მეცნიერებაუცხოპლანეტელები

კარდაშევის სკალა – ცივილიზაციები და მათი განვითარების დონე

რაც უფრო იზრდება და ვითარდება ცივილიზაცია, მისი მოთხოვნა ენერგიაზე მკვეთრად მატულობს მოსახლეობის ზრდისა და სხვადასხვა მექანიზმების სამუშაო საჭიროების გამო. ამის გათვალისწინებით კარდაშევის სკალა ზომავს ცივილიზაციის ტექნოლოგიურ განვითარებას იმაზე დაყრდნობით, რა რაოდენობის გამოყენებადი ენერგიაა მის განკარგულებაში.

სკალა 1964 წელს შეიქმნა რუსი ასტროფიზიკოსის ნიკოლაი კარდაშევის მიერ (რომელიც კოსმოსურ სიგნალებში არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებს ეძებდა). ის 3 ძირითად კლასად იყოფა ენერგიის რეზერვის მიხედვით: I ტიპი (4 x 10¹² ვატი), II ტიპი (4 x 10²⁶ ვატი) და III ტიპი (4 × 10³⁶ ვატი). სხვა ასტრონომებმა დაამატეს IV (10⁴⁶ ვატი) და V ტიპიც. V ტიპის და უფრო განვითარებული ცივილიზაციისთვის ხელმისაწვდომი ენერგია უდრის მთელ ენერგიას, რომელიც არამარტო ჩვენს, არამედ ყველა შესაძლო სამყაროში და დროის ნებისმიერ მონაკვეთში არსებობს.

დასაწყისისთვის აუცილებელია შევნიშნოთ, რომ კაცობრიობა ჯერჯერობით ამ სკალაში ვერ ხვდება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ენერგიას ჯერ კიდევ დედამიწაზე არსებული მკვდარი მცენარეებიდან და ცხოველებიდან მოვიპოვებთ, ვიმყოფებით 0 ტიპის ცივილიზაციის დონეზე (და ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი იქამდე, სანამ პირველ ეტაპზე გადავალთ). ცნობილი ფიზიკოსი მიჩიო კაკუ თვლის, რომ ამ სკალაში 100-200 წლის განმავლობაში მოვხვდებით. ახლა კი გადავიდეთ თავად კატეგორიებზე.

I ტიპის ცივილიზაციას მიეკუთვნებიან ის სახეობები, რომლებმაც მოახერხეს დედა-ვარსკვლავიდან ენერგიის ათვისება, აგროვებენ და ინახავენ, რათა მოსახლეობის ზრდიდან გამოწვეულ საჭიროებებს მიუსადაგონ. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოებული ენერგიის რაოდენობა 100,000-ჯერ უნდა გავზარდოთ, რათა ამ სტატუსს მივაღწიოთ. გამოვიყენებთ დედამიწის მთელი ენერგიას და გავაკონტროლებთ ბუნების ძალებს. ადამიანები შეძლებენ მართონ ვულკანები, ამინდი და მიწისძვრებიც კი (ყოველ შემთხვევაში, იდეის დონეზე ასეა), ააგონ ქალაქები ოკეანეზე. შეიძლება მთელი პლანეტა ერთ დიდ მზის პანელად იქცეს, რათა დააკმაყოფილოს ცივილიზაციის შიმშილი ენერგიაზე. ამხელა ძალაუფლების წარმოდგენა რთულია, თუმცა იმ პროგრესთან შედარებით, რომელიც შემდეგ მოდის, კონტროლის მხოლოდ საწყისი და პრიმიტიული დონეებია (ფაქტიურად არაფერია იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რომელსაც უფრო განვითარებული საზოგადოება ფლობს).


შემდეგ საფეხურზე მყოფი II ტიპის ცივილიზაცია მთელი ვარსკვლავის ენერგიის ათვისებას ახერხებს. ისინი უბრალოდ კი არ გარდაქმნიან ვარსკვლავის სინათლეს ენერგიად, არამედ აკონტროლებენ კიდეც ვარსკვლავს. ამის რამდენიმე მეთოდი იქნა წამოყენებული. მათგან ყველაზე პოპულარულია ჰიპოთეტური „დაისონის სფერო”. ეს მეგასტრუქტურა, რომელიც ზედაპირის ფართობით 600 მილიონჯერ აღემატება დედამიწას, გარს ერტყმის მთლიან ვარსკვლავს, კრებს გამოყოფილი ენერგიის დიდ (თუ არა სრულ) ნაწილს და აგზავნის პლანეტისკენ, რათა შემდგომში საჭიროებისამებრ იქნას გამოყენებული. სხვა შემთხვევაში, თუკი თერმობირთვულ ძალას (მექანიზმი, რომელიც ვარსკვლავს სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს) აითვისებენ, უზარმაზარი მასშტაბის რეაქტორიც დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. შეიძლება გამოიყენონ ახლომდებარე აირის გიგანტები, რომლებსაც მათ გარშემო ორბიტაზე მოძრავი რეაქტორი ნელ-ნელა შეასუსტებს. ალტერნატივად წამოყენებულია ასევე გამა სხივების აფეთქებიდან წამოსული ენერგიის შეკრება და თეთრი ხვრელები. ჩვეულებრივი მოვლენაა ევოლუციაში ჩარევა, ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა და კომუნიკაცია და ტერაფორმირება.

რას ნიშნავს ეს ამ დონეზე მყოფი სახეობისთვის? იქიდან, რაც ამჟამად მეცნიერებისთვისაა ცნობილი, ვერაფერი გაანადგურებს მათ. მაგალითად, თუკი ადამიანები იარსებებენ იმდენ ხანს, რომ ამ სტატუსს მიაღწიონ და მთვარის ზომის ობიექტი შემოიჭრება მზის სისტემაში, რათა პატარა ლურჯ პლანეტას შეეჯახოს, მის განადგურებას აუცილებლად მოვახერხებთ. თუ საკმარისი დრო გვექნება, შეიძლება დედამიწასაც შევუცვალოთ მდებარეობა და ობიექტი უბრალოდ გზას აგვივლის. არსებობს სხვა ვარიანტიც – თუ დედამიწა არა, იუპიტერის (ან სხვა პლანეტის) პოზიცია შევანაცვლოთ, რათა შეჯახება მასთან მოხდეს ან სულაც საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეთ.

პლანეტის კონტროლიდან უკვე გადავედით ვარსკვლავზე და იმ დონის ენერგიის წარმოებაზე, რომ ცივილიზაციის განადგურება შეუძლებელი ხდება. დგება III ტიპის ცივილიზაციის დრო, როცა სახეობას ენერგიის შესახებ სრულყოფილი ცოდნა გააჩნია და მთელ გალაქტიკაში იწყებს მოგზაურობას. II-დან III ტიპზე გადასასვლელად საჭიროა 100,000-დან მილიონობით წლამდე. ადამიანების შემთხვევაში ასობით ათასი წლის ევოლუციამ – როგორც ბიოლოგიურმა, ისე მექანიკურმა – შეიძლება ისე შეცვალოს ინდივიდები, რომ სრულად განსხვავდებოდნენ ჩვენთვის ცნობილი სახეობისგან. საოცრად განვითარებულ საზოგადოებაში შეიძლება იყვნენ კიბორგები (ანუ კიბერნეტიკული ორგანიზმები, რომლებსაც როგორც ბიოლოგიური, ისე რობოტული ელემენტები აქვთ) და ჩვეულებრივი ადამიანების შთამომავლები, რაც გამოიწვევს მათ ქვესახეობებად დაყოფას. სრულად ბიოლოგიური ადამიანები დიდი ალბათობით უუნარო, დაბალი დონის ან განუვითარებელ ფენად იქნებიან აღქმული მათი კიბერნეტიკული თანამოძმეების მიერ.


ამ ეტაპზე გვექნება თვითგამრავლების უნარის მქონე რობოტების კოლონია. გალაქტიკაში გავრცელებასთან ერთად მათი პოპულაცია მილიონობით გაიზრდება და ერთიმეორის მიყოლებით აითვისებენ მზის სისტემის ანალოგებს. შეიძლება ააგონ დაისონის სფეროები და შექმნან უზარმაზარი ქსელები, რომლიდანაც ენერგია მშობლიურ პლანეტას მიეწოდება. თუმცა მთელ გალაქტიკაში ამ ხერხით გავრცელება გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს. მაგალითად სახეობა შეზღუდული იქნება ფიზიკის კანონებით, უფრო კონკრეტულად კი სინათლის სიჩქარით. თუკი ისინი არ გამოიგონებენ ალკუბიერეს ძრავას (მოწყობილობა, რომელიც მის წინ სივრცეს შეკუმშავს, ხოლო უკან გააფართოებს, რაც გამოიწვევს სინათლეზე სწრაფ მოძრაობას) ან ათვისებულ ენერგიას არ მიმართავენ ჭიის ხვრელით ტელეპორტაციისკენ, კოლონიზაციის პროცესი ნელი იქნება.

კარდაშევი მიიჩნევდა, რომ IV ტიპის ცივილიზაცია „ზედმეტად” განვითარებული იყო და III ეტაპზე წინ ვერ წავიდოდა. ის თვლიდა, რომ ასეთი შესაძლებლობები ნებისმიერი სახეობის პოტენციალს აღემატება. ბევრი დღესაც ასე თვლის, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც წინსვლას არ გამორიცხავენ (რამდენად სწორია, განვითარებას საზღვარი დავუწესოთ?). IV ტიპის ცივილიზაცია მთელი სამყაროს ენერგიის ათვისებას შეძლებს და შედეგად სივრცის გაფართოებას შეანელებენ ან ააჩქარებენ. უფრო მეტიც, ამ სახეობის უფრო განვითარებული ნაწილი შეიძლება ზემასიურ შავ ხვრელში ცხოვრობდეს. ამ ეტაპზე აღარ კმარა ენერგიის წარმოების ის მეთოდები, რომლებსაც მანამდე იყენებდნენ. IV ტიპის ცივილიზაციას დასჭირდება იმ წყაროებზე წვდომა, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი არაა და ამისთვის სამყაროს უცნაურ და უცნობ კანონებს გამოიყენებენ.

V ტიპი. დიახ, ცივილიზაციის განვითარების გზაზე შეიძლება ეს დროც დადგეს. ამ დონეზე ეს არსებები უკვე ღმერთებივით იქნებიან, ექნებათ საკმარისი ცოდნა, რომ სამყაროზე მათთვის სასურველი მანიპულაციები მოახდინონ.

იშვიათად ამატებენ VI და VII ტიპის ცივილიზაციებსაც. VI ეტაპზე მყოფი ცივილიზაცია იყენებს ენერგიას პარალელური სამყაროებიდან და წყაროები ფაქტიურად უსაზღვრო რაოდენობით აქვს. შეიძლება ჰქონდეთ შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ ფიზიკის კანონებზე. ისინი გაექცევიან სამყაროს განადგურების პროცესს და გადავლენ ალტერნატიულ სამყაროში, შესაბამისად მუდმივად იარსებებენ. თუმცა ამის გაკეთება შეიძლება უფრო ნაკლებად განვითარებულმა ცივილიზაციამაც მოახერხოს.

VII ტიპის ცივილიზაცია ახალ სამყაროებს შექმნის მისთვის სასურველი ბუნების კანონებით, გამოიყენებს მათ ენერგიის მისაღებად. თუმცა როგორც უცხოპლანეტელებზე, ისე ამ ტიპის ცივილიზაციებზეც მხოლოდ წარმოსახვითა და ფანტაზიებით შეგვიძლია ფიქრი, მათი ტექნოლოგია და შესაძლებლობები გაცილებით აღმატებული იქნება ჩვენს ამჟამინდელ ცნობიერებაზე.

ადამიანებს, რა თქმა უნდა, აქამდე ძალიან, ძალიან დიდი დრო აშორებთ, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ოდესმე მიაღწიონ. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა მშობლიური პლანეტის გაფრთხილება, ომების შეწყვეტა და მეცნიერული განვითარებისა და აღმოჩენების მხარდაჭერა.

io9.com

futurism.com

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button