მეცნიერებაუცნაურიფაქტები

პირველი ეტაპები ადამიანის კლონირებაში

კლონირება არის გამრავლების ერთ-ერთი ფორმა, ინდივიდის ასლის შექმნა მისი უჯრედიდან. კლონები ინარჩუნებენ საწყისი ორგანიზმის ნიშან-თვისებებს. მომავალში კლონირება იქნება ადამიანის შექმნის სრულიად ახალი გზა. მამის სპერმისა და დედის კვერცხუჯრედის კომბინაციის მაგივრად, რაც ყველა ჩვენგანს უნიკალურს ხდის, კლონირებით ბავშვის გაჩენა მოხდება მხოლოდ ერთი ადამიანის ერთადერთი უჯრედით. კლონი იქნება პიროვნების იდენტური გენეტიკური ასლი.

– კლონირება არაფერ ახალს არ ქმნის, ის უკვე არსებულს აკოპირებს. ხალხს მძაფრი და არაბუნებრივი ემოციური რეაქცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ის ჩვენს წარმოსახვაში ბევრ რამეს აცოცხლებს: დუბლირება, კლონირების ქარხანა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებიდან, რაც მათ უქმნის წარმოდგენას, რომ ჩვენი ტექნოლოგია ერევა სიცოცხლის ყველაზე ინტიმურ პროცესებში. ასე რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა.
პროფესორი გრეგ სტოკი, კალიფორნიის უნივერსიტეტი

მიუხედავად იმისა, რას ამბობენ მოწინააღმდეგეები, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიის გამოცდა სურთ. მაგალითად, ასეთები არიან უშვილო წყვილები, რომლებიც შეწყვილების მეთოდით შვილს ვერ აჩენენ. კლონირება ამ შემთხვევაში სამედიცინო რევოლუციაა, რომელიც მათ გააბედნიერებს.

დესირი და მეთიუ ის წყვილია, რომელმაც ახალ მამაც სამყაროში პირველი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. 1999 წელს სიმსივნესთან დაკავშირებით ჩატარებულმა მკურნალობის კურსმა დესირი უნაყოფოდ აქცია.

– როცა ვაკვირდები ჩვენი ასაკის ადამიანებს, ვხედავ, როგორ ქმნიან ოჯახებს, როგორი ბედნიერები არიან. შემდეგ ცოლი ორსულდება და პირველი ბავშვის მოლოდინით გამოწვეული სიხარული იმატებს, მე კი ვსევდიანდები, რადგან ვიცი, რომ მეთიუს ვერასდროს გავუჩენ შვილს.
დესირი

სასოწარკვეთილმა ცოლ-ქმარმა ბავშვის აყვანა გადაწყვიტა, მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა. დესირი არ დანებდა და გადაწყვიტა, სხვა გზა მოენახა, რისთვისაც ინტერნეტს მიმართა. აქ მოულოდნელად წააწყდა ისეთ რამეს, რაც მანამდე შეუძლებელი ეგონა – სრულიად ახალი და ინოვაციური გზა, რომლითაც გენეტიკურად იდენტური ბავშვის ყოლა შესაძლებელი ხდებოდა. ეს იყო კლონირება.

– ჩემი ქმარი სახლში რომ დაბრუნდა, კარებთან დავხვდი და ისეთი აღელვებული ვიყავი, სულმოუთქმელად ვეუბნებოდი, რომ სრულიად ახალი რაღაც ვიპოვე, რაც მანამდე არ შეგვხვედრია.
დესირი

– თავდაპირველად ვიფიქრე, რომ დესირი შეცდომაში შევიდა და მორიგ ფარსს წამოეგო, რაც ინტერნეტში არც ისე იშვიათია.
მეთიუ

მაგრამ რაც მეტ ინფორმაციას ეცნობოდნენ, მით მეტად რწმუნდებოდნენ, რომ კლონირება სავსებით რეალური იყო და გახლდათ ერთადერთი რამ, რასაც მათი დახმარება შეეძლო. ადამიანი, რომელიც მეთიუსა და დესირის მსგავს წყვილებს შველას ჰპირდებოდა, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა თავისი იდეების დასაცავად. 2000 წლის ზაფხულში დოქტორი პანაიოტის ზავოსი ოქსფორდში ჩავიდა, რათა კლონირების საკითხი უდიდეს მეცნიერებთან ერთად განეხილა.

დოქტორი ზავოსი არაა კლონირების ექსპერტი, მაგრამ მის კლინიკაში, რომელიც კენტუკიში მდებარეობს და წყვილებს განაყოფიერებაში ეხმარება, ამ მიმართულებით კვლევები ტარდებოდა. დოქტორი თითოეული ცდისთვის 50 000 დოლარიან დაფინანსებას ითხოვდა. თუმცა მეცნიერთა უმეტესობა არ აღფრთოვანებულა. მათ ზავოსის იდეებს არაეთიკური და სამარცხვინო უწოდეს.

ის რასაც დოქტორი ზავოსი და მისი მომხრეები კოლეგებს სთავაზობდნენ, მანამდე მხოლოდ ცხოველებში ჩატარებულიყო. კლონირებისას პირველად მდედრისგან იღებენ კვერცხუჯრედს და აცლიან ბირთვს, ანუ ნაწილს, რომელიც მის დნმ-ს შეიცავს. ამის შედეგად რჩება ცარიელი კვერცხუჯრედი. შემდეგ იღებენ უჯრედს იმ ზრდასრული ორგანიზმიდან, რომლის კლონირებასაც აპირებენ. სწორედ ამ უჯრედისგან უნდა მოხდეს ახალი სიცოცხლის, გენეტიკური ასლის შექმნა. უჯრედის არჩევის შემდეგ მეცნიერები იღებენ მის დნმ-ს და ცარიელ კვერცხუჯრედში ათავსებენ. ბოლოს კი საჭიროა კვერცხუჯრედის სტიმულირება, რათა ზრდა დაიწყოს. ამისთვის შესაძლოა, ელექტროშოკიც გამოიყენონ. სტიმულირების შემდეგ ამატებენ ქიმიკატებს. არავინ იცის, როგორ ან რატომ, მაგრამ ამ პროცესმა უნდა გადაიყვანოს ზრდასრული ორგანიზმის უჯრედი საწყის სტადიაში და იქცეს სიცოცხლის პირველ უჯრედად. ახალი ემბრიონი რამდენიმე დღეში გაიზრდება, შემდეგ კი ქალის საშვილოსნოში მოთავსდება, სადაც განაგრძობს განვითარებასა და ადამიანად ჩამოყალიბებას.

– 9 თვის შემდეგ შვილი გეყოლებათ და ერთადერთი განსხვავება მასსა და იმ ბავშვს შორის, რომელიც ტრადიციული გზით ჩაისახა, იქნება ის, რომ კლონირებულ ორგანიზმს ექნება იდენტური გენეტიკური წყობა იმ ადამიანისა, ვინც მისი დონორი იყო.
პროფესორი გრეგ სტოკი

გენეტიკურად იდენტური ასლის შექმნის იდეა ბევრ ადამიანში აჩენს აზრს, რომ კლონირება გარდაცვლილი ადამიანის აღდგომის გზაა. ალ პაუელის დედას სიმსივნის ბოლო სტადია დაუდგინეს. განადგურებულ პაუელს მოულოდნელად გაუჩნდა იმედი, რომ კლონირებით მას მეორე შანსი მიეცემოდა. ამისთვის უნდა აეღოთ ქსოვილი ორგანიზმიდან და გაეყინათ, მაგრამ იმ მომენტში მხარდამჭერი მეცნიერი ვერ იპოვეს.

– მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, ეს საქმე ჩვენ თვითონ გვეთავა. დედას გარდაცვალების შემდეგ დავუკავშირდით ადამიანს, რომელმაც აგვიხსნა, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა. ქსოვილის აღება შესაძლებელია მკლავის ზედა ნაწილიდან, ან ფეხიდან, ეს ყველაფერი კი ხდება მაკრატლით, რომელიც სტერილური უნდა იყოს. ხელებზე აუცილებლად ხელთათმანები უნდა გეცვათ.
ალ პაუელი

საბედნიეროდ, მათ არ მოუხდათ ამ პროცედურის შესრულება და ექიმი დათანხმდათ ოპერაციის ჩატარებაზე.

– ექიმი როცა მოვიდა, ჩვენ უკვე გვქონდა 6 პინა (შუშის ჭურჭელი). მან ქსოვილის ნიმუშები აიღო, ჭურჭელში ჩადო და დალუქა. მომდევნო დღეს კი ლაბორატორიაში გადავიტანეთ.
ალ პაუელი

ალის დედის სხეულიდან აღებული 6 ქსოვილი გაყინულ მდგომარეობაში ინახება ავზში, სადღაც აშშ-ის ტერიტორიაზე. ავზი უცდის პერიოდს, როცა დაიწყება ადამიანის კლონირება. თუმცა იმ პერიოდში ბევრი ფიქრობდა, რომ ეს ეპოქა არასდროს დადგებოდა.

30 წლის განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ, ცხოველების კლონირება მოეხდინათ. სამწუხაროდ, ცდები წარუმატებელი იყო. 1980-იანებისთვის ბევრი წამყვანი მეცნიერი ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

– 35 წლის წინ რომელიმე გენეტიკოსს თუ ჰკითხავდით, მივაღწევდით თუ არა იმას, რაც დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუნდაც გვეცოდინებოდა თუ არა ადამიანის მთლიანი გენომის წყობა, აუცილებლად გეტყოდნენ, რომ ასეთ ხანმოკლე პერიოდში ეს შეუძლებელი იქნებოდა.
პროფესორი გრეგ სტოკი

დოლის მუმიფიცირებული სხეული

1997 წლის თებერვალში კლონირება ახალ ეტაპზე გადავიდა – მეცნიერებმა საზოგადოებას წარუდგინეს ამ გზით მიღებული ცხვარი, სახელად დოლი. შემდგომში იგივე პროცედურები წარმატებით გაგრძელდა სხვა ცხვრებზე, ასევე ღორებზე, თხებსა და ვირთხებზე. მაგრამ მეცნიერები იმ მომენტში არ ფიქრობდნენ იგივეს განხორციელებას ადამიანებზე. ისინი კლონირებას უყურებდნენ, როგორც ფერმერობის გაუმჯობესების ახალ მეთოდს გენეტიკური ინჟინერიით, რომლითაც გავამრავლებდით ცხოველებს ჩვენს სასარგებლოდ. მომდევნო წლებში შინაური ცხოველების ბაზრობა შეიძლებოდა გადაქცეულიყო ადგილად, სადაც გაყიდიდნენ ისეთ ცხოველებს, რომლებსაც რძეში ადამიანის ანტისხეულები (ცილები, რომლებსაც წარმოქმნის ცოცხალი ორგანიზმის იმუნური სისტემა) ექნებოდათ. ეს ყველაფერი კლონირებით შესაძლებელი ხდებოდა. საკმარისი იყო გენეტიკური ინჟინერიით ჩარევა ერთ ცხოველზე და მიიღებდით მთელ ფარას.

მეცნიერთა ნაწილი ადამიანის კლონირებაში ერთ დადებით პერსპექტივას ხედავს – ისინი იმედოვნებენ, რომ ამ გზით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა განუკურნებელი სენისგან გამოჯანმრთელება, მაგალითად პარკინსონისა და გულის დაავადებებისგან. ამისთვის საჭირო იქნება ტვინის ან გულის ახალი უჯრედების გამოზრდა პაციენტის ქსოვილიდან კლონირების გზით. მაგრამ ამ ოპტიმიზმის უკან მკაცრი რეალობა იმალება – როსლინის ინსტიტუტში, რომლის ლაბორატორიაშიც დოლის შექმნის სახით რევოლუცია მოხდა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წარმატებული ცდის განმეორება საკმაოდ რთული ყოფილა.

როსლინის ინსტიტუტი

ყოველი 100 უჯრედიდან, რომლებსაც კვერცხუჯრედში ათავსებდნენ, როგორც წესი, მხოლოდ 2-3 აგრძელებდა ნორმალურ განვითარებას. უმეტესობა მაშინვე იღუპებოდა და ემბრიონის სტადიამდეც ვერ მიდიოდა, ზოგი კი საშვილოსნოში გადატანისას წყვეტდა არსებობას. ხოლო იმ მცირეოდენ შემთხვევებში, როცა ორსულობა იწყებოდა, კლონირებულ ცხოველთა უმეტესობა იღუპებოდა მშობიარობამდე.

– ეს შეიძლებოდა ორსულობის ნებისმიერ სტადიაზე მომხდარიყო. ჩემი კოლეგები ხედავდნენ, რომ ზოგჯერ პლაცენტა არასწორად ვითარდებოდა, ზოგჯერ კი ყველაფერი სრულყოფილად ჩანდა და დაბადებას ველოდით, მაგრამ რამდენიმე დღეში ნაყოფი კვდებოდა და ეს ხდებოდა იმ ანომალიების გამო, რისი დადგენაც ულტრაბგერებით შეუძლებელი გახლდათ.
პროფესორი იან ვილმუტი, როსლინის ინსტიტუტი

შემდეგ უცნაური რამ მოხდა – კლონირებული კრავი სამყაროს მოევლინა და მშვენივრად დაიწყო განვითარება.

– ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი, განსაკუთრებით ის, რომ ცხვარი ბუნებრივი გზით დაიბადა და თითქოს სრულიად ჯანმრთელი იყო. თუმცა არსებობდა ერთ რამ, რაც მუდმივად თავს გვახსენებდა – მას ჰქონდა დარღვევა, რის გამოც ხშირად სული ეხუთებოდა. ზუსტად ისე, 100 წლის განმავლობაში რომ ირბინოთ დღეცა და ღამეც შესვენების გარეშე. ჩემმა ვეტერინარმა კოლეგებმა სხვა ექიმებს ჰკითხეს რჩევები, ასევე იყვნენ ბავშვთა საავადმყოფოებშიც და მკურნალობის ყველანაირი მეთოდი სცადეს, რაც კი გაიგეს, მაგრამ სამწუხაროდ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა ეფექტური.
იან ვილმუტი

ეს მხოლოდ როსლინის ცხვარს არ ემართებოდა, მსოფლიოს გარშემო კლონირებული ცხოველების ნაწილი უცნაური და აუხსნელი მიზეზების გამო იღუპებოდა. სრულიად სხვადასხვა სახეობების კლონირებულ ცხოველებში აღინიშნებოდა განსხვავებული სიმახინჯეები და დარღვევები თირკმლებში, ღვიძლში, გულში, კანში, სისხლძარღვებში, მუსკულატურაში და ა.შ. ცხოველებს ჰქონდათ გულის დაავადებები, არასწორად განვითარებული კიდურები, სახის წყობის დარღვევები, აღენიშნებოდათ იმუნოლოგიური და სუნთქვასთან დაკავშირებული სირთულეები, რის გამოც დაბადებიდან რამდენიმე საათში იღუპებოდნენ. ზოგიერთს შეეძლო სუნთქვა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჟანგბადზე იქნებოდნენ. წარმოიდგინეთ ხბო, რომელსაც ზურგზე ჟანგბადის აპარატი აქვს მიერთებული.

მეცნიერები იძულებული გახდნენ, უფრო მეტი დრო დაეთმოთ და დაკვირვებით შეესწავლათ სიკვდილის მისტიური შემთხვევების მიზეზები. მათ გარდაცვლილი კლონირებული ორგანიზმებიდან ორგანოები ამოიღეს და ქსოვილების ანალიზი აიღეს. ერთ-ერთი პირველი ამ საკითხში იყო ედინბურგის უნივერსიტეტის პათოლოგი სუზან რინდი. მან ქსოვილები მიკროსკოპის ქვეშ ყურადღებით დაათვალიერა და ის, რაც სუზანმა აღმოაჩინა, შოკისმომგვრელი იყო.

– ამ ცხვრებს აღენიშნებოდათ სერიოზული პრობლემები სუნთქვასთან დაკავშირებით, ასე რომ დაკვირვება, ცხადია, ფილტვებიდან დავიწყე, რათა დამედგინა, იყო თუ არა რაიმე დარღვევა. აღმოვაჩინე, რომ სისხლძარღვები არაბუნებრივად გაფართოებული იყო, ზომა რამდენჯერმე აღემატებოდა ნორმალურ მაჩვენებელს.
სუზან რინდი

რაც უფრო აგრძელებდა კვლევას სუზანი, მით მეტ უცნაურ რამეს ნახულობდა. ცხვრის გული დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა. უბრალოდ შეუძლებელი იყო, სისხლი ნორმალურად მიმოქცეულიყო გიგანტურ ძარღვებში, რომლებიც მოსალოდნელზე 20-ჯერ განიერი გახლდათ. ამ კლონებს სიცოცხლის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. ამასთან, შეუძლებელი იყო, ეს დარღვევები მაშინვე გამოეაშკარავებინათ ულტრაბგერების მეშვეობით.

როსლინის ინსტიტუტის დოქტორი მეცნიერის ჰარი გრიფინის აზრით, კლონირებული ცხოველების ასეთი ბედი გაფრთხილება უნდა ყოფილიყო მათთვის, ვინც ამგვარი ექსპერიმენტების განხორციელებას ადამიანზე გადაწყვეტდა. ცხოველებს ისეთი სისხლძარღვოვანი დაავადებები ჰქონდათ, რომელთა განკურნება შეუძლებელი გახლდათ. მაგრამ დოქტორი ზავოსი ირწმუნებოდა, რომ მრავალჯერადი ექსპერიმენტები ამ პრობლემას აღმოფხვრიდა. თუმცა ადამიანის კლონირებას კიდევ ერთი რამ უშლიდა ხელს – ბევრ ქვეყანაში მსგავსი ექსპერიმენტი აკრძალული იყო და მხოლოდ ცხოველებზე დაიშვებოდა.

დოქტორ ზავოსის ენთუზიაზმს ბევრი მეცნიერი არ იზიარებდა. კლონირებული სხეულების ანალიზმა მათ შემზარავი რეალობა გადაუშალა თვალწინ: ისინი წააწყდნენ დეფორმაციების ყველაზე უცნაურ წყებას, რაც კი ბუნებაში მოიძიებოდა. კლონირებული თირკმლები იყო დანაოჭებული და ამასთან, ქსოვილების დიდი ნაწილი აკლდათ. ამას ემატებოდა სხვა პრობლემებიც – ნორმალური ცხვრის ღვიძლი შედგება ჯანმრთელი უჯრედებისგან, რომლებსაც მოვარდისფრო შეფერილობა აქვთ, მაგრამ კლონებში საქმე სხვაგვარად იყო. აქ გვხვდებოდა უცნაური და ჩამოუყალიბებელი უჯრედები, რომლებიც ნორმალურად ვერ ფუნქციონირებდნენ.

ადამიანის კლონირება უკვე საშიშ საქმედ ითვლებოდა. მეცნიერთა უმეტესობას მიაჩნდა, რომ თუკი ბავშვი ამ დეფექტებით დაიბადებოდა და გადარჩენას შეძლებდა, ის დაიტანჯებოდა საშინელი დაავადებებით, რომლებიც მედიცინისთვის სრულიად უცნობი იქნებოდა. მაგრამ დოქტორი ზავოსი და მისი იტალიელი კოლეგა დოქტორი სევერინო ანტინორი დარწმუნებულები იყვნენ, რომ შეძლებდნენ ჯანმრთელი კლონის შექმნას.

პათოლოგიური დარღვევების მქონე შვილის ყოლის პერსპექტივა არ აღმოჩნდა დამაფრთხობელი რამ მათთვის, ვისაც ოჯახში ახალი წევრის ყოლა სურდა. დესირისა და მეთიუს მსგავს წყვილებს, როგორც ჩანს, თავიდან წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რამდენად რთული პრობლემები ეჩეხებოდა ასეთ შემთხვევებს.

– ბავშვს დარღვევაც რომ ჰქონოდა, უარს მაინც არ ვიტყოდით. მას გავზრდიდით და ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურს გავაკეთებდით, რათა თავი ნორმალურ ბავშვად ეგრძნო.
მეთიუ

– თუკი დავორსულდებოდი და მეხუთე თვეზე აღმოვაჩენდი, რომ ნაყოფს არ ჰქონდა ფეხი, ხელი ან რაიმე ორგანო, არავითარ შემთხვევაში არ მოვიშორებდით. ჩვენ ამ ტიპის ადამიანებს არ მივეკუთვნებით, რადგან ბავშვი ჩვენი ქმნილებაა და პასუხისმგებლობაც ჩვენზეა.
დესირი

მაგრამ იმ მეცნიერებმა, რომლებიც ექსპერიმენტების შედეგებს შეისწავლიდნენ, იცოდნენ, რომ პრობლემების საძირკველისთვის უნდა მიეკვლიათ, რათა გაეგოთ, რა იწვევდა ამ ყველაფერს. მათ მრავალი თეორია შეიმუშავეს. ერთ-ერთის მიხედვით, კლონირებული ორგანიზმები ნაადრევი სიბერით იხოცებოდნენ. შესაძლოა, კლონირება უცნაურ მუტაციებს იწვევდა, თუმცა თავიდან ყოველთვის ყველაფერი კარგად ჩანდა ხოლმე. ბევრი მეცნიერი დაეჭვდა, რომ ძაღლის თავი იმარხებოდა კლონირების გულში: როგორ შეიძლება მხოლოდ ერთმა უჯრედმა შექმნას სრულყოფილი ცხოველი ან ადამიანი?

– გამრავლებისთვის არსებობს სისტემა, რომელიც მილიონობით წლების განმავლობაში მუშაობდა და განაყოფიერებას საკმაოდ ეფექტურად უზრუნველყოფს. ხოლო რისი მიღწევაც ჩვენ გვინდა, სრულიად განსხვავებულია, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ყველაფერი სრულყოფილად არ ხდება. პირიქით, ის უნდა გვიკვირდეს, რომ ზოგჯერ ცდები წარმატებულია ხოლმე.
პროფესორი გრეგ სტოკი

ადამიანის სხეული წარმოუდგენლად რთულია. ჩვენი გენები საბეჭდ მანქანაზე განლაგებულ ფირფიტებს ჰგავს. ყოველი გენი არის შაბლონი, რომელიც ქმნის გარკვეულ გზავნილს. მოქმედებისთვის საჭიროა მათი მომართვა, მომართვის შემდეგ კი სხვადასხვა გენები სხვადასხვა ინფორმაციას გზავნიან, რაც ფუნქციონირებისთვის საჭირო ქსოვილებსა და ორგანოებს ქმნის. ადამიანი რომ ჯანმრთელი იყოს, გენებმა ამ რთულ კასკადში სწორად უნდა იმოქმედონ. ხოლო როცა პროცესი დასრულდება, საჭიროა მათი შეჩერება. კლონირებულ ცხოველებში არსებული უცნაური ეფექტები, როგორიცაა უზარმაზარი ძარღვები, მიგვანიშნებს, რომ ჩამოყალიბების პროცესში რაღაც შეცდომა გაიპარა და მკაცრი ინსტრუქციებიდან გადახვევა მოხდა. ამიტომ მკვლევარები პრობლემის აღმოსაჩენად დაირაზმნენ.

პირველი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა იმ მეცნიერის მიერ, რომელიც კლონირების ექსპერიმენტებში არ მონაწილეობდა, მაგრამ მსგავს სფეროში მოღვაწეობდა – ინ-ვიტრო განაყოფიერებაში. წლების განმავლობაში მეცნიერებს აოცებდათ ის ფაქტი, რომ ინ-ვიტროს მეთოდით ჩასახული ცხოველები საშვილოსნოში ყოფნისას ძალიან დიდ ზომას აღწევდნენ. მსგავსი რამ ზოგჯერ კლონირების დროსაც ხდებოდა. როცა როსლინის ინსტიტუტის მეცნიერმა, დოქტორმა ლორეინ იანგმა გადაწყვიტა, აღმოეჩინა, რა ხდებოდა რეალურად, ამოცანა თავიდან შეუძლებელი ჩანდა.

– მთავარი პრობლემის მოძიება თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავდა. ემბრიონის ყოველ უჯრედში დაახლოებით 30 000 გენია და ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა ყოფილიყო ,,დამნაშავე”.
ლორეინ იანგი

პასუხი იმაზე, რატომ იზრდებოდნენ ცხოველები ასე სწრაფად, 30 000 გენში იმალებოდა. მაგრამ დოქტორმა იანგმა იცოდა რაღაც, რაც კვლევაში დახმარებას გაუწევდა. ადამიანებში არსებობს იშვიათი დაავადება, სახელად ბეკვიტ-ვიდერმანის სინდრომი. ამ დროს გარკვეული გენები, რომლებიც ზრდა-განვითარებაზე არიან პასუხისმგებელი, არასწორად მუშაობენ. ბეკვიტ-ვიდერმანის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს ზოგიერთი ორგანო მკვეთრად ეზრდებათ და იბადებიან, მაგალითად, დიდი ენით. გარდა ამისა, ღვიძლსა და თირკმლებში შეიძლება უჯრედებმა კონტროლის გარეშე დაიწყონ ზრდა და წარმოქმნან სიმსივნე. ამ ყველაფერს იწვევს ერთი პატარა შეცდომა, რომელიც თავს იჩენს ბავშვის ზრდის მაკონტროლებელ მრავალ ფუნქციონირებად გენს შორის.

ლორეინ იანგს, შეიძლება ითქვას, გასაღები ნაპოვნი ჰქონდა – გენების იგივე ჯგუფი, რომელიც ბავშვებში იწვევს ბეკვიტ-ვიდერმანის სინდრომს, შესაძლოა ყოფილიყო ინ-ვიტრო გზით ჩასახული ცხოველების არაბუნებრივ ზრდაზე პასუხისმგებელი. მან დაიწყო ამ გენებიდან წამოსული ქიმიური სიგნალების შედარება ჯანმრთელი და ზომაზე მეტად გაზრდილი ცხვრების შემთხვევაში. ამას თვეების განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომა დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ლორეინმა მიაგნო ძირითად განსხვავებას. ერთ-ერთი გენი, რომელსაც ის შეისწავლიდა, იყო პასუხისმგებელი ზრდის მაჩვენებლის კონტროლირებაზე, მაგრამ დოქტორმა იანგმა აღმოაჩინა, რომ ინ-ვიტროს შემთხვევაში ის არ წარმოშობდა საჭირო სიმძლავრის სიგნალს და როცა ეს გააანალიზა, მიხვდა, რომ ორგანიზმს სასიცოცხლო მნიშვნელობის რაღაც აკლდა – გამომრთველი, რომელიც გენებს მოქმედების შეწყვეტას უბრძანებდა. ეს არის პაწაწინა მოლეკულა, რომელსაც მეთილის მოლეკულას უწოდებენ. ინ-ვიტრო ორგანიზმში ის საჭირო ადგილას არ მდებარეობდა. მის გარეშე გენები სათანადოდ არ მოქმედებენ და ცხოველი უკონტროლოდ იზრდება.

– ეს დაკვირვებები აჩვენებს, რომ დნმ-იდან მეთილის ჯგუფის ამოვარდნა საკმარისი იყო ცხოველებში დარღვევის გამოსაწვევად. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც მანამდე გაგვეკეთებინა.
ლორეინ იანგი

დოქტორმა იანგმა ეს აღმოჩენა ინ-ვიტრო ცხოველებზე გააკეთა, მაგრამ სავარაუდოდ, იგივე რამ ხდებოდა კლონირების დროსაც. გენეტიკური სიმახინჯეების მიზეზი აქაც მეთილის მოლეკულების არასრულფასოვნება უნდა ყოფილიყო. ამ თეორიის გამოსაცდელად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მეცნიერებმა კლონირებული ქსოვილების გამოკვლევა დაიწყეს.

სხვა მეცნიერების მსგავსად, დოქტორი ზავოსიც ეცნობოდა ლორეინ იანგის აღმოჩენებს. მისთვის პრობლემის აღმოჩენა ფაქტობრივად იგივე იყო, რაც პრობლემის გადაწყვეტა. მალე მან გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ შეეძლო, კლონირება უფრო უსაფრთხოდ ექცია. ამისთვის უნდა გამოერიცხა ემბრიონები, რომლებსაც აღენიშნებოდათ დოქტორი იანგის მიერ ნაპოვნი დარღვევები და გამოეყენებინა მხოლოდ ჯანმრთელები. თუმცა ამ ენთუზიაზმს ლორეინ იანგი არ იზიარებდა – ზავოსის იდეებს მან სასაცილო და უპასუხისმგებლო უწოდა. დოქტორი ზავოსი მიიჩნევდა, რომ თუკი ემბრიონის მეთილის მოლეკულები ნორმალურად გამოიყურებოდნენ, ნაყოფიც ჯანმრთელი იქნებოდა. მისი და დოქტორი ანტინორის აზრით, წინასწარი ტესტები 99%-ით გამორიცხავდა რაიმე სახის დარღვევას.

მათგან განსხვავებით, დოქტორი იანგი ფიქრობდა, რომ საქმე ასე მარტივად არ იყო და პრობლემის თავი სხვა გენებშიც იმალებოდა, ასე რომ ზავოსის მეთოდი გამორიცხავდა ერთ პრობლემას, მაგრამ სათვალავში არ ჩააგდებდა ათასობით სხვას. შემდგომი რამდენიმე თვის მანძილზე დოქტორი იანგის საქმე სხვა მეცნიერებმაც განაგრძეს. მთელ მსოფლიოში მეცნიერები აქვეყნებდნენ ნაშრომებს, რომლებშიც ნათლად ჩანდა, რომ კლონირების შემთხვევაშიც შესაძლოა, ზოგიერთ გენებში მეთილის მოლეკულა ირიბად განვითარდეს, რამაც გადახრები გამოიწვიოს. ამ აღმოჩენამ ბევრ მკვლევარს უბიძგა რადიკალური დასკვნისკენ: კლონირებამ შეიძლება გამოიწვიოს უნებლიე შეცდომა 30 000 გენიდან ერთ-ერთში და კლონი ვითარდება ნორმალურად, სანამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გენი კატასტროფას არ გამოიწვევს. ამიტომაც ადამიანის კლონირება უკიდურესად სახიფათოა.

რისკი არ ქრება დაბადებისას, რადგან ჩვენი სხეული სიცოცხლის განმავლობაში მუდმივ ცვლილებას განიცდის. ჩვენი განვითარება დამოკიდებულია გენებზე, რომლებიც საჭირო მომენტში ირთვებიან და ითიშებიან. საქმე შეიძლება ნებისმიერ დროს გაუარესდეს. არის გენები, რომლებიც მაგალითად უზრუნველყოფენ ბავშვობიდან ყმაწვილობის პერიოდში გადასვლას და მანამდე დიდად საჭირო ფუნქცია არ გააჩნიათ. ასე რომ თუკი დარღვევა ასეთ გენებშია, თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება, სავალალო შედეგი კი მომდევნო პერიოდში, ყმაწვილობაში გადასვლისას გამოჩნდება.

თუმცა არიან მეცნიერები, რომელთა აზრითაც, ადამიანის კლონირების აკრძალვა ზედმეტად გაზვიადებული იყო და ეს ადრეული პრობლემები მალე დაიძლეოდა. მათ რიცხვს, ცხადია, მიეკუთვნება დოქტორი ზავოსიც. მას მაგალითად მოჰყავდა ცხვარი დოლი და არად აგდებდა მისი კოლეგების განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, ცხვარს ტვინთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ზავოსს კლონირების სასარგებლოდ მოჰყავდა შემდეგი მაგალითი – ბუნება თავად ქმნის ასლებს, როცა ემბრიონი იყოფა და მიიღება იდენტური ტყუპები. ამაში მეცნიერი მართალია, ბუნებაც მიმართავს კლონირების გზას, მაგრამ ტყუპების შესწავლამ მალე ახალი ცნობები გამოააშკარავა, რამაც შეცვალა მკვლევართა შეხედულება ადამიანის კლონირებაზე.


რიკი და ერიკა ტყუპები არიან. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა სქესისანი დაიბადნენ, ყველა ფიქრობდა, რომ ისინი არ იყვნენ იდენტური ტყუპები, ანუ მათი ჩასახვა მოხდა სხვადასხვა კვერცხუჯრედში. ასეთ დროს ტყუპები ისევე ჰგვანან ერთმანეთს ან ისე განსხვავდებიან, როგორც ჩვეულებრივი და-ძმები. ეს თითქოს დადასტურდა კიდეც, როცა რიკი ჯანმრთელი დაიბადა, ერიკა კი – არა. მას აღენიშნებოდა გარკვეული სიმპტომები, რომლებიც სავარაუდოდ იშვიათი გენეტიკური დარღვევის მაჩვენებელი იყო. მეცნიერებმა ორივე ტყუპი დაკვირვებით შეისწავლეს და რაც მათ აღმოაჩინეს, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: ისინი იდენტური ტყუპები ყოფილან. მაშ, რა მოხდა ამ შემთხვევაში?

გენეტიკურმა ტესტებმა აჩვენა, რომ მიზეზი მათ ქრომოსომებში იმალებოდა. რიკიმ და ერიკამ არსებობა დაიწყეს, როგორც ერთმა მთლიანობამ, რაც წარმოადგენდა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს X და Y ქრომოსომათი. X და Y ქრომოსომიანი ემბრიონი, როგორც წესი, მამაკაცად ყალიბდება, მაგრამ პირველი უჯრედი რომ გაიყო, ერთმა უჯრედმა დაკარგა Y ქრომოსომა, ამიტომ გაჩნდნენ ისეთი უჯრედები, რომლებსაც მხოლოდ X ქრომოსომა ჰქონდათ. შემდეგ ემბრიონი გაცალკევდა. პირველი ნახევარი და XY ქრომოსომები – ეს რიკი იყო, მეორე ნახევარი და თითო X ქრომოსომები კი – ერიკა. მაგრამ იმისთვის, რომ სრულფასოვანი გოგონა ჩამოყალიბდეს, საჭიროა წყვილი X ქრომოსომები, ამიტომაც ერიკა განსხვავებულია. როცა გოგონას ერთი X ქრომოსომა აკლია, ემართება დაავადება, რომელიც ცნობილია, როგორც ტერნერის სინდრომი.

ერიკას გაუმართლა, რომ გადარჩა. მას დასჭირდა ოპერაციის გადატანა, რომლის დროსაც საკვერცხეები ამოაჭრეს. დროის გასვლასთან ერთად კი მომავალი სულ უფრო ბუნდოვანია. მის მშობლებს მოუწიათ აეხსნათ, რომ ის სხვა ბავშვებისგან განსხვავდება და ამის გამო შვილის გაჩენას ვერ შეძლებს.

მეცნიერთა ნაწილი აცხადებს, რომ როდესაც ბუნების მიერ შექმნილ კლონებშიც გვხვდება უხეში დარღვევები, ადამიანის ჩარევით განხორციელებული ექსპერიმენტები უარეს შედეგს მოგვიტანს. მაგრამ ზოგისთვის ბავშვის გაჩენა ისედაც რისკთან ასოცირდება, ამიტომ კლონირებას ეს მიზეზი ვერ შეაფერხებს.

– სიმართლე ისაა, რომ ბუნებრივი განაყოფიერება არის ძალიან, ძალიან საშიში პროცედურა, რომლის დროსაც ხშირად შეხვდებით დარღვევებს. არის ისეთი შემთხვევები, როგორიცაა მუცლის მოშლა და ნაყოფის მოწყვეტა, ხოლო დაბადებული ბავშვების 3-4%-ს გარკვეული გენეტიკური გადახრები აღენიშნება. კლონირებას ვერ მოვთხოვთ აბსოლუტურ უსაფრთხოებას, მაგრამ შეგვიძლია მოვთხოვოთ უსაფრთხოების ისეთი დონე, როგორიც არის განაყოფიერების სხვა პროცედურებში.
გრეგ სტოკი

1978 წელს დაიბადა ჯანმრთელი გოგონა, სახელად ლუიზა ბრაუნი, რამაც დაამხო ადამიანთა შიში იმაზე, რომ განაყოფიერებაში ჩარევა სახიფათო იქნებოდა. ლუიზა იყო პირველი ადამიანი, რომელიც სამყაროს მოევლინა ინ-ვიტრო განაყოფიერების გზით. დღეს ეს მეთოდი ჩვეულებრივი მოვლენაა და როგორც დოქტორი ზავოსი და დოქტორი ანტინორი ირწმუნებიან, კლონირებაც ასეთივე იქნება. 90-იან წლებში ინ-ვიტროს ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც უფრო სწრაფად გავრცელდა. ტექნიკის მეშვეობით, რომელსაც ICSI (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია – ემბრიოლოგს თვითონ შეჰყავს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში ერთი სპერმატოზოიდი) ეწოდება, კვერცხუჯრედის განაყოფიერების ფუნქციის არმქონე სუსტ სპერმაზე ხდება ზემოქმედება. კლონირების განვითარებამდე ICSI არის ერთადერთი გზა იმის გასაგებად, როგორ ირეაგირებენ ადამიანის უჯრედები იმ მანიპულაციებზე, რომლებსაც კლონირება წარმოშობს. ICSI მეთოდით ათასობით ჯანმრთელი ბავშვი დაბადებულა, თუმცა მეცნიერთა მცირე ნაწილი გარკვეულ პრობლემებზე ალაპარაკდა. მათ ICSI დაასახელეს, როგორც გადახრების გამომწვევი მიზეზი. ზოგიერთი პრობლემის მიზეზი არასრულყოფილი სპერმაა, მაგრამ იქნებ თავად ტექნიკა იწვევს პრობლემებს?

აშშ-ში მეცნიერთა ერთ-ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, გაერკვია, რა სხვაობა იყო ნორმალური განაყოფიერებისა და ICSI მეთოდის პირველ საათებს შორის. მათ რამდენიმე შემაშფოთებელი განსხვავება აღმოაჩინეს. ნორმალურ სპერმას განაყოფიერებამდე აქვს ყელსახვევის მსგავსი სტრუქტურა ქრომოსომების ეკვატორის გარშემო. ბუნებრივი განაყოფიერებისას ეს ,,ყელსახვევი” კვერცხუჯრედის ზედაპირზე რჩება, ხოლო ICSI-ს შემდეგ მსგავსი რამ არ ხდება და სპერმა ერთფეროვნად არ იზრდება. მრგვალი ბურთულის ფორმის მიღების მაგივრად მას აქვს ერთგვარი გამონაზარდი, რაც ,,ყელსახვევის” მოჭერის შედეგია. ბუნებრივ პირობებში სპერმის დნმ იზრდება თანაბრად და ემზადება კვერცხუჯრედის დნმ-თან გასაერთიანებლად, მაგრამ ICSI-ს შემდეგ სქესის ქრომოსომა ერთგვარად მახეში მოექცა.

საქმე უფრო რთულადაა კლონირების შემთხვევაში, რადგან სპერმის შეშვების ნაცვლად გამოყენებულ იქნება სრულიად სხვა სახის უჯრედის ბირთვი, რომელიც იდეაში კვერცხუჯრედს არასდროს არ უნდა შეხვედროდა. ამიტომ შეცდომის მოხდენის ალბათობა ამ დროს გაცილებით დიდია. მიუხედავად ამისა, დოქტორი ზავოსი და დოქტორი ანტინორი არ ნებდებოდნენ და აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ იმ ექსპერიმენტის ზღვარზე, რომელიც ადამიანის ევოლუციის ხაზს შეცვლიდა. რამდენად რეალურია მათი განცხადებები? სანამ კლონირება ექსპერიმენტების დონეზეა, ამის თქმა რთულია. თუმცა მეცნიერთა ნაწილმა უკვე სცადა ადამიანების ნათესავთა კლონირება. ეს სახეობა გახლავთ რეზუსის მაიმუნი მაკაკების გვარიდან.

ათასზე მეტი ცდიდან ყველა წარუმატებელი აღმოჩნდა. დნმ იმდენად დანაკუწებული ხდებოდა, რომ ემბრიონები განვითარებასა და სიცოცხლის გაგრძელებას ვერ ახერხებდნენ. მაგრამ მკვლევართა გარკვეული კატეგორიის აზრით, მხოლოდ დროის საკითხია ამ სირთულეების გადალახვა და ადამიანის კლონირების პროცესში განხორციელებული პროგრესი გარდაუვალია.

– ჯერ ვიხილავთ ტექნოლოგიის დახვეწას, რომლითაც ცდები ჩატარდება ცხვრებზე, რქიან საქონელსა და თაგვებზე. შემდეგ განხორციელდება კატებისა და ძაღლების კლონირება, და თუკი ეს ტექნოლოგია იქნება სანდო, ხალხი დაინტერესდება თავიანთი შინაური ცხოველების კლონირებით. შემდეგ იგივე ჩატარდება რეზუსის მაიმუნზე, რაც აჩვენებს, რომ კლონირება განხორციელებადია პრიმატებზეც, რაც ამჟამინდელ რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს. შემდეგ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან დოქტორი ზავოსი და დოქტორი ანტინორი, რომლებიც იმავეს განხორციელებას ადამიანზე გადაწყვეტენ და ექსპერიმენტი წარმატებული იქნება.
პროფესორი გრეგ სტოკი

რაც უფრო წინ მიდის საქმე კლონირების საკითხში, მით მეტ ადამიანს უჩნდება იმედი, რომ ამ გზით მათი პრობლემები გადაიჭრება.

– ბევრს უარყოფითი შეხედულება აქვს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ სანამ იმსჯელებთ, ჯერ ჩვენნაირ სიტუაციაში უნდა აღმოჩნდეთ. დამიჯერეთ, ამ შემთხვევაში აზრს შეიცვლით.
დესირი

ამჟამად მეცნიერთა დიდი ნაწილი, ასევე პოლიტიკოსები და რიგითი ადამიანები მიიჩნევენ, რომ ადამიანის კლონირება ბევრ უარყოფით მოვლენას გამოიწვევს. მეცნიერთა წრეში სიტყვით გამოსვლაზე ზავოსს პასუხად მიუგეს, რომ ეს არის საშიში და არასაჭირო რამ, ასევე ადამიანის სიცოცხლეზე არსებული შეხედულებების დაკნინების საფრთხე, რის გამოც უნდა რცხვენოდეს იმის, რასაც აკეთებს. ამ სიტყვებს დარბაზში მყოფთა უმეტესობა აფლოდისმენტებით შეხვდა.

მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმემ შეაჩეროს ის მამოძრავებელი ძალა, რაც კლონირებას ახლავს თან. ზავოსის თქმით, ყველას, ვინც კლონირების ტექნოლოგიის აკრძალვას ემხრობა, ამოძრავებს სურვილი, რომ არ იყვნენ ნილ არმსტრონგები, სურთ, ხელი შეუშალონ მეცნიერებს მთვარეზე გაფრენაში. მაგრამ ის არ აპირებს დანებებას და იქნება მამაცი, რათა ხელი შეუწყოს კლონირების ტექნოლოგიის განვითარებას და გახადოს უსაფრთხო.

____________________________________________________________
* მომზადებულია BBC Horizon-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button