ფუტურისტული ჯიხური OnMed ექიმთან ვიზიტებს ჩაანაცვლებს
სამედიცინო ონლაინ-კონსულტაციები ნელ-ნელა ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. თუმცა ამგვარი რამ მხოლოდ შუალედური რგოლია მკურნალობის პროცესში, რადგანაც მხოლოდ საუბარი ან ტექსტური შეტყობინება არასაკმარისია. ექიმის ქმედებების ეფექტის გასაძლიერებლად შეიქმნა ახალი სადგური OnMed, რომელიც აღჭურვილია HD-კამერებითა და სხვადასხვა სენსორებით და შეუძლია მედიკამენტების გაცემა ექიმის დანიშნულების მიხედვით.
OnMed – ეს არის მცირე ზომის სადგური-ჯიხური, სადაც ადამიანებს შეეძლებათ დისტანციურად იკონტაქტონ ექიმებთან. ვიდეო და აუდიო მოწყობილობების მეშვეობით გარეგანი დათვალიერების შედეგად ექიმი იღებს ინფორმაციას პაციენტის ძირითადი ფიზიკური პარამეტრების შესახებ. ესენია: ასაკი, წონა, სხეულის მასის ინდექსი, არტერიული წნევა და ა.შ. „ჯიხური“ აგრეთვე ქმნის სითბურ გამოსახულებას, სადაც აისახება სხეულის ტემპერატურა და ხდება ორგანიზმში ინფექციების დიაგნოსტირება.
კონსულტაციების დასრულების შემდეგ OnMed გასცემს საჭირო მედიკამენტებს საკუთარი მარაგიდან, სადაც შედის ასობით ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოხმარებადი პრეპარატი. თუკი საჭირო საშუალება მარაგში არ არის, OnMed დაბეჭდავს რეცეპტს უახლოესი აფთიაქისთვის. სხვათა შორის, ჯიხურის რეზერვში ნარკოტიკული ნივთიერებებიცაა, რომლებიც სპეციალურ, უსაფრთხო ავტომატიზირებულ საცავში ინახება.
OnMed-ში სეანსის მსვლელობისას გულმოდგინედაა დაცული კონფიდენციალურობა: სალონი საიმედოდაა დახურული და მიუწვდომელია გარე თვალისგან. აბონენტის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება 3D სისტემა სახის ამოსაცნობად. როგორც მწარმოებელი აცხადებს, კონსულტაცია დაახლოებით 15 წუთს გრძელდება.
OnMed ჯიხურები აშშ-ში მიმდინარე წელს გამოჩნდება. ისინი განთავსდება კოლეჯებში, მსხვილი კომპანიების ოფისებში, აეროპორტებსა და სასტუმროებში.