ჯეფ ბეზოსმა SpaceX-ის მარსის კოლონიზაციის გეგმას დასცინა
კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელმა ირონია გამოხატა წითელი პლანეტის კოლონიზების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მის კონკურენტ ილონ მასკს გააჩნია.
დრო, როდესაც კოსმოსური შეჯიბრის მთავარი მონაწილეები ორი ქვეყნის (აშშ, რუსეთი) ხელისუფლება იყო, უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ამჟამად და მომავალშიც არამიწიერი სივრცეების გამოკვლევისთვის კერძო კომპანიები გაუწევენ კონკურენციას ერთმანეთს.
ამერიკული კომპანიები უკვე იბრძვიან სახელიმწიფო კონტრაქტების მოსაპოვებლად, რათა განახორციელონ რაკეტების აგება და ასტრონავტების ორბიტაზე გაყვანა. ამჟამად, SpaceX-ისა და Blue Origin-ის მთავარი კონკურენტები არიან Boeing და Lockheed Martin.
ბოლო წლებში SpaceX-მა NASA-ს და მთელ მსოფლიოსაც დაუმტკიცა, რომ შესაძლებელია გაცილებით იაფად და სწრაფად ფრენა არა მარტო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის, არამედ უფრო შორეული ობიექტებისკენაც. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Blue Origin-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი პლანეტის უმდიდრესი ადამიანია და მან ზუსტად იცის, როგორ გამოიმუშავოს ფული და შექმნას კონკურენტუნარიანი პროდუქტები გრძელვადიან პერსპექტივაში.
ბეზოსი აპირებს თავისი კუთვნილი ასი მილიარდი დოლარი რაკეტათმშენებლობაში ჩადოს (რაც მასკს არ შეუძლია), ამასთან, მისი გეგმები გარკვეულ ასპექტებში მასკის გეგმებთან შედარებით უფრო რეალისტური ჩანს.
ორ მილიარდერს შორის არსებული უთანხმოების ერთ-ერთი საკითხია მარსის კოლონიზაცია. როგორც ცნობილია, ილონ მასკი გეგმავს კაცობრიობის „გადასახლებას“ მეზობელ წითელ პლანეტაზე და იმედოვნებს, რომ პირველი კოლონია იქ უკვე უახლოეს ათწლეულში გაჩნდება.
თავის მხრივ ბეზოსი კი აცხადებს, რომ შეუძლებელია უახლოეს წლებში მარსის კოლონიზება განხორციელდეს.
მცირე ხნის წინ მან განაცხადა: „ჩემმა მეგობარმა, რომელსაც მარსზე გამგზავრება სურს, დაე გამიწიოს სამსახური: ჯერ სცადეთ ევერესტის მწვერვალზე გაძლოთ თუნდაც ერთი წელიწადი და ნახეთ, როგორ მოგეწონებათ. ევერესტი სამოთხის ბაღია მარსთან შედარებით“.
დიახ, SpaceX-ში იმედოვნებენ, რომ შეძლებენ მარსის ტერაფორმირებას – პლანეტის ბუნებრივი პირობების გაუმჯობესებას ხელოვნურად შექმნილი ატმოსფეროთი, ჰაერის ტემპერატურის აწევას, რადიოაქტიური გამოსხივების შემცირებას და ა.შ. ამგვარი გეგმის წარმატებას მეცნიერთა ნაწილი ადასტურებს, ნაწილი უარყოფს.
გარდა იმისა, რომ ადამიანისთვის გაუსაძლისი მარსული პირობები ახსენა, ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ მასკის გეგმები – ეს არის მცდელობა, „გადაკოპირდეს კაცობრიობა სარეზერვო დისკზე“ – იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე საშინელება დაემუქრება დედამიწურ ცივილიზაციას.
ნაცვლად იმისა, რომ ადამიანთა ნაწილი მარსზე გადასახლდეს, ნაწილი კი დასაღუპად გაიწიროს, ბეზოსს ალტერნატიული ვარიანტი აქვს: ბიზნესმენის გეგმებში პირველ ადგილასაა ჯერ ჩვენი პლანეტის ხსნა, შემდეგ კი უკვე კოსმოსური მოგზაურობები.
Blue Origin-ისა და Amazon-ის დამფუძნებელი აპირებს დედამიწის „ვარგისიანობის ვადა“ გაახანგრძლივოს მთვარის სამრეწველო კოლონიზებით. ჯეფ ბეზოსი აპირებს მთელი დედამიწის მთლიანი მძიმე მრეწველობა უახლოეს თანამგზავრზე გადაიტანოს.
რამოდენიმე თვის წინ იგი აცხადებდა, რომ Blue Origin-ის მთვარის მოდული 2020 წლისთვის შეძლებს პირველი 5-ტონიანი ტვირთის გადატანას მთვარეზე. მომავალში კი დედამიწა წარმოგვიდგება, როგორც მხოლოდ ადამიანთა საცხოვრისი და მსუბუქი წარმოების არენა.
„ჩვენ გვსურს კოსმოსში გასვლა, რათა დედამიწა დავიცვათ. სწორედ ამიტომ ეწოდება ჩვენს კომპანიას Blue Origin: ეს არის ლურჯი პლანეტა, ჩვენი სამშობლო“.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი მასკის იდეებითაა აღტაცებული, ბეზოსს არანაკლებ გრანდიოზული მიზნები აქვს. იგი დარწმუნებულია, რომ მარსის კოლონიზაცია – ეს გარდაუვალი სიკვდილია. ხოლო დედამიწის გადარჩენა საზიანო წარმოებისგან და ამის შემდეგ კოსმოსის ეტაპობრივი ათვისება – აი ეს არის ერთ-ერთი რეალური გზა ცივილიზაციის ახალ ტიპზე გადასვლისაკენ.
„მზის სისტემას შეუძლია დაიტიოს ტრილიონობით ადამიანი. იმ დროს ჩვენ გვეყოლება ათასი მოცარტი და ათასი ეინშტეინი. წარმოიდგინეთ, რამდენად დაუჯერებელი და დინამიკური იქნება ამგვარი ცივილიზაცია“ – აცხადებს ბეზოსი.
კაცობრიობის ხსნის იდეების პარალელურად, ბეზოსი და მასკი არ ივიწყებენ თავიანთ სხვა პროექტებსაც, კერძოდ, თანამგზავრების გაშვებას მთელი დედამიწის მომცველი თანამგზავრული ინტერნეტ-სისტემის ამოქმედებისთვის.
SpaceX აპირებს გაუშვას დაახლოებით 12 ათასი თანამგზავრი პროექტ Starlink-ის ფარგლებში. Starlink-ის ინტერნეტი ყველსთვის ხელმისაწვდომი და უფასო იქნება, მხოლოდ საჭირო იქნება სპეციალური სასიგნალო ტერმინალის შეძენა, რომელიც 100-დან 300 აშშ დოლარამდე ეღირება.
მთავარ პრობლემას თანამგზავრების გაბარიტები წარმოდგენს: თითოეული მათგანის სიგრძე 4 მეტრია, სიგანე და სიმაღლე – დაახლოებით მეტრნახევარი. ამიტომ პირველ ეტაპზე გასაშვები 4 ათასი თანამგზავრის გასაყვანად საჭირო იქნება გამწევი რაკეტის 400 ფრენა.
Starlik-ის პარალელურად, კოსმოსური ინტერნეტის პროვაიდერად გახდომა სურს კანადურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Telesat Canada-ს. სწორედ ამ კომპანიას მოელაპარაკა ჯეფ ბეზოსი გასულ თვეში: Blue Origin-ი მალე დაიწყებს SpaceX-ის კონკურენტი თანამგზავრების გაყვანას რაკეტა New Glenn-ის მეშვეობით.
მოსალოდნელია, რომ Telesat-ის თანამგზავრების გაშვება 2021 წელს დაიწყება – იმ დროს, როდესაც რაკეტა New Glenn მზად იქნება. ეს გარიგება ერთ-ერთი მომგებიანია ჯეფ ბეზოსისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის სექტემბერში Blue Origin-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებს Be-4 ძრავების მიწოდებას რაკეტა Vulcan-ისთვის, რომელიც იწარმოება Lockheed Martin Space Systems-ისა და Boeing Defense-ის პროექტის ფარგლებში.