მათ, ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს სენდმენის გრაფიკული ნოველა, თავიდანვე მოიხიბლებოდა ვერტიგოს სპეციფიკური მხატვრობით. ვერტიგო DC კომიქსის შვილობილი კომპანიაა და უკვე გამოშვებული აქვს ისეთი ცნობილი კომიქსები, როგორებიცაა – სენდმენი, ჯონ კონსტანტინი, ლუციფერი (სენდმენის სპინოფი) და ფეიბლსი (Fables), რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ეს უკანასკნელი კლასიკური სუპერგმირული კომიქსებისგან მკვეთრად განსხვავებული ნამუშევარია. ბილ უილლინგემმა ერთ გრაფიკულ ნოველაში გააერთიანა მსოფლიოს ცნობილი მეზღაპრეების ყველაზე პოპულარული გმირები, მოარგო ისინი თანამედროვეობას და დაასახლა ნიუ-იორკის ერთ-ერთ უბან – Fabletown-ში. გმირების ნაწილი ცხოვრობს გარეუბნად, ფერმაში. ზღაპრის გმირები თანამედროვეობასთან სრულად შერწყმული არიან, აქვთ თავიანთი მეურნეობა, საზოგადოება და პოლიტიკა.
ფეიბლსში შეხვდებით ქალაქის შერიფ ბოროტ მგელ ბოზლის, მის სატრფოს – ფიფქიას, გენიოს ჯადოქარ ბებრუხანა ფრაუ ტოტენქინდერს, თაღლით ჰენზელს და ურჩხულისა და ლამაზმანის საინტერესო წყვილს. კომიქსი თავის თავში აერთიანებს როგორც კლასიკურ ზღაპრებსა და იგავებს, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიურ პერსონაჟებს და ეროვნულ გმირებს, მათი ხასიათის და ჩვეულებების სრულად გათვალისწინებით.
პერსონაჟები დაყოფილი არიან სამ ნაწილად. ერთნი – თანამედროვე მაცხოვრებლები, ამერიკის დღევანდელი დღის ჩვეულებრივი მოკვდავები. მათ გვერდით უკვე ნახსენები ნახევრად უკვდავი ზღაპრის გმირები თანაცხოვრობენ (თუმცა ამის შესახებ ადამიანებმა არაფერი იციან) და ისინი, ვისაც არ ჰქონია ნაწარმოებში ადამიანის სახე, ამ შემთხვევაში „განკაცებული“ არიან. (მაგალითად პრინცი ბაყაყი,რომელიც ნაწარმოებში დამლაგებლის როლს ასრულებს, გვარად არის „მუხალოვი“ და ბაყაყისთავიან კეპს ატარებს) ზღაპრის გმირებს გამოვლილი აქვთ კაცობრიობის განვითარების თითქმის ყველა ეტაპი და თითქმის ყოველთვის ეჯახებოდნენ „მტერს“. ამჟამად „მტერი“ განსაკუთრებით გაძლიერებულია, თუმცა ნოველის ნახევრის წაკითხვა მაინც მოგიწევთ, რომ გაიგოთ ვინ არის სინამდვილეში ის.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით კომიქსი არის ბავშვური, (თუმცა, როგორ უნდა შექმნას ვერტიგომ ბავშვური კომიქსი) მასში ძალიან კარგად არის დახატული
კლასიკური ფენტეზის სიუჟეტები, ბატალური სცენები და საყვარელი პერსონაჟების
სიკვდილიც კი.
დიახ, ისინიც იხოცებიან. და თუ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის სიტყვებს
მოვიშველიებთ, ზღაპრის გმირი კვდება მაშინ, როცა მას აღარავინ კითხულობს.
ავტორი: ირაკლი სულაძე