ლიტერატურამოთხრობა

რიუნოსკე აკუტაგავა – უსიერ ტყეში

დაკითხვაზე რა უთხრა ტყისმჭრელმა სასამართლოს მოხელეს

დიახ, ასე იყო. გვამი მე ვიპოვე. ამ დილით, ჩვეულებისამებრ, ტყეში ხეების საჭრელად რომ გახლდით, სწორედ მთის ძირას წავაწყდი მკვდარს. სახელდობრ სადა? იამასინასაკენ მიმავალი გზიდან დაახლოებით ოთხი-ხუთი ტიოს მოშორებით. ესაა უკაცრიელი ადგილი, სადაც ბამბუკი ხარობს, შიგადაშიგ ნორჩ კრიპტომერიებსაც შეხვდებით.

მოკლულს ღია ცისფერი სუიკანი ეცვა, გაცვეთილი ებოსი ეხურა, ქალაქელები რომ ატარებენ, ისეთი. გულაღმა იწვა. სხეულზე მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ შიგ გულში. გვამის გარშემო ბამბუკის ხმელი ფოთლები კინოვარით გაჟღენთილს ჰგავდა. არა, სისხლი უკვე აღარ სდიოდა, ეტყობოდა, ჭრილობა შედედებოდა. ჰო, აი კიდევ რა: ჭრილობაზე დასცხრომოდა კრაზანა, რომელიც სულაც არ დამფრთხალა ჩემს მიახლოებაზე.

ახლომახლო იყო თუ არა ხმალი, ან რამე ამისი მსგავსი? არა, იქ არაფერი მინახავს, მხოლოდ კრიპტომერიის ძირას, გვამთან ახლოს, თოკი ეგდო. და კიდევ… დიახ, დიახ, თოკს გარდა, იქვე სავარცხელსაც მოვკარი თვალი. ეს იყო და ეს, ეს ორად ორი ნივთი. გარშემო კი ბალახი და მოფენილი ფოთლები გვარიანად იყო მოჯეგილი. ჩანს, მოკლულს იოლად არ დაუთმია სიცოცხლე… რაო, იყო თუ არა ცხენი? აბა, რომელი ცხენი შეაღწევს იქ? ცხენის სავალი გზა ცოტა მოშორებითაა, იმ უსიერი ტყის გადაღმა.

დაკითხვაზე რა უთხრა მოხეტიალე ბერმა სასამართლოს მოხელეს

მოკლულს შევხვდი გუშინ. გუშინ… ასე, შუადღისას. სადა? სეკიამადან იამასინასაკენ მიმავალ გზაზე. ცხენზე ამხედრებული, ქალთან ერთად მიეშურებოდა სეკიამასაკენ. ქალს რიდეჩამოფარებული ფართოფარფლიანი ქუდი ეხურა, ასე რომ, სახე არ უჩანდა. თვალი მოვკარი მხოლოდ ჰაგას ყვავილით მოჩითულ მის აბრეშუმის კაბას. თაფლა ცხენს ფაფარი შეკრეჭილი ჰქონდა. რა სიმაღლის იყო? რაღაც ერთი ციდით თუ იქნებოდა ჩვეულებრივზე მაღალი… მე ბერი ვარ და, ასეთ რამეებში მაინცდამაინც ვერ ვერკვევი. მამაკაცს… ჰო, ხმალი ერტყა, ზურგზე კი მშვილდ-ისარი მოეგო. ახლაც თვალწინ მიდგას, შავად გალაქული კაპარჭიდან ოცამდე თავამოყოფილი ისარი. რას წარმოვიდგენდი, ასეთი ბედი თუ ეწეოდა. მართლაც რომ თვალის დახამხამებაში ქრება ადამიანის სიცოცხლე, თითქოს ცვარი იყოს, ან გაელვება. ოო, ენა ვერ იტყვის, რა სავალალოა ყოველივე ეს.

დაკითხვაზე რა უთხრა ჩაფარმა სასამართლოს მოხელეს

მე რომ კაცი შევიპყარი? ის ხომ სახელგანთქმული ავაზაკი ტაძემარუა. ხელი მაშინ ვტაცე, ცხენიდან გადმოვარდნილი, ავადაგუტისთან ქვის ხიდზე რომ ეგდო და კვნესოდა. როდის? გუშინ, საღამოს რვა საათზე. ამას წინათ კინაღამ შევიპყარი, მაშინ ისევ ის ლურჯი სუიკანი ეცვა და უკან, ქამარში ხმალი გაერჭო. ახლა კი, როგორც ხედავთ, მშვილდ-ისარიც აღმოჩნდა. წარმოგიდგენიათ? ეს ხომ იმ მოკლულის მშვიდისარია! თქმა არ უნდა, მკვლელობა ტაძემარუს ჩადენილია. ტყავგადაკრული მშვილდი, შავად გალაქული კაპარჭი ქორისფრთიანი ჩვიდმეტი ისრით. მაშასადამე, ეს ყველაფერი მოკლულის საკუთრება იყო. ჰო, ცხენი როგორც თქვენ ბრძანეთ, თაფლა იყო, ფაფარშეჭრილი, ეტყობა, ასეთი ყოფილა ტაძემარუს ბედი _ ცხენს გადმოუდგია. ცხენი ხიდის ახლოს წიწკნიდა ბალახს, გრძელი სადავე მისთრევდა.

ეს ტაძემარუ, სხვა ავაზაკებისაგან განსხვავებით, რომლებიც დედაქალაქში დაეხეტებიან, ქალების ნამდვილი მუსუსია. გახსოვთ, შარშან მტაზე, ბინძურუს სადიდებელი აკიტორიბეს ტაძრის უკან მლოცველი ქალი რომ მოკლეს გოგონასთან ერთად? ჰო და, ლაპარაკობდნენ, ამაში ტაძემუას ხელი ურევიაო. ან ის ქალი სადაა, თაფლა ცხენით რომ მოდიოდა? ვთქვათ, მამაკაცი ტაძემუამ მოკლა, ქალი რა იქნა? არავინ იცის. ბოდიში, რომ საქმეში ვერევი, მაგრამ ესეც გამოსაძიებელია.

დაკითხვაზე რა უთხრა სასამართლოს მოხელეს მოხუცმა ქალმა

ეს სწორედ იმკაცის გვამია, ვისზედაც გათხოვილი იყო ჩემი ქალიშვილი. მაგრამ ის დედაქალაქიდან არ გახლავთ, სამურაია კოკუფუ და ვაკასადან. მისი სახელია კანაძავა ტაკეჰირო, ოცდაექვსი წლისაა. არა, მას არ შეეძლო ვინმეს წყენინება, მეტად თვინიერი იყო.

ჩემს ქალიშვილს მასაგო ჰქვია, ცხრამეტი წლისაა, თამამია, მამაკაცს არ ჩაუვარდება, ტაკეჰიროსთან შეხვედრამდე არავინ ჰყვარებია. შავგვრემანია, მოგრძო სახიანი, მარცხენა თვალის კუთხეში ხალი აქვს.

გუშინ ტაკეჰირო ჩემი ქლიშვილითურთ ვაკასასი გაემგზავრა. ნეტავი რა შევცოდეთ ღმერთს, რომ ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს! რა დაემართა ჩემს ქალიშვილს? სიძის ხვედრს, მართალია, შევურიგდი, მაგრამ ქალიშვილზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევს. დედაშვილობას, გევედრებით, ღვთის გულისათვის, დაძებნეთ ტყეებსა და ველებზე, იქნებ როგორმე მიაკვლიოთ ჩემს ქალიშვილს. რა ღვთის რისხვაა ეგ ავაზაკი ტაძემარუ, თუ რას ეძახიან! განა მარტო სიძე, ჩემი ქალიშვილიც ხომ… (ტირის, სიტყვა ვეღარ დაუძრავს).

ტაძემარუ აღიარებს

ეს კაცი მე მოვკალი. ქალი კი არ მომიკლავს. არც ის ვიცი, სად გაქრა. მომეშვით! რამდენიც უნდა მაწამოთ, რაც არ ვიცი, როგორ გითხრათ. ესეც არ იყოს, რაკი ჩავვარდი, გულახდილად ვაღიარებ ყველაფერს.

ამ კაცსა და მის ცოლს სამხრობისას შევხვდი. ქარმა ის იყო, აბრეშუმის საბურველი აუფრიალა და ერთი წამით გამოჩნდა იმ ქალის სახე. ერთი წამით გაიელვა და ისევ დაიმალა. და იქნებ სწორედ ამის გამოც მისი სახე ბოდისატვას ხატებად მომეჩვენა. მაშინვე გადავწყვიტე, დამემორჩილებინა ეს ქალი, თუნდაც ამისთვის მისი ქმრის მოკვლა დამჭირვებოდა. თქვენ ეს საშინელებად მიგაჩნიათ, არა? დიდი საქმე! კაცის მოკვლას რა უნდა! როცა ქალის დასაკუთრება სურთ, მამაკაცს ყოველთვის კლავენ. მხოლოდ მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ, თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის მეშვეობით, ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვებით. მართალია, ამ შემთხვევაში სისხლი არ იღვრება, მამაკაცი უვნებელი რჩება, მაგრამ ის თქვენი მოკლულია! და კაცი რომ დაუფიქრდეს, ვისი დანაშაულია უფრო მძიმე, თქვენი თუ ჩემი, _ ვინ იცის?! (ირონიული ღიმილი).

მაგრამ ისე არ გამიგოთ, თითქოს კაცის მოკვლა მიხაროდეს. სისხლის დაუღვრელად თუ დავიმორჩილე ქალი, ამას რა ჯობია? ამჯერად გადავწყვიტე, ქალს ისე დავუფლებოდი, მკვლელობა არ ჩამედინა. მაგრამ გზაზე, სადაც ხალხი მიდი-მოდის, ამას როგორ მოახერხებ! ამიტომაც მოვიფიქრე, როგორ შემეტყუებინა ისინი ტყის სიღრმეში.

ეს ადვილად შევძელი, თანამგზავრივით ავედევნე მათ და ვუამბე, მოპირდაპირე მხარეს მთაში ყორღანი გავთხარე, შიგ უამრავი სარკე და ხმალი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ტყეში დავფალი, რომ არავის ენახა, და თუკი მსურველს ვიპოვნი, იაფად მივყიდი ნებისმიერ ნივთს-მეთქი. ვატყობდი, მამაკაცი დავაინტერესე. აბა, რა გეგონათ! საშინელი რამაა სიხარბე. ნახევარი საათიც არ გასულა, რომ ცხენი მოაბრუნეს და ჩემთან ერთად დაადგნენ მთის ბილიკს.

ტყეს რომ მივადექით, ვუთხარი, ის ნივთები უსიერი ტყის სიღრმეში მაქვს ჩაფლული-მეთქი, და შევთავაზე, წამომყოლოდნენ სანახავად. მამაკაცს სიხარბემ სძლია და, რასაკვირველია, უარი არ უთქვამს. ქალმა კი არც ცხენიდან ჩამოსვლა მოისურვა, არც წამოყოლა. თქვა, მე აქ მოგიცდითო. მისი ასეთი გადაწყვეტილება უთუოდ წინდახედულებით იყო ნაკარნახევი. ხედავდა, რომ ტყე გაუვალი იყო. მაინც ყველაფერი ისე მოეწყო, უკეთესად რომ არ შეიძლებოდა. მე შევუძეხი მამაკაცს ტყის სიღრმეში, ქალი კი მარტო დავტოვეთ.

ტყის განაპირას მხოლოდ ბამბუკი ხარობდა. შემდეგ კრიპტომერიებიც გვხვდებოდა. ჩემი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად უკეთეს ადგილს ვერ ვიპოვნიდი. გზადაგზა ტოტებს აქეთ-იქით ვწევდი, გზას ვიკაფავდი, და თან კაცს ვარწმუნებდი, განძი კრიპტომერიების ძირასა მაქვს ჩაფლული-მეთქი. მამაკაცი მისმენდა და იქით მიიჩქაროდა, სადაც კრიპტომერიათა წერწეტა ზროები ჩანდა. ბამბუკი იშვიათად გვხვდებოდა. ჩვენს გარშემო კრიპტომერიები შემოჯარულიყვნენ. და აი, აქ მოულოდნელად დავესხი თავს ჩემს მსხვერპლს და მიწას დავენარცხე. თვალის დახამხამებაში ის უკვე ხეზე მიკრული აღმოჩნდა. თოკი? სად გინახავთ ყაჩაღი უთოკოდ. თოკი წელზე მერტყა. ყოველ წუთს შეიძლებოდა დამჭირვებოდა მესერზე გადასასვლელად. ცხადია, კაცს დაყვირება არ შეეძლო. პირი ბამბუკის ჩამოცვენილი ფოთლებით გამოვუტენე. რაღას დააწყობდა?

მერე დავბრუნდი ქალთან და ვუთხარი, შენი თანამგზავრი თავს შეუძლოდ გრძნობს, წამოდი, გაიგე, რა დაემართა-მეთქი. რაღა თქმა უნდა, ამჯერადაც ჩემსას მივაღწიე, ქალმა მოიხადა თავისი ფართოფარფლებიანი ქუდი, ჩამჭიდა ხელი და ტყის სიღრმეში შემყვა. მივედით იქ, სადაც მისი ქმარი ხეზე თოკით იყო მიბმული. ქმარი ამ დღეში დაინახა თუ არა, უბიდან პატარა ხანჯალი დააძრო. არასოდეს შემხვედრია ასეთი თავზეხელაღებული, მამაცი ქალი. რომ არ მემარჯვა, უეჭველად გამომფაშავდა. პირველი შემოტევა ავიცილე, მაგრამ ქალი გააფთრებით იქნევდა ხანჯალს. მაგრამ ტყუილადა ვარ ტაძემარუ? ხმლისათვის ხელი არ მიხლია, ისე გავაგდებინე ხანჯალი. უიარაღოდ კი, უმამაცესი ქალიც ვერაფერს გააწყობს. და ბოლოს წადილი ავისრულე _ ქალი ისე დავიმორჩილე, რომ ქმარი არ მომიკლავს.

დიახ, ცოცხალი დავტოვე. მე ამის შემდეგაც არ განმიზრახავს მისი მოკვლა. მაგრამ წასვლა რომ დავაპირე, აქამდე მიწას გართხმული, თვალცრემლიანი ქალი უცებ გიჟივით ზეზე წამოიჭრა, სახელოში ჩამაფრინდა და გულამომჯდარმა იყვირა: “ან შენ უნდა მოკვდე, ამ ჩემი ქმარი!.. თქვენ შორის ერთ-ერთი უნდა მოკვდეს… ორი მამაკაცის წინაშე ასეთ შერცხვენას სიკვდილი მიჯობს. ერთ-ერთი თქვენთაგანი უნდა მოკვდეს… მე კი მას გავყვები, ვინც ცოცხალი დარცება”, და აი, სწორედ მაშინ გადავწყვიტე იმ კაცის მოკვლა. (ნაღვლიანი აღელვებით).

როცა ყოველივე გიამბეთ, ალბათ მუხანათ ადამიანად მიმიჩნიეთ. კი, ასე გეჩვენებათ, რადგან თქვენ არ გინახავთ იმ ქალის სახე, არ გინახავთ მისი ანთებული მზერა. როდესაც თვალი თვალში გავუყარე, ერთბაშად ამიტანა სურვილმა, ჩემი ცოლი გამხდარიყო, თუნდაც ამისათვის ცის რისხვა დამტყდომოდა თავს და იქვე სული გამეცხო. ცოლად უნდა შემერთო ქალი, _ მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა თავში. არა, ეს არ იყო ავხორცობით ნაკარნახევი, როგორც შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ. მარტო ავხორცობის ჟინით რომ ყოფილიყო ეს აღძრული, გეფიცებით, ჭიტლაყს ამოვკრავდი და გავეცლებოდი. მაშინ არც იმ მამაკაცს მოუწევდა თავისი სისხლით ჩემი ხმლის შეღებვა. მაგრამ იმ წამს, როცა ტყის ბინდბუნდში ქალის სახეს კარგად დავაკვირდი, უმალ გადავწყვიტე, რომ აქედან ფეხს არ მოვიცვლიდი, სანამ კაცს არ მოვკლავდი.

მაგრამ არ მინდოდა ვერაგულად მომეკლა. თუკი შევხსენი და ვუთხარი, ერთმანეთს ხმალდახმალ შევებრძოლოთ-მეთქი. ხის ფესვებთან რომ თოკი იპოვეს, ჩემი დაგდებული იყო. სახეშეშლილმა კაცმა ელვის უსწრაფესად იშიშვლა თავისი მძიმე ხმალი და მეძგერა. რა საჭიროა იმის მოყოლა, თუ რით გათავდა ის ბრძოლა. ოცდამესამე მოქნევაზე გავუპე მკერდი. დაიმახსოვრეთ _ ოცდამესამე მოქნევაზე გავუპე მკერდი. დაიმახსოვრეთ _ ოცდამესამე მოქნევაზე! აქამდე მიკვირს: მთელ ქვეყნიერებაზე მხოლოდ მან გამიძლო ამდენ ხანს _ ოცჯერ გადამიჯვარედინდა ხმალი (მხიარული ღიმილი).

როგორც კი დაეცა, ხმაგასისხლიანებული მივბრუნდი ქალისაკენ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ის აღარსად ჩანდა. დავიწყე ძებნა ტყეში, მაგრამ მის კვალს ვერ მივაგენი. ტყის მყუდროებას მხოლოდ სულთმობრძვავის ხროტინი არღვევდა.

ალბათ, როცა ჩვენ ხმალდახმალ ვებრძოდით ერთმანეთს, ქალმა დრო იხელთა და ტყიდან გაიქცა, იქნებ უნდოდა საშველად ვინმესთვის ეხმო. როგორც კი ამ აზრმა გამიელვა, მივხვდი, საფრთხეში ვიყავი. ავართვი მოკლულს ხმალი, მშვილდი, ისრები და გავედი ბილიკზე. იქ წინანდებურად წიწკნიდა ბალახს იმ ქალის ცხენი. იმაზე ლაპარაკი, თუ რა მოხდა შემდეგ, ლაყბობა იქნება და მეტი არაფერი. მხოლოდ, აი, რა: დედაქალაქში შესვლის წინ ის ხმალი უკვე თან აღარ მქონდა. ესაა მთელი ჩემი აღსარება. ახლა რაც გინდათ, ის მიყავით, როგორც გინდათ, ისე დამსაჯეთ. აკი ვიცოდი, როდისმე ამ ჩემს გოგრას სარზე წამოაგებდნენ. (გამომწვევი მზერა).

რა თქვა ქალმა აღსარებაზე კიემიძუს ტაძარში

მე რომ დამიმორჩილა, ის ლურჯსამოსიანი კაცი გაბაწრულ ჩემს ქმარს მიუბრუნდა და ერთი დამცინავად გადაიხარხარა. რა ძნელი ასატანი იყო ალბათ ეს ჩემი ქმრისათვის! მაგრამ, რაც მეტად ცდილობდა თავის დახსნას, მით უფრო ღრმად ეჭდობოდა ხორცში ისედაც მჭიდროდ შემოჭერილი თოკი. მე უნებლიეთ გავიწიე მისკენ, არა, დავაპირე, მაგრამ, იმ კაცმა პანღურით უმალ მიწას დამანარცხა და, სწორედ მაშინ მოხდა ყველაფერი. სწორედ ამ დროს ქმრის თვალებში მე შევნიშნე რაღაც უცნაური ელვარება, აუწერელი… ახლაც კი მზარავს იმ გამოხედვის გახსენება, სიტყვის წარმოთქმის უნარი მეცლება. ქმრის იმ ერთ გამოხედვაში მთელი მისი სული გადმოიღვა. თუმცა მის თვალებში ვერ ამოკითხავდით გულისწყრომას ან ტანჯვას, ისინი ჩემდამი უსაზღვრო სიძულვილით ელავდნენ. აი, რას გამოხატავდნენ მისი თვალები. ამ საშინელი გამოხედვით შეძრწუნებულს კივილი აღმოხდა და ცნობაც დავკარგე.

გონს რომ მოვედი, ის ლურჯსამოსიანი მამაკაცი იქ აღარ იყო. ჩემი ქმარი ისევ ხეზე იყო მიბმული. ძლივს ავითრიე წელი და სახეზე ჩავაშტერდი. გამომეტყველება ოდნავაც არ შეცვლოდა. თვალთაგან წინანდებუარდ აფრქვევდა იდუმალ ზიზღსა და სიძულვილს. არ ვიცი, როგორ გამოვთქვა, რა ვიგრძენი მაშინ… სირცხვილიც, სევდაც, გულისწყრომაც… ძლივს წამოვდექი და ქმართან მივედი.

“მისმენეთ! იმის შემდეგ, რაც მოხდა, არ შემიძლია თქვენთან დარჩენა. გადავწყვიტე, თავი მოვიკლა, მაგრამ… მაგრამ თქვენც უნდა მოკვდეთ. თქვენ ჩემი შერცხვენის მოწმე გახდით. ამის შემდეგ არ შემიძლია ცოცხალი დაგტოვოთ”. აი, რა ვუთხარი, გამიჭირდა, მაგრამ მაინც ვუთხარი. ქმარი კი ისევ ზიზღით მიცქერდა. გული გასკდომაზე მქონდა და ამაოდ ვლამობდი მღელვარება დამეოკებინა. მის ხმალს დავუწყე ძებნა, მაგრამ იმ ყაჩაღს ყველაფერი გაეტაცა, არათუ ხმალი, მშვილდი და ისრებიც აღარსად იყო. საბედნიეროდ, ხანჯალი ეგდო ჩემს ფერხთით. მაღლა შევმართე ის ხანჯალი და ქმარი გავაფრთხილე: ახლა მოგკლავთ, და მეც უმალ თან გამოგყვებით-მეთქი.

ქმარმა ჩემი ნათქვამი რომ გაიგონა, თავს ძალა დაატანა და მხოლოდ ტუჩები შეანძრია. რა თქმა უნდა, ხმის ამოღება არ შეეძლო, პირი ბამბუკის ფოთლებით ჰქონდა გამოტენილი. მაგრამ როდესაც მისი ტუჩების მოძრაობას დავაკვირდი, მივუხვდი ზიზღით ნათქვამს _ “მომკალი”. გონებადაკარგულმა ღრმად ვაძგერე ხანჯალი ღია ცისფერი სამოსით დაფაულ მკერდში. ალბათ იმ წუთას ისევ დავკარგე გრძნობა. გონს რომ მოვედი, მივიხედ-მოვიხედე. ქმარი ისევ იმ მდგომარეობაში იყო უძრავად, უკვე აღარ სუნთქვადა. გაფითრებულ სახეზე ბამბუკის ღეროებში ჩახლართული კრიპტომერიის ტოტებიდან და ფოთლებიდან გამოღწეული, ჩამავალი მზის შუქი დაჰფენოდა. ქვითინს ძლივს ვიკავებდი. შევხსენი გვამს თოკი და, შემდეგ რა დამემართა, ამის თქმის ძალა არ შემწევს. რა არ ვიღონე, მაგრამ თავის მოკვლა ვერ შევძელი. ჯერ ხანჯალი მივიბჯინე ყელზე, მერე მთის ძირას, ტბაში თავის დახრჩობა ვცადე… მაგრამ ხომ ხედავთ, ცოცხალი ვარ და ამით ვერ ვიამაყებ. (სევდიანი ღიმილი). ეტყობა, მოწყალების ქალღმერთი არარაობად მთვლის და აკი ზურგიც შემაქცია. ახლა რაღა ვქნა ჩემი ქმრის მკვლელმა, ყაჩაღისაგან ნამუსახდილმა. რა ვიღონო, რა? მე… მე… (მოულოდნელი, სასოწარკვეთილი ქვითინი).

რა თქვა მოკლულის სულმა წინასწარმეტყველი ქალის პირით

ჩემი ცოლის დამორჩილების შემდეგ ყაჩაღი გვერდით მიუჯდა მას და დაუწყო ნუგეშისცემა. მე, რა თქმა უნდა, პირი ბამბუკის ფოთლებით მქონდა გამოტენილი და ხეზე მაგრად ვიყავი თოკით მიბმული, მაგრამ წამდაუწუმ ვანიშნებდი თვალით ცოლს, არ დაუჯერო, რასაც გეუბნება, სულ სყუილია-მეთქი. მაგრამ ცოლი დამწუხრებული იჯდა ძირს მოფენილ ფოთლებზე და თავს მაღლა არ სწევდა, ერთთავად თავის საკუთარ მუხლებს დასცქეროდა. ღმერთმანი, კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ის ყურადღებით უსმენდა ავაზაკს. ეჭვი მტანჯავდა და უმწეოდ ვიკლაკნებოდი. ყაჩაღი კი მაცდური სიტყვებით ლამობდა ჩემი ცოლის დაყოლიებას. ნამუსახდილია, სულ ერთია, ქმარს ვეღარ შეეგუები, ქმართან ასეთ მდგომარეობაში ყოფნას არა სჯობია, ყაჩაღს გამომყვე ცოლადო? ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ დანახვისთანავე შემიყვარდიო… აი სადამდე მივიდა მისი უნამოსუბა!

ბოლოს ცოლმა ასწია თავი. სახეზე ნაღველი ეხატა. იგი ასეთი ლამაზი არასოდეს მენახა! მაგრამ იცით, რა უთხრა იმ ავაზაკს ჩემმა ტურფა ცოლმა, როცა მის გვერდით გახლდით შებოჭილი? მე ახლა, მართალია, არყოფნაში ვარ გადასახლებული, მაგრამ ყოველთვის, როცა კი მისი პასუხი გამახსენდება, ბრაზი მახრჩობს. აი, რა თქვა ჩემმა ცოლმა: _ “ჰოდა, წამიყვანეთ, სადაც გენებოთ”. (ხანგრძლივი დუმილი).

მაგრამ ცოლის დანაშაული განა მხოლოდ ეს არის. მარტო ამის გულისათვის მე, ალბათ, წყვდიადში მოხეტიალე, აგრეგირად არ გავიტანჯებოდი. აი რა მოხდა: ცოლი ისე გაჰყვა ავაზაკს ხელჩაკიდებული, თითქოს სიზმარშიაო; და ის იყო ტყიდან უნდა გასულიყო, რომ ერთბაშად მკვდრის ფერმა გადაუარა სახეზე, ყაჩაღს მიუბრუნდა და ჩემზე უთხრა: “მოკალი! არ შემიძლია თქვენთან ყოფნა, სანამ ის ცოცხალია!..” მერე შეშლილივით, რამდენჯერმე საზარლად ამოიკივლა: “მოკალი!” ეს სიტყვები ახლაც ქარიშხალივით მიმაქროლებს წყვდიადის ჯურღმულებისაკენ. განა ოდესმე ადამიანის ბაგეს დასდენია ამაზე უფრო შემზარავი სიტყვები? განა ოდესმე ადამიანის ყურს სმენია ასეთი სიბილწე? განა ოდესმე… (უეცარი, გესლიანი ხარხარი). მისი სიტყვების გაგონებაზე ავაზაკიც კი გაფითრდა. “მოკალი!” _ გაჰკიოდა ცოლი და თან მკლავებზე ებღაუჭებოდა. ავაზაკმა თვალი გაუშტერა ქალს, მაგრამ არც “ჰო” უთქვამს, არც “არა”, და უცებ წიხლის კვრით მიაგდო ჩამოცვენილ ფოთლებზე. (კვლავ გესლიანი ხარხარი). გულხელდაკრეფილი ავაზაკი ახლა ჩემკენ მბრუნდა: “რა ვუყოთ ამ ქალს? მოვკლათ, თუ ვაპატიოთ? პასუხად თავი დამიქნიეთ. მოვკლათ?” მარტო ამ სიტყვებისათვის მზადა ვარ იმ ავაზაკს ყველაფერი შევუნდო. (კვლავ ხანგრძლივი დუმილი).

სანამ პასუხს ვაყოვნებდი, ცოლმა ერთი შეჰკივლა და ტყის სიღრმეში მიიმალა. ავაზაკი უმალ დაედევნა, მაგრამ ეტყობა, ვერ მოასწრო ხელი ეტაცა მისთვის, თუნდაც სახელოში. თავი სიზმარში მეგონა.

როცა ცოლი გაიქცა, ყაჩაღმა აიღო ჩემი ხმალი, მშვილდი, ისრები, მერე ერთგან გადამიჭრა თოკი. მახსოვს, სანამ ტყეში გაუჩინარდებოდა, როგორ ჩაილაპარაკა თავისთვის: “ახლა კი დროა, ჩემს თავზედაც ვიფიქრო”.

როცა ის წავიდა, ირგვლივ სიჩუმე გამეფდა. არა, ყოველგან არა, სადღაც ახლოს კვლავ ისმოდა ვიღაცის ქვითინი. თოკს რომ ვიხსნიდი, დავაყურადე და მივხვდი, ეს მე ვქვითინებდი. (კვლავ ხანგრძლივი დუმილი).

ბოლოს ძლივს მოვაცილე ხეს ჩემი გატანჯული სხეული. უცებ თვალი მომჭრა ხანჯლის ელვარებამ, რომელიც ცოლს დაკარგოდა და ახლა ჩემ წინ ეგდო. ავიღე ხანჯალი და ერთი მოქნევით დავიკარ გულში. სისხლი ყელში მომაწვა, მაგრამ ტკივილი არ მიგრძვნია. როცა მკერდში სიცივე ჩამიდგა, ირგვლივ კიდევ უფრო მეტი მყუდროება ჩამოწვა. ო, რა მყუდროება იყო! აქ, ამ ტყეში ახლა ერთი ჩიტიც კი არ გალობდა. მხოლოდ კრიპტომერიისა და ბამბუკის ზროებს ავარაყებდა ჩამავალი მზის სევდისმომგვრელი შუქი. ჩამავალი მზისა… მაგრამ ისიც სულ უფრო და უფრო მიილია. მალე გაუჩინარდა ყველაფერი _ ხეებიც, ბამბუკიც და მეც, მიწაზე გართხმული, გავეხვიე ამ სამარისებრი მყუდროების სუდარაში.

სწორედ ამ დროს, ვიღაც ფეხაკრეფით მოიპარა ჩემთან. მინდოდა შემეხედა, ვინ იყო, მაგრამ ირგვლივ ბინდი ჩამომდგარიყო. და ვიღაც… ამ ვიღაცამ უხილავი ხელით ფრთხილად ამომაჩრო გულში ჩარჭობილი ხანჯალი. იმწამსვე პირი კვლავ ამივსო თქრიალით წამოსულმა სისხლმა. ამის შემდეგ საუკუნოდ მშთანთქა არყოფნის წყვდიადმა.

გენერალი

1. “თეთრნიშნიანთა” რაზმი

ეს ამბავი მეიძის ოცდამეშვიდე წლის 6 დეკემბრის განთიადისას მოხდა. “თეთრნიშნიანთა დივიზიის № პოლკი 93-ე სიმაღლის ჩრდილო ფერდობიდან დაიძრა. პოლკს იერიშით უნდა აეღოთ სუნშუშანის მთაზე მოწყობილი დამატებითი ფორტი.

გზას ერთი მხრიდან მთა ეფარებოდა, ამიტომ ჯარისკაცები ოთხ-ოთხ კაციან კოლონებად დააწყვეს და თეთრნიშნიანი, მხარზე შაშხანაგადაკიდებული მეომრები ხრიოკ და და ჯერ კიდევ ბნელით მოსილ გზას დაადგნენ. ნამდვილად ტრაგიკული სურათი იყო! ეს მეთაურს, კაპიტან მ-საც შეეტყო სახეზე _ ჩაუდგა თუ არა კოლონას სათავეში, უჩვეულოდ მიყუჩდა და ფიქრებში წავიდა. მხოლოდ ჯარისკაცები არ კარგავდნენ მხნეობასა და ხალისს. ამის მიზეზი იაპონური სულის _ “იამატოდასიის” ძლიერება და არყის ძალა იყო.

ცოტა ხნის შემდეგ რაზმი მდინარის ღორღიან ხეობაში შევიდა. ხეობაში ძლიერი ქარი ქროდა.

_ შენ, ერთი უკან მიიხედე! _ უთხრა პირველი თანრიგის ჯარისკაცმა ტაგუტიმ, ყოფილმა ქაღალდით მოვაჭრემ, იმავე ასეულის პირველი თანრიგის ჯარისკაც ხორიოს _ ყოფილ დურგალს. _ შეხედე, ყველა გვესალმება!

ჯარისკაცმა ხორიომ უკან მიიხედა. მართლაც, მათ უკან, გორაკზე, რომელიც შავად მოჩანდა ვარდისფრად შეფერილი ცის ფონზე, პოლკის უფროსი და ოფიცრები იდგნენ და სამხედრო სალამს აძლევდნენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში მიმავალ მეომრებს.

_ რას იტყვი? “თეთრნიშნიანთა” რაზმში მოხვედრა დიდი პატივია, არა?

_ შენც ერთი, რა დიდი პატივია?! _ ბოღმიანად ჩაილაპარაკა ჯარისკაცმა ხორიომ და მხარზე გადაკიდებული საშხანა შეისწორა. _ ყველანი სასიკვდილოდ მივდივართ. მოილაპარაკეს: შევაგულიანოთ, შევაქოთ, და სასიკვდილოდ გავისტუმროთო. თვითონ რას კარგავენ!

_ ეგრე არ შეიძლება, ასეთი ლაპარაკი არ შეგვფერის, იმპერატორის ჯარისკაცები ვართ.

_ მომწყდი თავიდან! ბევრი იცი, რა შეიძლება და რა არა. ვითომ რა, ქუდთან ხელი რომ მიიტანო, უფასოდ დაგალევინებენ არაყს ჯარისკაცთა ფარდულში?

კარისკაცმა ტაგუტიმ იყუჩა: მან უკვე კარგად იცოდა მეგობრის ხასიათი _ ცოტას დალევდა თუ არა, ბოღმა მოაწვებოდა გულზე და დაურიდებელ ქილიკს იწყებდა. ჯარისკაცი ხორიო კი განაგრძობდა:

_ არა, ქუდთან ხელის მიტანით ვერაფერს მიიღებ. ესენი კი გაიძახიან, აი, სახელმწიფოს შველა უნდა, აი, იმპერატორს თავი უნდა შევწიროთო, მაგრამ ყველაფერი ტყუილი და სისულელა! შენ რაღას იტყვი, ძმაო? მართალს არ ვამბობ? _ მიუბრუნდა ხორიო ეფრეიტორ ეგის.

ეს წყნარი ეფრეიტორი იმავე ასეულში მსახურობდა. ჯარში წასვლამდე დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო. ამჯერად, რატომღაც, ისე გაშმაგდა, რომ ცოტაც და, მუშტიკრივზე გადავიდოდა. იგი მთვრალ ხორიოს მიუტრიალდა და ღვარძლიანად მიახალა:

_ ბრიყვო, თავის განწირვა ჩვენი მოვალეობაა!

“თეთრნიშნიანთა” რაზმი ამ დროს ხეობის გადაღმა ფერდობზე ადიდა. ფერდობზე მდგომი ტალახით შელესილი ექვსი თუ შვიდი ფანზა მდუმარედ ხვდებოდა განთიადს. ფანზების სახურავს მიღმა სუნშუშანის ცივი, მოწითალო მთა აღმართულიყო. მთას აქა-იქ, თითქოს ხელით დახატული, მომწვანო ნაკეცები ამშვენებდა. სოფელს რომ გასცდნენ, კოლონა გაიშალა. მძმედ შეჭურვილი მეომრები მთის ბილიკებს შეეჭიდნენ, ცოტა ხნის შემდეგ კი ხოხვით დაიწყეს წინსვლა მტრის პოზიციებისაკენ. აფრეიტორი ეგიც, სხვებთან ერთად, ხოხვით მიიწევდა წინ და თან ყურებში ედგა წარისკაც ხორიოს სიტყვები: “ვითომ რა, ქუდთან ხელი რომ მიიტანო, უფასოდ დაგალევინებენ არაყს ჯარისკაცთა ფარდულში?” ეს სიტყვები თავში უტრიალებდა, მაგრამ ბუნებით ჩუმი და უთქმელი კაცი იყო და თავის აზრებს არავის უზიარებდა. და მაინც ხორიოს ნათქვამმა ძალზე გააღიზიანა და ისეთი გულისმომწყვლელი ტკივილი მოჰგვარა, თითქოს ძველმა ჭრილობამ გაუხსენაო. ნადირივით ოთხზე მიფოფხავდა დამზრალ ბილიკზე და ომსა და სიკვდილზე ფიქრობდა. სანუგეშო და დამაშვიდებელი არაფერი ჩანდა. თვით იმპერატორისათვის თავის გაწირვაც კი… სიკვდილი მაინც საშინელი რამ არის. ომი კი… ეფრეიტორი ომს თითქმის არ თვლიდა დანაშაულად. დანაშაული სულ სხვაა, უფრო ადვილი დასადგენია, რადგან მისი წყარი ცალკეულ ადამიანთა ვნებებშია საძიებელი, ომი კი იმპერატორის სამსახურად ითვლება. ეგის და მარტო ეგის კი არა, ორიათას კაცზე მეტს, რომლებიც სხვადსხვა დივიზიიდან შეკრიბეს და “თეთრნიშნიანთა” რაზმში ჩარიცხეს, სხვა გზა არა აქვთ, თვი უნდა ანაცვალონ იმპერატორს.

_ მოვედით, მოვედით! შენ რომელი პოლკიდან ხარ?

ეფრეიტორმა ეგიმ თვალი მოავლო იდამოს. უკვე სუნშუანის ფერდობს მისდგომოდნენ; ეს რაზმების შესაკრები პუნქტი იყო. აქ თავი შეეყარათ სხვადასხვა დივიზიიდან შეკრებილ ჯარისკაცებს, რომელთაც ხაკისფერი მუნდირები ეცვათ ზედ მიმაგრებული ძველმოდური ნიშნებით.

ეგის ერთ-ერთმა მათგანმა გადმოსძახა, რომელი პოლკიდან ხართო?

იგი ქვაზე ჩამომჯდარიყო, ზურგი ძალაგამოცლილი მზის სხივებისათვის მიეშვირა და ღაწვიდან ფრჩხილებით იღებდა ფერიმჭამელას.

_ № პოლკიდან, _ უპასუხა ეგიმ.

_ თბილი ადგილისათვის მიგიგნია! _ გაეხუმრა ჯარისკაცი.

ეფრეიტორმა არც არაფერი უპასუხა და არც მოღუშული შუბლი გახსნა.

რამდენიმე საათის შემდეგ ქვემეხების სროლა ატყდა. ქვეითი ჯარის თავზე ღრიალით გადადიოდა საკუთარი თუ მტრის ყუმბარები. მეომართა ცხვირწინ აზიდული სუნშუშანის ფერდობიდან დროდადრო ყვითელი მტვრის ღრუბელი ადიოდა ცაში _ ამ ფერდობს ლიაძიტუნიდან უშენდა ცეცხლს ჩვენი საზღვაო არტილერია. მტვრის ღრუბელი აიჭრებოდა ზევით და ფერდობზე იისფრად გაიელვებდა აფეთქებული დენთი. ეს გაელვება დღისით ბევრად უფრო თავზარდამცემია, ვიდრე ღამის სიბნელეში, მაგრამ “თეთრნიშნიანთა” ორიათასიანი რაზმი კვლავ ძველ პოზიციაზე იდგა, შეტევისათვის ხელსაყრელ დროს ელოდა და მხნეობას არ კარგავდა. უფრო სწორად, შიშს რომ არ დაეთრგუნა, ცდილობდა, როგორც შეეძლო ემხიარულა.

_ ჯოჯოხეთურად აბათქუნებენ!

ჯარისკაცმა ხორიომ ცას ახედა. იმავ წამს ზედ თავზე გადაუქროლა ყუმბარამ. გრიალის გოგონებაზე ხორიომ თავი მხრებში ჩარგო და ხმა რომ მიწყდა, ჯარისკაც ტაგუტის მიუბრუნდა (მას სახეზე ცხვირსახოცი აეფარებინა, რომ ქვიშა და მტვერი არ შეყროდა).

_ ოცდარვასანტიმეტრიანი იყო.

ჯარისკაცმა ტაგუტიმ ნაძალადევად გაუღიმა და ცხვირსახოცი ჯიბეში ჩაიდო _ არ უნდოდა, ხორიოს დაენახა ეს კიდეებშემოქარგული ცხვირსახოცი _ იგი ერთმა მეგობარმა გეიშამ აჩუქა ფრონტზე წამოსვლის წინ.

_ ოცდარვასანტიმეტრიანს სხვანაირი ხმა აქვს, _ მიუგო ტაგუტიმ, მერე შეცბა და წელში გასწორდა. სხვა ჯარისკაცებიც, თითქოს ვიღაცამ უბრძანაო, ლარივით გაიჭიმნენ ერთიმეორის გვერდით. რაზმს მედიდურად უახლოვდებოდა არმიის მთავარსარდალი _ გენერალი №. უკან რამდენიმე შტაბოფიცერი მოსდევდა.

_ წყნარად, წყნარად!

გენერალმა პოზიციას თვალი მოავლო და ხმამაღლა, მკაფიოდ წარმოთქვა:

_ აქ სივიწროვეა, თავისუფლად დადექით. რომელი პოლკიდანა ხართ, “თეთრნიშნიანებო?”

ჯარისკაცმა ტაგუტიმ გენერლის მზერა იგრძნო და ქალიშვილივით დაიბნა, მაგრამ პასუხი მაინც მოახერხა:

_ № ქვეითი პოლკიდან…

_ მართლა? აბა, ყოჩაღად იბრძოლე! _ გენერალმა ხელი ჩამოართვა, შემდეგ ჯარისკაც ხორიოზე გადაიტანა მზერა, მასაც გაოწოდა მარჯვენა და გაიმეორა: _ შენც ყოჩაღად იბრძოლე!

გენერალი მისკენ რომ მიბრუნდა, ხორიო წელში გაიმართა და ისე გაშეშდა, თითქოს ქვისაგან ყოფილიყო გამოქანდაკებული. ძველ გენერალს მოეწონა ეს სახეგარუჯული, მხარბეჭიანი, ძვალმსხვილი და ღაწვმაღალი ჯარისკაცი; აი, ასეთი უნდა იყოს იმპერატორის ყველა კარისკაციო, გაიფიქრა მან, ხორიოს წინ შეჩერდა და ხმას სიფიცხე შემატა:

_ აი, იქ, ფორტია, სწორედ იქიდან გვესვრიან. ამაღამ თქვენ აიღებთ მაგ ფორტს, შემდეგ კი ჩვენი რეზერვები ახლომახლო მდებარე. ყველა დანარჩენ სიმაგრეს დაიმორჩილებენ. მაშასადამე, ყველანი მზად უნდა იყოთ ამ ფორტზე იერიშისათვის. _ გენერალმა ხმაში არ უნდა გაჩერდეთ, არ უნდა ისროლოთ, ყუმბარებივით უნდა დაატყდეთ თავს იმ ციხესიმაგრეს. აბა თქვენ იცით, ვაჟკაცურად მოიქეცით!

გენერალმა ისე მაგრად ჩამოართვა ხელი ჯარისკაც ხორიოს, თითქოს ამით უნდოდა ეჩვენებინა ყველასათვის, თუ რას ნიშნავდა “ვაჟკაცურად” მოქცევა, და გზა განაგრძო.

_ კარგად ვერა გვქონია საქმე, _ ჩაილაპარაკა ჯარისკაცმა ხორიომ, გენერალს თვალი გააყოლა, მერე ჯარისკაც ტაგუტის თვალი ჩაუკრა და დასძინა: _ ასეთი ბერიკაცი რომ ჩამოგართმევს ხელს…

ჯარისკაცმა ტაგუტიმ მწარედ ჩაიღიმა. ამის დანახვაზე ხორიომ უხერხულობა იგრძნო, რაღაც არ მოეწონა მეგობრის ღიმილი. ამ დროს საუბარში ეფრეიტორი ეგი ჩაერია:

_ რაო, გიყიდა ერთი ხელის ჩამორთმევით?

ახლა ჯარისკაცმა ხირიომ გაიღიმა ცალყბად:

_ არ ვარგა ეგრე, ვითომ რა, ნიშნს მიგებ?

_ არა, ვბრაზობ, რომ მარტო შენ დაგდეს პატივი. მეც ხომ მზადა ვარ თავის გასაწირად.

ეფრეიტორ ეგის ტაგუტიმ უპასუხა:

_ მერე რა, აქ ყველა მზად არის, სამშობლოსათვის გაწიროს თავი.

ეფრეიტორმა ეგიმ შუბლი შეიკრა.

_ რატომ ვეწირები, არ ვიცი, და მაინც ვეწირები. ყაჩაღმა რევოლვერი რომ მოგიშვიროს, ხომ ყველა მზად არის, _ სამშობლოსათვის გაწიროს თავი.

ეფრეიტორმა ეგიმ შუბლი შეიკრა.

_ რატომ ვეწირები, არ ვიცი, და მაინც ვეწირები. ყაჩაღმა რევოლვერი რომ მოგიშვიროს, ხომ ყველაფერზე იაღებ ხელს!

_ მეც მაგ აზრისა ვარ, მაგრამ, ყაჩაღს ფულს თუ მისცემ, სიცოცხლეს აღარ წაგართმევს, ჩვენ კი ერთადერთი გზა გვაქვს და ამ გზას ოუსავლეთში მივყავართ. აბა ამას რაღა ეშველება და, თუ სიკვდილი გვიწერია, ღირსეულად მაინც დავიხოცოთ.

ჯერ ისევ სასმელგამოუნელებელმა ხორიომ ზიზღჩამდგარი თვალები მიაპყრო აწუაწუნებულ მეგობარს და გაიფიქრა: “ვითომ მარტო სიცოცხლის გაწირვაა საკმარისი? მეტი არაფერი გვევალება?” მერე ცას მიაჩერდა და გადაწყვიტა, გენერლის თავმდაბლობის საპასუხოდ, ამაღამ ცოცხალ ყუმბარად გადაქცეულიყო…

საღამოს ცხრა საათი იყო დაწყებული, რომ ეფრეიტორი ეგი სუნშუშანის ფერდობზე ეგდო დანახშირებული _ ხელყუმბარა აფეთქებოდა ფეხებთან. “თეთრნიშნიანთა” რაზმის რომელიღაც ჯარისკაცი ეკლიანი მავთულის ღობიდან გამოძვრა, ყვირილ-ყვირილით მიიჭრა ეფრეიტორის გვამთან, გულზე ფეხი დაადგა და ხმამაღლა ახარხარდა. ტყვიების გაბმული სტვენა და საზარელი ხარხარი ერთმანეთს შეერია.

_ ბანზაი! გაუმარჯოს იაპონიას! უწმინდურები იარაღს ყრიან! მტერი გაცამტვერებულია! გაუმარჯოს ჩვენს პოლკს! ბანზაი! ბანზაი! ჯარისკაცი შეუჩერებლივ ყვიროდა და ტან შაშხანას იქნევდა. ყურადღება არ მიუქცევია ხელყუმბარის აფეთქებისათვის, ზედ ცხვირწინ რომ გაუპო წყვდიადი. აფეთქების შუქმა წამით გამოსტაცა სიბნელეს ჯარისკაცის სახე. იგი ხორიო გახლდათ, გააფთრებული შეტევის დროს თავში დაჭრილიყო დაჭკუიდან გადასულიყო.

2. ჯაშუშები

მეიძის ოცდამეთვრამეტე წლის 5 მარტის დილას, ციუანშენჯუში მდგომი ა ცხენოსანთა ბრიგადის შტაბის ნახევრად ბნელ შენობაში, ორი ჩინელის დაკითხვა მიმდინარეობდა. ისინი, როგორც ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები, ეს-ეს იყო დაეკავებინა № პოლკის ბრიგადის გუშაგს და შტაბში მიეყვანა (ეს პოლკი დროებით შეერთებინათ ცხენოსანთა ბრიგადისათვის). დაბალ ფანზაში არა ციოდა _ კანები ათბობდა იქაურობას, მაგრამ ომის პირქუში ატმოსფერო მაინც ყველაფერს დასტყობოდა _ აგურით მოგებულ იატაკს წამოდებული დეზი ძველებურად აღარ წკრიალებდა, მაგიდაზე მიყრილ ფარაჯებს პეწი დაჰკარგოდა… დამტვრეულ თეთრ კედელზე ალაგ-ალაგ წითელი ქაღალდის ზოლები მიეკრათ. იქვე ჭიკარტებით მიემაგრებინათ ვიღაც გეიშას ფოტოსურთი. მას ევროპულად ჰქონდა თმა დავარცხნილი. გეიშა შტაბის შენობაში! სასაცილო იყო და სატირალიც!

ჩინელების დაკითხვას ბრიგადის შტაბის ოფიცერი, ადიუტანტი და თარჯიმანი აწარმოებდნე. პატიმრები ყველა კითხვაზე გარკვეულ და დალაგებულ პასუხს იძლეოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, წვეროსანი, ასაკით უფროსი რომ უნდა ყოფილიყო, თარჯიმანს არც კი აცდიდა ეკითხვის თარგმნას, ისე იწყებდა ლაპარაკს. მაგრამ სწორედ ეს დალაგებული პასუხები აეჭვებდა ოფიცერს და სულ უფრო და უფრო მეტად უცხოველებდა სურვის, რომ ჩინელები მართლა ჯაშუშები გამომდგარიყვნენ.

_ ეი, შენ, ჯარისკაცო! _ დუდუნა ხმით გასძახა ოფიცერმა კართან მდგომ გუშაგს. ეს გუშაგი ჩვენი ნაცნობი ტაგუტი იყო, “თეთრნიშნიანთა” რაზმის ჯარისკაცი, სწორედ მან მოიყვანა ჩინელი შტაბში. ახლა ზურგით იდგა ცხაურიან კართან და გეიშას სურათს მისჩერებოდა. შტაბის ოფიცრის ხმაზე შეკრთა და დაიღრიალა:

_ გისმენთ!

_ შენ შეიპყარი ესენი? როდის შეიპყარი?

უეშმაკო ტაგუტი ისე ალაპარაკდა, თითქოს გადაშლილი წიგნი უდევს წინ და კითხულობსო.

_ მე სოფლის ჩრდილო განაპირას ვიდექი საგუშაგოზე, მუკდენის გზაზე. როდესაც ასეულის უფროსი ხეზე აფოფხდა…

_ რაო? ასეულის უფროსი ხეზე აფოფხდა? _ აჭიმა წარბები შტაბის ოფიცერმა.

_ დიახ, ასე იყო. ასეულის უფროსი მიდამოს დასაზვერად აფოფხდა ხეზე. უფროსმა ამათზე მიბრძანა, ისინი დაიჭირეო. მაგრამ როცა ვიჭერდი, აი ეს… დიახ, აი, ეს პირტიტველა გაიქცა.

_ სულ ეგ იყო?

_ დიახ, სულ ეს იყო.

_ კეთილი.

შტაბის ოფიცერს გაჟინჟღილებულ სახეზე შეეტყო, რომ მეტ სამხილს მოელოდა გუსაგისაგან. მან შემდგომი კითხვა დაუსვა ტყვეებს. თარჯიმანმა სწრაფად და ხმამაღლა თარგმნა, რადგან არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია, რომ საშინლად მობეზრდა ეს დაკითხვა.

_ რატომ გარბოდი, თუ ჯაშუში არა ხარ?

_ როგორ არ გავიქცეოდი, როცა ეს იაპონელი ჯარისკაცი გიჟივით მეცა? _ მიუგო ფერმკრთალმა ჩინელმა, რომელიც ალბათ ოპიუმის მწეველი იყო.

_ კი, მაგრამ, თქვენ ხომ ბრძოლის ხაზზე მიდიოდით? მშვიდობიან მცხოვრებს იმ გზაზე არაფერი ესაქმება… _ ჩაურთო ადიუტანტმა ჩინურად და ბოროტად მიანათა თვალები ჩინელის ტყვიისფერ სახეს.

_ რატომ არ ესაქმება? ახლახან მოგახსენებდით, რომ სინმინტუნში ვაპირებდი წასვლას, ქაღალდის ფული გვინდოდა გადაგვეხურდავებინა. აი, აქა გვაქვს, ნახეთ!

_ წვეროსანმა ჩინელმა მშვიდად შეავლო თვალი ოფიცრებს. შტაბის ოფიცერმა ჩაიფრუტუნა _ ესიამოვნა, რომადიუტანტს საკადრისი ხურდა დაუბრუნეს.

_ ფული გადაგეხურდავებინათ? მერე და თავი არ გენანებოდათ? _ ჩაიცინა ადიუტანტმა და ბრძანა: _ ყოველი შემთხვევისათვის, უთხარით, გაშიშვლდნენ.

თარჯიმანმა ბრძანება თარგმნა და ჩინელებმა სწრაფად, მაგრამ აუღელვებლად გაიხადეს ტანთ.

_ მუცლის ასაკრავი რომ არ მოუხსნია! აბა, მოიხსნას და აქ მომეცი!

თარჯიმანმა ტილოს ნაჭეტი გამოართვა ჩინელს. ნაჭეტს ტანის სითბო შერჩენოდა და თარჯიმანმა ზიზღი იგრძნო. მუცლის ასაკრავში სამი მსხვილი ქინძისთავი იყო გარჭობილი, სიგრძით სამი სუნი იქნებოდა. ოფიცერი დიდხანს ათვალიერებდა ქინძისთავებს ფანჯრიდან შემოსულ შუქზე, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შენიშნა. სრულიად ჩვეულებრივი ქინძისთავები იყო, ოღონდ ბრტყელ თავებზე ქლიავის ფოთლები ჰქონდა ამოტივტივებული.

_ რად გინდა?

_ მე ნემსებით ვმკურნალობ, _ მშვიდად მიუგო წვეროსანმა.

_ ფეხსაცმელი გაიხადეთ!

დაიწყეს ტანსაცმლის გასინჯვა.

ჩინელები გულგრილად ადევნებდნენ თვალს, თითვლები იდგნენ და ხელსაც არ იფარებდნენ სასირცხო ადგილებზე. შარვლებში და ქურთუკებში კი არა, წაღებსა და წინდებშიც არ აღმოჩნდა რაიმე მამხილებელი ნივთი ან ქაღალდი. წაღების დარღვევაღა იყო საჭირო.

ადიუტანტი აპირებდა ეთქვა შტაბის ოფიცრისათვის, წაღები დავარღვიოთო, რომ მოულოდნელად მეზობელი ოთახიდან არმიის სარდალი შემოვიდა, ბრიგადის უფროსისა და არმიის შტაბის ოფიცრების ტანხლებით. გენერალი ბრიგადის უფროსთან ყოფილიყო _ რაღაც საქმეზე უნდა მოთათბირებოდა ადიუტანტებსა და შტაბს.

_ რუსების ჯაშუშები არიან? _ იკითხა გენერალმა, ჩინელებს მიუახლოვდა და ჯიქურ მიაშტერდა თვალები. (შემდგომში ერთმა ამერიკელმა მოურიდებლად აღნიშნა, ამ ცნობილ გენერალს რაღაც მანიაკური გამოხედვა აქვსო, ამ მანიაკურ თვალებში, განსაკუთრებით ასეთ შემთხვევებში, ავისმომასწავებელი ცეცხლი აენტებოდა ხოლმე).

შტაბის ოფიცერმა მოკლედ მოახსენა გენერალს საქმის ვიტარება, გენერალი დროდადრო თავს უქნევდა და თითქოს რაღაცას იხსენებდა.

_ ისღა დაგვრჩენია, ცემით გამოვტეხოთ, _ დაამთავრა შტაბის ოფიცერმა.

მაშინ გენერალმა ხელი, რომელშიაც რუკა ეჭირა, იატაკზე მიყრილი წაღებისაკენ გაიშვირა და ბრძანა:

_ აბა, ერთი, ეს წაღები დაჭერით!

წაღებს ლანჩები მოარღვიეს და იატაკზე ხუთი-ექვსი რუკა და საიდუმლო საბუთები გადმოცვივდა. ამის დანახვაზე ჩინელებს ფერი ეცვალათ, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. ორივე ჯიუტად ჩაშტრებოდა იატაკს.

_ ასეც ვიცოდი! მიუბრუნდა გენერალი ბრიგადის უფროსს და უკმაყოფილოდ ჩაიღიმა. ფეხსაცმელი ყოველთვის საეჭვოა. ჩაიცვან. არა, ასეთი ჯაშუშები ჩენს დღეში არ მინახავს!

_ ფრიად გაოცებული ვარ თქვენი აღმატებულების გამჭრიახობით! _ თავაზიანი ღიმილით შენიშნა ადიუტანტმა და ბრიგადის უფროსს ჯაშუშობის დამამტკიცებელი საბუთები გაუწოდა. მას თითქოს დაავიწყდა, რომ გენერლის შემოსვლამდე თვითონ აპირებდა წაღების შემოწმებას.

_ რადგან გააშიშვლეთ და მაინც ვერაფერი უნახეთ, წაღები რჩებოდა საეჭვო. _ გენერალი კვლავ შესანიშნავ გუნებაზე იყო. _ მე მაშინვე ვიფიქრე, რომ წაღებში ექნებოდათ.

ბრიგადის უფროსიც კმაყოფილი და გამოცოცხლებული ჩანდა.

_ რაც მართალია, მართალია, _ თქვა მან, _ აქაური მცხოვრებლების ნდობა არ შეიძლება. ჩვენ რომ შემოვედით, იაპონური დროშები გამოფინეს, მერე, როცა სახლებში ჩხრეკა მოვაწყვეთ, რუსული დროშები აღმოაჩნდათ.

_ ერთი სიტყვით, გათახსირებული ხალხია!

_ ნამდვილად! გათახსირებული და ეშმაკი ხალხია!

ამ საუბრის დროს შტაბის ოფიცერი თარჯიმნის დახმარებით აძლევდა კითხვებს ჩინელებს და თანდათან ბრაზდებოდა. უცებ ჯარისკაც ტაგუტისაკენ მიბრუნდა და მიახალა:

_ ეი, ჯარისკაცო! ჯაშუშები შენ შეიპყარი და შენვე უნდა ჩააძაღლო!

ოცი წუთის შემდეგ ორივე ჩინელი სოფლის სამხრეთით, გზის პირას, ხმელი ტირიფის ძირში იჯდა. ისინი ნაწნავებით გადაებათ ერთმანეთზე. ჯარისკაცმა ტაგუტიმ თოფს ხიშტი ჩამოაცვა და პატიმრები გააცალკევა. შემდეგ შაშხანა აიღო და ზურგიდან დაუდგა ხნიერ ჩინელს, მაგრამ, სანამ მოკლავდა, მოინდომა ეთქვა, გკლავო.

_ ნიი… დაიწყო მან, მაგრამ ვეღარ გააგრძელა, არ იცოდა, როგორ ითქმოდა ჩინურად “მოკვლა”.

_ ნიი…, ახლა მოგკლავ!

ორივე ჩინელმა ერთად ოხედეს, მაგრამ შიში არც ერთს არ დასტყობია. ტაგუტიმ ხიშტი მოიმარჯვა. ჩინელებმა რამდენჯერმე დაუკრეს თავი სივრცეს _ მარჯვნივ, მარცხნივ, პირდაპირ. “სამშობლოს ემშვიდობებიან”, _ გაიფიქრა ჯარისკაცმა ტაგუტიმ. თავის დაკვრას რომ მორჩნენ, ჩინელებმა კისრები წაიგრძელეს და გაშეშდნენ. ისინი უკვე შეგუებოდნენ სიკვდილს. ჯარისკაცმა ტაგუტიმ შაშხანა ასწია, მაგრამ ჩინელები ისე მორჩილად ისხდნენ, რომ გული არ უშვრებოდა, ხიშტი ცაეცა.

_ ნიი, ახლა მოგკლავთ! _ უნებლიეთ გაიმეორა მან.

ამ დროს სოფლიდან მომავალი მხედარი გამჩნდა.

_ ეი, ჯარისკაცო!

მხედარი მოახლოვდა. იგი ფელდფებელი გამოდგა. ჩინელები რომ დაინახა, ცხენი შეაჩერა და ქედმაღლურად ჰკითხა ტაგუტის:

_ რუსების ჯაშუსებია? ეტყობა, ისინი არიან. მოიტა, ერთი მე დამაჩეხინე.

ჯარისკაცმა ტაჰუტიმ ღრეჭვით მიუგო:

_ თუ გინდა, ორივეს დაგითმობ.

_ მართლა? გულუხვი ყოფილხარ!

ფელდფებელი მარდად ჩამოქვეითდა, ზურგიდან მოუარა ჩინეებს და იაპონური ხმალი გააშიშვლა. ამ დროს სოფლის მხრიდან კვლავ გაისმა ფლოქვების ხშირი ხმა _ მათკენ სამი ოფიცერი მოაჭენებდა ცხენებს. ფელდფებელმა ახალმოსულებს ყურადღება არ მიაქცია. ხმალი ასწია, მაგრამ სანამ მოიქნევდა, სამი ოფიცერი ტირიფს გაუსწორდა. არმიის სარდალი! ფელდფებელი და ჯარისკაცი ტაგუტი გენერლისაკენ მიბრუნდნენ და სალამი მისცეს.

_ რუსების ჯაშუსებია! _ თქვა გენერალმა და თვალებში წამით სიგიჟის ცეცხლმა გაუელვა. _ დაჩეხე! დაჩეხე!

ფელგფებელმა ერთი მოქნევით წააცალა თავი ახალგაზრდა ჩინელს. მოკვეთილი თავი მიწაზე დაგორდა ფერდობზე. ყვითელი მიწას სისხლის მოზრდილი ლაქით შეიფერა.

_ ეგრე! შესანიშნავია! _ შეაქო გენერალმა ფელდფებელი, თავი დაუქნია და ცხენი დაძრა.

ფელდფებელმა თვალი გააყოლა გენერალს, მერე მეორე ჩინელს დაუდგა ზურგს უკან და გასისხლიანებლი ხმალი მოიმარჯვა. აშარად ჩანდა, რომ მას გენერალზე მეტად მოსწონდა ხოცვა-ჟლეტა.

“ამისთანებს… მეც დავხოცავდი”, _ გაიფიქრა ჯარისკაცმა ტაგუტიმ და ხმელი ტირიფის ძირას ჩამოჯდა. ფელდფებელმა კვლავ აღმართა ხმალი. წვერიანმა ჩინელმა უხმოდ მიუშვირა კისერი. თვალიც არ დაუხამხამებია…

გენერლის ერთ-ერთი თანმხლები შტაბოფიცერი, პოდპოლკოვნიკი ჰოძუმი ცხენს მიაჭენებდა და დამზრალ ველს გასცქეროდა, მაგრამ ვერც შორეულ გადამხმარ ჭალებს ხედავდა და ვერც იქვე, გზის გვერდზე მიყრილ ქვის ფილებს; თავში ოდესღაც ყველაზე საყვარელი მწერლის, სტენდალის სიტყვები უტრიალებდა:

“როდესაც ორდენებით მკერდდამშვენებულ კაცს ვხედავ, ვფიქრობ, ნეტა რამდენი საშინელების ჩადენის საფასურად მოიპოვა ეს ორდენები-მეთქი”.

როდესაც გამოფხიზლდა, შენიშნა, რომ ძალიან ჩამორჩენოდა გენერალს. პოდპოლკოვნიკი შეკრთა და ცხენს დეზი ჰკრა. ღრუბლებიდან სულ ახლახან გამოჭყეტილი მზის მკრთალი სხივები ოქროს ბუზმენტებზე აუკიაფდა.

სპექტაკლი ბანაკში

მეიძის ოცდამერვე წლის 4 მაისს აძინიუბაოში განლაგებული არმიის შტაბში გადაწყვიტეს, ომში დაღუპულთა მოსახსენიებელი დილის წირვის შემდეგ სპექტაკლი გაემართათ. დარბაზის მაგივრობა ღია ცის ქვეშ მოწყობილ ჩინურ სოფლურ თეატრს უნდა გაეწია; სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე ფარდა ჩამოაფარეს და თეატრი მზად იყო. ჭილოფებზე, სპექტაკლის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე, ჯარისკაცებმა მოიკალათეს. ჯარისკაცებს ხაკისფერი, შელანძღული მუნდირები ეცვათ და წელზე ხიშტი ეკიდათ, საცოდავი სანახავი იყვნენ, იმდენად საცოდავი, სასაცილოც კი გახლდათ მათთვის მაყურებელი გეწოდებინა. თუმცა იქნებ სწორედ ამიტომ იყო, რომ ჯარისკაცების სახეზე გადაფენილი მხიარული ღიმილი გულს აუჩქარებდა ადამიანს.

არმიის შტაბის ოფიცრები გენერლის მეთაურობით, საეტაპო ინსპექცია და არმიაში მოვლინებული უცხოელი ოფიცრები უკან, შემაღლებულ ადგილზე გამწკრივებულ სკამებზე ისხდნენ. ასეც რომ არ ყოფილიყო, სამხრეებისა და ადიუტანტთა აქსელბანტების წყალობით, ეს რიგი ჯარისკაცთა რიგებზე უფრო ბრწყინვალედ მაინც გამოჩნდებოდა. ამ რიგს ჯარისკაცთა თვალში, სარდალზე უფრო, უცხოელი ოფიცრები მატებდნენ მშვენებას; უცხოელი, თUნდაც მთალდ სულელი იოს, დიდ პატივისცემასა და აღტაცებას იწვევს.

გენერალი დღესაც საუცხოო გუნებაზე იყო. იგი ერთ-ერთ ადიუტანტს ესაუბრებოდა და დროდადრო პროგრამას ჩახედავდა ხოლმე, თვალებში მზის სხივივით ჩასდგომოდა თბილი, მიმზიდველი ღიმილი.

ბოლოს დადგა სპექტაკლის დაწყების დრო. აყვავებული ალუბლებითა და ამომავალი მზით ლამაზად მოხატული ფარდის უკან სარაკუნა აახმიანეს და პორუჩიკმა, რომელსაც ამ საქმის თაოსნობა დაევალა, სწრაფად გადასწია ფარდა.

სცენა იაპონური ბინის ერთ ოთახს წარმოადგენდა. კუთხეში მიწყობილი ბრინჯით სავსე ტომრები მაყურებელს მიანიშნებდა, რომ ოთახი ბრინჯის გასაყიდი დუქანი იყო. სცენაზე მედუქნე ემოვიდა, ტაში შემოკრა და დაიძახა: “ეი, ო-ნაბე! ეი, ო-ნაბე!” ამ ზახილზე მსახური ქალი გამოვიდა. იგი პატრონზე მაღალი იყო, თმა “იტიოგაესის” ყაიდაზე ჰქონდა დავარცხნილი. შემდეგ… შემდეგ დაიწყო პიესა, რომლის შინაარსი არც კი ღირს მოსაყოლად.

როცა რომელიმე მსახიობი უხამს ფრაზას გადმოისროდა, ჭილოფზე ფეხმორთხმული მაყურებლები ხარხარს იწყებდნენ. მათ უკან მსხდომი ოფიცრების უმეტესობაც იღიმებოდა. შემსრულებლები, ჩანს, გაახალისა მაყურებელთა ხარხარმა და მათ ხუმრობას ბოლო არ უჩანდა. მერე ფუნდოსიანმა მედუქნემ ჭიდაობა დაუწყო მოსამსახურე ქალს, რომლის თეძოებს მხოლოდ ვიწრო ნაჭერი ფარავდა. ხარხარმა იმატა. ერთმა საეტაპო ინსპექციის კაპიტანმა კინაღამ ტაშის ცემა ატეხა და აი, სწორედ ამ დროს ახარხარებულ დარბაზს გრგვინვასავით გადაუარა მრისხანე ხმამ:

_ ეს რა უმსგავსობაა! დახურეთ ფარდა! ფარდა!

ეს გენერალი იყო. ხელთათმანიანი ხელები ხმლის მსხვილ ვადაზე დაეწყო და პირგამეხებული მისჩერებოდა სცენას.

პორუჩიკმა ბრძანება შეასრულა _ გაოგნებულ მსახიობებს სასწრაფოდ ჩამოაფარა ფარდა. ჭილოფზე მსხდომი მაყურებლები გაირინდნენ, თეატრში სიჩუმემ დაისადგურა, მხოლოდ საიდანღაც ისმოდა ძლივსგასაგონი შარიშური. უცხოელ ოფიცრებსა და მათ გვერდით მჯდომ პოდპოლკოვნიკ ჰოძუმის გული დასწყდათ, რომ მხიარულება შეწყდა. პოდპოლკოვნიკ ჰოძუმის, რა თქმა უნდა, ღიმილიც ვერ მოჰგვარა პიესამ, მაგრამ შეგნებული კაცი იყო და თავის აზრს არავის ახვევდა თავზე. გარდა ამისა, რამდენიმე წელი ეცხოვრა ევროპაში, კარგად იცნობდა იქაურებს და იცოდა, რომ ეს ოფიცრები შიშველი მოჭიდავეების დანახვას არ შეიცხადებდნენ.

_ რა მოხდა? _ გაოცებით ჰკითხა ერთმა ფრანგმა ოფიცერმა პოლკოვნიკ ჰოძუმის.

_ გენერალმა სპექტაკლის შეწყვეტა ბრძანა.

_ რატომ?

_ უხამსობაა… გენერალს უხამსობა არ უყვარს.

ამ დროს სცენიდან კვლავ მოისმა სარაკუნას ხმა. მიჩუმებული ჯარისკაცები ახმაურდნენ. აქა-იქ ტაში გაისმა. პოდპოლკოვნიკმა ჰოძუმიმ შვებით ამოისუნთქა და ირგვლივ მიმოიხედა. გვერდით მსხდომი ოფიცრები, ეტყობა, უხერხულობას გრძნობდნენ _ იშმუშნებოდნენ, ხან სცენას შეხედავდნენ, ხან გვერდზე მიაბრუნებდნენ თავს. მხოლოდ გენერალს ეწყო კვლავინდებურად ხელები ხმლის ვადაზე, თვალმოუშორებლად მიშტერებოდა სცენას, სადაც უკვე ნელ-ნელა ხსნიდნენ ფარდას. შემდეგი პიესა პირველისაგან სრულიად განსხვავდებოდა _ ძველებური სანტიმენტალური დრამა გახლდათ და დეკორაციაც შესაფერისი ჰქონდა. სცენაზე მხოლოდ თეჯირები და ერთადერთი ანთებული ფარანი იდგა. ფართოყვრიმალებიანი ახალგაზრდა ქალი და ყელმოქცეული ქალაქელი კაცი საკეს სვამდნენ. ქალი დროდადრო წრიპინა ხმით გამოელაპარაკებოდა ქალაქელს, რომელსაც “ახალგაზრდა ბატონს” უწოდებდა, შემდეგ… პოდპოლკოვნიკი ჰოძუმი, სცენას თვალი რომ მოაშორა, მოგონებებში ჩაიძირა: “რიუსეიძას” თეატრის ამფითაეტრის მოაჯირს თორმეტიოდე წლის ყმაწვილი დაყრდნობია. სცენაზე ტოტებდახრილი ალუბლები ჰყვავის. მოჩანს განათებული ქალაქის დეკორაცია, რომლის შუაში ცნობილი ბარძაემონი დგას. ხელში ჭილის შლაპა უჭირავს. ბანძაემონი იაპონელ მეკობრეს ანსახიარებს. ყმაწვილი სუნთქვაშეკრული მიჩერებია სცენას. ერთ დროს ხომ თვითონაც უთამაშია ეს როლი…

_ საზიზღარი სპექტაკლია! როდის დახურავენ ფარდას! ფარდა! ფარდა! _ ქვემეხივით დაიქუხა გენერალმა და პოდპოლკოვნიკი ფიქრებიდან გამოერკვა. მან კვლავ შეხედა სცენას. სცენაზე უკვე გამოვარდნილიყო პორუჩიკი და ფარდას ხურავდა. პოდპოლკოვნილმა ისღა დაინახა, რომ თეჯირზე ქალისა და მამაკაცის ქამრები ეკიდა.

პოდპოლკოვნის დამცინავმა ღიმილმა მოუღრიცა ტუჩები. “ძალზე მოუსაზრებელი ყოფილა ამ თეატრის უფროსი! თუ გენერალმა ქალისა და კაცის ჭიდაობა აკრძალა, განა სასიყვარულო სცენას მოიწონებდა?” პოდპოლკოვნიკი გენერალს მიაჩერდა და სმენა გაამახვილა: გენერალი ხმამაღლა, გაბრაზებით ელაპარაკებოდა სპექტაკლის მომწყობს.

პოდპოლკოვნიკს მოესმა, როგორ ჩაულაპარაკა ერთმა ენამწარე ამერიკელმა ოფიცერმა თავის გვერდით მჯდომ ფრანგ ოფიცერს:

_ ცუდ დღეშია გენერალი ნ-ი: არმიის სარდლობაც მას აკისრია და ცენზორობაც!

მესამე პიესა ათიოდე წუთის შემდეგ დაიწყო. ამჯერად ჯარისკაცებს სარაკუნას ხმის გაგონების შემდეგაც არ დაუკრავთ ტაში. “სამწუხაროა! სპექტაკლსაც კი ვერ უნდა უყურონ მეთვალყურის გარეშე!” პოდპოლკოვნიკი ჰოძუმი თანაგრძნობით მიჩერებოდა ხაკისფერ მუნდირებში გამოწყობილ ბრბოს, რომელიც ხმამაღლა ლაპარაკსაც კი ვერ ბედავდა.

მესამე პიესაში სცენაზე შავი ფარდის წინ სამიოდე ტირიფი იდგა. ტირიფები ნამდვილი იყო, ცოცხალი, მწვანე _ სულ ახლახან მოეჭრათ სადღაც. წვეროსანი კაცი, ალბათ პრისტავი, ახალგაზრდა პოლიციელს ლანძღავდა. პოდპოლკოვნიკმა ჰოძუმიმ გაოცებით ჩახედა პროგრამას. პროგრამაში ეწერა: “დამბაჩიანი ყაჩაღი სიმიძუ სადაკიტი. ეპყრობის სცენა მდინარის ნაპირას”.

როცა პრისტავი წავიდა, ახალგაზრდა პოლიციელმა თავლები მაღლა აღაპყრო და აწუწუნდა. ამ გრძელი მონოლოგის შინაარსი ის იყო, რომ თურმე პოლიციელი დიდ ხანია დასდევდა “დამბაჩიან ყაჩაღს”, მაგრამ დღემდე ვერ შეეპყრო. შემდეგ ვითომ დაინახა ყაჩაღი და, თვალში რომ არ მოხვედროდა, გადაწყვიტა მდინარეში ჩასულიყო. იგი თავით შეძვრა შავი ფარდის ქვეშ. რაც უნდა მოწყალე თვალით შეგეხედა ამ სცენისათვის, მაინც ვერ მიამგვანებდი წყალში ჩაყვინთვას. უფრო კოღოებისაგან თავდასაცავი ბადის ქვეშ შეძრომას ჰგავდა.

ცოტა ხანს სცენა ცარიელი იყო. მხოლოდ დოლის ხმა ისმოდა _ ეტყობა, ამით ტალღების ხმაურის გადმოცემა უნდოდათ. მერე ბრმა გამოვიდა სცენაზე და ჯოხის კაკუნით მიიწევდა წინ. უცებ შავი ფერდის უკნიდან პოლიციელი გამოხტა. “დამბაჩიანო ყაჩაღ, სიმიძუ სადაკიტი, საქმე მაქვს!” _ შეჰყვირა მან და ბრმას ეცა. ბრმა მაშინვე საჩხუბრად შეიმართა, თანაც ფართოდ დააჭყიტა თვალები.

“თვალები კი, სამწუხაროდ, ძალიან პატარა აქვს”, _ გაიფიქრა პოდპოლკოვნიკმა და ბავშვურად გაიღიმა.

სცენაზე ორთაბრძოლა დაიწყო. დამბაჩიან ყაჩაღს, როგორც მის სახელს შეეფერებოდა, მართლაც ჰქონდა დატენილი დამბაჩა. ორი გასროლა… სამი გასროლა. დამბაჩა ზედიზედ ისროდა, მაგრამ პოლიციელმა ბოლოს და ბოლოს იყოჩაღა და “ბრმა” გათოკა.

ჯარისკაცები როგორც მოსალოდნელი იყო, გამოცოცხლდნენ, მაგრამ ხმა კვლავ არ ამოუღიათ. პოდპოლკოვნიკმა გენერალს გადახედა. იგი ამჯერად ყურადღებით მისჩერებოდა სცენას და სახეზე უკვე კმაყოფილება ეტყობოდა.

სცენაზე პოლიციის უფროსი შემოვარდა, თან ხელქვეითები შემოჰყვნენ. ბრმასთან შეტაკებისას ტყვიით დაჭრილი პოლიციელი უგონოდ დაენარცხა იატაკს. პოლიციის უფროსი დაჭრილის მოსულიერებას შეუდგა, მისი ხელქვეითები კი გათოკილი დამბაჩიანი ყაჩაღის წასაყვანად მოემზადნენ. შემდეგ პოლიციის უფროსსა და პოლიციელს შორის ისეთი გულისამაჩუყებელი საუბარი გაიმართა, როგორც ძველებურ ტრაგედიებშია ხოლმე. უფროსმა, თითქოს ძველი დროის რომელიმე გამოჩენილი მმართველიაო, დაჭრილს ჰკითხა, სიკვდილის წინ ხომ არაფერი გაქვს სათქმელიო. პოლიციელმა მიუგო, სოფელში დედა მყავსო. უფროსმა დაამშვიდა, დედაშენის დარდი ნუ გექნება, არაფერს გავიჭირვებთო. შემდეგ ჰკითხა, კიდევ რამეზე ხომ არა სწყდება გული მომაკვდავს? არაო, უპასუხა პოლიციელმა, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, დამბაჩიანი ყაჩაღი შევიპყარი და მეტი არაფერი მინდაო.

ამ დროს მიყუჩებულ დარბაზში მესამედ გაისმა გენერლის ხმა, მაგრამ უკვე ლანზღვა-გინება კი არა, გულიდან ამოხეთქილი აღტაცების შეძახილი:

_ ყოჩაღ! ნამდვილი იაპონელი ვაჟკაცი ხარ!

პოდპოლკოვნიკმა ჰოძუმიმ კვლავ მალულად გადახედა გენერალს და შენიშნა, რომ მას მზით გარუჯულ ღაწვებზე ცრემლები უციმციმებდა. “გენერალი კარგი კაცია”, _ ოდნავი ზიზღითა და ამავე დროს კეთლმოსურნედ გაიფიქრა პოდპოლკოვნიკმა.

გაისმა მქუხარე ტაში. ფარდა ნელ-ნელა დაიხურა. პოდპოლკოვნიკმა ამ ხმაურში დრო იხელთა, წამოდგა და თეატრიდან გავიდა.

ნახევარი საათის შემდეგ პოდპოლკოვნიკი თავის თანამშრომელთან, მაიორ ნაკამურასთან ერთად სეირნობდა სოფლის განაპირას და თან პაპიროსს აბოლებდა.

_ სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად. მისი აღმატებულება ნ-ი ძალიან კმაყოფილია, ამბობდა მაიორი და თან თავის “კაიზერულ” ულვაშს იგრეხდა.

_ სპექტაკლს? ჰო, “დამბაჩიან ყაჩაღს”?

_ მარტო “დამბაჩიან ყაჩაღს” კი არა. მისმა აღმატებულებამ თეატრის უფროსს უხმო და უბრძანა, დამატებით კიდევ ერთი პიესა ეთამაშათ. უფრო სწორად, იმ პიესის ნწაყვეტი, აკაგაკი კენძოს ამბავზე რომ არის დაწერილი. რა ჰქვია იმ სცენას? “ტოკური-ნო ვაკარე” არა?

პოდპოლკოვნიკი ჰოძუმი თვალებით იღიმებოდა და გაჰყურებდა ვრცელ, უკვე მწვანედ აბიბინებულ ველს, რომელსაც მსუბუქი ოხშივარი ასდიოდა.

_ იმასაც დიდი წარმატება ხვდა წილად, _ განაგრძობდა მაიორი ნაკამურა, _ ამბობენ, მისმა აღმატებულებამ თეატრის უფროსს დაავალა, დღეს შვიდ საათზე რაიმე საესტრადო საღამოს მაგვარი მოაწყვეო.

_ საესტრადო საღამო? სახუმარო ამბების მთხრობელი ხომ არ უნდა გამოიყვანონ სცენაზე?

_ არა, რას ამბობ! თქმულებებს მოგიყვებიან. მგონი, მიტოს თქმულება იქნება, “როგორ მოგზაურობდა მთავარი მიტო თავის ქვეყანაში”.

პოდპოლკოვნიკი ჰოძუმი დაიღრიჯა, მაგრამ მაიორმა ამას ყურადღება არ მიაქცია და კვლავ მხიარულად განაგრძო:

_ მის აღმატებულებას, როგორც ამბობენ, ძალიან უყვარს მთავარი მიტო. უთქვამს, მე როგორც ერთგული ქვეშევრდომი, ყველაზე უფრო მთავარ მიტოსა და კატო კიიომასას ვაფასებო. პოდპოლკოვნიკმა ჰოძუმიმ მდუმარედ ახედა ზეცას. ტირიფის ტოტებს შუა თხელი, გამჭვირვალე ღრუბლები დაცურავდა. პოდპოლკოვნიკმა ღრმად ჩაისუნთქა.

_ გაზაფხუია, მანჯურიაში ვართ და მაინც გაზაფხულია!

_ იაპონიაში კი უკვე საზაფხულოდ არიან განწყობილნი.

მაიორმა ნაკამურამ ტოკიოზე დაიწყო ფიქრი. ცოლი გაახსენდა, გემრიელი კერძების გაკეთება რომ იცოდა, შვილები, რომლებიც დაწყებით სკოლაში სწავლობდნენ და… ციტათი დანაღვლიანდა.

_ აი, გარგარიც აყვავებულა!

პოდპოლკოვნიკმა ჰოძუმიმ მხიარულად გაიშვიტა ხელი და მაიორს მიწაყრილის გადაღმა, კარგა მოშორებით მდგომი, ვარდისფერად აყვავებული ხეების კორომი დაანახვა. “Ecoute moi Madeleine”, _ გაუელვა მოულოდნელად მეხსიერებაში ჰიუგოს სტრიქონმა.

4. მამა და შვილი

ერთხელ გვიან საღამოს, ტაისიოს მეშვიდე წლის ოქტომბერში, წარსულში შტაბის ოფიცერი, ახლა კი გენერალ-მაიორი ნაკამურა ჩაფიქრებული იჯდა საკუთარ, ევროპულად გაწყობილ სასტუმრო ოტახის კუთხეში მდგომ სავარძელში და სიგარას აბოლებდა.

ნაკამურა ოც წელზე მეტი იყო, რაც აღარ მსახურობდა და ამდენი ხნის მშვიდ ცხოვრებას სათნო მოხუცად ექცია. ამ საღამოს კი, ალბათ, იაპონური სამოსის, შეთხელებული თმისა და სქელი ტუჩების წყალობით, მეტისმეტად გულკეთილი და უწყინარი ჩანდა. ნაკამურა სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, ნელა მოათვალიერა ოთახი და უცებ ამოიხვნეშა.

კედლებზე ფოტოსურათები ეკიდა _ ევროპული ნახატების პერპოდუქციები. ერთ-ერთ მათგანზე ფანჯარასთან მომდგარი დანაღვლიანებული გოგონა იყო გამოსახული. მეორეზე _ პეიზაჟი: კვიპაროსების ტოტებში მომწყვდეული მზე. ელექტრონის შუქზე ფოტოსურათები თითქოს სუსხსა და მედიდურობას მატებდა ამ ძველებურ სასტუმრო ოთახს. მგონი სწორედ ეს არ მოეწონა გენერალ-მაიორს.

ოთახში ცოტა ხანს სიჩუმე მეფობდა. შემდეგ გენერალ-მაიორს ფრთხილი დაკაკუნება მოესმა.

_ შემოდი!

სასტუმროში მაღალი, სტუდენტისფორმიანი ჭაბუკი შემოვიდა, გენერალ-მაიორს მიუახლოვდა, ხელი სკამის ასაღებად გაიწოდა და ცოტა არ იყოს, უხეშად ჰკითხა:

_ გინდა რაიმე, მამა?

_ ჰო, დაჯექი!

ჭაბუკი მორჩილად დაჯდა.

_ რა მოხდა?

გენერალ-მაიორმა თვალი ააყოლა შვილის მუნდირის ოქროს ღილებს და ჰკითხა:

_ დღეს რაღა იყო?

_ დღეს კავაის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გვქონდა, მამა, ალბათ, არ იცნობდი. ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, ჩემი ფაკულტეტის. ახლა სწორედ იქიან მოვდივარ.

გენერალ-მაიორმა თავი დაუქნია, ჰავანური სიგარა მოქაჩა და ბოლო მსხვილი ბოლქვები გამოუშვა. შემდეგ წელში გასწორდა და მთავარ საკიტხებზე გადავიდა:

_ აი, ეს სურათები კიდელზე… შენ შეცვალე?

_ კი. ვეღარ მოვასწარი, მეთქვა. ამ დილას შევცვალე. რა, ცუდია?

_ არა, მაგიტომ არ გეუბნები. ცუდი კი არ არის, მაგრამ მინდოდა, რომ მისი აღმატებულება ნ-ის სურათი მაინც დაგეტოვებინა.

_ ამის გვერდით? _ უნებლიეთ გაეღიმა ჭაბუკს.

_ ვითომ ამის გვერდით არ შეიძლება ეკიდოს?

_ როგორ არ შეიძლება, მაგრამ სასაცილო იქნება.

_ რატომ, სხვა პორტრეტებიც ხომ კიდია! _ გენერალ-მაიორმა ბუხრის თავისაკენ გაიშვირა ხელი. გენერალ-მაიორს ჩარჩოდან მშვიდად უმზერდა ორმოცდაათი წლის რემბრანტი.

_ ეს სულ სხვა რამაა. ამის დაკიდება არაფრით არ შეიძლება გენერალ ნ-ის გვერდით.

_ მართლა?! რა გაეწყობა. საშველი არ ყოფილა.

გენერალ-მაიორმა ადვილად დაუთმო შვილს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გამოუშვა პირიდან სიგარის ბოლი და წყნარი ხმით კითხა:

_ შენ რას… უფრო სწორად, რას ფიქრობთ შენ და შენი ტოლები მის აღმატებულებაზე.

_ არაფერსაც არ ვფიქრობ. ალბათ შესანიშნავი ჯარისკაცი იყო.

ჭაბუკმა შენიშნა, რომ მამამისს ბებრულ თვალებში სიმთვრალე ჩასდგომოდა. ეტყობა, ცოტაოდენი საკე დაელია ამ საღამოს.

_ რასაკვირველია, შესანიშნავი ჯარისკაცი და, გარდა ამისა, ნამდვილად კეთილი გულის ადამიანი იყო. მამობრივ მზრუნველობას იჩენდა ყველასადმი.

და გულაჩუყებულმა გენერალ-მაიორმა გენერლის ცხოვრების ერთი ეპიზოდის მოყოლა დაიწყო. ეს ამბავი იაპონია-რუსეთის ომის შემდეგ მომხდარა, როცა ნაკამურა გენერალთან სტუმრად მისულა ვილაში, ნასუს დაბლობზე. ვილაში რომ მივიდა, დარაჯს უთქვამს, გენერალი და მისი ცოლი ეს-ესაა მთაში წავიდნენ სასეირნოდო. გენერალ-მაიორმა გზა იცოდა და მაშინვე მიჰყვა მათ კვალს. ორი-სამი ტიო რომ გაიარა, უბრალო კიმონოში გამოწყობილი გენერალი დაინახა; ცოლიც გვერდით ედგა. გენერალ-მაიორი ცოტა ხანს ესაუბრა მოხუცებს. გენერალი ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა. მაშინ გენერალ-მაიორმა ჰკითხა, აქ რაიმე საქმე რომ არა გაქვთო. გენერალმა გაიცინა და მიუგო: “იცით რა, ცოლმა მითხრა, საპირფარეშოში მინდა შესვლაო და მოწაფეები, ჩვენთან ერთად რომ მოსეირნობდნენ, ადგილის მოსაძებნად გაიქცნენ. ჰო და, ჩვენც ვდგავართ და ველოდებით”… იმ დროს გზის პირას, მახსოვს, ჯერ კიდევ ეყარა წაბლი… (გენერალ-მაიორმა თვალები მოჭუტა და მხიარულად გაიღიმა). უცებ სიყვითლეშეპარული ტყიდან ჟივილ-ხივილით გამოცვივდნენ მოწაფეები, ისინი გენერალს შემოეხვივნენ ირგვლივ, გენერალ-მაიორს არ დაერიდნენ და ყველანი ერთად ალაპარაკდნენ, ასეთი და ასეთი ადგილი ვნახე და არა მე წავიყვან, არა მეო. “მაშინ კენჭი ვყაროთ”, _ თქვა გენერალმა და სიცილით შეხედა გენარალ-მააიორს.

ჭაბუკსაც გაეცინა…

_ უბრალო, ალალი კაცი ყოფილა, მაგრამ ევროპელები ვერ გაუგებდნენ.

_ აი, რა უბრალოდ იქცეოდნენ მაშინ! ამიტომ, საკმარისი იყო თორმეტი წლის მოწაფესთან მისი აღმატებულების სახელი გეხსენებინათ, რომ მაშინვე შეატყობდით, რა სიყვარულით იყო ეს ბავშვი გამსჭვალული ამ ხნის კაცისადმი. ღვიძლი ბიძასავით უყვარდათ. არა, თქვენ ყველანი ცდებით. მისი აღმატებულება მარტო ჯარისკაცი არ ყოფილა.

ეს სასიამოვნო საუბარი რომ დაამთავრა, გენერალ-მაიორი კვლავ ბუხრის თავზე ჩამოკიდებულ რემბრანტის პორტრეტს მიაჩერდა.

_ ესეც გამცენილი ადამიანია?

_ დიახ. დიდი მხატვარი იყო.

_ მისი აღმატებულება ნ-ი?

ჭაბუკი შეცბუნდა.

_ არც კი ვიცი, როგორ ვთქვა… ეს კაცი უფრო მეხატება გულზე, ვიდრე გენერალი ნ-ი.

_ მისი აღმატებულება თქვენთვის ძალიან შორეული და შეუცნობელია?

_ რა მოგახსენო? ავიღოთ თუნდაც ასეთი მაგალითი: აი, კავაი, რომლის მოსაგონრად შევიკრიბეთ ამ საღამოს; იმანაც თავი მოიკლა, მაგრამ მანამდე, _ ჭაბუკი დინჯად შეაშტერდა მამას თვალებში, _ თვითმკვლელობის წინ სურათის გადასაღებად არა სცხელოდა.

ამჯერად გენერალ-მაიორის კეთილ თვალთაგან დაბნეულობა გამოკრთა.

_ განა უკეთესი არ იქნებოდა, გადაეღო? სამახსოვროდ დარჩებოდა.

_ ვის დარჩებოდა?

_ ვინმეს კი არა… თუმცა, რატომ? განა ცუდია, მაგალითად, რომ ჩვენ საშუალება გვაქვს, ვიხილოთ მისი აღმატებულება ნ-ის ხატი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში?

მე მგონია, რომ ამაზე გენერალ ნ-ს არ უნდა ეფიქრა. რატომ მოიკლა თავი, ასე თუ ისე, შემიძლია მივხვდე, მაგრამ ვერაფრით ვერ გამიგია, რატომ გადაიღო სურათი. ვითომ იმიტომ, რომ სიკვდილის შემდეგ მისი პორტრეტი ვიტრინებში გამოეკიდათ?

გენერალ-მაიორი გაცეცხლდა და ჭაბუკს სიტყვა შეაწყვეტინა:

_ ეგ წარმოუდგენელია! მისი აღმატებულება ობივატელი არ გახლავთ. სულით და გულით წრფელი ადამიანი იყო.

ჭაბუკმა კვლავ მშვიდად განაგრძო:

_ რასაკვირველია, ობივატელი არ იყო, შემიძლია ვიწამო, რომ გულწრფელი და ხალასი იყო. მაგრამ ასეთი გულწრფელობა საკმაოდ გაუგებარია ჩვენთვის და არც ისა მჯერა, რომ ჩვენს შემდეგ მოსული თაობისათვის იქნება გასაგები.

მამა-შვილს შორის უხერხული დუმილი ჩამოვარდა.

_ სხვა დრო დადგა! _ ამოიოხრა გენერალ-მაიორმა კარგა ხნის ემდეგ.

_ ჰო… _ თქვა ჭაბუკმა, დაჟინებით მიაჩერდა ფანჯარას და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ძალიან აინტერესებდა, თუ რა ხდებოდა გარეთ.

_ წვიმა მოდის, მამა.

_ წვიმა?

გენერალ-მაიორს ესიამოვნა საუბრის თემის შეცვლა. მან ფეხები გამართა და ჩაილაპარაკა:

_ ვაითუ, ისევ დააყრევინოს ყვავილი კომშს!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button