვის იქსი. გამოვიდა, რომ აქაც ემიგრანტი ვიყავი, მაშასადამე, ლტოლვილი…

ემიგრაცია: ემიგრაცია უმძიმესი სიტყვაა. ეს ნიშნავს, არ ეკუთვნოდე იმ სივრცეს, რომელშიც გიწევს არსებობა. სხვა ხარ. სხვისი სიყვარული კი თითქმის შეუძლებელია, ეს არსად არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის ძირითადი მოთხოვნაა. გერმანიაშიც კი, რომელიც თითქოს ძალიან ლიბერალური და დემოკრატიული ქვეყანა გახდა, სადაც დემოკრატია თითქოს უპირველესი ღირებულებაა, ამ ქვეყანაშიც კი საკმაოდ არასახარბიელო სიტუაციაა ამ მხრივ. `უცხოელებო, წაეთრიეთ აქედან!~ ეს ფრაზა ლამის სლოგანადაა ქცეული. ასეთი ზე-ნაციონალური დამოკიდებულება, სამწუხაროდ, ისევ არსებობს. ასეთ სივრცეში კი უცხოსთვის ადგილი არ რჩება.

რაც შეეხება საქართველოს, აქაც აუთსაიდერი გამოვდიოდი. ენას არ ვფლობდი, თან – გერმანიიდან ჩამოსული, ამიტომ ამ სივრცისთვის მთლად სასურველი არ გახლდით. თუმცა, აქ ეს ალბათ უფრო გასაგებია – საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც თვითგადარჩენის ინსტიქტი უფრო გამძაფრებულად მოქმედებს, ეს კი კავშირშია უცხოს მიმართ შიშთან.

ენა: გერმანული არის და იყო ჩემთვის მშობლიური ენა. ამ ენაზე გავიზარდე, ამ ენაზე მიკითხავდნენ ზღაპრებს, ჩემი ბავშვობა ამ ენაშია მოქცეული, ამ ენაზე ვდგავარ და ვიდექი ყოველთვის. იმ წლებშიც, როცა თბილისში ვცხოვრობდი, გერმანულად ვწერდი და მიმაჩნია, რომ ადამიანმა მხოლოდ მშობლიურ ენაზე უნდა წეროს. თუმცა, როცა შენს ენობრივ სივრცეს სწყდები, ენა, ასე ვთქვათ, კონსერვდება შენში. ვეღარ გრძნობ იმ ცოცხალ ელემენტებს, რომლითაც ეს ენა განაგრძობს სიცოცხლეს მშობლიურ სივრცეში. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. 1991 წელს, როცა 40 წლის შემდეგ გერმანიაში დავბრუნდი, მივხვდი, რომ ენობრივად უკვე ბევრი რამ იყო ჩემთვის უცხო. ანუ, ენის კარგად ფლობა არ არის საკმარისი. მას სიცოცხლისთვის სივრცე სჭირდება. ამიტომ გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ბევრი მუშაობა დამჭირდა იმისთვის, რომ ენა გამეცოცხლებინა ჩემში.

თბილისში ბევრს ვკითხულობდი, განსაკუთრებით თომას მანს. იმ წლებში გამოიცა თომას მანის 12-ტომეული. ის, რაც აღმოსავლეთ ბერლინში გამოიცემოდა, მოსკოვშიც იყიდებოდა ხოლმე. თომას მანის კითხვა წერაშიც ძალიან მშველოდა. თუმცა, თავის გაკონტროლებასაც ვცდილობდი, ასე ვთქვათ, თომას მანისგან თავს ვიცავდი~, რომ ჩემი წერის სტილი არ დამეკარგა, მანისთვის ზედმეტად არმიმებაძა~. მანი დიდი ლიტერატურაა და მისი კითხვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბუდენბროკები~,იოსეფი და მისი ძმები~, `დოქტორი ფაუსტუსი~ – ეს ტექსტები ყველა მწერლისთვის მნიშვნელოვანი გზამკვლევებია და ჩემთვისაც ასე იყო, განსაკუთრებით იმ წლებში. სხვა გერმანულენოვანი წიგნებიც მქონდა, მაგრამ მანი ჩემთვის იყო და დარჩა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ მწერლად.

ბედისწერა: ადამიანი მუდამ ბედისწერის საწინააღმდეგოდაა მომართული. ის ყოველთვის უკმაყოფილოა იმით, რაც აქვს და რაც მის ირგვლივ ხდება. როგორც რაციონალურ ფენომენს, მას სურს, ყველაფერი თვითონ გადაწყვიტოს, ყველაფერი აკონტროლოს. ეს არის მისი იდეალი, რომელიც კარგად აღწერა განმანათლებლობის ეპოქის ლიტერატურამ… მაგრამ არსებობენ ბუნებრივი კანონზომიერებები, რომელთა წინაშეც უძლურნი ვართ, უფრო მეტიც, მათ გარეშე ვერ ვარსებობთ, მუდამ გვიწევს მათი გათვალისწინება, მათთან შეგუება… აი, მაგალითად, საბჭოთა კავშირი (საინტერესოა, რომ მისი ფესვები გერმანიაშია, მარქსი ხომ გერმანელი მოაზროვნეა) იყო ჩვენი ბედისწერა, რომელსაც ვერ გავექეცით. ასეთ დროს გამოსავალი ერთია – თუ ვერ გაექეცი იმას, რაც ბედმა თავს დაგატეხა, ისღა დაგრჩენია, შეეცადო და შენი საქმის კეთება განაგრძო, ისე, როგორც შეგიძლია. ესაა ჩემთვის ჩემი ლიტერატურა – ბედისწერის წინააღმდეგ სვლა, იმის წინააღმდეგ ყოფნა, რასაც ვერ ეგუები. მე ამას ასე ვაკეთებ, სხვამ შეიძლება სხვა გზა აირჩიოს.

სამშობლო: ჩემი სამშობლო გერმანიაა, რადგან მასთან ენა მაკავშირებს. ეს არის ყველაფერი, რაც ამ თემაზე შემიძლია ვთქვა. მეტს ჩემგან ნუ მოითხოვთ. მე ძალიან მტკივნეულად გავიარე ის ამბები, რაც პატრიოტიზმის და სამშობლოს სახელით ხდებოდა. პატრიოტიზმი ძალიან საფრთხილო რამაა – საკმარისია ოდნავ გადააბიჯო ზღვარს, და უმალ საშინელებაში გადახვალ. სამშობლო ჩემთვის, ალბათ, უფრო ენაა. ბერლინში დაბრუნება ამ მხრივ იყო შვებაც და მშობლიურობის განცდაც, სწორედ ენის და არა იმდენად მშობლიურ ადგილებში დაბრუნების გამო. თუმცა, დაბრუნებისთანავე ყველა ის ადგილი მოვინახულე, სადაც მიცხოვრია და ვყოფილვარ. ვიყავი ჩვენს ძველ ბინაშიც და ვესაუბრე ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობენ. მაგრამ ამ ადგილებში დაბრუნებას მაინც არ მოუნიჭებია იმდენი სიხარული, რაც ენაში დაბრუნებამ მომანიჭა. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება – როცა დიდი ხნის შემდეგ შენს ენობრივ სივრცეს დაუბრუნდები.

გამოქვეყნდა „ქართულ გერმანულ სახე(ლ)ებში“

ავტორი: მაია ლიპარტელიანი

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button