NASA-მ შეიმუშავა ფრთების დიზაინი და კონსტრუქცია ახალი თაობის თვითმფრინავებისთვის
ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თვითმფრინავების ფრთები საკმაოდ მარტივადაა მოწყობილი. თუმცა მათ შიგნით განთავსებულია სადენებისა და სხვა მექანიკური ელემენტებისგან შემდგარი რთული სისტემა. რთული სტრუქტურა პირდაპირ ახდენს გავლენას თვითმფრინავის ღირებულებაზე, მისი აწყობის ხანგრძლივობასა და ტექნიკური მომსახურების ძალისხმევაზე. იმისათვის, რომ თვითმფრინავების ღირებულება შეემცირებინა, კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევარებმა წარადგინეს ფრთების გამარტივებული კონსტრუქცია, რომელსაც არ აქვს ცალკეული მოძრავი ელემენტები, არამედ მთლიანად მოქნილი და ადპტირებადია ნებისმიერი დატვირთვისას.
ახალი თაობის ფრთების სტრუქტურა წარმოადგენს ათასობით პატარა სამკუთხედების ერთობლიობას და აქვს ბევრი ცარიელი სივრცე. სიმსუბუქისა და მოქნილობის წყალობით, ფრთების დეფორმაციისათვის არ არის საჭირო მრავალი ძრავის გამოყენება – სისტემა დამოუკიდებლად რეაგირებს აეროდინამიკური წნევის ცვლილებებზე. იმისათვის, რომ ფრთებმა სწორი რეაგირება მოახდინონ სხვადასხვა დატვირთვისას, მკვლევარებმა გულმოდგინედ იმუშავეს მათ განლაგებაზე და სხვადასხვა ტიპის მოქნილობის უნარი მიანიჭეს.
მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით ფრთებს არ აქვთ ისეთი წონა, როგორც ჩვეულებრივ, ლითონისა და კომპოზიტური მასალებისგან დამზადებულ ფრთებს. შესაბამისად, ასეთ თვითმფრინავებს ნაკლები ენერგია სჭირდება, რაც აგრეთვე უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს. მიმართულების ცვლილებისთვის საჭირო გარკვეული ტრადიციული ელემენტების არარსებობაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს ღირებულებას და კონსტრუქციის აწყობის ხანგრძლივობას.