
გურამ ხარშილაძე შორეულ ნაპირზე გადაფრენა
თვალებს მოულოდნელად ახელს და გაოცებული შესცქერის სიბნელეს, რომლის მიღმაც გამურული ჭერი უნდა იმალებოდეს. ვერც კი ხვდება თვალები გახელილი რომ აქვს და ისევ იძინებს.
გამთენიისას ისევ ეღვიძება და ამჯერად საკუთარი ოთახის გაცრეცილ სიბნელეში ძლივსღა ხედავს გამურულ ჭერზე გამოსახულ უცნაურ, უფორმო ფიგურებს. მალე ბეზრდება, სწრაფი მოძრაობით წყდება საწოლს, ტანსაცმელს იცვამს და სანაპიროს მიუყვება.
არაფერია ახალი არც მის ქოხში და არც ამ სანაპიროზე. არც ის ახსოვს, როდის დაიჭირა ბოლოს თევზი, მაგრამ მაინც მიდის, ნელა მიცურავს, თითქოს რაღაც იდუმალი ძალა ოკეანისკენ ექაჩება. მზის ამოსვლისას ცარიელ ნავში ჯდება და მზის ჩასვლისას ცარიელი ნავიდან გადმოდის. ასეთი იყო მისი ერთი დღე _ წამიერი სიბნელე და მზის უწყვეტი მარში მის თავზე, მისი ჩასვლა და ამოსვლა, ნოემბრის სუსხიანი ქარი და ერთადერთი ნავი გაშლილ ზღვაზე, დაღლილი ძილი, ამაო ხეტიალი, თევზის დაცინვა და მძიმე ნაბიჯები სახლისკენ, სადაც არავინ ელის გარდა სიბნელისა.
უჩვეულოდ ცივი იყო ნოემბერი იმ წელს. იმასაც ამბობდნენ დეკემბერიც ცივი იქნებაო და ზღვაც შეიძლება გაიყინოსო, მაგრამ ჩვენს გმირს ამის არ სჯეროდა. ზღვის გაყინვა წარმოუდგენელად ეჩვენებოდა, იმის მიუხედავად, რომ ხშირად ენახა იგი.
როცა საკუთარი სახლის სიბნელეში შეაბიჯა, სწორედ ის დრო გაახსენდა, ბავშვობის დრო, როცა პირველად ნახა გაყინული ზღვა და სასოწარკვეთილი მიეგდო იქ, სადაც საკუთარი საწოლი ეგულებოდა. საწოლი ადგილზე დახვდა.
დიდხანს იწვა ასე გარინდებული და სიბნელეს მიშტერებოდა, თან სიამოვნებდა, რომ ხანდახან ვერც ამჩნევდა ღია ჰქონდა თუ არა თვალი. სანთლის ანთება გადაიფიქრა. ასეთი სიბნელის დარღვევა არ შეიძლებოდა, თან არც კი ახსოვდა ჰქონდა თუ არა კიდევ სანთელი.
ვახშმად შიმშილი მიირთვა. მართალია მწარე კერძი იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს მეზღვაური მას ისეთი სანელებლებით აზავებდა, რომ რაღაცის გემო მაინც ჰქონდა. როცა შიმშილს მიირთმევდა სიბნელეს უყურებდა, როცა ვახშამს მორჩა ისევ სიბნელეს მიაშტერდა და ისე ჩაიძირა მასში, რომ თითქოს ჩაეძინა კიდევაც და სიზმარში ნახა მაისის სიცხე და შორეული აღმოსავლეთის იასამნისფერი სანაპირო, ბობოქარი ზღვა და ტალღების ცემის შემზარავი გრიალი. ამ ხმამ გამოაღვიძა.
ისევ ბნელოდა მის ოთახში და მოეჩვენა, რომ ამ სიბნელის მიღმა იმალებოდა ის შორეული აღმოსავლეთის იასამნისფერი ნაპირი, ტალღები რომ ასკდებოდნენ და დაინახა კიდევაც, ქარი იყო და წელში ულამაზოდ მოხრილი პალმები უმწეოდ აქნევდნენ ფოთლებს. სიჩუმე და მარტოობა იყო იქ, ტკივილიც იყო და კიდევ იასამნისფერი ნაპირი, სადაც ოდესღაც უნდა ეცხოვრა მზეს. ტალღებიც იყვნენ, მათი უზადო გრგვინვა და ხმაური, ზღვის ქაფი, იასამნისფერ ქვიშას რომ ებღაუჭებოდა, სანამ უკან წაათრეევდა მშობელი ოკეანე და კიდევ თოლიები. ო, ღმერთო ჩემო! თოლიები იყვნენ იქ, გრძელი ფრთებითა და ზღვისფერი თვალებით, ტალღების ქიმების სიმაღლეზე დაფრინავდნენ და სულები მიჰქონდათ, ტანჯული სულები და ოკეანეში ყრიდნენ. თვითონ გადიოდნენ ნაპირზე და იასამნისფერი ქვიშის სანაპიროზე სეირნობდნენ, თან ფრთებს ასვენებდნენ. თან დანანებით აქნევდნენ თავს, ალბათ იმიტომ რომ ვერაფრით ვერ გადმოსხეს სული სანაპიროზე. მერე ისევ მიფრინავდნენ დასავლეთისკენ, იქით სადაც მუდმივად იდგა მზე და შავი ღრუბლებიდან უთვალთვალებდა ძველ სამყოფელს.
ამას უყურებდა მეზღვაური, საკუთარი სახლის სიბნელეში. კი არ უყურებდა, ეჩვენებოდა, რომ ამ სიბნელის მიღმა იმალებოდა ის შორეული იასამნისფერი ნაპირი, სადაც იყო სიჩუმე და მარტოობა. ისიც ეჩვენებოდა რომ აღმოსავლეთის ქარიშხლიან მიწას თავს ეხურა მაღალი ცა, მერე ისიც მოეჩვენა რომ ცა საერთოდ არ არსებობდა და თვითონ იასამნისფერი ნაპირი იყო ცა.
მერე ტკივილი მოვიდა. უმთვარო ღამე იყო, ბნელი და საშიში. თითქოს კაკუნი მოესმა კარზე და იასამნისფერი მხარე შიშისმომგვრელ სიბნელედ იქცა.
„ შემოდი დემონო“ _ მიმართა სიბნელეს მეზღვაურმა და ისე რომ კარი არც გაღებულა დემონი სახელად ტკივილი შემოვიდა და დასავლეთიდან ჩამოტანილი დარდები აუშალა მეთევზეს.
დემონმა პირველად ზღვის სიღრმეში დამალული თევზი გაუცოცხლა თვალწინ, შემდეგ ანკესიც გამოჩნდა და მეზღვაურმა დაინახა როგორ ჭამდა სატყუარას დიდი თევზი, ისე რომ ანკესს არც ეხებოდა.
თვითონ ტკივილი ხმას არ იღებდა, მხოლოდ ჩუმად იღიმებოდა, მაგრამ მეზღვაური თავს ისე გრძნობდა თითქოს ანკესზე წამოგებული მომაკვდავი მატლი ყოფილიყოს და დიდ თევზს დაეძიძგნოს.
ამას რომ მორჩა ტკივილი უფრო შორს წავიდა და ბავშვობაში ნანახი გაყინული ზღვა აჩვენა. სული გაეყინა მეთევზეს, მაგრამ დემონი არ გაჩერდა და ამ გაყინული ზღვის სიღრმეებში, ნაპირისგან შორს წაიყვანა მეთევზე და ნავი ანახა, იასამნისფერი ნავი, შუა ზღვაში რომ ჩაყინულიყო. მეთევზემ საკუთარს მიამსგავსა ნანახი და გული უსიამოდ შეეკუმშა.
შორს წავიდა ტკივილი და გაყინული ტალღაც აჩვენა მეზღვაურს, დაცემამდე წამებით ადრე რომ გაშეშებულიყო. ტალღის ქიმზე დაყინული თოლიაც აჩვენა, გრძელი ფრთებითა და ზღვისფერი თვალებით. ცოცხალი იყო, ჯერ კიდევ ფრთხიალებდა, მაგრამ მთელი სხეულით ჩაყინულიყო ტალღაში და გაქცევას ვერ ახერხებდა. თავი ცისკენ აეშვირა მაინც, ეს ცა მეთევზის სახლის გამურულ ჭერს ჰგავდა, მაგრამ თოლიას მაინც სჯეროდა, რომ იმ გამურული ცის მიღმა იყო იასამნისფერი ნაპირი და მღელვარე ზღვა _ ამას მის ზღვისფერ თვალებში ხედავდა. და მაინც ტალღის ქიმზე დაყინული თოლია ნებდებოდა წებოვან ყინვას და მისი სხეულიც ცივდებოდა თანდათან. დიდხანს უცქერდნენ ტალღაზე დაყინულ თოლიას დემონი და მეთევზე, მერე, როცა თოლია მოკვდა, დემონი სახელად ტკივილი თვითონ იქცა თოლიად, მეთევზეს სული მოსტაცა და შორ გაყინულ ტალღის ქიმზე დაუგდო, თოლიის გვამის გვერდით.
წავიდა დემონი. მეთევზის სული უსუსურად მიეკრო გაყინულ ზღვას, მაგრამ არ დანებდა, გაიბრძოლა, ფრთები შეარხია. იგრძნო, თვითონ უნდა ქცეულიყო თოლიად რათა საკუთარი სული შორეულ იასამნისფერ ნაპირზე გადაეტანა და როცა გაყინული თოლიის ზღვისფერ თვალებში ჩაიხედა, მიხვდა, რომ თოლიის თვალები ცოცხლები იყვნენ კიდევ და ეს თვალები ანათებდნენ, ათბობდნენ და ახსივებდნენ, რადგან მათ ოდესღაც ენახათ აღმოსავლეთის შორეული, იასამნისფერი ნაპირი, მზის სამყოფელი.
გამთენიისას, როცა თავი დააღწია სატანჯველს, კიდევ ერთხელ ნახა იასამნისფერი ნაპირი, თოლიები, ტალღის ქიმებზე რომ გადაჰქონდათ საკუთარი ტანჯული სულები. ახლა ისიც მოეჩვენა, რომ განზრახ არ იმეტებდნენ ფრინველები ტანჯულ სულებს, უნებურად მოსდიოდათ ეს და ნაპირზე ჩამომსხდარნი უკვე იმას ნანობდნენ, რომ სადღაც შეცდომა დაუშვეს.
სიბნელე გაფერმკრთალდა, მზის სხივებით დაისერა და მთელი ღამის უძილარი მეთევზე ნავისკენ გაეშურა. სწრაფად შეცურა ყინულივით წყალში და მონდომებით მოისვა ნიჩბები. უკან დარჩა ნაპირი, გაყინული ზღვები და გამურული ჭერი. ჰორიზონტზე მოსჩანდა მზე, ნოემბრის ფერმკრთალი, გაციებული ვარსკვლავი, მაგრამ მეთევზეს მაინც ჯეროდა, რომ შეეძლო ახლა ამ წამს ჰორიზონტზე დაწეოდა მზეს, სანამ უკიდეგანო ცაზე აცურდებოდა, საკუთარ ნავში ჩაესვა და ისე წასულიყო აღმოსავლეთისკენ, მზის ძველ სამყოფელში, იასამნისფერ სანაპიროზე.
არ გამოუვიდა. მზემ გაასწრო, მაგრამ მთელი დღე მაინც იცურა აღმოსავლეთისკენ.
არც იმ დღეს და არც იმ დღის შემდეგ მეთევზეს არ უნახავს იასამნისფერი ნაპირი. მხოლოდ ღამით, უმთვარო ღამით ხედავს ტალღის ქიმებზე მოფარფატე თოლიებსა და ზღვაში ჩაყრილ ტანჯულ სულებს. გაყინულ ოკეანესაც ხედავს, მაშინ, როცა დემონი ესტუმრება, თოლიად იქცევა და ყინულზე უმოწყალოდ დააგდებს. ამ დროს არსად აღარ მიდის დემონი. მეთევზე და ის უმოწყალოდ იბრძვიან, შემდეგ მეთევზე იმარჯვებს და დემონიც დროებით მიდის, უცდის დროს, როცა დაუძლურდებოდა მეთევზე, როცა ვეღარ დაიჯერებს საკუთარი საოცნებო, იასამნისფერი ნაპირის არსებობას, რომ ნავთან ერთად გაყინოს უზარმაზარ ოკეანეში.
მეთევზე დღემდე მიცურავს აღმოსავლეთისკენ, გზად თევზებით იკვებება და მაინც ჯერა, რომ სადღაც შორს არსებობს საოცნებო, იასამნისფერი ნაპირი, რომელსაც უმოწყალოდ ასკდებიან ტალღები. ხანდახან ისიც ჰგონია, რომ ახლა სწორედ ამ ტალღების თავზე მიფრინავს და კლანჭებით საკუთარი სული უჭირავს. თუ ვეღარ დაიჯერებს იასამნისფერი ნაპირის არსებობას სული გაუვარდება და მასთან ერთად შუაგულ ზღვაში ჩაიყინება. მერე რა თუ დეკმებერი ახლოვდება, მერე რა თუ შეიძლება ზღვაც კი გაიყინოს, მეზღვაურს მაინც ჯერა, რომ ამ ავდარშიც შეძლებს შორეულ ნაპირზე გადაფრენას.
გურამ ხარშილაძე 2017 წელი, მარტი