კოგნიტური განვითარება ჩვილობაში
აღქმა
მესამე თვისთვის ჩვილს შეუძლია 7-8 წამის განმავლობაში შეაჩეროს მხედველობა საგანზე, თვალს აყოლებს მოძრავ ობიექტს.
4 თვის ბავშვი, არა მხოლოდ ხედავს, არამედ უყურებს, ის აქტიურად რეაგირებს მხედველობის ველში მოხვედრილ ობიექტზე, იწყებს მოძრაობას და გამოსცემს ბგერებს.
ბავშვს შეუძლია საგნის ფორმის აღქმა, ხედავს კონტურებს და სხვა ელემენტებს. ერთ-ერთ ექსპერიმენტში ბავშვს აჩვენებდნენ თეთრ ფონზე გამოსახულ სქელ, შავ ხაზს. ბავშვის მზერა მიმართული იყო შავი ხაზისა და თეთრი ფონის საზღვარზე. მეორე ექსპერიმენტში ჩვილს ერთდროულად აჩვენებდნენ 2 ფურცელს: თეთრს და შავი ვერტიკალური ხაზებით. აღმოჩნდა, რომ ჩვილი მეტ დროს უყურებდა ხაზებიან ფურცელს.
2-3 თვის ბავშვი ინტერესს ავლენს იმ ობიექტების მიმართ, რომელიც ნაწილობრივ განსხვავდება მისთვის ცნობილი ობიექტებისაგან. უკვე ნაცნობი და სრულიად ახალი ობოექტი ნაკლებად იპყრობს პატარას ყურადღებას.
3-4 თვის ბავშვი რეაგირებს ფერზეც. თუ მას საკვებს მივაწოდებთ წითელი ფერის ბოთლით, ის შეუცდომლად ამოიცნობს მას, სხვა ფერის ბოთლებს შორის. აქტიური დამოკიდებულება ფერის მიმართ ჩნდება 6 თვის ასაკისთვის.
დღეისთვის ითვლება, რომ ჩვილს აქვს სამყაროს მთლიანი ხატი და არა ფერადი ლაქების, ხაზების და ელემენტების მოზაიკური ნაკრები. ბავშვი აღიქვამს არა ობიექტის ცალკეულ მახასიათებლებს, არამედ მთლიანად ობიექტს. ის ქმნის ობიექტის ზოგად ხატებს.
როცა ვუყურებთ საგნებს, ჩვენ ავტომატურად ვითვალისწინებთ მათში ჩადებულ შესაძლებლობებს. “საგნის პოტენციური შესაძლებლობები” დამოკიდებულია ადამიანის მოთხოვნილებაზე, ცოდნაზე, გამოცდილებაზე. მაგალითად, ფორთოხალი სხვანაირად აღიქმება მშიერი ადამიანის, მხატვრის და ჩვილის მიერ, რომელსაც ამოსდის პირველი კბილები. ელეონორა გიბსონი მიიჩნევს, რომ ბავშვები დაბადებიდან აფასებენ გამოყენების თვალსაზრისით ყველაფერს რასაც ხედავენ და ესმით. მაგალითად, თმებს, ყურებს, სათვალეს შეიძლება ხელი ჩაავლო, ხოლო თვალებს არა. პატარები ამოწმებენ საგნების შესაძლებლობებს – შეიძლება მოწოვო? ხელი მოუჭირო? ხმებს გამოსცემს? ჩვილები ხშირად პირში იდებენ პლასმასის სათამაშოებს, ხოლო რბილ სათამაშოებს არა. გიბსონის აზრით, ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება შეიძლება ჩაითვალოს საგნების კატეგორიზაციის პირველ გამოცდილებად.
გობსონის ამ მოსაზრებას ეთანხმება ტ. ბაუერი. მან აღმოაჩინა, რომ 3 თვის ჩვილები ცდილობენ ხელი სტაცონ პატარა საგნებს, ხოლო დიდ საგნებს მხოლოს უყურებენ.
სიღრმის აღქმა. იმისათვის, რომ ბავშვი მიწვდეს რაიმე საგანს, მას სიღრმის განცდა უნდა ჰქონდეს. მოგვიანებით, როცა ბავშვები ცოცვას იწყებენ, სიღრმის აღქმა საგნებთან დაჯახებასა და კიბეზე დაგორების თავიდან არიდებაში ეხმარება.
ე. გიბსონმა და რ. ვოლკმა ჩვილებთან სიღრმის აღქმის შესასწავლად შეიმუშავეს მეთოდიკა – “ვიზუალური უფსკრული”. ეს არის შუშის მაგიდა, რომელსაც შუაში აქვს “ბილიკი”. “ბილიკის” ერთ მხარეს არის ჭადრაკის დაფის მსგავსი ზედაპირი, რომელიც ზედ მინაზეა დადებული. “ბილიკის” მეორე მხარეს არის “უფსკრული”, ჭადრაკის დაფის მსგავსი ზედაპირი მოთავსებულია მინიდან რამოდენიმე სანტიმეტრით ქვემოთ. თუ ბავშვს არა აქვს სიღრმის აღქმა, ის თავისუფლად ხოხავს მინის ორივე მხარეს; ხოლო, თუ მას შეუძლია სიღრმის აღქმა, მაშინ “უფსკრულთან” მიახლოვებისას ჩერდება.
ობიექტის მუდმივობა
პიაჟეს თეორიის თანახმად, სენსომოტორული პერიოდის მთავარი მონაპოვარია ბავშვის მიერ ობიექტის მუდმივობის (ობიექტი არსებობს სივრცეში და დროში, მიუხედავად იმისა, აღვიქვამთ მას, თუ არა) გაგება.
სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ჩვილი ცხოვრობს პრინციპით: – “ვერ ვხედავ, ე.ი. არ არის”. მაგალითად, თუ ბავშვს სათამაშოს დავუმალავთ, ის კარგავს ინტერეს მის მიმართ.
პიაჟემ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ობიექტის მუდმივობას ბავშვების უმრავლესობა ეუფლება 1,5 წლის ასაკში. თუმცა მანამდე მათ აქვთ გარკვეული წარმოდგენა დედის და იმ ადამიანების, ვინც მათ უვლით “მუდმივობაზე”. ეს ინტუიტური ცოდნა არ ვრცელდება გარემოში არსებულ საგნებზე.
ობიექტის მუდმივობის გაგებისთვის საჭიროა გარკვეული კოგნიტური სტრუქტურების განვითარება. პირველ რიგში, ბავშვმა უნდა იცნოს ნაცნობი საგნები, რაც მათ უკვე შეუძლიათ 2 თვის ასაკში. მაგალითად, ისინი “გამოცოცხლდებიან” როცა ხედავენ რძიან ბოთლს, ან ადამიანს ვინც მათ კვებავს. ამავე დროს, ბავშვებს უნდა შეეძლოთ მოძრავ ობიექტზე თვალის გადევნება. 2 თვის ასაკის პატარა ამას უკვე ახერხებს. ის თვალს აყოლებს მოძრავ ობიექტს, რომელიც შირმის უკან შედის. მას მზერა გადააქვს შირმის მეორე მხარეს და გამოხატავს გაკვირვებას, როცა იქ საგანს ვერ ხედავს. მაგრამ მას სრულიად არ აწუხებს, თუ შირმის მეორე მხრიდან ჩნდება სხვა საგანი.
5 თვის ასაკის ბავშვი კი გამოხატავს შეშფოთებას, თუ შირმის მეორე მხრიდან გამოდის სხვა საგანი, ან იგივე საგანი, მაგრამ თუ ის უფრო სწრაფად/ნელა მოძრაობს.
ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, გვერდი-გვერდ დადგეს 2 შირმა. საგანი შედიოდა პირველი შირმის უკან, მაგრამ არ ჩნდებოდა შირმებს შორის ცარიელ სივრცეში და გამოდიოდა მეორე შირმის მხრიდან. ამ კვლევაში მონაწილე მხოლოდ 9 თვის ასაკის ბავშვებმა გამოხატეს გაკვირვება, როცა საგანი არ გამოჩნდა ცარიელ სივრცეში.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ადამიანებს მუდმივობას ჩვილი უფრო ადრე ხვდება, ვიდრე საგნების მუდმივობას. ტ. ბაუერის კვლევაში სარკეები ისე იყო განლაგებული, რომ პატარა ხედავდა დედის ბევრ გამოსახულებას. 5 თვემდე ასაკის ბავშვები არ გამოხატავდნენ გაკვირვებას, პირიქით ეს ფაქტი მათ ძალიან უხაროდათ. მხოლოდ 5 თვის პატარები წუხდნენ რამოდენიმე დედის დანახვისას.
დამალული საგნის მოძებნას ბავშვი იწყებს 5-8 თვის პერიოდში. თუმცა შეინიშნება გარკვეული არათანმიმდევრულობა. მაგალითად, თუ სათამაშოს დავმალავთ A ადგილას, სადაც მას ადვილად პოულობს 1 წლის ბავშვი, ხოლო შემდეგ მის თვალწინ დავმალავთ B ადგილას, ბავშვი სათამაშოს ეძებს ისევ A ადგილას.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბავშვი სამყაროს შეიმეცნებს თავიდან აღქმის საშუალებით, ხოლო შემდეგ იყენებს მოტორულ აქტიობას. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ტ. ბაუერის დაკვირვება: ბაუერის პატარა ქალიშვილმა რამოდენიმე საათი დაუთმო შემდეგ აქტიობას – ის პატარა საგნებს დებდა მამის ხელის მტევანში და მუშტად კრავდა (საგანი, რომ არ გამოჩენილიყო). შემდეგ, მამის ხელს ანაცვლებდა სხვა ადგილას და ხსნიდა მტევანს, რათა შეემოწმებინა, ისევ იქ იყო თუ არა დამალული საგანი. ე. ი. ამ ასაკში ბავშვი შეიმეცნებს სამყაროს თვალსაჩინი-მოტორულ პლანში.
ზოგი ფსიქოლოგი აკრიტიკებს პიაჟეს და მიიჩნევს, რომ ჩვილებს გაცილებით მეტი ცოდნა აქვთ ობიექტის მუდმივობაზე, მაგრამ ვერ ამჟღავნებენ ამას მოტორული სფეროს განვითარებაში ჩამორჩენის გამო.
სიმბოლური რეპრეზენტაცია
სიმბოლური რეპრეზენტაცია არის უნარი სიმბოლურად წარმოიდგინო ის, რაც ფიზიკურად არ არის. ჩვილობის პერიოდში უკვე გვხვდება გარკვეული რაოდენობა ქცევითი რეპრეზენტაციების. მაგალითად, პატარა აგრძელებს წოვის მოძრაობას, ჭამის დამთავრების შემდეგ; იქნევს ხელს, სათამაშოს ძირს დავარდნის შემდეგ; აკეთებს ხელით – “ნახვამდის”.
6-12 თვის ასაკში შეუძლია წარმოიდგინოს საგანი, მოვლენა, იდეა მოქმედების საშუალებით. მაგალითად, ძილი შეიძლება განასახიეროს მაგიდაზე თავის დადებით.
11-12 თვის ბავშვმა შეიძლება განასახიეროს, რომ ჭამს, სვამს და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმბოლურ ფორმაში წარმოადგენს ნაცნობ მოქმედებებს.
თავდაპირველად, წარმოსახული სიტუაციის წარმოსადგენად, ბავშვები არ იყენებენ საგნებს. ასაკის მატებასთან ერთად იწყებენ სათამაშოებისა და სხვა საგნების გამოყენებას. 15-18 თვის ასაკში ისინი “აჭმევენ” უფროსებს, თოჯინებს, დებს, ძმებს სათამაშო ან ნამდვილი კოვზის გამოყენებით. ამ ეტაპზე სიმბოლური თამაშისთვის საჭიროა რეალური საგნების მსგავი ნივთები.
12-26 თვის ასაკში კი ბავშვმა შეიძლება წარმოიდგინოს გარკველ ნივთში სრულიად სხვა რამ. მაგალითად, ჯოხი შეიძლება გახდეს ცხენი, იატაკი – აუზი და ა.შ. ამჩნევს რა უხეშ მსგავსებას მაგალითად, ჯოხსა და ცხენს შორის, ბავშვი აერთიანებს უცნობ და ნაცნობ ცნებებს, ადგენს მათ შორის სიმბოლურ მიმართებას.
რა თქმა უნდა სიმბოლური რეპერეზენტაციის ძირითად სისტემას წარმოადგენს ენა.
მიბაძვა
ჟ. პიაჟე თვლიდა, რომ პარტივი სახის მიბაძვასაც კი ჭირდება რთული კოგნიტური სქემები. მისი აზრით, 9 თვის ასაკამდე ბავშვები არ ახდენენ ახალი მოქმედების მიბაძვას. დროში გადადებული მიბაძვა (რამოდენიმე საათი ან დღის წინ განხორციელებული მოქმედება) კი მოითხოვს კარგად განვითარებულ ხატოვან მეხსიერებას და სიმბოლურ რეპრეზენტაციას.
თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებს შეუძლიათ ახალი მოქმედების იმიტაცია გაცილებით უფრო ადრეულ ასაკში, ვიდრე ამას მიიჩნევდა პიაჟე (1,5 თვის ბავშვი). ბავშვებს აჩვენებდნენ, თუ როგორ ფუნქციონირებს სხვადასხვა სათამაშო (მაგალითად, დათვი იწყებდა ცეკვას, ძაფზე მოქაჩვის შემდეგ), მაგრამ არ აძლევდნენ თამაშის საშუალებას. აღმოჩნდა, რომ 11 თვის ბავშვებმა შეძლეს მოქმედების იმიტაცია ერთი დღის შემდეგ, ხოლო 14 თვის ბავშვებმა – ერთი კვირის შემდეგ. თუმცა, ის ბავშვები ვისაც არ ჰქონდათ ნანახი სათამაშო მოქმედებაში, ვერ შეძლეს მისი ამოქმედება.
მეხსიერება
4 თვის ბავშვი უპირატესობას ანიჭებს ახალი საგნების ყურებას, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ მათ ახსოვთ უკვე ნანახი საგნები.
1 წლის ბავშვი ცნობს ნაცნობ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე კვირა არ უნახავს და იხსენებს (ხანგრძლი მეხსიერება) 1 კვირის წინანდელ ამბებს. 2 წლის ასაკში ახსოვთ 3 თვის წინანდელი ამბები.
ყურადღება
ჩვილებისთვის დამახასიათებელია უნებლიე ყურადღება. 1 წლის ასაკში ბავშვს შეუძლია ყურადღების კონცენტრირება ერთ ობიექტზე 10 წუთის განმავლობაში.
მეტყველება
ენა რამდენიმე ქვესისტემისგან შედგება, რომლებიც დაკავშირებულია: ჟღერადობასთან, მნიშვნელობასთან, ზოგად სტრუქტურასთან და ყოველდღიურ გამოყენებასთან. ენის ცოდნა მოითხოვს ყველა ამ ასპექტის ფლობას და გაერთიანებას მოქნილ საკომუნიკაციო სისტემაში.
პირველი კომპონენტი: ფონოლოგია დაკავშირებული წესებთან, რომლებიც აწესრიგებენ მეტყველების სტრუქტურას და ბგერების თანმიმდევრობას.
მეორე კომპონენტი: სემანტიკა ეხება სიტყვის, გამოთქმის, გრამატიკული ფორმის მნიშვნელობას. როცა პატარა ბავშვები პირველ სიტყვებს წარმოთქვამენ, მათ ხშირად არა აქვს ის მნიშვნელობა, რაც აქვს მოზრდილისთვის. იმისათვის, რომ პატარა ბავშვებმა შეიქმნან სიტყვათა მარაგი, მათ უნდა გააცნობიერონ ათასობით სიტყვის მნიშვნელობა და ერთმანეთთან დაკავშირებული ტერმინების გადამუშავებულ სისტემებად აქციონ.
მესამე კომპონენტია: გრამატიკა. ის შედგება ორი მნიშვნელოვანი ნაწილისგან: სინტაქსი და მორფოლოგია.
სინტაქსი შეისწავლის წესებს, რომელთა მიხედვითაც სიტყვები იწყობა წინადადებებად.
მორფოლოგია შეისწავლის ისეთი გრამატიკული წესების გამოყენებას, როგორიცაა: სქესი, მოქმედებითი ან ვნებითი გვარი რიცხვი, ბრუნვა, ზმნის პირი, დრო და ა.შ.
მეოთხე კომპონენტია: პრაგმატიკა, რომელიც ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო წესებს შეისწავლის. იმისათვის, რომ ბავშვებმა წარმართონ დიალოგი, მათ უნდა დაიცვან საუბრისას რიგითობა, ისაუბრონ ერთსა და იმავე თემაზე და აზრი ნათლად გადმოსცენ. ასევე იმის წარმოდგენაც უნდა შეეძლოთ, რომ ჟესტები, ხმის ტონი და კონტექსტი ხელს უწყობს საუბრის მნიშვნელობის ნათლად გამოხატვას.
პრაგმატიკა მოითხოვს სოციოლინგვისტურ ცოდნასაც, ვინაიდან სწორედ საზოგადოება გვკარნახობს, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ მათ ენაზე. მაგალითად, ბავშვმა უნდა ისწავლოს, თუ როგორ ესაუბროს უფროსებს.
თითოეული ამ კომპონენტთაგანი არის ერთმანეთზე დამოკიდებული და თითოეული მათგანის ცოდნა აადვილებს დანარჩენის ათვისებას.
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მეტყველების განვითარების შესწავლის საფუძველზე, გამოყვეს ბავშვის მეტყველების ათვისების ეტაპები, რომელიც დამახასიათებელია ყველა ბავშვისთვის:
- 6 თვის ასაკში იწყებს ტიტინს.
- პირველ სიტყვებს 1 წლის ასაკში წარმოთქვამს.
- მეორე წლის ბოლოს სიტყვებს ერთმანეთთან აკავშირებს.
- 4-5 წლისთვის აქვს სიტყვათა დიდ მარაგი და დაუფლებულია ძირითად გრამატიკულ კონსტრუქციებს.
როგორ ხდება მეტყველების დაუფლება?
ბიჰევიორისტული თვალსაზრისი
სკინერი ვარაუდობდა, რომ მეტყველება, როგორც სხვა ნებისმიერი ქცევა ისწავლება ოპერანტული განპირობების საფუძველზე. როდესაც ბავშვი წარმოთქვამს ბგერებს, მშობლები განამტკიცებენ მათ – ღიმილით, ჩახუტებითა და თბილი საუბრით.
ზოგი ბიჰევიორისტის აზრით, ბავშვები იმიტაციით ცდილობენ წარმოთქვან რთული სიტყვები და დასრულებული წინადადებები. იმიტაცია შეიძლება შეუთავსდეს განმტკიცებას, მაგალითად, როცა მშობელი ბავშვს სთხოვს, თქვი: – “ნამცხვარი მინდა”. მშობელი უღიმის და ეფერება მას, რაცა ბავშვი ამბობს: – “ნამცხვარი მინდა”.
ე.ი. ბიჰევიორისტების აზრით, ბავშვი მეტყველებას ითვისებს, როგორც მიბაძვით, ასევე განმტკიცებით.
ბიჰევიორისტების კრიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა სიტყვის და წინადადების განმტკიცება და მიბაძვა ფიზიკურად შეუძლებელია.
კრიტიკოსები სვამენ შემდეგ კითხვას: – “თუ მეტყველების ათვისება ხდება მიბაძვით, მაშინ რატომ ამბობენ ბავშვები ისეთ სიტყვებს, რასაც უფროსები არ იყენებენ?”. ასევე ხშირად ადგილი აქვს არასწორი სიტყვის განმტკიცებას. მაგალითად, თუ ბავშვი იტყვის “კაკა” , მშობელი მას გაუღიმებს და ხდება სიტყვა “კაკას” განმტკიცება, მაშინ როგორ სწავლობს ბავშვი სწორ სიტყვებს.
მთლიანობაში სკინერისა და სხვა ბიჰევიორისტების მიერ შემოთავაზებული მოდელი ძალიან მნიშვნელოვანია ენის განვითარებისათვის. ასევე ბიჰევიორისტების პრინციპები ღირებულია იმ ბავშვების დასახმარებლად, ვისაც აქვთ მეტყველების განვითარების შეფერხება.
ნატივისტური თვალსაზრისი
ბიჰევიორისტების თვალსაზრისის საპირისპიროდ, ნ. ჩომსკიმ წარმოადგინა ნატივისტური (natives, ლათ. – თანდაყოლილი) ახსნა, რომლის მიხედვითაც ენა განხილულია, როგორც ადამიანის მონაპოვარი, რომელიც “ჩაწერილია” ადამიანის ტვინში. ნოამ ჩომსკის აზრით, ბავშვები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას ენის ათვისებაზე. ჩომსკის მიხედვით, ყველა ბავშვს აქვს “მეტყველების შემსწავლელი მოწყობილობა”. ეს არის თანდაყოლილი სისტემა, რომლის საშუალებითაც ბავშვი მას შემდეგ, რაც აითვისებს სიტყვების საკმარის მარაგს, სიტყვებს გრამატიკულად გამართულ ახალ გამოთქმებად აერთიანებს და ესმის მოსმენილი წინადადებების მნიშვნელობა.
ჩომსკი ასევე თვლიდა, რომ “მეტყველების შემსწავლელი მოწყობილობა” უნივერსალურ გრამატიკას შეიცავს. ეს არის წესების ბაზა, რომელიც ერგება ყველა ენას.
არგუმენტები ჩომსკის თეორიის სასარგებლოდ:
მხოლოდ ადამიანს აქვს ენის ათვისების უნიკალური უნარი. ცხოველებმა შეიძლება აითვისონ მხოლოდ სიმბოლოების მნიშვნელობა და გრამატიკის საფუძვლები. მეცნიერები ცდილობდნენ ესწავლებინათ შიმპაზეებისთვის ლაპარაკი. ამ მიზნით იყენებდნენ ვიზუალურ სტიმულებს, ჟესტიკულაციას. რამოდენიმე წლის დაუღალავი შრომის შემდეგ, შიმპანზეებს გააჩნდათ რამოდენიმე ასეული სიტყვის მარაგი და გამოთქვამდნენ 2 სიტყვიან წინადადებებს. ისინი სიმბოლოებს იყენებდნენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად (მაგალითად, ბანანი, იმისთვის რომ ეჭამა) და არა ინფორმაციის გასაზიარებლად (მაგალითად, ბანანზე სასაუბროდ).
ადამიანის ტვინში არის სპეციალური უბნები, რომელიც პასუხს აგებს მეტყველებაზე. ბროკას ზონა მდებარეობს მარცხენა ჰემისფეროს შუბლის წილში და პასუხს აგებს სამეტყველო აპარატის გამართულ მუშაობაზე. მისი დაზიანება იწვევს დაავადებას, რომელსაც აფაზიას უწოდებენ – ადამიანს კარგად ესმის სხვისი მეტყველება, ხოლო მისი მეტყველება შეფერხებულია.
ვერნიკეს ზონა მდებარეობს მარცხენა ჰემისფეროს საფეთქლის წილში და პასუხს აგებს მეტყველების გაგებაზე. მისი დაზიანების დროს ადამიანს უჭირს სხვისი მეტყველების გაგება.
მართალია აღნიშნული ზონების არსებობა ეთანხმება ჩომსკის მოსაზრებას, მაგრამ დაბადების მომენტისთვის ისინი არ არიან საბოლოოდ ფორმირებული.
არსებობს მეტყველების დაუფლების სენზიტიური პერიოდი. ე. ლენბერგის აზრით, ბავშვმა ენა უნდა ისწავლოს მოზარდობის პერიოდის დადგომამდე, სანამ დასრულდება ლატერალიზაციის პროცესი (ფუნქციების გადანაწილება ჰემისფეროებს შორის).
ჩომსკის თეორიამ უდიდესი გავლენა მოახდინა მეტყველების განვითარების თანამედროვე თეორიებზე. დღეს ყველა იზიარებს მოსაზრებას, რომ ადამიანს აქვს ენის ათვისების უნიკალური, ბიოლოგიურად განპირობებული უნარი. მიუხედავად ამისა, ჩომსკის თეორია რამდენიმე მიმართულებით გააკრიტიკეს:
1. რთულია უნივერსალური გრამატიკული სტრუქტურების იდენტიფიცირება. სხვადსხვა ენაში მარტივი გრამატიკული სტრუქტურებიც განსხვავებულად რეალიზდება. მაგალითად, ინგლისურ ენაში გამოყენებული the და a არტიკლები, ზოგიერთ აფრიკულ ენაში გამოიხატება ინტონაციით, იაპონურ ენაში გამოიკვეთება წინადადების კონტექსტიდან. ამიტომ, ჩომსკის თეორიის კრიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ უნივერსალური გრამატიკის არსებობაში.
2. ჩომსკის მოსაზრება, რომ გრამატიკული ცოდნა დაბადებისთანავე მოცემულია, არ ესადაგება მეტყველების განვითარებაზე ზოგიერთი დაკვირვების შედეგებს. როდესაც ბავშვები თანდაყოლილი გრამატიკული სტრუქტურების გამოყენებას იწყებენ, მოსალოდნელია, რომ ისინი ამ წესებს მშობლიური ენის ყველა რელევანტურ მაგალითში გამოიყენებენ. მიუხედავად ამისა, ბავშვები გრამატიკაში განსაკუთრებულ წარმატებას აღწევენ სკოლამდელ ასაკში და ბევრ გრამატიკულ ფორმას მაშინვე კი არა, თანდათანობით ეუფლებიან. მაგალითად, ვნებით გვარს ბავშვები შუა ბავშვობამდე ვერ ეუფლებიან. აქედან გამომდინარეობს, რომ მეტყველების განვითარებას სჭირდება სწავლა.
3. თეორია ვერ ხსნის, როგორ რთავენ ბავშვები განსხვავებულ მოსაზრებებს დიალოგში და აწარმოებენ აზრობრივად გამართულ საუბარს (ენის პრაგმატული ასპექტი).
4. ჩომსკი ნაკლებ ყურადღებას უთმობდა ენის დაუფლების პროცესში კოგნიტურ უნარებს.
ინტერაქციული თვალსაზრისი
ინტერაქციული თვალსაზრისის მომხრეები მიიჩნევენ, რომ სწორ მოსაზრებებს გამოთქვამენ, როგორც ბიჰევიორისტები, ასევე ნატივისტები. მათი აზრით, მეტყველების განვითარებაზე გავლენას ახდენს, თანდაყოლილი უნარები, კოგნიტური განვითარება და მდიდარი ენობრივი და სოციალური გარემო.
ინტერაქციონისტები ეთანხმებიან ჩომსკის აზრს, რომ ბავშვები ბიოლოგიურად არიან მომზადებული ენის ასათვისებლად, მაგრამ თანდაყოლილია არა რომელიმე ლინგვისტური პროცესი, არამედ ტვინი, რომელიც ნელა ვითარდება და აძლევს ბავშვს საშუალოებას შეიძინოს სულ უფრო მეტი ცოდნა (ბეტესი, ტომასელო).
სიტყვები წარმოადგენენ სიმბოლოებს. პირველ სიტყვებს ბავშვები ამბობენ 1 წლის ასაკში, როცა განვითარდება სიმბოლური რეპრეზენტაციის უნარი. პირველი სიტყვები ძირითად ეხება იმ ობიექტებს, რომელზეც ბავშვები აწარმოებენ მანიპულირებას, ე.ი. იძენენ გამოცდილებას სენსომოტორული სქემების გამოყენებით. აგრეთვე, ისეთ სიტყვებს როგორიცაა – “წავიდა”, “ვაი!”, ბავშვი ეუფლება სიცოცხლის მეორე წლის განმავლობაში, როცა მას უკვე ესმის ობიექტის მუდმივობა.
როგორ იგებენ ბავშვები გრამატიკული წესების არსებობას?
ინტერაქციონისტების აზრით, აქ გადამწყვეტი როლი ენიჭება გარემოს.
მშობლები ასწავლიან ბავშვებს ენის კანონზომიერებებს. მაგალითად, როცა მშობელი მიუთითებს ბავშვს ნახატზე და ეკითხება: – “რა არის ეს?”, “რა თქვა ძაღლმა?”. ეს აძლევს ბავშვს საშუალებას გაიგოს, რომ საგნებს აქვთ დასახელება და საუბარში არსებობს რიგითობა.
მრავალ კულტურაში მოზრდილები ჩვილ და პატარა ბავშვებთან საუბრისას ენის განსაკუთრებულ, მოზრდილთა მეტყველებისგან განსხვავებულ ფორმას იყენებენ. ეს არის ბავშვზე მიმართული მეტყველება. მოზრდილი საუბრობს ნელა, ემოციურად, იმეორებს სიტყვებს. ბავშვზე მიმართულ მეტყველება ეხმარება მათ ენის ათვისებაში, ვინაიდან მისი საშუალებით ბავშვები ინტერესდებიან და ყურადღებას აქცევენ იმას, რასაც მშობლები ეუბნებიან. გარდა ამისა, ასეთი მეტყველების ბგერითი პატერნი ხაზს უსვამს ემოციურ შინაარსს, რაც ხელს უწყობს ბავშვსა და მასზე მზრუნველ მოზრდილს შორის ემოციური კავშირის დამყარებას. შედეგის მიღწევას ისიც უწყობს ხელს, რომ მშობლები მეტყველებას, მოქმედებას უთავსებენ. მაგალითად, ასახელებენ ობიექტს და მას უწვდიან ბავშვს.
ამგვარად, მშობლები პატარებს აძლევენ შესაძლებლობას, ინტერმოდალური შედარებით მიხვდნენ სიტყვის მნიშვნელობას.
ასვე, გრამატიკულად არა სწორ მეტყველებაზე მშობლები პასუხობენ სწორი მეტყველებით. მაგალითად, თუ ბავშვი ამბობს: – “ძაღლი ჭამა”, მშობელი პასუხობს: –
“დიახ, ძაღლი ჭამს, ის მშიერია”.
მ. მელიქიშვილი