სხვადასხვა

რეკლამის დიზაინის პრინციპები

როგორც ცნობილია,  ნებისმიერი რეკლამის დიზაინში გამოიყენება რამდენიმე საერთო პრინციპი. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა ტერმინები, მაგრამ აზრი უცვლელი რჩება.

სტილის ერთიანობა. შემოქმედებითად გადაწყვეტილი რეკლამის დიზაინის უმეტესობა სტილის ერთიანობით ხასიათდება. რეკლამის შემადგენელი ელემენტები (ტექსტი, გრაფიკა, სათაური, ლოგოტიპი და ასე შემდეგ) საჭიროა ქმნიდნენ ერთ მთლიანობას, ასახავდნენ ერთ თემას. თუ ეს მთლიანობა დარღვეულია, მაშინ დიზაინი შეიძლება გადაიქცეს სხვადასხვა, ერთმანეთისგან განცალკევებული ნაწილების გროვად. სტილის ერთიანობა შეიძლება ჩაითვალოს დიზაინის მთავარ პრინციპად და წარმატებული რეკლამის აუცილებელ პირობად.

ჰარმონია. სტილის ერთიანობასთან მჭიდრო კავშირშია ყველა ელემენტის თავსებადობა ერთმანეთთან. კომპოზიცია ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ელემენტები ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული. მაგ; სარეკლამო დიზაინში არ უნდა იყოს ძალზე ბევრი სხვადასხვა ზომისა და ტიპის შრიფტი, ილუსტრაციები და ა.შ.

წყობა. დიზაინი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ იკითხებოდეს მარცხნიდან მარჯვნივ ან ზემოდან ქვემოთ. გამოცდილებით დასტურდება, რომ ასეთი თანმიმდევრობა მკითხველის ყურადღებას იქცევს საჭირო მიმართულებით. აუცილებელია ელემენტები ისე განლაგდეს, რომ მზერა თავდაპირველად მოხვდეს იქ, სადაც ჩაფიქრებულია და შემდეგ იმოძრაოს წინასწარგანსაზღვრული

ტრაექტორიითყველაზე გავრცელებულ ტრაექტორიებად მიჩნეულია ელემენტების განლაგება ლათინური ასოების Z-ისა და S-ს ფორმით.

ემფაზა. საჭიროა დიზაინის რომელიმე ელემენტი ან ელემენტთა ჯგუფი გამოიყოს საერთო ფონისგან. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზეა საჭირო ყურადღების გამახვილება. ეს შეიძლება იყოს სურათი, ლოგოტიპი, ტექსტი ან სხვ. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ელემენტზე თანაბარი აქცენტია გაკეთებული, მაშინ დიზაინში იკარგება ემფაზის ეფექტი.

კონტრასტი. იმისთვის, რომ დიზაინი ვიზუალურად მოსაწყენი არ იყოს, მასში უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ზომა, ფორმა ან ტონი. მაგალითად: სიტყვის ან ფრაზის გამოყოფა “BOLD”_ით ან “ITALIC”-ით ან ასოებს შორის ინტერვალების გაზრდა იქცევს ყურადღებას და იძლევა კონტრასტის ეფექტს.

ბალანსი. ბალანსირება ეხება ზომას, ტონს, მოცულობას და ელემენტების განლაგებას ერთმანეთთან მიმართებაში. საჭიროა დიზაინის თითოეული ელემენტი გამოიყურებოდეს მშვიდად და ბუნებრივად. ბალანსირება შეიძლება გაკეთდეს, როგორც ხელოვნურად, ისე სპეციალური (პროგრამული) ინსტრუმენტების გამოყენებით.

ფერი. ფერი სარეკლამო დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური ელემენტია, რისი დახმარებითაც დიზაინერს აქვს შესაძლებლობა მიიპყროს ყურადღება და შექმნას განწყობილება.

საქონლის ფერის მიხედვით დიფერენცირების კლასიკური მაგალითია ტკივილგამაყუჩებელი წამალი `ნუპრინი”. ბაზარზე მასზე მოთხოვნილების ზრდა გამოიწვია ტაბლეტის ყვითელმა შეფერილობამ. იდეა, გამოეყენებინათ ფერი, დაიბადა იმ მომენტში, როცა ერთ-ერთმა დირექტორმა მაგიდაზე დაახვავა სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტი და შეამჩნია, რომ მხოლოდ ნუპრინია ყვითელი ფერის. ასე დაიბადა “ყვითელი ტაბლეტის” სარეკლამო კამპანიის იდეა.

თავისუფალი სივრცე. არ არის მიზანშეწონილი დიზაინის გადატვირთვა, თუმცა სივრცის გამოყოფა შუაგულ ნაწილშიც არ გახლავთ სასურველი. ამან შესაძლოა კომპოზიციის მთლიანობა დაარღვიოს. თავისუფალი სივრცის ეფექტი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს დიზაინის პერიფერიებში.

სოიერის რჩევები

დიზაინზე მსჯელობისას რასელი ასევე გვთავაზობს გამოვიყენოთ Starch Tested Copy-ს რედაქტორის უ. სოიერის რჩევები, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდა Starch advertis­ing-ში რეკლამების ეფექტურობას.

სოიერის პრინციპებიდან ჩვენ ამოვარჩიეთ ისეთები, რომლებიც ყველაზე ეფექტურად და ეთიკურად მივიჩნიეთ. სწორედ მათზეა ქვემოთ საუბარი:

1. გააკეთეთ მარტივი რეკლამა, თუნდაც ცოტა სულელურიც კი. ჟურნალის მკითხველები მას რეკლამების გამო არ ყიდულობენ. ამდენად, რეკლამამ რაც შეიძლება მალე უნდა მიიქციოს მკითხველის ყურადღება, სწრაფად გადასცეს საჭირო ინფორმაცია და მალევე გაუშვას მკითხველი.

2. თქვენ ყიდით არა პროდუქტს, არამედ იმ სარგებელს, რასაც თქვენი პროდუქტი ქმნის. ყველაზე ცუდი რეკლამა აცნობს კომპანიის გრძელ ისტორიას, მის ღირებულებებს, მიღწევებს და ა.შ. თითქოს ეს ვინმეს აღელვებდეს. კარგი რეკლამა კი პირდაპირ მიმართულია კონკრეტული პრობლემისკენ, რომელსაც ეხება კომპანიის პროდუქტი და რომელიც ეხება მომხმარებლის კეთილდღეობას.

3. გამოიყენეთ ცნობილი სახეები. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ადამიანები არ ენდობიან რეკლამებს, რომელშიც ცნობილი ადამიანები ფიგურირებენ.. მაგრამ Starch Advertis­ing-ის მონაცემების თანახმად ირკვევა, რომ ასეთი სარეკლამო განცხადებები იქცევენ საშუალო მაჩვენებელზე 13%-ით მეტ ყურადღებას. ცნობილ ადამიანებს შეიძლება არ ენდო, მაგრამ ისინი იქცევენ მკითხველის ყურადღებას. ნებისმიერი რეკლამის უპირველესი ამოცანაც ხომ ესაა.

4. გამოიყენეთ ფერთა შესაძლებლობები. სატელევიზიო რეკლამის უპირატესობა ისაა, რომ მოძრავია, დაბეჭდილი რეკლამა კი იძლევა ფერებით მანიპულირების შესაძლებლობას. სწორედ ეს აძლევს მას საშუალებას გაუწიოს კონკურენცია სატელევიზიო რეკლამას. ბეჭდვითი საშუალებებით შესაძლებელია შეიქმნას გასაოცარი, მიმზიდველი ფერთა გამა.

5. იცურეთ დინების მიმართულებით. კარგი დინების რეკლამა მკითხველს მიმართავს ისე, რომ იგი თანმიმდევრულად შეჩერდეს ყველა საჭირო კომპონენტზე: ილუსტრაცია, სათაური, რეკლამის ტექსტი და ლოგო. ცუდი დინების სარეკლამო განცხადებას შეუძლია მიიქციოს თავიდან დიდი ყურადღება, მაგრამ შემდეგ წაიყვანოს მკითხველი ფურცლის სხვა მხარეს. რეკლამის ზოგიერთი სპეციალისტი შეცდომას უშვებს, როცა განალაგებს მიმზიდველ ილუსტრაციას დიზაინის ქვემო ნაწილში, ხოლო ტექსტსა და სათაურს _ თავში. ამ შემთხვევაში, რეკლამის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიძლება ყველაზე ზიანის მომცემი გახდეს. მომხიბვლელმა ილუსტრაციამ შესაძლოა მომხმარებლის ყურადღება გაფანტოს და ტექსტი შეუმჩნეველი დარჩეს.

6. გააძლიერეთ კონტრასტი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შავი ფერის გამოყენება ფონად საშუალებას იძლევა გამოიკვეთოს, გააძლიეროს და წინა პლანზე გამოიტანოს დიზაინის ელემენტები. მაგალითად, რუსეთში `სტალიჩნაიას~ რეკლამამ მიიღო საშუალო შეფასება, როდესაც პროდუქტის ჰორიზონტალური სურათი გამოხატული იყო თეთრ ფონზე. ხოლო, როცა ამ კომპოზიციაში თეთრი ფერი შეცვალეს შავით, შეფასება გაიზარდა 50%-ით.

7. გამოიყენეთ ბავშვები და ცხოველები. რეკლამების წარმატების შანსი იზრდება, თუ მასში ბავშვებსა და ცხოველებს გამოვიყენებთ. ისინი ყველას უყვარს და შესაბამისად, დიზაინი დადებითი ემოციების მატარებელი ხდება.

8. თუკი რეკლამაში ბევრი ტექსტური ნაწილია, გააკეთეთ ის მაქსიმალურად მიმზიდევლად. დიზაინერი, რომელიც ცდილობს შეკუმშოს ტექსტი და განათავსოს რეკლამის ვიწრო კუთხეში თეთრი სივრცის გაფართოების მიზნით – ესაა ჯანსაღი აზრის გამოვლინება. ზოგიერთები ტექსტს ათავსებენ ჭრელ ფონზე, რითაც პრაქტიკულად შეუძლებელია მისი წაკითხვა. ამდენად, მხოლოდ ტექსტის შინაარსით ვერ მოვხიბლავთ მკითხველს. საჭიროა ტექსტი მაქსიმალურად მიმზიდველი იყოს.

თუმცა რეკლამის სპეციალისტებს და კომპანიის ხელმძღვანელებსაც უნდა ახსოვდეთ, რომ წარმატებული რეკლამები ამ წესების დაუცველადაც იქმნება. ამის შესახებ რასელი ამბობს: მარკ ტვენმა `ჰეკლებერი ფინის თავგადასავალში” დაარღვია თითქმის ყველა გრამატიკული წესი, მარამ მან ეს იცოდა მანამ, სანამ დაარღვევდა.”

წესები საჭიროა ვიცოდეთ ნებისმიერი საქმისთვის და რეკლამის დიზაინის შერჩევაც არაა ამ მხრივ გამონაკლისი, თუმცა ის არ უნდა გადაიქცეს შეზღუდვად კრეატიული მიგნებების გასაკეთებლად.

ჟურნალ “სტრატეგია და ორგანიზაციის” საუკეთესო სტატიების კრებულიდან

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button