ოთარ ჭულუხაძე – ინტერნეტი და თავისუფლება
კაცობრიობის მრავალათასწლოვან ისტორიაში ალბათ, არც ერთ მოვლენას არ დაუსვამს ისე მწვავედ შეკითხვა თავისუფლების შესახებ, როგორც ამას დღეს ინტერნეტი ახერხებს. ინტერნეტი, ერთი მხრივ, თაობათა ოცნების განხორციელებად: ინფორმაციაზე წვდომის, სივრცე-დროითი შეზღუდულობის გადალახვის, გამოხატვის აქამდე არნახული თავისუფლების შესაძლებლობად წარმოგვიდგება, მაგრამ მეორეს მხრივ, ის ინდივიდუალისტური კულტურის პარადიგმას ემორჩილება და ადამიანის კულტურის ინდუსტრიის მარწუხებში მოქცევის წინაპირობადაც გვევლინება.
კითხვას – „რა არის საზოგადოებრივი თავისუფლება?“ დიალექტიკური ფილოსოფია ასე პასუხობს: საზოგოებრივი თავისუფლება არის ის, რაც ისტორიის მოცემულ მომენტში არ გაგვაჩნია. განვითარების, განვრცობის სურვილი, უკეთესის მოთხოვნილება ადამიანს არ აძლევს საშუალებას დაკმაყოფილდეს იმით, რაც აქვს. შესაბამისად, იგი მოცემულ სოციალურ თავისუფლებას არათავისუფლებად აფიქსირებს. სოციალური თავისუფლების შესახებ კითხვა მწვავედ დაესმება დღევანდელ, ინტერნეტ ეპოქას, სადაც „ნეგატიურ თავისუფლებასა“ („თავისუფლება -სგან“) და „პოზიტიურ თავისუფლებას“ („თავისუფლება -თვის“) შორის არსებული უფსკრული იზრდება. ეს არც არის გასაკვირი: დღევანდელი გლობალური საზოგადოების წყობა, თავისი „ღია ეკონომიკით“, მილიტარიზაციის არნახული დონით, ცხოვრების წინასწარ დაგეგმილი წესით, თვალთვალის ინტროეცირებული შიშით „ნეგატიურ თავისუფლებას“ მორჩილების ინსტრუმენტად აქცევს, რის საპირწონედაც მხოლოდ და მხოლოდ კაცობრიობის კრიტიკული ნაწილის ორგანიზებულობა და კოორდინაცია შეიძლება გამოდგეს.
რამდენად რეალურია ეს დღეს? მილიარდიანი ინდუსტრიები, რომლებიც ადამიანებს უვიცობისა და გათითოკაცების მორევში ამყოფებენ, ოპტიმიზმის საშუალებას არ იძლევა. ბატონობის მარადიული დევიზი – „Divide et Impera“, დღეს პროცენტის სიმბოლოთი რომ არის გამოხატული, როგორც არასდროს ისე მძლავრად მოქმედებს. იმ წარმოდგენის საბოლოოდ მსხვრევამ, თითქოსდა ე.წ ინდივიდუალურ თავისუფლებებს – იქნება ეს ნეგატიური თუ იმანენტური – შეეძლოთ მთლიანობის, ცუდი საზოგადოებრივი ტოტალობის შეცვლა, ნიჰილიზმის ცეცხლს ნავთი დაასხა და ამით მით უფრო დაგვარწმუნა, რომ ერთადერთი გამოსავალი ინდივიდის სულის სიღრმეში ნაპოვნი „ჭეშარიტებების“ (თუ ასეთს ის საერთოდ დაეძებს) გამოვლენისთვის კარგად ორგანიზებული საზოგადოებრივი აქტივობაა. ამის იმედისმომცემი მაგალითებია ისეთი მოძრაობები, როგორებიცაა Wikileaks და Anonymous. აგრეთვე, youtube-ზე გახშირებული ალტერნატიული მედია წყაროები. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, აქტივობები არაორგანიზებულობის, არაინფორმირებულობის თუ იდეოლოგიური მიმართულებების გამო, მხოლოდ და მხოლოდ აქტივობის იმიტაციას წარმოადგენენ და მოთხოვნად ცვალებადში ცვალებადის შეცვლას აყენებენ და არა ცვალებადში უცვლელის – ე.ი პრინციპის შეცვლას.
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რის გამოც თვისობრივი ცვლილების ბუნდოვანება ადამიანთა სულებს შხამად ედება არის მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი უფსკრულის დაფიქსირება. ეს კი, ინფორმაციის გამრავლების ფონზე, რეფლექსიის ცნების უძლურების ცნებასთან დაახლოებაში გამოიხატება. მაგალითად, მე იუთუბზე, სათანადო „დასერჩვით“ მივიღებ სასურელ ინფორმაციას, მაგრამ ამავე დროს, ინტერნეტში იოლად მიგნებული, „ბრძნული და ემანსიპატორული“ პოტენციალის მქონე ტექსტების კითხვით უფრო ვრწმუნდები „გლობალური სოფელის“ ინკორპორირებად, ასიმილირებად ბუნებაში, რომელიც ადამიანს, განურჩევლად რეფლექსიის დონისა, წინასწარგანსაზღვრულ როლს და წინასწარშემოფარგლულ ფუნქციას ანიჭებს. ამ როლის მორგება იმ ორაზროვანი დამოკიდებულების გააზრებაში მდგომარეობს, რაც ინდივიდუალურ (ნეგატიურ თუ იმანენტურ) თავისუფლებებსა და საზოგადოების პოლიტ-ეკონომიკურ ტოტალობას შორის არსებობს: ერთი მხრივ, ტოტალობა ინდივიდუალურ თავისუფლებას უძლურების წყაროდ აქცევს, ხოლო მეორე მხრივ კი, ინარჩუნებს მასთან ჰარმონიულად თანაარსებობის სრულ, იდილიურ შესაძლებლობას. ამ ორაზროვან დამოკიდებულებას კარგად ასახავს თანამედროვე ინდოელი ბრძენკაცის პასუხი საკუთარი დღის განრიგით უკმაყოფილო ინდოელი ბანკირის კითხვაზე: დილით რვა საათზე ვდგები, ბავშები ბაღში მიმყავს, შემდეგ მთელ დღე ბანკში ვარ და სახლში დაქანცული გვიან ვბრუნდები. იოგით როდისღა დავკავდეო? ბრძენკაცის პასუხი ფრიად ირონიული აღმოჩნდა: შენ ყველაფერს ახერხებ, გარდა იმისა, საკუთარ თავს დრო რომ დაუთმოო. დროის დათმობა კი რეფლექსიის და საკუთარ თავში სულიერი ჩაძიების არსებულ პოლიტ-ეკონომიკური ტოტალობის ადაპტირების მოთხოვნას გულისხმობს. ანუ, მჭვრეტელობითი აქტივობები აუცილებლად უნდა ჩაისვას დღის თავსმოხვეულ რიტმში. ბრძენკაცის უკეთესი პასუხი შეიძლება ასეთი ყოფილიყო: შენ არ გსიამოვნებს სამუშაო დღის განრიგი და თავსმოხვეული ცხოვრების რიტმი და საკუთარ თავში ჩაძიება შენი სულის გახევებულობის გამო მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდაო. სულში ჩაძიება, სამყაროსთან იგივეობის დადგენა, რომლებიც ინდივიდუალური ძალისხმევით და ინტერნეტში იოლად ხელმისაწვდომი მასალის მეშვეობით არავერბალური გამოცდილების წახალისებით მიიღწევა, ინდივიდუალისტური ეთოსის განურჩევლობითაა ხელდასმული; ამდენადაცაა, ეს უკანასკნელი „სულის სიღრმეში ნაპოვნ ჭეშმარიტებას“ ირონიულ ელფერს რომ გვრის. „ვისაც რას უნდა ის თქვას, ეკონომიკა მაინც თავისას გააკეთებს“ – დევიზით მართულ საზოგადოებაში, იმანენტური თავისუფლება, სოციალური უძლურების გაცნობიერების წინაპირობაა. ეს ფაქტი კი კვლავ და კვლავ ადგენს იმ ვითარებას, ცნობიერების მიერ მიგნებული „ჭეშმარიტებების“ ყოფიერებაში გადატანა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების კრიტიკული ნაწილის აქტივობით რომ არის შესაძლებელი. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ფილოსოფოსთათვის, ხელოვანთათვის თუ ინტელექტუალთათვის, „კალმით ბრძოლა“ მართალია, ინარჩუნებს თავის ძალას ინფორმაციული ომისთვის, მაგრამ ეს ომიც სიმულაციად იქცევა საზოგადოებრივი წყობის ცვლილებების მოთხოვნის გარეშე. „კალმით ბრძოლაც“ – რეფლექსიისა და მჭვრეტელობის ეს საზოგადოებრივი გამოვლინებაც – ინტერნეტ-გამჭვირვალობის ფონზე, უძლურობის დამდგენია თუ მას კაცობრიობის კრიტიკული ნაწილის აქტიური ჩართულობა არ მოჰყვა.
დღევანდელი „ინკორპორირებული ერთობის“ გლობალურ საზოგადოებაში უმთავრეს პრობლემად შეიძლება ის სარტყელი მივიჩნიოთ, ინდივიდუალისტურმა ეთოსმა ადამიანის ფსიქეს რომ შემოავლო და რომლის მიღმაც ამ ეთოსის გამომწვევი იდეოლოგიისთვის სულ ერთია, სამყაროსთან გაერთიანების მისტიკური პროცესები მიმდინარეობს თუ კაზინოში დაკარგული დოლარებით გამოწვეული ემოციური რყევები. ეს სულერთიობა კი ეკონომიკური ტოტალობის სიმყარით და მისკენ ხელის არ გაშვერით არის გამოწვეული. ამას კი, სხვებს შორის, ხელს უწყობს გლობალური იდეოლოგიის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა სატყუარები, რომელიც სატყუარას წამოგებული ჯგუფების ინტერნეტ-ორგანიზებულობის ფონზე, ჯგუფის წევრების რეფლექსიას ახშობს. ქართული საზოგადოების უახლეს რეალობაში ამ სატყუარად ჰომოსექსუალთა კონსტიტუციური დაგმობა შეგვიძლია მივიჩნიოთ, რითაც საზოგადოება ამ შემთხვევაში იმ ანკესზე ეგება, რაც გლობალიზმის მიერ ფრონტის სიმულაციური ხაზების გახსნაში და ადამიანთა დაჯგუფებების ამ ხაზისკენ ყურადღების გადატანაში მდგომარეობს. ჩვენ გვიხარია, რომ ჰომოსექსუალების ქორწინებას კონსტიტუციური უზენაესობით დავგმობთ და დავიცავთ ჩვენს იდენტობას. სინამდვილეში კი იმ ანკესს კიდევ ერთხელ წამოვეგებით, რასაც გლობალური იდეოლოგია ეკონომიკური პრობლემატიკიდან ყურადღების ჯგუფური, იდენტობების საფრთხის არსებობაზე გადატანაში ადგენს. ამას კი ინტერნეტი, ინფორმაციის სწრაფი გავრცელებით, ხელს უწყობს და კონკრეტულ საზოგადოებრივ დინებაში ჩართულებს უხშობს რეფლექსიის, თვითდაკვირვების და „ფართო სურათის“ დანახვის უნარს.
„ფართო სურათის“ დამნახავთა მიერ კაცობრიობისთვის აქამდე დადგენილი ერთ-ერთი კეთილშობილი ალტერნატივა ქრისტიანული – „ერთი ნაპოვნი ცხვარით ცათა სასუფევლის გახარება“ იყო. ამ კეთილშობილი ეთიკური სენტენციის მიღება და ყოფიერების უდაბნოში მარადიული ოაზისით როლის დაკმაყოფილება ღია საზოგადოებაში, ბოროტების გამჭვირვალობის ფონზე, თანდათანობით კარგავს აზრს და მხოლოდ ადამიანთა ირონიის გამაძლიერებლად შეიძლება იქცეს. შეგვიძლია, პოპულარული ფრაზა გლობალურ სამყაროს მივუყენოთ და ვთქვათ, რომ „გლობალური შუა უნდა გაიკრიფოს“. გავლენის არმქონე ოაზისი და მისი პასიურობა, „ერთი ნაპოვნ ცხვართა ერთობის“ ისტორიული უძლურება, ღია საზოგადოებაში შუა გზის არარსებობად ფიქსირდება. ოაზისის კლებადი ფუნქციური დატვირთვა გლობალური ტოტალობისთვის არა მხოლოდ სოციალური უძლურების გამომხატველია, არამედ ის ეკონომიკურ სფეროზეც შეიძლება გავრცელდეს. „განათებული“ ინდივიდის ტოტალობასთან წინასწარი ადაპტაცია შეიძლება ერთი კონკრეტული მაგალითით გამოვხატოთ: ვთქვათ, მე არ მსიამოვნებს რომელიმე კონსუმერული პროდუქტის მოხმარება, რომელშიც უამრავი შხამ-ქიმიკატია და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის; მე უარს ვამბობ მის ყიდვაზე და სანაცვლოდ რომელიმე ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს ქუჩის კუთხეში მოხუცი გამყიდველისგან შევიძენ. ამ აქტით ვერაფერს ვაკლებ ინდუსტრიას, რადგან მილიარდობით ადამიანი განაგრძობს კონსუმერული შხამის მოხმარებას. შესაბამისად, მე, როგორც პერიფერიაზე მყოფი ეკოლოგიურად სუფთა, შეგნებული „ერთი ნაპოვნი ცხვარი“ და ცენტში მყოფი გლობალისტური ეკონომიკა, სისტემაში ჩამონტაჟებული, წინასწარ დეტერმინირებული ალგორითმების მეშვეობით მშვიდობიანად განვაგრძობთ თანაარსებობას, – რეპრესიული ტოლერანტობის მარადიული კვლავწარმოების რეჟიმში. ინდივიდუალისტური სარტყელის ინტერნეტ-თავისუფლებებთან შერწყმა ინტელექტუალთა დონეზე ვლინდება, როგორც ოპოზიციის მანტიის იოლად მორგებადობა, სიტყვის თავისუფლების უძლურებით რომ არის ნაკურთხი. ხოლო კომპიუტერის ეკრანთან მჯდომი რიგითი დედამიწელის შემთხვევაში იმით სიხარულით, რომ მორიგი ტერორისტულ აქტი მას არ შეეხო. ქსელური დაჯგუფებები, რომელსაც „რიგითი დედამიწელი“ ეკუთვნის ხშირ შემთხვევაში, თვითორგანიზებასთან ერთად თვითიზოლაციის საშუალებასაც წარმოადგენენ. ჰერბერტ მარკუზეს ზემოთხსენებული ტერმინი – „რეპრესიული ტოლერანტობა“ ინტერნეტში სრული დიდებით „ლაიქებისა“ და „დაშეარებების“ სწრაფ გენერირებაში ვლინდება…
მარკუზე თავის წიგნს „ერთგანზომილებიანი ადამიანი“ ასრულებს ვალტერ ბენიამინის ფრაზით: „Nur um der Hoffnungslosen willen ist uns die Hoffnung gegeben. („მხოლოდ იმედდაკარგულთა ხარჯზე მოგვეცემა იმედი“.) შეგვიძლია ვთქვათ, იმედდაკარგულთა ერთობა დღეს გლობალიზმის მსხვერპლთა ერთობაა, რომელსაც კაცობრიობის ნებისმიერი მიღწევა საკუთარი ეკონომიკური უძლურების და უმომავლობის გამო, გულზე შხამად ედება და წინასწარდაგეგმილი ცხოვრების რიტმს ინტერნეტ-ავტომატიზმამდე დაყვანილ აქტივობად ასახავს.
გვაქვს იმედი?
წყარო: http://european.ge/interneti-da-tavisufleba-otar-tchulukhadze/
Copyright © European.ge