ლიტერატურამოთხრობა

გოდერძი ჩოხელი კესანე ბორბალოს მთაზე

კესანე ფშაველი გოგოა.

თექვსმეტი წლის ახლადაკოკრებული მინდვრის ყვავილი.

შოლტივით ტან-ფეხი. ხელის თითებს შორის ჩასატევი წელი, ჩალისფერი თმები. თვალები ლურჯი, ცის კამარასავით გაბრწყინებული და ვნებიანად ოდნავ მიბნედილი. სიარული? _ ხოხბის გოგმანი მწვანე მდელოზე. კესანეს წაწალი ჰყავს. ეს აქაური წესია, ქალს რომ სიყვარული აუფეთქდება გულში გაზაფხულის კვირტივით და მკერდზე ვაშლისხელა კოკრები გამოუვა, წაწალი უნდა გაიჩინოს. ფშაველებში ამით თავის წილ პატივს მიაგებენ სიყვარულის ღმერთს.

კესანეს წაწალს ჩალხია ჰქვია, მასაც ახლად წამოჰკოკრებია ულვაშები. ჩალხიას გულში მთის მდინარესავით ქუხს და გულის კედლებს ოდნავ ეხლება კესანეს სიყვარული.

ღამ_ ღამობით ერთად წვებიან ქალ_ ვაჟი. მარტო წელს ზემოთ მოფერების უფლება აქვს ჩალხიას.

წაწალმა წაწალს ნამუსი უნდა შეუნახოს.

წაწალი წაწალს ცოლად ვერ გაჰყვება.

უმანკოდ უნდა ჩაბარდეს თავის მომავალ ქმარს კესანე. უღელში შებმულ ქალს სიყვარულისთვის აღარავინ მოაცდენს _ შრომა და ჯაფა, ვაი და უი. ასეთი არის მთაში ქმრიანი, ოჯახსმოკიდებული ქალის ცხოვრება. ფშავლებმა იციან ეს და ბრძენ წინაპრებს სიჯეელეში, როცა გულში აყვავებას იწყებს სიყვარულის კვირტი, მაშინ დაურთავთ ქალ_ ვაჟისათვის წაწლობის ნება.

ხანდახან შირაქში მიდის იანვარ_ თებერვალში ჩალხია თავისიანებთან დოლში მისახმარებლად. დოლი, ცხვრები რომ ბატკნების გაჩენას იწყებენ, იმას ჰქვია მეცხვარულ ენაზე.

ილევა მაშინ კესანეს გული.

ილევა,

ილევა,

ილევა

და მოლოდინით გულდალეული, ჩალხიასთვის წინდებსა და ხელთათმანებსა ქსოვს, სადაც ფშავის მთების სილამაზეს აქარგავს, ყვავილებით აჭრელებს და აგვირისტებს.

თან თვალით გზა-ჭალას გაჰყურებს წამდაუწუმ. და ერთხელაც ამ ვიწრო ხეობაში შემოაჭენებს თავის ლურჯა ცხენს ჩალხია.

ღამე, რა თქმა უნდა, ერთად წვებიან.

ბორბალოს მთაზე გადმოდგება გაზაფხულის გავსილი მთვარე. მისი მკრთომარე შუქი მიეფინება ერთმანეთს ჩახუტებულ ქალ_ ვაჟს.

ჩალხია ჯერ ყურისძირთან, იქ, სადაც ძარღვი უფეთქავს ყელგადადებულ კესანეს, ფრთხილად აკოცებს. კესანე კრთის, კანკალებს ამ ალერსიან კოცნაზე, მერე ჩალხიაც ხელის კანკალით უხსნის საკინძის ღილებს და ფრთხილად შეუცურებს მკერდში ხელს. ვაშლისტოლა ძუძუ მთლიანად ეტევა მის ხელისგულში და უფრო ანათებს ბორბალოზე გადმომდგარი მთვარე _ ახლა უკვე ბაგეებით დასწაფებია ბროლივით მკერდს ჩალხია.

ვნება!

ოხვრა!

ცხროვა და კანკალი!

მხოლოდ წელს ზემოთ _  აფრთხილებენ მთვარის სხივები ჩალხიას.

ადათის და წინაპართა პატივისმცემელია ჩალხია.

სამ წელიწადს იყვავილა სიყვარულის გაზაფხულმა და დადგა ის დრო, როცა კესანეს სახლის კარს მისი მომავალი საქმრო მოადგა.

დანიშნეს.

მოუტანეს ბელგა და სამწუხაროდ, დადგა კესანეს და ჩალხიას გაყრის დღე.

სამი დღის მერე ქორწილი უნდა გადაუხადონ კესანეს.

შემოდგომის სევდაა ფშავის მთებში ჩამოწოლილი.

ნისლი მიმოქრის კესანეს გულ_ გონებაში.

ჯანღი ჩაწოლილა ჩალხიას გულშიც.

კესანეს ოჯახი ქორწილის სამზადისშია.

და როცა ბორბალოს მთიდან მთვარისნალევმა გადმოყო ყური, სახლიდან ჩუმად გამოვიდა კესანე, ფეხაკრეფით გაიარა სოფლის ორღობე, აუყვა მთებს.

ფეხს აუჩქარა.

გაურბის აქაურობას.

გაურბის წართმეულ სიყვარულს.

მიდის ანგარიშმიუცემლად, არც ნადირისა ეშინია, არც ჭოტის ჩხავილის.

არც თავის მოკვლაზე ფიქრობს. მას ხომ უმანკოება შეუნახა ჩალხიამ და თავი რომ მოიკლას, ჩალხიას არაკაცობას დაჰბრალდება მისი სიკვდილი. აქ ხშირად ხდება, როცა წაწალი წაწალთან შესცდება და მერე ნამუსახდილი ქალი თავს იკლავს.

კესანეს არაფერი სჭირს საამისო.

არც ფიქრობს ამაზე.

ფშავის შემოდგომის ნისლებით ჩახუთულ ხეობაში სული ეხუთება და მთის წვერისკენ მიდის, რომ იქნებ იქ მაინც ამოისუნთქოს თავისუფლად.

თოვს.

თოვს.

უფრო და უფრო თოვს.

თოვლის ფიფქები ეფინება მის ჩალისფერ თმებს.

მას სიამოვნებს სახეზე შეყრილი თოვლის ფიფქების სილბო. გახელებით მიუყვება აღმა ბორბალოს მთას, სადაც სრულად შემომდგარა მთვარის ნალევი.

უკვე მუხლამდე ეფლობა თოვლში.

მერე წელამდე.

მაინც ადის მთის წვერზე და იქიდან მოჰყურებს გალეული მთვარისაგან ოდნავ განათებულ ქვეყანას, სადაც მან სიყვარული დატოვა.

ბორბალოს მთაზე ძლიერი ნისლი ჩამოწვა და კესანე აღარ ჩანს. მთელი ღამე დაეძებდა ფშავის ხევ-ხუვებში ჩალხია კესანეს. არც კვალი, არც იმედი:

კესანე მთის წვერზე თოვლში გაიყინა და გაზაფხულზე, მთლიანად როგორც მხოლოდ ყინულის ქალი, ბორბალოს მთის წვერზე ჩალღვა მიწაში.

გალაღდა მზე და გალაღდა დედამიწა.

ამობიბინდა ბალახი.

ამოვიდნენ ყვავილები და ამოვიდა კესანეც ყვავილად.

ახლა უფრო გახელებით დაეძებდა ჩალხია კესანეს. ერთხელაც, როცა ბორბალოს მთის წვერზედ ავიდა და დაღლილი ჩამოჯდა, ერთმა უცნაურად ლამაზმა ყვავილმა მიიპყრო მისი მზერა. მივიდა, გვერდით ჩამოუჯდა და დიდხანს უყურა. კესანეს თმების სურნელს აფრქვევდა ეს ყვავილი.

ესიამოვნა ამ ყვავილის გვერდით ყოფნა ჩალხიას.

იმ დღიდან აღარ მოშორებია, სულ გვერდით ეჯდა იმ ყვავილს და უსმელ_ უჭმელად ილეოდა.

დიდია ღმერთის სამართალი. შეეცოდა ჩალხია და ერთხელაც ყვავილი ისევ ქალად გადააქცია. მზესაც უხაროდა და ფშავის მთებსაც ქალ_ ვაჟის ცქერა.

ფშავში ვერ დაბრუნდებოდნენ.

წინაპართა ადათი სხვანაირად სჯიდა, სხვანაირად სჭრიდა და კერავდა წაწალთა ბედ_ იღბალს.

ქისტეთისაკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა ქალ_ ვაჟი. ლამაზები იყვნენ და ლამაზად მიდიოდნენ აყვავებულ მთებს შორის.

დროდადრო, ქვეყნის ავან_ ჩავანის შემხედვარეს, რაღაც იდუმალი ხმა ჩამძახებს ხოლმე: _ სიყვარული და უპირველესად სიყვარული გადაარჩენს ამ ქვეყანას! და მიხარია, რომ დედამიწაზე ჯერ კიდევ მძლავრად ფეთქავს ეს გრძნობა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button