gothic rock
ტრეკლისტი:
- იცეკვე ჩემთან (6:01)
- უძირო ცა (6:47)
- მეზობლებს სძინავთ (4:44)
- მითხარი სად ხარ (5:30)
- მიწის ქვეშ (3:40)
- მომეცი წვიმა (3:56)
- ვქრები (3:33)
შემადგენლობა:
- გია თოიძე – ვოკალი, გიტარა
- კოტე კალანდაძე – გიტარა
- ლევან სვანიძე – ბასი
- სანდრო კაპანაძე – საქსოფონი, კლავიშები
- დათო თოიძე – დასარტყამი ინსტრუმენტები
1996 წელს, ფესტივალ ”მარგარიტაზე” შედგა ჯგუფ ”ამორალის” დებიუტი. ჯგუფმა მალე ალბომის ჩაწერაც დაიწყო, რომელიც 1997-ში დაასრულა. ჩანაწერს ”უძირო გზა” დაერქვა; სამწუხაროდ მისი ოფიციალურად გამოცემა ვერ მოხერხდა, მაგრამ ის არ დაკარგულა.
სტილის მხრივ, ალბომი ერთგულად მიჰყვება გოთიკური როკის ტრადიციებს. გია თოიძის ვოკალი მანერით ვიქტორ ცოისას (Кино) წააგავს, თუმცა ტემბრი მაინც განსხვავდება. ასევე აღსანიშნავია ლევან სვანიძის მომენტებში ძალიან საინტერესო ბას-პარტიები და სტანდარტულ როკ-ინსტრუმენტებს დამატებული საქსოფონი, რომლის შესაძლებლობები, სამწუხაროდ, ბოლომდე არაა გამოყენებული.
ალბომს ჯგუფის, ალბათ, ყველაზე ცნობილი სიმღერა ”იცეკვე ჩემთან” ხსნის. წუთნახევრიანი შესავალი ენერგიულ სიმღერად გარდაიქმნება, სადაც რამდენიმე მბრუნავი, განმეორებადი მოტივი და შთამბეჭდავი მისამღერი კარგად ავითარებს პირქუშ, გოთიკურ ატმოსფეროს.
”უძირო ცა” ალბომში ყველაზე ხანგრძლივია; სიმღერის მთავარი თემა ძალიან ნელა ვითარდება, ნელი რიტმი და ჟღერადობა კი მსმენელს აჰიპნოზებს. რაღაცით ”პრიზის” ”დუმილის დროს” მაგონებს.
”მეზობლებს სძინავთ”, ჩემი აზრით, ზედმეტად განმეორებადი და მონოტონურია. მთელი სიმღერა განმეორებად მაჟორულ მისამღერსა და საქსოფონის მარტივ მელოდიაზეა აგებული, ასე რომ ეს სიმღერა ნაკლებად შთამბეჭდავია, თუმცა ბასის მელოდია (ესეც განმეორებადი) საინტერესოა.
”მითხარი სად ხარ” დიდად არ გამოირჩევა, ალბომსთვის ტიპიური განმეორებადობით და სხვა სიმღერებთან შედარებით ოდნავ მეტი სიმძიმით.
“მიწის ქვეშ” აგებულია დასამახსოვრებელ, აგრესიულ მოტივზე. სიმღერის შუაში მოულოდნელი სეგმენტი ბასს გიტარას თავს გამოჩენის საშუალებას აძლევს.
”მომეცი წვიმა” ემოციურად ალბომის ყველაზე პოზიტიური მომენტია. კარგია, თუმცა ასეთი ტიპის სიმღერებს მეტი ატმოსფერულობა უფრო უხდება ხოლმე.
”ვქრები” ძალიან ენერგიულია. დასატყამების სწრაფ რიტმს ბასი თავისუფლად, მრავალფეროვნად უბამს მხარს. სიმღერის უცერემონიო კულმინაციაც ამ ალბომის კარგი დასასრულია, რადგან ის ზუსტად გამოხატავს ორ ემოციას, რომელიც ალბომის მუსიკაში დომინირებს: აპათიურ პასიურობასა და უმისამართო, აბსტრაქტულ აგრესიას.
საბოლოო ჯამში, საქმე გვაქვს ალბომთან, რომელიც სტილის სტანდარტებს სავსებით აკმაყოფილებს. ალბომი ოდნავ მონოტონურია, მაგრამ ამას ”ამორალს” მინუსად ვერ ჩავუთვლით, ვინაიდან ეს თვითონ სტილის სტანდარტია. არის გარკვეული გავლენებიც, იგივე ზემოთნახსენები Кино-სგან, მაგრამ ჯგუფი მაინც ახერხებს თავისი სათქმელის თქმას. გამოსარჩევია მომენტებში დიდი ფანტაზიით დაკრული ბასი, განმეორებადი catchy სასიმღერო მოტივები და ”იცეკვე ჩემთან”, რომელიც ალბომის ყველა კარგ მხარეს აერთიანებს. ალბომი რეკომენდებულია სტილის მოყვარულებისთვის; დანარჩენებსაც, ჰორიზონტის გაფართოებისთვის არ გაწყენთ 2000-იანების დასაწყისში „ამორალი“ „წერილი“ გახდა, გამოსცა კიდევ ორი ალბომი და დღესაც განაგრძობს ეპიზოდურ მოღვაწეობას.
შეფასება: 7/10.
გადმოსაწერი ბმული: ამორალი – უძირო გზა (1997)