იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ სოფელში ერთი ალალ-მართალი და გამრჯე კაცი ცხოვრობდა. ერთი ძროხა ჰყავდა და საბალახოდ უშვებდა. ძროხას იმ არე-მარეში ყველა ნადირი იცნობდა და პატრონის შიშით ახლოს არცერთი არ ეკარებოდა. კაცი არხეინად იჯდა შინ, თლიდა კომბლებს და ჭერში აწყობდა. ამიტომ ხალხიც სახელად კომბლეს ეძახოდა.
ერთ წელიწადს ძროხა ბერწად დარჩა. კომბლემ იფიქრა, ამ ბერწ ძროხას რა უნდა გამოვრჩე, მოდი, გავყიდი და სამაგიეროდ ცხვრებს ვიყიდი, სხვა თუ არაფერი, გაზაფხულზე მატყლს მაინც გავპარსავო.
წაიყვანა ძროხა ბაზრობაზე და აატარ-ჩაატარა. ბერწი ძროხა, რა თქმა უნდა, მსუქანიც იქნებოდა და ყასბებს დანახვისთანავე თვალები ზედ დარჩათ, მაგრამ ფასის მიცემა დაენანათ და ერთმანეთში მოილაპარაკეს, მოდი ამ ტეტიას შარი მოვდოთ და თხის ფასად გავაყიდინოთო.
მივიდა ერთი ყასაბი კომბლესთან და ჰკითხა:
– ძმობილო, რა ღირს შენი თხაო?
კომბლე გაბრაზდა:
– შე ოხერო, თხას სადა ხედავ, ძროხააო.
ყასაბმა უთხრა, თხა არისო. ძალს კომბლე, ძალს ყასაბი. ბოლოს ყასაბმა უთხრა, რაკი ჩემი არა გჯერა, აი ხალხს დავუძახოთ და ვკითხოთო. დაუძახა ყასაბმა თავის მეგობარ ყასბებს და ჰკითხა:
– ხალხნო, სამართალი გვიყავით, გაგვაგებინეთ, ეს თხა არის, თუ ძროხაო?
– რა თქმა უნდა, თხა არის, ჩვენ აქ ძროხას ვერსად ვხედავთო, – მიუგეს ყასბებმა.
მიუბრუნდა ყასაბი კომბლეს და უთხრა:
– აი, ძმობილო, ხომ გესმის, ეს პატიოსანი ხალხი რას ამბობს, მე თუ არა, ამათ მაინც დაუჯერეო.
გადაირია კომბლე, მაგრამ იმდენ ხალხთან რას გახდებოდა. ადგა და მიჰყიდა ძროხა თხის ფასად. გამოართვა ყასაბს ფული და უთხრა:
– რაკი ეს ჩემი ძროხა თხა ყოფილა, მაშინ სამართალი ქენით და, ანდაზისა არ იყოს, თხის პატრონს თხის კუდი მაინც მარგუნეთო.
– ჯანდაბას, წაიღოს კუდიო, – თქვა ყასაბმა, დაკლა ძროხა, მოსჭრა კუდი ძირში და გადაუგდო, – მშვიდობაში მოგახმაროსო.
წამოვიდა შინ კომბლე დაღონებული, დაჯდა კერასთან და დაუწყო კომბლებს თლა. თან გულში ყასბის ჯავრი ჰქონდა და სულ იმის ფიქრში იყო, სამაგიერო როგორ გადაეხადა.
ერთ დღეს კომბლემ გაიგო, ყასაბი ძლიერ ავად გამხდარაო, მაშინვე ჩაიცვა ექიმის ტანისამოსი, გაიკეთა წვერი, რომ არ ეცნოთ, ამოიფარა ჩოხის ქვეშ თავისი ძროხის კუდი და ერთი კარგი შვინდის კომბალი და წავიდა. მივიდა ყასბის სახლში და მის მოსამსახურეებს უთხრა:
– თქვენს ბატონს მე მოვარჩენ, ოღონდ ჩემი წამალი ძალიან ძლიერია, რომ დავალევინებ, ოფლს მოადენს და ყვირილს დააწყებინებს, – მიშველეთ, მომკლესო! – მაგრამ თქვენ არ შემოხვიდეთ და კარები არ გააღოთ, თორემ ოფლზე ნიავი დაჰკრავს და უარესად გახდება, ან შეიძლება ვეღარც კი გადარჩესო. შეუშვეს მოსამსახურეებმა კომბლე ყასაბთან და კარები გარედან გადაკეტეს. მივიდა კომბლე ყასაბთან, მაჯა გაუსინჯა და უთხრა, აბა, გაიხადეო.
ყასაბმა, რა თქმა უნდა, კომბლე ვერ იცნო, მართლა ექიმი ეგონა და მაშინვე გატიტვლდა. კომბლემ გამოიღო უბიდან ძროხის კუდი, დაანახვა ყასაბს და ჰკითხა:
– ეს რისი კუდიაო?
– რა თქმა უნდა, ძროხისაო, – მიუგო ყასაბმა.
– ახლა გახდა ძროხისა, შე სულძაღლიშვილო, აბა მაშინ რად წამართვი თხის ფასადო? – უთხრა კომბლემ, გამოიღო შვინდის გატუსული კომბალიც და მისცხო და მისცხო გვერდებში.
ყასაბმა ღრიალი გაბა: – მიშველეთ, მომკლესო! – მაგრამ ვინ მიეშველებოდა? ბოლოს რომ ვეღარ გაუძლო კომბლეს კომბალს, შეეხვეწა, ოღონდ ნუ მომკლავ და იმ ძროხის ფულს ორმაგად გადაგიხდიო.
ამოიღო ოქროს ფულებით სავსე ქისა და მისცა. კომბლემ მხოლოდ თავისი ძროხის საფასური აიღო, დანარჩენი უკანვე მიუგდო და წამოვიდა. იყიდა ოთხი ცხვარი და მირეკა შინ.
მეორე დილით გაუშვა ცხვრები საძოვარზე და თანა დაარიგა:
– თუ მგელი, ან სხვა რომელიმე მტაცებელი შეგხვდათ, უთხარით, კომბლესები ვართ-თქო და ჩემი შიშით ახლოს ვერც ერთი ვერ გაგეკარებათო.
ცხვრები გამოუცდელები იყვნენ, შეჰყვნენ საძოვარს და სრულიად უცხო ადგილზე გავიდნენ. იქ კომბლეს არავინ იცნობდა. შემოხვდათ მელია და ჰკითხა:
– ცხვრებო, ვისი ხართო?
– კომბლესიო, – მიუგეს ცხვრებმა.
– კომბლე რა კაციაო?
– კომბლე ის კაცია, კომბლებსა თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხობსო.
– ოო, ეგ თქვენი კომბლე რაღაც ძალიან საშიში კაცი ჩანსო, – თქვა მელიამ და უკანმოუხედავად მოკურცხლა.
იარეს ცხვრებმა, იარეს და ახლა მგელი შემოხვდათ.
– ცხვრებო, ვისი ხართო? – ჰკითხა მგელმა.
– ვისი და კომბლესიო.
– ეგ კომბლე რა კაციაო?
– კომბლე ის კაცია, კომბლებსა თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხობსო.
შეშინდა მგელიც, – რაღაც ძალიან საშიში ჩანსო, – თქვა და იმანაც უკან მოუხედავად მოკურცხლა.
იარეს კიდევ ცხვრებმა, იარეს და ახლა დათვის შემოხვდათ.
– ცხვრებო, ვისი ხართო?
– ვისი და კომბლესიო.
– კომბლე რა კაციაო?
– კომბლე ის კაცია, კომბლებსა თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხობსო.
– მე თქვენი კომბლე არ ვიცი, მშიერი ვარო, – უთხრა დათვმა და ოთხივე ცხვარი ცოცხლად გადაყლაპა.
საღამო ხანზე უცადა კომბლემ თავის ცხვრებს, უცადა და რომ აღარ დაბრუნდნენ, ჩამოიღო ერთი ყველაზე დიდი კომბალი, გაიდო მხარზე და წავიდა საძებნელად.
იარა კომბლემ, იარა და შემოხვდა მელია.
– მელიავ, ჩემი ცხვრების ხომ არსად გინახავსო? – ჰკითხა კომბლემ.
– არა, რჯულის მადლმაო, – მიუგო მელიამ.
– აბა კბილები დაკრიჭე და ენა გამოყავიო.
დაკრიჭა მელიამ კბილები და ენა გამოყო, მაგრამ არც კბილებსა და არც ენაზე სისხლის ნატამალი არ უჩანდა.
დაანება კომბლემ მელიას თავი და წავიდა. იარა, იარა და ახლა მგელი შემოხვდა.
– ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავსო? – ჰკითხა კომბლემ.
– არა, რჯულის მადლმაო, – მიუგო მგელმა.
– აბა კბილები დაკრიჭე და ენა გამოყავიო.
დაკრიჭა მგელმა კბილები და ენაც გამოყო. მაგრამ ენაზე სისხლი არ ეცხო და კბილებში ჩიჩია არ უჩანდა.
კომბლემ მგელსაც თავი დაანება და წავიდა. იარა, იარა და ბოლოს დათვი შემოხვდა.
– ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავსო? – ჰკითხა კომბლემ.
– არა, რჯულის მადლმაო, – მიუგო დათვმა.
– აბა კბილები დაკრიჭე და ენა გამოყავიო.
დაკრიჭა დათვმა კბილები და ენაც გამოყო. ენა სისხლიანი ჰქონდა და კბილებში ჩიჩია უჩანდა.
– აი, შე ღორმუცელა, ქოფაკოო! – დასჭყივლა კომბლემ და მისცხო და მისცხო გვერდებში კომბალი, წამოაყრევინა თავისი ცხვრები და იმდენი სცემა, სანამ სულ არ მიამკვდარა. ნეკნებჩალეწილი დათვი ადგილზე დატოვა, გამოირეკა ცხვრები და შინისაკენ გამოსწია.
ეს ამბავი მთელმა სამხეცეთმა გაიგო და კომბლებს ცხვრებს შიშით ყველა განზე უვლიდა. ცხვრები თავისუფლად დაბალახობდნენ და მრავლდებოდნენ. ბოლოს ისე გამრავლდნენ, რომ მთა-ბარი სულ თეთრად გადაპენტეს.
ერთხელ იმ მხარეში ქრისტე-ღმერთმა ჩამოიარა, ნახა ეს ამდენი ცხვარი და თქვა, – მოდი, ერთი, ამ ცხვრის პატრონს ვეწვევი და ვნახავ, რა კაცია, აბა თუ ამ სიმდიდრის შესაფერი გულუხვობაცა აქვსო. გადაიქცა მათხოვარა ბერიკაცად, მიადგა კომბლეს და სთხოვა:
– უსახლკარო კაცი ვარ და ერთ ღამეს შემიფარეო.
კომბლე ხელგაშლით შეეგება, მობრძანდით, სტუმარი ღვთისააო – დაუკლა ცხვარი, კარგა გაუმასპინძლდა და ბუმბულის ლოგინში დააძინა.
მეორე დილას ადგა ქრისტე-ღმერთი და უთხრა:
– რაკი ასეთი კეთილი კაცი ყოფილხარ და ცხვრები და კომბლებიც ასე ძლიერ გყვარებია, მე შენ ერთ ისეთ კომბალს გაჩუქებ, რომ რასაც ეტყვი, ყველაფერს აგისრულებსო, ცხვრების ნახვა თუ მოგინდება, ეტყვი:
კომბალ-კომბალ, შენსა მზესა,
შენი გამომცემლის მზესა,
წადი, ცხვრები მომირეკე,
ბატკანიც არ დააკლდესა.
წავა და იმ წამს უკლებლივ მოგირეკავსო. ხოლო თუ ვინმე გაგაჯავრებს, მაშინ უთხარი:
კომბალ-კომბალ, შენსა მზესა,
შენი გამომცემლის მზესა,
წადი, ჯავრი ამომყარე,
ნუ შეარჩენ თმას და წვერსა.
და ისეთ დღეს დააყრის, რომ თავ-ბედს იწყევლიდესო.
გამოიღო იღლიიდან კომბალი და მისცა. ამ დღიდან კომბლე ცხვრების დასახედად ერთხელაც აღარ წასულა, როცა თავისი ფარების ნახვა და დათვალიერება მოუნდებოდა, აიღებდა კომბალს და ეტყოდა:
– კომბალ-კომბალ, შენსა მზესა,
შენი გამომცემლის მზესა,
წადი, ცხვრები მომირეკე,
ბატკანიც არ დააკლდესა.
წავიდოდა კომბალი, დაუვლიდა სათავეს და ყველა ფარას უკლებლივ მიურეკავდა, კომბლე გადახედავდა, დაითვლიდა ნამატს და ისევ საძოვარზე გაუშვებდა.
ცხვარი კი მრავლდებოდა და მრავლდებოდა.
იმ ქვეყნის ხელმწიფე მეტისმეტად გულხარბი და შეუბრალებელი იყო. ვისაც კი ცოტა ქონებას დააგულებდა, შეუსევდა თავის ნაზირ-ვეზირებს და წაართმევდა. ხალხი შიშით საქმეს ვეღარ აკეთებდა და არც ქონება-ცხოვრებას იძენდა.
გაიგო ხელმწიფემ, ჩემს სამფლობელოში ერთ კაცს უთვალავი ცხვარი ჰყოლიაო და მაშინვე ნაზირ-ვეზირები გაგზავნა, სულერთიანად წაართვით და მომირეკეთო.
წავიდნენ ნაზირ-ვეზირები, გამოირეკეს მთელი ცხვარი და მოურეკეს ხელმწიფეს. გაიგო კომბლემ, ჩემი ცხვარი ჩვენს ხელმწიფეს გაურეკინებიაო, აიღო ქრისტე-ღმერთის ნაჩუქარი კომბალი და წავიდა. მივიდა ხელმწიფესთან, დაუკრა თავი, როგორც ხელმწიფეს ეკადრებოდა, და სთხოვა, ჩემი ცხვრები დამიბრუნეო.
განრისხდა ხელმწიფე, შენც ჩემი ხარ და შენი ცხვრებიც, როგორ მიბედავ ასეთ თხოვნასო, და ვეზირებს უბრძანა:
– ახლავე გაატიტვლეთ, ასი არგანი ჰკარით და დილეგში ჩააგდეთო! – ვინ ვისა ჰკრავს ას არგანს, ახლავე დაგანახვებო, – თქვა გულში კომბლემ და თავის გრძნეულ კომბალს უთხრა:
– კომბალ-კომბალ, შენსა მზესა,
შენი გამომცემლის მზესა,
წადი, ჯავრი ამომყარე,
ნუ შეარჩენ თმას და წვერსა.
დატრიალდა კომბალი და ერთი წუთის განმავლობაში ბოროტი ხელმწიფე და მისი ნაზირ-ვეზირები მკვდრები დაყარა.
ხალხმა გაიგო ხარბი ხელმწიფის სიკვდილი და სიხარულით ცას ეწია, მთელი ქალაქი სასახლის ეზოში შეიკრიბა, ხელმწიფისა და მისი ვეზირების გვამები გადაყარეს და ხელმწიფედ კომბლე დააყენეს.
კომბლე დღესაც ტახტზე ზის, ისევ თლის კომბლებს და ჭერში აწყობს, მტყუანს, ხარბსა და გულბოროტს დღესაც თავში უჩაჩქუნებს, ხოლო ალალ-მართალსა და გულკეთილს ყველანაირად სწყალობს.
ჭირი – იქა, ლხინი – აქა,
ქატო – იქა, ფქვილი – აქა.