ფსიქოლოგია

განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემა

განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემა ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინის, დ. უზნაძისა და ზ. ფროიდის ნაშრომებში

      ცნობიერების გაშლილი თეორია გულისხმობს შეხედულებათა სისტემას არაცნობიერ ფსიქიკურზე. ამ თვალსაზრისით ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინისა და დ. უზნაძის თეორიები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ის, რაც მათ მართლაც აერთიანებს, არის რწმენა ასეთი რეალობის არსებობის შესახებ. მაგრამ როგორია ამ რეალობის ბუნება, როგორია მისი სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლები – აი, რა უნდა აჩვენოს არაცნობიერის კონცეფციამ.

      ვიგოტსკის თეორია, ჩვენი აზრით, არ შეიცავს რეფლექსირებულ შეხედულებათა სისტემას არაცნობიერი ფსიქურის შესახებ. იგი შეიცავს რამდენიმე ზოგადი ხასიათის დებულებას, რომლებზეც უეჭველად მოაწერდნენ ხელს უზნაძე და რუბინშტეინიც. მაგალითად: «სანამ დავიწყებთ ქვეცნობიერი ფსიქიკური მოვლენების აღწერას და კლასიფიკაციას … საჭიროა ვიცოდეთ, რითი ვოპერირებთ ამ დროს – რაიმე ფიზიოლოგიურით თუ ფსიქიკურით, აუცილებელია დავამტკიცოთ, რომ არაცნობიერი საზოგადოდ ფსიქიკურ რეალობას მიეკუთვნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სანამ გადაწყდება არაცნობიერის პრობლემა როგორც ფსიქოლოგიური საკითხი, უნდა გადაწყდეს იგი როგორც საკუთრივ ფსიქოლოგიის საკითხი» [8; 339-340]. ეს საკითხი ვიგოტსკისთან განიხილება იმ კუთხით, რომ ფსიქოლოგია შეისწავლის ფსიქიკას, როგორც რთულ, მთლიანობით ფსიქოფიზიოლოგიურ პროცესს, «რომელიც სრულებით არ იფარება მისი ცნობიერი ნაწილით და, ამდენად … ფსიქოლოგიაში სავსებით კანონიერია ვილაპარაკოთ ფსიქოლოგიურად არაცნობიერზე: არაცნობიერი არის პოტენციურადცნობიერი» [7; 146]. ამის მერე დგება საკითხი, შეუძლია თუ არა მოვლენას, რომელსაც აქვს ფსიქიკურის ყველა თვისება, იმის გარდა, რომ არ არის ცნობიერი განცდა, უშუალოდ გამოიწვიოს მოქმედება, როგორც ამას ფროიდი ამტკიცებდა? ვიგოტსკის პასუხი უარყოფითია, რამდენადაც ეს არც ცნობიერ ფსიქიკურ მოვლენას ძალუძს. «ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ფსიქიკურ მოვლენებს მიეწერება მოქმედება, საუბარია იმაზე, რომ მოქმედება გამოიწვია მთლიანმა ფსიქოფიზიკურად ერთიანმა პროცესმა და არა მისმა ერთმა მხარემ. ამგვარად, უკვე თვით არაცნობიერის ხასიათი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ იგი გავლენას ახდენს ცნობიერ პროცესებზე და ქცევაზე, მოითხოვს მის აღიარებას ფსიქოფიზიკურ მოვლენად» [იქვე].

      უზნაძე აუცილებლად დაადასტურებდა, რომ არაცნობიერი არის ფსიქოფიზიკური მთლიანობა (განწყობის მთლიანობითი ბუნება) და, როგორც ასეთი, განაპირობებს ცნობიერ პროცესებსა და ქცევას (განწყობა როგორც განცდისა და აქტივობის საფუძველი). მაგრამ უზნაძესთან ეს დებულებები ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის შემადგენელი ნაწილებია, რომლის «სისტემამაწარმოებელი ფაქტორი» არის «განწყობის» ტერმინით აღნიშნული არაცნობიერი მოვლენა. შეხედულებათა ეს სისტემა მოიცავს არაცნობიერის (განწყობის) ონტოლოგიურ და ფუნქციონალურ მახასიათებლებთან დაკავშირებული საკითხების ფართო წრეს. მასში დამუშავებულია კონკრეტული საკითხები მოცემული კატეგორიის მიმართებათა შესახებ ცნობიერების (ობიექტივაციის), ქცევისა და პიროვნების (სუბიექტის) კატეგორიებთან. ერთი სიტყვით, განწყობის თეორიაში მოცემულია არაცნობიერის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფცია. არაფერი მსგავსი ვიგოტსკისთან არ გვხვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი შეხედულებათა სისტემა არ შეიცავს არაცნობიერის თეორიას.

      რუბინშტეინის შეხედულებები არაცნობიერის შესახებ უფრო კონკრეტულია, ვიდრე ვიგოტსკისა, მაგრამ არც ისინი ადიან სპეციალური თეორიის დონემდე. აფიქსირებს რა თავის პრინციპულ პოზიციას, რომ «ფსიქიკურის არსებობა არ შემოიფარგლება მისი მოცემულობით ცნობიერებაში» [12; 9], რუბინშტეინი პირდაპირ მითითებს იმ რეალობაზე, რომელიც, მისი აზრით, აისახება არაცნობიერის ცნებაში: ესაა «განცდა, რომელშიც არ არის გაცნობიერებული მისი გამომწვევი საგანი» [12; 8]. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვითარება ისე კი არ უნდა წამოვიდგინოთ, თითქოს ჩვენ «არ ვიცით», «არ ვგრძნობთ» განცდას (რაც, ავტორის შეხედულებით, წინააღმდეგობრივი და უაზრო რამაა); გაუცნობიერებელია არა თვით განცდა, როგორც ასეთი, არამედ ის, რასაც იგი მიეკუთვნება. მაგალითად, ემოციის არაცნობიერობა გამოვლინდება მიკუთვნების არარსებობაში იმ საგნისა თუ პირის მიმართ, რომელმაც იგი გამოიწვია. აქვე კეთდება პირდაპირი მითითება განწყობილებაზე, რომელიც ხშირად წარმოიქმნება ცნობიერების კონტროლის გარეშე, ანუ არაცნობიერად. მოკლედ, თუ მე თავს ცუდ ხასიათზე ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცი, რითაა იგი გამოწვეული, მოცემული მდგომარეობა, კვალიფიცირდება როგორც არაცნობიერი. ამგვარი არაცნობიერი განცდის არსებობის რეალურობა «როგორც ფსიქიკური ფაქტისა მის ქმედითობაში, ქცევის პროცესში რეალურ მონაწილეობაში მდგომარეობს» [13; 277].

      ის, რომ ასეთი განცდები მართლაც არსებობს, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ შეიძლება თუ არა მათი მიჩნევა არაცნობიერად – ეს კიდევ საკითხავია. ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტების უმრავლესობა ასეთ მოსაზრებას არ გაიზიარებდა. ასე მოიქცეოდნენ, მაგალითად, ფსიქოანალიტიკოსები თავად ფროიდის მეთაურობით. იგი არაცნობიერის ასეთ გაგებას ცნობიერებაში არაცნობიერის ძიების უნაყოფო მცდელობად მიიჩნევდა. ასეთებია ყველა მითითება ცნობიერების დაბალ საფეხურებზე, სუსტ ან ბუნდოვან წარმოდგენებსა და განცდებზე, როგორც არაცნობიერ ფენომენებზე. თავის მიზეზში გარკვეულობას მოკლებული ემოცია სწორედ ცნობიერების სფეროში მყოფი განცდის მაგალითია. იგი არ არის არაცნობიერი, რამდენადაც მის შესახებ ადამიანმა «იცის» თავისი უშუალო გამოცდილებიდან, «გრძნობს» მას. ფროიდის თანახმად «არაცნობიერი წარმოდგენა არის ისეთი წარმოდგენა, რომელსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ რომლის არსებობა უნდა დაუშვათ გარეშე ნიშანთვისებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე» [15; 43]. ჩვენს მიერ შემჩნეული წარმოდგენა (ანუ განცდა), თუნდაც უმიზეზო, ცნობიერების ფენომენია.

      საფიქრებელია, რომ უზნაძის კომენტარი რუბინშტეინის მსჯელობაზე მსგავსი იქნებოდა. მაგრამ მის და ფროიდის პოზიციებს შორის არსებითი განსხვავებაა, რომელიც თვით განწყობის თეორიის ავტორის მიერ იქნა რეფლექსირებული. არაცნობიერი – ეს არის რაღაც ფსიქიკური, რომელიც განცდას არ წარმოადგენს. უზნაძისთვის, ისევე როგორც რუბინშტეინისთვის, სიტყვათშეთანხმება «არაცნობიერი განცდა» წინააღმდეგობრივია და უაზრო, მაშინ როდესაც ფროიდი დარწმუნებით ლაპარაკობს არაცნობიერ წარმოდგენებზე, აზრებზე, გრძნობებზე, მისწრაფებებზე, მიზნებზე, განზრახვებზე, ერთი სიტყვით – განცდებზე. მისთვის არაცნობიერი ჩვეულებრივი განცდაა ცნობიერების ფარგლებს გარეთ განდევნილი, სხვაგვარად ესაა განცდა მინუს ცნობიერება – ასე ახასიათებს ფროიდის თვალსაზრისს უზნაძე და მიიჩნევს მას მიუღებლად, ვინაიდან «ჩვენი წარმოდგენები და აზრები, ჩვენი გრძნობები და ემოციები, ჩვენი ნებელობის აქტები ფსიქიკური ცხოვრების შინაარსს წარმოადგენენ და, ჩვეულებრივ, როდესაც ადამიანთან ეს ფსიქიკური პროცესები იჩენს თავს, მათ როგორც წესი ცნობიერება ახლავთ თან … და ამდაგვარ განცდათა გარდა სხვა შინაარსი ცნობიერებას არ გააჩნია» [3; 45].

      განწყობის თეორიის ავტორმა რამდენიმე ნაშრომში გამოხატა თავისი დამოკიდებულება არაცნობიერის ფროიდისეული გაგების მიმართ. მისი აზრით, არაცნობიერის ცნება ფსიქოანალიზში მოიცავს მხოლოდ რეპრესირებულ შინაარსებს, რომელთა ბუნება და სტრუქტურა ცნობიერების ანალოგიური შინაარსების იდენტურია. ეს იგივე განცდებია, რომელთა შესახებ ინდივიდმა არაფერი უწყის. რამდენადაც განცდა იმიტომაცაა განცდა, რომ თავის შესახებ გვამცნობს (ე.ი. ცნობიერდება), ამდენად არაცნობიერი ფსიქიკური შინაარსები შეუძლებელი რამაა. მაგრამ ისინი რომც შესაძლებელი იყვნენ, არაცნობიერის ასეთი გაგება უსარგებლოა უზნაძისთვის ყველაზე საინტერესო საკითხის გადასაჭრელად, კერძოდ ფსიქიკის განვითარების საკითხისა. განწყობის თეორიისთვის ამ საკვანძო საკითხის გადაწყვეტისას «ჩვენ უნდა დავუშვათ ფსიქიკის რაღაცნაირი ფორმის არსებობა, რომელიც არ ემთხვევა მისი არსებობის ცნობიერ ფორმას და, საფიქრებელია, წინ უსწრებს მას» [14; 6]. გასაგებია, რომ რაკი რეპრესირებული არაცნობიერის პირველწყარო ცნობიერებაა, ფსიქიკური ორგანიზაციის საძიებელ პირველად ფორმად იგი ვერც ლოგიკურად გამოდგება და ვერც ფაქტობრივად.

      უზნაძე არაცნობიერს განწყობასთან აიგივებს და იმასაც კი ამბობს, რომ არაცნობიერი ზედმეტი ცნებაა და რომ იგი სავსებით შეიძლება ჩაინაცვლოს მეტი გარკვეულობის მქონე განწყობის ცნებით. ამასთან, თავისი თეორია უზნაძეს მოჰყავს მიმართებაში მხოლოდ ფსიქოანალიზთან, ვინაიდან ვერ ხედავს უფრო სერიოზულ სწავლებას მსოფლიო მეცნიერებაში არაცნობიერის შესახებ. მიუხედავად ამისა, ფროიდის მიერ არაცნობიერის გაგება არ შეიძლება გავიზიაროთ, რამდენადაც 1. გაიგივებულია რა რეპრესირებულ ფსიქიკასთან იგი მეორადია ცნობიერების მიმართ და ვერ გამოდგება ფსიქიკის განვითარების ფაქტის დასაბუთებისთვის და 2. იგი გულისხმობს ისეთ განცდებს, რომლებიც არსებობენ და მოქმედებენ ცნობიერების ველის მიღმა, რაც უზნაძის გაგებით ნონსენსია.

      ორივე ეს დებულება შეიძლება დავის საგანი გახდეს. საქმე ისაა, რომ ფსიქოანალიზში არაცნობიერის სფერო არ შემოიფარგლება ცნობიერებიდან განდევნილი ფსიქიკით. ბოლო ნაშრომებში ფროიდი მიუთითებს კიდეც არაცნობიერის სხვადასხვა ფუნქციონალურ გამოვლინებაზე, ესენია: წინაცნობიერი, განდევნილი არაცნობიერი, არქაული მემკვიდრეობა და საკუთრივ არაცნობიერი [10]. ფსიქიკის უკანასკნელი ფორმა ყოველთვის და აუცილებლად არაცნობიერია. დანარჩენები ცნობიერებასთან სხვადასხვაგვარ ურთიერთობაში იმყოფებიან. მათი გენეზისის თავისებურება ისაა, რომ ისინი ოდესღაც ცნობიერების შინაარსები იყვნენ და მასში უკან დაბრუნების თვისებას ინარჩუნებენ. სწორედ ამგვარი არაცნობიერის მიმართ არის მართებული უზნაძის კრიტიკა, რომლის მიხედვით ფროიდის არაცნობიერის ცნება არ გამოდგება ფსიქიკის გენეზისის საკითხის გადასაწყვეტად. მართლაც, ცნობიერებიდან წარმოქმნილი არაცნობიერი ფსიქიკა ვერ იქნება ცნობიერების წარმოქმნის პირობა. სამაგიეროდ ე.წ. «საკუთრივ არაცნობიერზე» ეს შენიშვნა არ ვრცელდება – იგი «იმთავითვე არაცნობიერია». მის მიმართ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ იგი ჩვეულებრივი ფსიქიკური ცხოვრებაა, რომელიც უბრალოდ არ არის განათებული ცნობიერების შუქით. «იდ»-ის ფორმით არაცნობიერი პრინციპულად უპირისპირდება «ეგო»-ს ფსიქიკას. განსხვავება ეხება როგორც გენეზისს («იგი» ფსიქიკის უძველესი ფორმაა და წინ უსწრებს ცნობიერებას და «მე»-ს, რომლებიც მისგან გამოიზრდებიან), ისე ბუნებას (შინაარსი, მოქმედების პრინციპები და ა.შ.). ამ უკანასკნელი თვალსაზრისით ისინი სრული ანტიპოდები არიან. საკმარისია გავიხსენოთ, რომ არაცნობიერი «იდ»-ის მთავარი პრინციპი შეგუება კი არა, სიამოვნებაა. თუ ასეთი ფსიქიკა, ფსიქოანალიზის მტკიცებისა არ იყოს, მართლაც არსებობს, იგი პრინციპულად განსხვავდება ფსიქიკური ცხოვრების ყველა სხვა სახისაგან. ჩვენი ანალიზისთვის საკმარისია აღინიშნოს, რომ ფროიდი უშვებდა არაცნობიერი ფსიქიკის ამგვარი ნაირსახეობის არსებობას და რომ იგი, სინამდვილეში, შეუძლებელია აღიწეროს, როგორც ჩვეულებრივი ფსიქიკური პროცესი ან ცნობიერების ნიშანს მოკლებული განცდა. არაცნობიერის სფერო ამ ფსიქიკური შინაარსებით არ შემოიფარგლება, მაგრამ მათი არსებობა ფსიქოანალიზში დაშვებულია.

      სწორედ ეს ვერ შეიწყნარა უზნაძემ. განწყობის თეორიის ავტორი ამოდიოდა იქიდან, რომ «ყოველი ცალკე განცდის ფაქტი უკვე იმით, რომ იგი განცდაა, სუბიექტისთვის იმთავითვე ცნობადია: იგი არა მარტო ობიექტურად არსებობს, როგორც ფაქტი, არამედ სუბიექტმაც იცის, რომ ის არსებობს. უფრო მარტივად რომ გამოვთქვათ: განცდა არა მარტო ფაქტია, არამედ იგი უთუოდ ცნობიერების ფაქტიცაა» [2; 21]. ამ თვალსაზრისის გაშლილი კრიტიკული ანალიზი ჩვენ სხვაგან გავაკეთეთ [1]. იგი მოცემულია ამავე წიგნში. აქ მხოლოდ ყველაზე ძირითად მომენტებს აღვნიშნავთ.

      განწყობის თეორიამ განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა. ბოლო ეტაპზე თეორიის ავტორმა საფუძვლიანად დაიწყო ფსიქიკური ცხოვრების ცნობიერი და არაცნობიერი დონეების ურთიერთმიმართების საკითხის კვლევა ე.წ. «ობიექტივაციის კონცეფციის» ფარგლებში. უზნაძე შემოქმედებითი ცხოვრების ზენიტში გარდაიცვალა და ვერ მოასწრო ამ თეორიული მოდელის დამუშავების დასრულება. მოცემული ანალიზის კონტექსტში საკვანძო მომენტია განწყობის არაცნობიერ ფსიქიკურ რეალობად აღიარება. მანამდე განწყობა განიხილებოდა ფიზიკურისა და ფსიქიკურის გაშუალების მეთოდოლოგიური ამოცანიდან გამომდინარე (ე.წ. «უშუალობის პოსტულატი») და მიიჩნეოდა არაცნობიერ, მაგრამ ფსიქოფიზიკურად ნეიტრალურ სინამდვილედ.

      განხილული განვითარების პრინციპის თვალსაზრისით იგი გაგებულ იქნა ფსიქიკის განვითარების პირველ საფეხურად, რომელიც წინ უსწრებს და განსაზღვრავს ყოველგვარ ფსიქიკურ აქტივობას, ქცევას და განცდას. ამასთან, რადგანაც «თუ განწყობა სუბიექტის, როგორც მთელის, მდგომარეობაა, მაშინ საფიქრებელია, რომ იგი რაიმე გარკვეული, განცდადი, კერძოული ფსიქიკური შინაარსის სახით არ გვეძლევა, რომ იგი ცნობიერებაში მოცემულობის გარეშე მოქმედებს, რომ ამ აზრით იგი არაფენომენალურ პროცესად შეიძლება ჩაითვალოს» [2; 104]. კიდევ უფრო გარკვევით: «თავისთავად ცხადია, რომ მთლიან-პიროვნული მდგომარეობა არ აისახება სუბიექტის ცნობიერებაში მისი ცალკეული დამოუკიდებელი განცდის სახით» [4; 285]. ეს ეხება ყველა პროცესსა და განცდებს, ისეთ «მთლიანობითსაც», როგორიც ემოციებია. ამრიგად, უზნაძესთვის განწყობის არაცნობიერობა უბრალოდ რეფლესიური ცნობიერების გარეშე (ე.ი. არაობიექტივირებულ) არსებობას კი არ ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ იგი არ არის კოგნიტური, ემოციური ან ვოლიტური «კერძოული ფსიქიკური ფაქტი».

      იმისთვის, რომ გავიგოთ ამ ცნობილი პროცესებისა და განცდების კავშირი ცნობიერებასთან, საჭიროა მივმართოთ უზნაძის შეხედულებებს ფსიქიკური ცხოვრების ორი დონის შესახებ. მეორე დონე – ესაა ე.წ. «ობიექტივაციის პლანი», ანუ პიროვნების ცნობიერი კოგნიტური და ნებელობითი აქტივობა. ამ ტიპურ ადამიანურ დონეზე აქტივობა მაშინ ადის, როცა პირველი დონის იმპულსური ქცევის რეალიზაციის პროცესში წინააღმდეგობები და სირთულეები წარმოიქმნება. მათ გარეშე პრაქტიკული ქცევის ცალკეული აქტები და მათთან დაკავშირებული პერცეპტული, მოტივაციური, ემოციური და სხვა განცდები გამუდმებით ცვლის ერთმანეთს ავტომატურად, სუბიექტის რაიმე ჩარევის გარეშე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი არ ცნობიერდება.

      ფსიქიკის აქტივობა ობიექტივაციის დროს პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ «თავს ძალა დაატანოს და ხელახლა განიცადოს ისევ ის, რაზედაც იგი შეჩერდება» [4; 303]. ობიექტივაცია, როგორც შეჩერება განმეორებითი განცდისთვის, საჭიროა იმისთვის, რათა თვით განცდა და მისი ობიექტი ჩვენი მე-ს კუთვნილება გახდეს, ანუ გახდეს რეფლექსირებული, გაცნობიერებული. აქტივობის სპეციფიკურად ადამიანურ დონეზე ხდება საკუთარი მე-ს და ქცევის ობიექტივაცია. ფსიქიკის მუშაობის პირველი დონე სპეციფიკურია ცხოველისთვის, თუმცა ადამიანიც ხშირად მოქმედებს იმპულსური ქცევის პლანში, ანუ გაუცნობიერებლად.

      უზნაძის თანახმად, ქცევის ორივე დონეს საფუძვლად უდევს სპეციალური მარეგულირებელი მექანიზმი – განწყობა, რომელიც განაპირობებს მათ მიზანშეწონილ განხორციელებას. განწყობა არაცნობიერი ფსიქიკის სფეროს მიეკუთვნება. მაგრამ არის არსებითი განსხვავება განწყობასა და არაცნობიერ ფსიქიკას შორის, რომლის ფორმაშიც მიმდინარეობს იმპულსური ქცევა. ისინი არც შეიძლება ლოგიკურად იყვნენ იდენტური, რადგანაც განწყობა წინ უსწრებს და განსაზღვრავს ყოველგვარ ქცევას (ფსიქიკურ აქტივობას), მათ შორის ისეთსაც, რომელიც ცნობიერების სინათლის გარეშე ხორციელდება. არსებითად კი განწყობის შემთხვევაში საქმე გვაქვს არაფენომენალურ არაცნობიერთან, ხოლო იმპულსური დონის ფსიქიკური აქტივობის შემთხვევაში – არარეფლექსირებულ, არაცნობიერ განცდებთან. ამ განცდების თავისებურებანი და კონკრეტული მახასიათებლები შესამჩნევად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმისდა მიხედვით, თუ ვინ არის ქცევის სუბიექტი (ცხოველი, ბავშვი, ზრდასრული ადამიანი ჯანსაღი თუ ავადმყოფი ფსიქიკით). მაგრამ ყველა შემთხვევაში ესაა არაცნობიერი განცდების ნაირსახეობა.

      მაშასადამე, არაცნობიერ განცდებზე ლაპარაკი არა თუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც. ცხოველთა ფსიქიკური ცხოვრება მხოლოდ ასეთი განცდებისაგან შედგება. ადამიანის ფსიქიკური ცხოვრებაც ხშირად ასეთ ფორმაში წარიმართება. იმპულსური აქტივობა მოიცავს განზრახული კონტროლის გარეშე ან ავტომატურად მიმდინარე უნებლიე ფსიქიკურ პროცესებს. იგი არ გამორიცხავს პარალელურად განხორციელებულ ცნობიერ აქტივობას. ქუჩაში სიარულისას გარემოში ორიენტაციას ვახდენთ აღქმის ხატების მეშვეობით და ვმოქმედებთ მიზანშეწონილად, მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერება ამ დროს, შესაძლოა, დაკავებული იყოს სულ სხვა შინაარსებით – ჩვენ შეიძლება რაიმეზე ვფიქრობდეთ ან რაიმეს ვიხსენებდეთ. ამ შემთხვევაში აღქმის ხატები ცნობიერების გარეშე აკეთებს თავის საქმეს. მაგრამ საკმარისია გაჩნდეს საჭიროება, აღქმის პროცესი გადაინაცვლებს ცნობიერების ველში და დაკვირვების ხასიათს მიიღებს, ხოლო თუ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, სიტუაციის სათანადო მონაკვეთების ასახვაში ჩაერთვება უმაღლესი კოგნიტური ფუნქციები. როგორც კი ცნობიერდება თავად განცდები და მათი შინაარსი აქტივობა გადადის მეორე, ობიექტივაციის თუ ნებელობითი აქტივობის დონეზე. საქმეში ერთვება ისეთი ფსიქიკური პროცესები, როგორიცაა ყურადღება და აზროვნება, რომლებიც მხოლოდ ცნობიერების პლანში ხორციელდება. ობიექტივაციით ინიცირებული თეორიული აქტივობა მოწოდებულია გამოავლინოს შეფერხების მიზეზები იმპულსურ ქცევაში, ხოლო ნებელობა პრაქტიკული ქცევის შემდგომ განხორციელებას უზრუნველყოფს. მოცემულ კონტექსტში მთავარი მაინც ისაა, რომ ყოველივე ეს ცნობიერების შუქით არის განათებული.

      ამგვარად, განცდილი ფსიქიკა შეიძლება იყოს როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი. ცნობიერების მქონე ცოცხალ არსებას შეუძლია თავისი განცდების და მათი შინაარსის გაცნობიერება. აქედან გამომდინარე, ფსიქიკური ცხოვრება წარმოგვიდგება სამი ფორმისა თუ საფეხურის სახით: 1) არაფენომენალური ფსიქიკა (განწყობა); 2) გაუცნობიერებელი განცდები და ფსიქიკური პროცესები; 3) ცნობიერება. მაშასადამე, უზნაძის თეორიაში, თუ მისი ლოგიკური განვითარების პერსპექტივაში ვიმსჯელებთ, შეიძლება ვილაპარაკოთ არაცნობიერის ორ სახეობაზე: განწყობა და მის საფუძველზე აღმოცენებული არაცნობიერი ფსიქიკა. განწყობა არ ფარავს არაცნობიერის მთელ არეს. განწყობის ცნება მთლიანად არ ენაცვლება არაცნობიერის ცნებას. ამიტომ, მიუხედავად უზნაძის მტკიცებისა, არაცნობიერის ცნება არ არის ზედმეტი ცნება.

      განწყობის თეორიის შეფასებისას რუბინშტეინის სკოლის წარმომადგენლები მიუთითებენ იმაზე, რომ «განწყობის თეორიის დამუშავების დროს გამოყენებულ იქნა იგივე მეთოდოლოგიური პრინციპები, რომლებიც საბჭოთა ფსიქოლოგიაში მიიჩნევა წამყვანად, – ესაა განვითარების პრინციპი და ფსიქიკისა და ქცევის კავშირის პრინციპი» [6; 178]. მართლაც, განწყობა უმჭიდროეს კავშირშია ქცევასთან. მეტიც, უზნაძის თანახმად, «განწყობა ადამიანის ქცევაში უთუოდ უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომელზეც ეს ქცევა აიგება» [3; 190]. ფსიქიკისა და ქცევის კავშირის პრინციპი რუბინშტეინთან ცნობიერებისა და ქცევის ერთიანობის სახეს იღებს. ასეთივე წარმატებით უზნაძეს შეეძლო ჩამოეყალიბებინა არაცნობიერისა და ქცევის კავშირის, უფრო მეტიც – ერთიანობის პრინციპი, რადგანაც ქცევის ფსიქიკური რეგულაციის საბოლოო და ძირეულ მექანიზმად განწყობას, ანუ არაცნობიერ მოვლენას მიიჩნევდა. აქედან, ამ ძირიდან, რომელშიც არსებითად აქტივობის გარეგანი და შინაგანი პირობებია გაერთიანებული, აღმოცენდება კონკრეტული ქცევა, თავისი ცნობიერი კომპონენტით. ცნობიერება და ქცევა მეორადია არაცნობიერი ფსიქიკურის (განწყობის) მიმართ. ასე მიაჩნდა უზნაძეს. ამიტომ მისი კონცეფცია არის ზოგადფსიქოლოგიური თეორია, რომელიც აგებულია შემდეგი თანმიმდევრობით განლაგებულ ოთხ ფუძემდებლურ კატეგორიაზე: არაცნობიერი-ქცევა-ცნობიერება-პიროვნება. ვიგოტსკისა და რუბინშტეინის სისტემები, არსებითად, სამი უკანასკნელით შემოიფარგლება. ამიტომ, როცა უზნაძე საუბრობს იმაზე, რომ «ცნობიერი პროცესები სრულიადაც არ ამოწურავენ ფსიქიკის მთელ შინაარსს. მაშასადამე, აუცილებელი ხდება ვცნოთ არსებობა ისეთი პროცესებისაც, რომელნიც, ასე ვთქვათ, ცნობიერების გარეშე მიმდინარეობენ» [3; 46], ეს იმავეს არ ნიშნავს, რასაც ვიგოტსკისა და რუბინშტეინის ზემომოყვანილი მსგავსი გამონათქვამები. საქმე ისაა, რომ უზნაძე ამ ცნობიერების გარეშე მიმდინარე პროცესების კონცეპტუალიზაციას ახდენს განწყობის ცნებით და ამტკიცებს, რომ ქცევისა და ცნობიერების ყოველი აქტი შემზადებულია და გაპირობებული არაცნობიერი განწყობით.

      არაფერ მსგავსს არ გულისხმობს ვიგოტსკის სისტემა, რომელშიც განწყობის ცნება სულ არაა ნახსენები. საკითხი ქცევისა და განწყობის კატეგორიათა ურთიერთმიმართების შესახებ სერიოზულად განიხილება ა. ლეონტიევის სკოლაში. აქ ჩამოყალიბებულია შეხედულება ქცევის მიმართ განწყობის მეორადობის თაობაზე [5] და სხვ. რამდენადმე სხვაგვარად არის საქმე რუბინშტეინის შემთხვევაში. საკითხს განწყობის შესახებ იგი განიხილავს მის მიერ დამუშავებული მეთოდოლოგიური პრინციპის კონტექსტში, რომლის მიხედვით ქცევის დეტერმინაცია გარეგანი მიზეზებით შინაგანი პირობებითაა გაშუალებული. სწორედ ამ შინაგან პირობებს განეკუთვნება განწყობაც. ამიტომ განწყობის მიმართ ქცევის პრიმატი «არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რაიმე აბსოლუტური», რადგანაც «მაინც ყოველი ქცევის მიმდინარეობისას … ყოველი მოქმედება ხვდება უკვე ჩამოყალიბებულ განწყობას, ისე რომ ფუნქციონალურად განწყობა არის ხოლმე პირველადი, ხოლო ქცევა მეორადი. და ეს მართალია. მაგრამ, მაინც, გენეტიკურად და პრინციპულად, მოქმედება, ურთიერთობა და გამოცდილება პირველადია, განწყობა კი – მეორადი. გარეგანი მოქმედებს შინაგანის მეშვეობით, თუმცა თვით შინაგანი ყალიბდება გარეგანი ზემოქმედებების შედეგად, გარეგან სამყაროსთან ურთიერთობის პროცესში» [11; 92].

      განწყობის თეორიის თვალსაზრისით მოცემული პოზიცია მეტწილად მისაღებია, თუმცა საჭიროა სიცხადის შეტანა ქცევის მიმართ განწყობის მეორადობის თეზისში. იგი სავსებით მართებულია განწყობის ფაქტორების მიმართ. მართლაც, ადამიანის მოთხოვნილებები (განსაკუთრებით ე.წ. «მაღალი») და საცხოვრებელი გარემო (სიტუაცია) «კულტურული წარმოშობისაა», და მაშასადამე, ადამიანის ქცევის შედეგს წარმოადგენს. ამდენად, განწყობა შეიძლება მივიჩნიოთ მეორადად ქცევის მიმართ, თუ მხედველობაში გვექნება ანთროპოგენეზი, სოციოგენეზი და ონტოგენეზი. მაგრამ ფილოგენეტიკურად, თუკი განწყობა სიცოცხლის პრინციპია, ქცევის ფუძემდებლური მექანიზმია, როგორც ამტკიცებდა უზნაძე, იგი არ შეიძლება იყოს ერთმნიშვნელოვნად მეორადი მოვლენა. საქმე ისაა, რომ შეუძლებელია ჯერ წარმოქმნას მოვლენა, პროცესი (ქცევა) და მხოლოდ ამის მერე აღმოცენდეს მისი განხორციელების მექანიზმი. განწყობა ქცევის არსებითი მხარეა. ყველაზე პრიმიტიული ქცევაც კი იმთავითვე გულისხმობს განწყობისეულ მექანიზმს. აქედან გამომდინარე, ადვილია დავრწმუნდეთ, რომ განწყობისა და ქცევის ურთიერთმიმართების საკითხის განხილვა ფილოგენეტიკური განვითარების კუთხით, კვერცხისა და ქათმის დილემის იერს იძენს. აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ ნათქვამი ეხება მხოლოდ ე.წ. «პირველად განწყობას». რაც შეეხება ე.წ. «ფიქსირებულ განწყობას», ფართო გაგებით იგი განმეორებათა შედეგია, ანუ გარკვეული აქტივობის შედეგი, და ამდენად, პრინციპულად მეორადი. საზოგადოდ კი სრულიად მისაღებად გამოიყურება ვ. ზინჩენკოს შემდეგი ფორმულირება: «საგნობრივი ქმედება ისევე არის განწყობის პროდუქტი, როგორც მისი ფორმირების პირობა» [9; 145].

      იცავენ რა განწყობის პირველადობის თეზისს, უზნაძე და მისი მიმდევრები, არსებითად, ამტკიცებენ იმას, რომ ფსიქიკური მოქმედება მისი არაცნობიერი ფორმით იწყება. ალბათ ძნელი უარსაყოფია მოსაზრება, რომ არაცნობიერი ფსიქიკა წინ უძღვის მის ცნობიერ ნაირსახეობას. განვითარების პრინციპი და გენეტიკური მეთოდი, როგორც ვიგოტსკის და რუბინშტეინის სისტემების მეთოდოლოგიური საფუძველი, მოითხოვს ყურადღება მიექცეს ფსიქიკური ცხოვრების ყველაზე ადრეულ საფეხურს, რომელიც არაფრით არ შეიძლება იყოს ცნობიერი. სწორედ ასე მოიქცა უზნაძე, როცა განწყობა განჭვრიტა ფსიქიკური მოქმედების ორგანიზაციის პირველად ფორმად, რომელიც წინ უსწრებს და ამზადებს ცნობიერ ფსიქიკურ ქმედებას. ეს მართებულია არა მარტო ფილოგენეტიკური, ისტორიული და ონტოგენეტიკური განვითარების მიმართ, არამედ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ე.წ. აქტუალგენეზის მიმართაც. აქტუალგენეზის დონეზე ცნობიერი ფსიქიკა უერთდება ქცევის ფსიქიკურ რეგულაციას იმ პრობლემათა დასაძლევად, რომელთაც ვერ გაუმკლავდა პირველადი განწყობისეული მექანიზმი. ამაშია ობიექტივაციის მოდელის დედააზრი. ცნობიერება ავსებს ამ მექანიზმს მიზანშეწონილი ქცევის განხორციელებისთვის აუცილებელი ახალი, მანამდე ასახვის გარეშე დარჩენილი შინაარსით.

      ამრიგად, ფსიქიკისა და ქცევის კავშირის პრინციპს და განვითარების პრინციპს არა მხოლოდ არაცნობიერი ფსიქიკის კონსტატაციამდე მივყავართ, არამედ არაცნობიერის გაშლილი თეორიის შექმნამდეც, რომელშიც გახსნილია ფსიქიკის ამ სფეროს ბუნება და ფუნქციები.

      თავი რომ მოვუყაროთ ძირითადს, შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერების სრული თეორია გულისხმობს შეხედულებათა სისტემის არსებობას არაცნობიერი ფსიქიკურის შესახებ. ვიგოტსკისა და რუბინშტეინის თეორიებში მხოლოდ აღიარებულია ასეთი რეალობის არსებობა, მაგრამ არ არის რეფლექსირებული მისი ბუნება, სტრუქტურული და ფუნქციონალური მახასიათებლები. მათგან განსხვავებით ზ. ფროიდისა და დ. უზნაძის ფსიქოლოგიური სისტემები არაცნობიერის სპეციალური თეორიების სტატუსს იმსახურებენ. უზნაძე ფიქრობდა, რომ არაცნობიერი ფსიქიკურის სფერო ამოიწურება განწყობის მოვლენებით. ამასთან, იგი ადარებდა თავის თვალსაზრისს ფროიდის არაცნობიერის კონცეფციას. ეს უკანასკნელი მიუღებლად მიაჩნდა, ვინაიდან მასში მხოლოდ ცნობიერებიდან განდევნილი არაცნობიერი განცდებზეა ლაპარაკი. ეს შეფასება არ არის ზუსტი, რამდენადაც ფროიდი რეპრესირებულ არაცნობიერთან ერთად ე.წ. «საკუთრივ არაცნობიერს» უშვებდა, რომელიც წინ უსწრებს და აპირობებს ცნობიერებასა და ქცევას, და ამ თვალსაზრისით, ემსგავსება განწყობას. გარდა ამისა, არ არის გამართლებული არაცნობიერი განცდის კატეგორიული უარყოფა. ამ უკანასკნელის არსებობა ფაქტია; ცხოველისა და პატარა ბავშვის ფსიქიკური ცხოვრება მთლიანად არაცნობიერი განცდებითაა წარმოდგენილი. მოზრდილი ადამიანის იმპულსური ქცევებიც არაცნობიერი განცდებით წარიმართება, რომელთაც, თავის მხრივ, არაგანცდადი განწყობა უდევს საფუძვლად. ამრიგად, ფსიქიკის სრული მოდელი განწყობის თეორიაში ასეთ სახეს იღებს: არაფენომენალური განწყობა – არაცნობიერი განცდა – ცნობიერება. ხოლო, როგორც ჭეშმარიტად ზოგადფსიქოლოგიური თეორია იგი ოთხ ფუნდამენტურ კატეგორიაზეა აგებული: არაცნობიერი, ქცევა, ცნობიერება და პიროვნება, მაშინ როდესაც ვიგოტსკისა და რუბინშტეინის კონცეფციები, არსებითად, ბოლო სამით შემოიფარგლება.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში

Source
https://www.qwelly.com/group/psychology/forum/topics/ganvitareba

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button