ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი
თითქოს გულში აგიფეთქდა მეხი,
წარბი შეჰკარ, მოგეღრუბლა სახე,
ბელტთა შორის, როცა ყამირს ტეხდი,
კაცის ჩონჩხი და ბორკილი ნახე.
ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი,
შეებრძოლა შავ-ბნელ ადათ-წესებს.
ჩამოჰპარსეს გლეხკაცს ცალი წვერი,
შებორკილი ციმბირს გაამწესეს.
იქნებ გულში ვერ დაფარა ოხვრა,
აუჯანყდა ბატონს, ნამუსმოხდილს,
და მიტომაც დაურჩინეს ოხრად
გუთნეული და ჩალური ქოხი.
ყაზახეთში, სირ-დარიის ახლოს,
შეჯაჭვული მოიყვანეს ალბათ.
ბარდაუკვრელ ველებსა და ახოს
გლეხი კაცი გახედავდა ხარბად.
გახედავდა ყამირს, ცვარში ნაბანს,
ინატრებდა გამოკვერილ სახნისს
და ყევარ ხარს-ნიშასა და წაბლას,
წინ გარეკილ შვილიშვილის სახრით.
სადაურსა სად წაიყვან ბედო,
სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ…
საფლავშიაც ბორკილები ედო,
მკვდარი სადღა წავიდოდა ნეტავ?!




