
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – გუშინ, მთელი დღე
გუშინ, მთელი დღე მე ქალაქგარეთ
ვხეტიალობდი, ღრმა იყო წყლული.
ჩემს ბინაზე კი ღამით დავბრუნდი,
ისევ იმ ფიქრით აღელვებული.
არ მსურდა სანთლის გაჩირაღდნება:
საკმაო იყო მთვარის კაშკაში,
ნათელი უხვად შემოდიოდა
ღია სარკმელში და ფანჯარაში.
სარკის სიღრმეში მე დავინახე
მოგონებისა სახე ვნებული,
ვით მოჩვენება – მთვარის ნათელზე
ღიმწაშლილი და გაფითრებული.
დიდხანს ვუცქერდი ჩემს მეორე ჩრდილს,
დიდხანს მის სახეს ვუკვირდებოდი;
ვიტანჯებოდი, ო, მშვენიერო,
და იმა ტანჯვით იქვე ვტკბებოდი!