ქართული გვარები

ესიტაშვილთა გვარი

ესიტაშვილი – ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია “ესიტა” – ფუძე და “შვილი” – სუფიქსაცია. ესიტაშვილთა გვარ-სახელის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი – “ესიტა”.

ესა, ესია, ესიკა, ესიტა – მამაკაცის საკუთარი სახელებია. ქართველურ ანთროპონიმიკაში მათგან ნაწარმოები დერივატული გვარსახელებია: ესაძე, ესიავა, ესიაშვილი, ესიკაშვილი და ესიტაშვილი. საუბარია მხოლოდ გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა შორის სისხლით ნათესაობაზე. ესტაშვილთა გვარსახელის ეტიმოლოგია ასეთია.

რაც შეეხება ესიტაშვილთა გვარმოდენილობას ანუ ერთსისხლობას, პირველი ესიტადან ახლანდელ ესიტაშვილებამდე ისინი კახელები არიან, მათი განსახლების და თავმოყრის არეალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ესიტაშვილთა გვარმოდენილობის ბუდე-პირველსაცხოვრისი შიდა კახეთში უნდა ვივარაუდოთ.

სოციალური წარმომავლობით ესიტაშვილები აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდნენ. იოანე ბატონიშვილი აზნაურ ესიტაშვილთა შესახებ შემდეგ ცნობას გვაწვდის: “ესეცა ასასაშვილთაგან არიან, ძველად ასიტ ბერძენთა მეფეთა მხედართაგანი იყო”, ხოლო აზნაურ ასასაშვილთა შესახებ წერს, რომ ისინი 1403 წლიდან საქართველოში დარჩენილი ბერძენი მეფის მონომახის ერთ-ერთი მხედრის შთამომავლები არიან. რამდენად სანდოა და რა წყაროებს ეფუძნება იოანე ბატონიშვილის ეს ცნობა, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვით.

ჩვენს ხელთ არსებულ ქართულ საისტორიო საბუთებში ესიტაშვილთა გვარი XVII საუკუნიდან გვხვდება.

კახელი, ხოდაშნელი ესიტაშვილი დათო ნახსენებია 1689 წლის სვეტიცხოვლის საკომლოთა ნუსხაში.

XVII საუკუნის მიწურულის ერთი დაუთარიღებელი საბუთის მიხედვით, აზნაურ ფარსადან ესიტაშვილთან მისულა ქართლის სოფელ კარალეთიდან გამოქცეული ციციშვილის ყმა გლეხი შავშიშვილი. ახალ ბატონს ძველი ბატონისთვის “ფეშქაში” მიურთმევია და ციციშვილსაც “ყმის დანებების” წიგნი მიუცია ესიტაშვილისთვის.

1712 წლის გარეჯის მონასტრის ერთ-ერთ სიგელში, რომელიც გელდაშვილთა და სამებელი ეპისკოპოსის სამამულო დავას ეხება, სოფელ უტოში მოწმედ დასახელებულია ესიტაშვილი დათუნა.

XVIII საუკუნის I ნახევრის სხვა საბუთის მიხედვით, ამავე დათუნა ესიტაშვილისთვის ვინმე ჯავახ დურმიშხანს მოახლე მოუტაცებია და თათრისთვის მიუყიდია. ესიტაშვილებს მოუხერხებიათ და ის ტყვის მსყიდველი თათარი შეუპყრიათ. მერე ისევ ის ნაძირალა დურმიშხან ჯავახი მისულა და თათრის თავდებით გაშვება უთხოვია, პირობის ხელწერილიც დაუდვია: “ჯინჯილი ჩემის ხელით ამიღია იმ თათრისთვინ და გამიშვია. ის შენი მუახლე თავს მე დამიდვია. თუ ემ სამშაბათს არ მოგგვარო, პასუხის მამცემი მე ვიყო. ამაში აშა აღარ იქნების. ამისი მოწამე გარაყანიძე დათუნა, ბერიშვილი ირემა, მორბედაძე სუხიტა. დაიწერა შაბათს, ნათლისმცემლობასა”.

1746 წელს ესიტაშვილთა ნებიერმა ყმამ შავშიშვილმა, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ ციციშვილს გამოქცეოდა ქართლიდან, ახლა ისევ ქართლში, თავის მშობლიურ სოფელ კარალეთში ინდომა დაბრუნება. ამჯერად შავშიშვილი თავად ქსნის ერისთავის ყმობაში შევიდა. წესით, შავშიშვილებს ესიტაშვილებისთვის მათ მიწაზე ცხოვრების დროს ნაშოვნი მონაგების ნახევარი უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ ესიტაშვილებმა არაფერი გამოართვეს და არც წასვლა დაუშალეს. ამის გამო შავშიშვილის ახალი ბატონი, ქსნის ერისთავი პირობის წიგნს აძლევს ძველ ბატონს ესიტაშვილს: “კარალელი ჩვენი ყმა შავშიშვილი მამადყული-ხანის დროს ცარიელი კაცი ყმად მოგსლოდა, მერე ისევ თავის მამულზედ წამოსვლა მოინდომეს, რაც შენს მამულში მოექონებინათ, უნდა გამოგერთოთ, მაგრამ არა გამოგერთმევინა რა და არც წამოსლა დაგეშალათ, და ეს ჩვენი კაცნი კაის სარჩოით მოგვართვი. ჩვენც ეს წიგნი მოგვიცია, თუ როდესმე ამათ ვისმე კახეთს ისევ წამოსვლა მოუხდესთ, თქვენს მეტს საქმე არავისა ჰქონდეს და აღარც ჩვენ გედავნეთ”.

აზნაურ ესიტაშვილს თავად მაჩაბელთან სასისხლო საქმე შემთხვევია. 1780 წლის 2 აპრილს ფარსადან ესიტაშვილი მეფე ერეკლეს არზით მიმართავს: “ჩემო ხელმწიფე, მაჩაბლისაგან რომ ასე უსამართლოდ მკუდარი ვარ, როდესაც სამართალში გავიარეთ, დაინახა, რომ სამართლით უდაბნოს საუპატიოც ედებოდა, ბატონიშვილისაცა და ჩემიც მთელი სისხლი.

სხვანიც ბევრი შემომიყენეს და გივი ხომ, რა საკურველია. უთქვენოდ ჩემი ნება როგორ იქნებოდა, მაგრამ გივს რომ ბევრი უარი უთხარ და აღარ მომეშვა, შემარიგეს და ღვთის ფიცით და თქვენის მესისხლობის საფიცარი დამიწერეს ვადით და მომცეს, რადგან აღარ გვიჩივლეო, ორი კომლი კაცი უნდა მოეცათ და ზოგიც თეთრი. ამდენი ხანია ვეხვეწები და იმათი პასუხი ეს არის: კიდევაცა გცემთ ხმალსაო.

ამ წყალობას ვითხოვ: ერთი ოქმი და იასაული გვიბოძოთ, ან სამართალში გვალაპარაკონ და ან რაც ფიცით წიგნი მოუციათ და დამპირებიან, ეს აღმისრულონ, მეორედ შფოთი რომ არა მოგვიხდეს რა. თქვენი სადღეგრძელო იქნება, თუ არა ჩემი თავი თქვენის ჭირის სანაცვლო იყოს”.

ამ არზას მეფე ერეკლეს ხელით თავში აწერია: “ქ. ეშიკაღაბაშო დემეტრე, ამ არზით ესიტაშვილი მაჩაბელს რომ ასე უჩივის, ან რასაც დაჰპირებოდნენ და თავიანთ ხელწერილით ფიცი მიეცესთ, ის გამოურთვით, და ან მოსამართლეებთან ალაპარაკეთ. რომელიც უნდოდეთ ამ ორში, ისე გარიგდნენ”.

ამავე ფარსადან ესიტაშვილს 1792 წელს პირობის წიგნს აძლევს მის მამულზე ხიზნად მისული მამა-შვილი, იოანე და დავით ყინულაშვილები: “იორზე თქვენს მამულზედ მოვედით და დავდექით. რა ერთი მიწა შევიძლოთ, ვენახათ შევღობოთ, ავაშენოთ და ერთგულად ვიმუშაოთ და არც ჩვენი გარჯა დავაკლოთ. წისქვილი მზათ აშენებული და გაკეთებული მოგვეცა, ის წისქვილი, როგორათაც სხვაგან მეწისქვილეობის განწესება არის, ჩვენც ისე უნდა გვეჭიროს. თუ შენს მამულზედ ჩვენ გარჯა დავაკლოთ და ვერა გავაკეთოთ რა, რაც ჩვენთვინ შენ გიბოძებია, ყველა ისე უკვდავად მოგართვათ, და არც ჩვენ შენთანაღა სიტყვა გვქონდეს და არც შენს მამულზედა. ღვთით თუ კარგად ვაშენეთ და ვაკეთეთ, რა ხანსაც შენი ნება იყოს, ეს მამული ჩვენ არ გამოგვერთვას: ჩვენცა ვჭამოთ და თქვენც კარგა გემსახურნეთ. თქვენს მოცემულს წიგნშიაც ამას აცხადებთ და ჩვენც ეს პირობა მოგვიცია”.

სხვა საბუთიდან ირკვევა, რომ აზნაურ ესიტაშვილებს მეფე გიორგი XII-ისგან კიდევ 7 კომლი ყმა ჰბოძებიათ. 1801 წლის 18 იანვრის არზაში ვკითხულობთ: “ქ. მათის უმაღლესობის სრულიად საქართველოს მეფის ძის მემკვიდრის დავითის წინაშე მოხსენება მათის მონის ფარსადან ესიტაშვილისაგან.

ხელმწიფე მამის თქვენისგან მონდომებული იყო საცხენისის შენება, საცა კახეთში ჩემი კაცნი დგანან, ოქმი მიბოძა და იასაულად იოსებ ზაალისშვილი უნდა აეყარა და საცხენისს დაეყენებინა. შვიდი კომლი კაცი სხვაც მიბრძანა, რომ ოქმები მაქვს, მაგრამ მაშინ ის ჟამი იყო, რომ ვეღარ ავყარე.

ახლა ამ წყალობას ვითხოვ, მანამ თქვენი მოწყალებაც დამემართოდეს და ავყრიდე, ოქმი მებოძოს, ვის როგორ შეეძლოს, ჯერ ხანათ იქიდამვე მემსახურნენ”.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ესიტაშვილთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ – მეფისა ალმის მპყრობელთა სადროშოში. ამჟამად ესიტაშვილები ცხოვრობენ შიდა კახეთში, თელავის სოფლებში (დაახ. 100 კომლი), მცირე რაოდენობით – გარე კახეთსა და რუსთავშიც არიან. თბილისში ესიტაშვილთა დაახლოებით 30 კომლი ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა დროს კახეთიდან არიან ჩამოსახლებულნი. ესიტაშვილები საშუალოზე მეტი რიცხოვნების გვარია. საქართველოში ესიტაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 550 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ესიტაშვილთა!

Source
http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/qarthuli-gvarebi/2694-visi-gorisa-khar.html

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button