1
მემკვიდრეს უნდა გვიტოვებდეს მამრი თუ მდედრი,
კოკორმა უნდა მიიბაროს ვარდის მშვენება
და რადგან ყველას გზას მოუჭრის სიკვდილის ხვედრი,
შვილებში უნდა გრძელდებოდეს მშობლის ხსენება.
შენ კი გწადია, მარად შეგრჩეს სიტურფე თვალთა,
გსურს, შენივ ცეცხლით გამოკვებო დროის სახმილი,
გინდა ხრიოკეთს დააბერტყო სიუხვის კალთა
და, როგორც მტერმა, საკუთარ სულს ჩასცე მახვილი.
დღეს შენ ამშვენებ ამ სამყაროს, ვით ხატი ტაძარს,
ხარ წარმავალი გაზაფხულის ზღვა უნაპირო,
ხვალ კი ჩააცმევ შენს სიტურფეს ჟამთასვლის ძაძას
და სამარისკენ წარიტაცებ… ნაზო ნადირო.
იყავ მოწყალე და ნუ ელი ჟამთა აღვსებას,
ნუ აჭმევ მიწას წუთისოფლის კუთვნილ არსებას.
2
ორმოცი ზამთრის ტყვეობაში რომ ჩავარდები,
შენს შუბლს ორმოცი ნაოჭი რომ დათხრის, დაღარავს,
რომ გადაფარავს შენს ყვავილნარს ეკალ-ბარდები
და არ მოხიბლავს აღარავის… არსად… არღარას,
მაშინ გკითხავენ – “ის მშვენება სად გადამალე,
საით გაქრაო საგანძური ყმაწვილურ ფერთა?”
იტყვი – “თვალების სიღრმეებში დავასამარე!…”
და ეს მოიტანს გაუგონარ დაცინვას შენთან.
შენს სილამაზეს მიეგება მეტი ღირსება,
თქმა რომ შეგეძლოს – “ეს არსება შვილია ჩემი,
მას გადაეცა ყველა ჩემი ზნე და თვისება,
იგია ჩემთვის სიბერის ჟამს ნუგეშისმცემი”.
შენ ცივ ზამთრებში, სიბერისკენ გადარხეულში,
შვილს იხილავ და კვლავაც სითბოს იგრძნობ სხეულში.
3
შეხედე სარკეს და უთხარი შენსავ ორეულს,
რომ დროა, ქვეყნად მისი მსგავსი იშვას არსება,
რომ ამ სამყაროს, დედობრივად გრძნობამორეულს,
მარად შეეძლოს განახლება და დამსგავსება.
თანამეცხედრედ ნუთუ ვერსად ვერ ხედავ ვერცერთს,
ყამირ მიწაზე ნუთუ არ გსურს გაჭრა სავალი,
ან ეგებ გიჯობს, ეგ სხეული სამარედ გექცეს
და ჩაკლა მასში არშობილი შთამომავალი.
შენ შენი დედის სარკე ხარ და ის შენში ხედავს
ჟამთა წიაღში გადაპენტილ თავის აპრილებს,
მაშ, შენც ჩახედე შვილის სარკეს, სანამ შენს ცხედარს
დრო არყოფნაში გარიყავს და გაინაპირებს.
და თუ მეწყვილედ კვლავაც არვინ გაგეტოლება,
ისე მოკვდები, მომგონიც კი არ გეყოლება.
4
ასე გულუხვად ნაბოძები შენი მშვენება,
ნუთუ გგონია – გასაფლანგი საგანძურია?
ბუნებას მისი მონიჭება სესხად ენება
და ვალის უკან დაბრუნებაც უხვად სწყურია.
ასეთ სიტურფეს, ასე ხარბად ნაზიარები,
მარტო რომ იხმარ, ნუთუ არ გსურს, სხვაც აზიარო?
ნუთუ ცხოვრებას დაუგმანო უნდა კარები
და ქვეყნად, კი არ იარსებო, გზად ჩაიარო?
სილამაზესთან ჭიდილში რომ იღვრები ოფლად,
რომ მოგეძალა საკუთარი თავის ცდუნება,
ნუთუ არ ნაღვლობ, რას დატოვებ ამწუთისოფლად,
როს ანგარიშთა გასწორებას მოგთხოვს ბუნება?
თუ სამომავლო არ ისურვე დროთა შენება,
დაიმარხება შენთან ერთად შენი მშვენება.
5
დრო აქანდაკებს წუთისოფლის სანახაობებს,
დრო ქმნის სიცოცხლეს, ვით სჩვევია ნატიფ ხელოვანს,
მერე თავს ესხმის თავისსავე შექმნილ რაობებს
და გზად ახვედრებს სისასტიკეს მრავალფეროვანს.
დროის საშოში ნაალერსებ ლამაზ მაისებს
დროის საფლავში დეკემბერი ჩაენაცვლება,
მკვდარი სიტურფით ჟამთასრბოლა უბეს აივსებს,
გაუსაძლისი მჭმუნვარება საზღვარს გასცდება
და მხოლოდ ბროლის თხელ კედლებში გამოკეტილი
ნაზი ვარდების სურნელება სუნამოისა
დარჩება ხსოვნად, რომ დრო-ჟამი იდგა კეთილი
და რომ დროებით ნაშენები დროით მოისრა.
დაე, სიკვდილი იყოს სენი განუკურნელი,
ბროლის კედლებში დარჩეს ოღონდ ვარდის სურნელი.
6
ნუ მისცემ ზამთარს შენს ბაღნარში შემოსვლის ნებას,
სანამ გაზაფხულს ვარდები არ აჰყვავებია,
სანამ საგანძურს გამიზნულს არ მიუჩენ დებას,
სანამ მომავალს გზა-სავალი არ დასწყებია.
ვით სადმე ვინმე მევახშეა, რომ გასცემს სესხად
თავის სიმდიდრეს, მოგებას რომ უხვად ეწიოს,
შენი სიცოცხლე გასესხებით მიეცი შენც სხვას,
რომ სარგებელი ერთი ათად უკან გეწვიოს,
რომ ათჯერ უფრო ბედნიერი და ღირსეული
ათი მემკვიდრით შეედარო საწუთროს გამჩენს,
რომ შენ სიკვდილმა გამოგტაცოს მხოლოდ სხეული
და შენს შვილებში ათჯერ მეტი სახელი დაგრჩეს.
…და თუ არავის უწილადე სიტურფის მადლი,
შვილის სანაცვლოდ გეყოლება სამარის მატლი.
7
აგერ, მნათობმა გაახილა ზეცაში თვალი,
ამოაფრქვია აღმოსავლეთს სხივთა მძივები,
მერე თვისსავე სინათლეში მოხატა კვალი,
საწუთროს თაღზე სიდიადით ნალივლივები.
მერე შუადღის დაბრძენებით დამშვენებულმა,
ვეღარ მოირგო ყმაწვილური ვნება-სურვილი
და, ვით მოკვდავმა, სილაღეში თავაშვებულმა,
კვლავაც განაგრძო გზა-სავალი ოქროცურვილი.
მერე დაეშვა… ვეღარც ყელი მოიღერა და
გარდუვალობას ვეღარც ასცდა ბნელი ქაოსის,
სადღაც მიღმიერ სამყაროსკენ ტყორცნა მზერა და
ვეღარაფერი მოიტოვა სააქაოსთვის.
შენც, ვით მნათობმა, არ მიანდო გზას სიმარტოვე
და სიკვდილამდე ერთი შვილი მაინც დატოვე.
12
როდესაც ვუსმენ, როგორ მითვლის საათი წამებს,
როდესაც ვნაღვლობ საცოდავად დამჭკნარ იაზე,
როდესაც ვხედავ განთიადით გამაძღარ ღამეს,
ან ვფიქრობ მავან ერთდროს გიშრის ნაწნავიანზე,
როდესაც ირგვლივ უფოთლებო მოჩანს ხეები,
რომელთა ჩრდილში ერთდროს ფარებს ჰქონდათ ბინები,
როდესაც ზაფხულს დასწრეტია სიუხვეები
და გზას ადგანან წარმავლობის ბალდახინები,
მე სწორედ მაშინ მახსენდება შენი მშვენება,
მაშინღა ვხვდები, რომ სიცოცხლე მხოლოდ ბანგია,
შენს სიყმაწვილეს რომ დროებით მოსვლა ენება
და წუთისოფლის ბილიკებზე გასაფლანგია.
და რადგან არვის შეიბრალებს სიკვდილს ცელი,
დატოვე შვილი, როგორც ხსოვნის ერთგული მცველი.
16
რად არ გწადია, შეებრძლო სისხლიან ტირანს,
ჟამთასრბოლაში მეუფებით თავს რომ იწონებს?
იქნებ გგონია, მარადიულს მოგიჩენს ბინას
და ამ ლექსივით ხელს მოწყალედ გამოგიწოდებს?
იქნებ გწადია, სიჭაბუკის შეგრჩეს სიმდიდრე,
იქნებ იმ ბაღში შესვლის ფიქრიც არ გეკარება,
რაიც მომავლით მოგიმრავლებს საგანძურს, ვიდრე
მოსპობს შენს კალმითნახატობას ცრუ ნეტარება.
ვიდრე დრო-ჟამით ნაქანდაკარ სიკვდილს ვეწევით,
ვიდრემდე ებრძვის მის საჭრეთელს ჩემი კალამი,
ადამის შვილთა მოდგმის წიაღ მადლის შეწევნით
გზა გაიკვალე სიცოცხლისკენ გასაკვალავი.
სხვას უწილადე, რაც გაქვს კარგი ამ გზა-სავალში
და შენც იცოცხლებ შენს მშვენიერ შთამომავალში!
21
ვერ შევედრები გულუხვობით მე იმ პოეტებს,
ვინც კალმით ნახატ წუთისოფელს რითმებში ხატავს
და ცისქვეშეთში მიმოფანტულ მიეთ-მოეთებს
თავს უყრის ლექსში და გულისსწორს საჩუქრად ატანს.
ვერ შევედრები იმ პოეტებს, რომელთ სწადიათ
ლექსი მოკაზმონ მზის და მთვარის ნაზი სხივებით,
რომელნიც სატრფოს გადაპენტილ აპრილს ადრიან
და ტატნობს ფეხქვეშ რომ უგებენ დალივლივებით.
ვერ შევედრები, რადგან ლექსი მხოლოდ ლექსია,
რადგან ჩემს ტრფობას ძალას მატებს მხოლოდ სიმართლე,
რადგან ვერ შევძელ სანთლის შუქი მთვარედ მექცია,
რადგან ჩემს სატრფოს მზეზე მეტი არ აქვს სინათლე.
სხვებმა გამართონ, დაე, სიტყვით ვაჭრობა დიდი,
მე ჩემს სიყვარულს არც ვასხვისებ და არცა ვყიდი!
23
როგორც მსახიობს, მეტისმეტი თამაშით გართულს,
სიტყვა და აზრი ავიწყდება ხშირად სცენაზე,
ანდა ავყიას, ბილწსიტყვობის მორევში ჩანთქმულს,
ზედმეტი ლანძღვა შეაშრება ზოგჯერ ენაზე.
მეც ეს დამმართა მეტისმეტმა ვნებათა კრთომამ,
მეც გამიმრუდდა სატრფიალო შნო და უნარი,
და რად გიკვირს, რომ დავმუნჯდი და დავდუმდი, რომ ამ
ზედმეტ სიყვარულს ზნე დააჩნდა დასაწუნარი.
მიტომაც ვსწავლობ გამოხედვით შენთან საუბარს,
ამეტყველება ჩემმა მკერდმაც მიტომ ინება,
როცა სიყვარულს კაეშანი ენას დაუბამს,
სავედრებელი, ენის ნაცვლად, თვალს ეფინება.
მე მხოლოდ მზერით შემიძლია გრძნობის გამხელა,
ესღა შემომრჩა სიყვარულის გამომსახველად.
25
დაე, ზოგისთვის ვარსკვლავეთი იყოს მოწყალე,
ზოგის პატივით რეკდნენ, დაე, ქვეყნად ზარები!…
მე ბედისწერას ღიმილიც კი ვერ გამოვძალე
და სიყვარულის იმედადღა დავიარები.
ბედის ნებიერს ყველა უქებს ზნეს და თვისებას,
მისთვის ნათდება მზისქვეშეთის თვალსაწიერი,
მაგრამ განგება არ დაგიდევს არვის ღირსებას
და ამაღლებულს დაბლა დასცემს… მიწყივ ცბიერი!
თუნდ ის სარდალი, ვაჟკაცობით ყველგან ქებული,
ვისაც არვინ ჰყავს ქარცეცხლიან ომში ბადალი,
განა სულ მალე არ იქნება დავიწყებული,
ოდეს მის სახელს მოშორდება სიტყვა “სარდალი”?!
ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება –
მიყვარს!… ვუყვარვარ!… და ეს არის ბედნიერება!
26
შენმა სიკეთემ მონობის ხვედრს რაც მაზიარა,
შენთვისღა ვცოცხლობ, სიყვარულის დიდო ბატონო,
და ამ წერილშიც შენს გულისთქმას, სიბრძნით კი არა,
მსურს ღირსეული მოკრძალებით დავეპატრონო.
მინდა დიდ პატივს მოვადევნო თხოვნა მცირედი,
მსურს მოციქულად გამოგზავნილ შიშველ სტრიქონებს
შენ მოევლინო მფარველად და მქონდეს იმედი,
რომ ტრფობის სამოსს დრო მათთვისაც გამოიგონებს.
ან ეგებ გავხდე ვარსკვლავეთის სამოწყალო და
ეგებ განგებამ განმარიდოს ავი ზრახვები,
ეგებ ჩემს ღატაკ სიყვარულსაც დახვდეს წყალობა,
ბედნიერებით მოსილი რომ დაგენახვები…
და მაშინ გეტყვი, რომ მიყვარხარ! თუმცა მანამდე
სჯობს არ მნახო და დავრჩე შენთვის გამოცანადვე.
30
მარტოობისას როცა ვუხმობ იდუმალ ფიქრებს,
რომ მახსენდება სატკივართა ზღვა და ხმელეთი,
მოგონებათა ბნელ მორევში კვლავ ძალას იკრებს
გარდასულ დღეთა სევდიანი ელეთ-მელეთი.
და კვლავ დავტირი უცრემლობას ჩვეული თვალით
ერთგულ მეგობარს, აწ ჩაკარგულს ბნელ სამარეში,
კვლავ ვეძებ წარსულს სიყვარულის გზნებით და ალით
ხსოვნა-არხსოვნის სამყაროთა არემარეში.
და კვლავ ნელინელ მმატებს ცოდვას ნაცოდვილარი,
კვლავ მეძალება ნაფიქრალის ფიქრად შექცევა,
იმის გამგები ამქვეყნად კი არავინ არი,
რომ გადახდილი გადასახდელ ვალად მექცევა.
მაგრამ როგორც კი, ჩემო კარგო, შენ მაგონდები,
წარსულის ყველა მწუხარებას ერთად ვშორდები.
35
ნურას ინაღვლებ, თუ შენს წარსულს აუგი გასდევს,
მზის შემყურეს ხომ ზოგჯერ შავი ლაქაც დახვდება,
ვარდიც ხომ ეკლებს ვერ იშორებს, ვერც წყარო – ხავსებს,
კოკორს კი გულში ზოგჯერ მატლი ჩაუსახლდება.
ან ეგებ ვცდები და შემყრია მლიქვნელთა სენი,
ეგებ შენს აუგს პატიება ფუჭად რგებია.
ეგებ სხვებივით მეც მეხოტბე შევიქენ შენი
და დიდი ცოდვა მცირე ნაკლად მომჩვენებია?!
შენს დასაცავად მე ვექილის ხელობას ვსწავლობ,
მაგრამ გიყურებ ბრალმდებელის მდუმარე წყრომით
და ჩემს ცხოვრებას ხან ვაწამებ და ზოგჯერ ვწყალობ
სიყვარულის და სიძულვილის სასტიკი ომით.
შენ ჩემი ძარცვით დაიმკვიდრე ქვეყნად სახელი
და მეც გამხადე ჩემივ ძარცვის თანამზრახველი.
36
გამოგიტყდები – თუმცა გვეთქმის მე და შენ წყვილი,
თუმცა ორივეს სიყვარული ერთად გვეწვია,
ჩვენს ტრფობას ჩემი საძრახისი დააჩნდა წვლილი,
ჩემი აუგი მას უშენოდ შემოეწია.
ჩვენს ორ გრძნობაში ერთი ტრფობის სხივი ციაგებს,
თუმცა ცალ-ცალკე მრუმე ცოდვის გვიწევს მხილება,
რაც ჩვენს სიყვარულს საზიანოს ვერას მიაგებს,
მაგრამ დროდადრო მისგან მაინც მზე ეჩრდილება.
მიტომაც არ მსურს, აგედევნოს სირცხვილი კვალში
და ჩვენი ტრფობა გადეშალოს ყველას მარაოდ,
მიტომაც ვითხზავ შენს ნახვაზე სიძულვილს თვალში,
შენ კი ღიმილსაც ვერ იმეტებ სააშკარაოდ.
დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.
37
როგორც მოხუცი მამა უმზერს ძესა თუ ასულს,
რომელთა გზნება სიყმაწვილით ტკბობას ხმარდება,
მეც, ბედისწერის სამსჯავროზე კოჭლობით გასულს,
შენი სიკეთის დანახვაღა გამიხარდება.
მთელ შენს ღირსებას, მთელ სიტურფეს და სათნოებას,
ან თუნდაც ნაწილს, თუნდ ცხადლივ და თუნდაც ფარულად,
ასე მგონია, მიტომ სტაცებ ამაოებას,
რომ გარდაიქმნას მაცოცხლებელ ჩემს სიყვარულად.
რომ შენი ჩრდილიც მანათებდეს ცისკრის მზესავით,
რომ აღარ ვდევდე წუთისოფლის ბილიკს საპყარი,
რომ შთაგონება მოვიძიო მაცდურ მზერაშიც,
თუნდ სულ მცირედში, სამოწყალოდ რაც მომაპყარი.
შენზე უკეთესს რადგან ქვეყნად ვერავის ვხედავ,
ბედნიერების დაუფლებას ათმაგად ვბედავ.
38
მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ,
სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს,
უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ
და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.
ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა,
შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?!
მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა,
შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.
შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება,
შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით…
თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება,
მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.
სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება,
მე ცოდვად მექცეს, ოღონდ გერქვას შენ შთაგონება!
40
მთელ ჩემს სიყვარულს შენ გიბრუნებ, შენ დაგიბრუნებ
ყველაფერს, რასაც თავად ფლობდი, როგორც მეუფე;
ჩემში გრძნობათა ნაკვალევს თუ სადმე იგულებ,
შენ დაგიბრუნებ!… მთელ შენს კუთვნილს შენ დაეუფლე!
თუ ჩემს სიყვარულს შეითვისებს შენი ბუნება,
თუ ჩემს გაძარცვას ვეღარასგზით გვერდს ვერ აუვლი,
ჩემგან განცდილით გამდიდრების თუ გაქვს ცდუნება,
დაე, ეს იყოს მთელი შენი დანაშაული.
მიჯობს, მაცდური სათნოების მერქვას მონა და
ჩემს უკაცრიელ გულში წყენა ვერვინ დატიოს,
დაე, სიყვარულს გადაბრალდეს ცოდვის ქონა და
შენ გეპატიოს ყველაფერი, შენ გეპატიოს!
თუ კვლავ გწადია ჩემს ტკივილში ეძიო ტკბობა,
ის მიჯობს მომკლა, ვიდრე ჩვენში მეფობდეს მტრობა!
43
თვალებს დავხუჭავ, რადგან ვიცი, ფუჭად ვირჯები,
შენს ძებნაში რომ ვეურჩები დროის დინებას,
ჩემს წუთისოფელს სიზმარეთში გავემიჯნები
და იქ ვიხილავ მაგ მშვენების ამობრწყინებას.
იქ შენი ჩრდილიც დამიჩრდილავს ღამეულ ხილვას,
იქაც დამხვდება მე ეს ნატვრა სააქაოსი,
რომ დაემგზავრო სიზმრებიდან მოვლენილ დილას
და სამზეოშიც დამიამო ვნების ქაოსი!
რომ ჩემთვის იყო მაცოცხლებელ სხივთა მხლებელი,
რომ დღის სინათლეს დაემადლო დიდი პატივით,
რომ მიცვალებულ ზმანებათა საბრძანებელი
აღარ მიხმობდეს საპაემნოდ ანდამატივით.
ნეტავი ღამეს დილის ვალი აღარ ეხადოს
და შენი სახე მზისქვეშეთშიც გამომეცხადოს.
47
ჩემს გულს და თვალებს კავშირი აქვთ თურმე ფარული,
მოყვარესავით სწყალობს ერთი თურმე მეორეს;
როცა გულს ძლიერ შეაწუხებს ზღვა სიყვარული
და როცა თვალი ამას მზერით გაიმეორებს,
მაშინ შენს ერთგულ მაყურებლად იქცევა თვალი
და გულსაც უხმობს, ვით მსახიობს, დაგხვდეს სცენაზე,
გულსაც სწადია დაუბრუნოს მოყვარეს ვალი
და თვალს მასპინძლობს ოცნებების გამოფენაზე.
და რადგან ასე ყოველ დილით კვლავ მეორდება,
თვალი იმ ტკივილს რომ ანელებს, გულს რომ ვნებია,
მათი წყალობით შენზე ფიქრი მეც არ მშორდება
და მივდევ იმ ფიქრს, შენ რომ კვალში აგდევნებია.
როცა თვალს სძინავს და გულსაც რომ ედება რული,
მარტონი ვრჩებით მე და შენ და ზღვა სიყვარული.
48
ბევრს გადავყრივარ წუთისოფლად ბოროტის მზრახველს,
ვიცნობ მათს მოდგმას და მტაცებლურ ზნეს და ხასიათს,
მიტომაც გზაზე როცა გავალ, ვუმალავ მნახველს
ჩემთვის საყვარელ ძვირფას ნივთს, თუ იაფფასიანს.
მაგრამ შენ საით გადაგმალო, ჩემო საუნჯე,
არ ვიცი, როგორ გაგარიდო ქურდს და უკეთურს?
ჩემო სიმდიდრე, ამ მტაცებლებს რომ გადაურჩე,
რომელ სიფრთხილეს დავეძალო განსაკუთრებულს?
ჩემს ცარიელ გულს თავშესაფრად მიტომ გთავაზობ,
სადაც ვერავის შეეძლება შენი მხილება,
სადაც შენს ყოფნას თვით ინებებ, ჩემო ლამაზო,
და არყოფნაშიც აღარავინ შეგეცილება.
მაგრამ, ვაითუ, გამოიგნონ ჩემს გულთან კვალი
და მტაცებლებმა შენც და გულსაც დაადგან თვალი?!
49
ის დროც დადგება, – თუკი იმ დროს დადგომა ეთქმის,
როცა ყოველი ჩემი ნაკლი თვალში გეცემა,
როცა სიკეთეს მოიმრავლებ მარტოდენ შენთვის
და სიყვარული მოგონებებს გადაეცემა.
ის დროც დადგება, როცა გზაზე ერთად ჩავივლით
და შენს მზერაში მზის სხივები აღარ გაკრთება,
როცა წამიერ შემომხედავ, ჩემზედ მწყრალივით,
და მთელი სახე გულგრილობით დაგენაკვთება.
ის დროც დადგება, განვიკითხავ საკუთარ ცოდვებს,
წარმავალობის სინანული გაათკეცდება
და ჩვენს სიყვარულს საძრახისი თუკი რამ მოსდევს
მე დამრჩება და შენს გაკიცხვას არვინ ეცდება.
…და თუ არჩიე ტრფობის უღელს თავისუფლება,
კვლავ რომ მიყვარდე, არ მექნება ამის უფლება.
55
ჩემს ლექსებს მკვიდრი აგებით და ამოშენებით
ვერ შეედრება ვერრა ძეგლი და მარმარილო,
რადგან ეს ლექსი გავალაღე შენი მშვენებით,
მარადისობის წარუშლელო ფერუმარილო.
სრაც და სასახლეც, გვერდიგვერდ რომ ამაყად დგანან,
ხვალ დაიქცევა ჟამთასრბოლის შეხლა-შემოხლით,
ჩვენს სიყვარულს კი აღსასრული არ ელის, რადგან
ძეგლად კი არა, ჩვენ ერთმანეთს ლექსად შემოვხვდით.
შენ თვით სიკვდილსაც შეულახავ აზრს და რაობას,
ბოროტების გზას განირიდებს დროის დინება,
ლექსით მოავლენ შენს სიკეთეს მრავალ თაობას,
სანამ საწუთროს განკითხვის დღე მოევლინება.
შენ რადგან ერთხელ შემოაღე ლექსის კარები,
სულ აქ დარჩები და მარადის აქ მეყვარები.
56
განახლდი, ტკბილო სიყვარულო, რომ არვის ეთქვას –
დღეს ძველებურად ვეღარ ჭრისო მისი მახვილი,
დღეს ჩემი გული გამაძღარი გრძნობით თუ ფეთქავს,
ხვალ დამშეული გამაგონოს გამოძახილი.
კვლავ ის იყავი, სიყვარულო, რაც მუდამ იყავ,
კვლავ გაშმაგება დააფინე მწყურვალ თვალებზე,
საწუთროს ზღვიდან სულს მანამდე ნუ გამორიყავ,
სანამ ლამაზ დარს არ იხილავ ნაავდრალებზე.
თვით განშორებაც უნდა ჰგავდეს იმ ოკეანეს,
რომლის ნაპირებს მოყვარული ორი არსება
კვლავ მოადგება, კვლავ შეხვედრის სურვილს შეალევს
და ეს შეხვედრა დღესასწაულს დაემსგავსება!
რადგან ნელინელ ეს ზამთარი წარსულს ბარდება,
ზაფხულის მოსვლა სამჯერ მეტად გაგვიხარდება.
57
შენს მონობაში ისე გადის ჩემი ცხოვრება,
ვერ გამიგია – წამია თუ წელიწადია;
ჩემი სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრება
და სხვა სიკეთე მე ამქვეყნად აღარ მწადია.
შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს,
არ ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები;
ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი არავინ ისმენს,
როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები.
არ შემოგცქერი ეჭვის თვალით ლაღსა და მღიმარს,
არ გითვალთვალებ – სად იყავ და ვისთან იარე –
და, საწყალ მონას, ესღა მეთქმის – ნეტავი იმას,
ვისთანაც ყოფნა შენს საამოდ გაიზიარე.
ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება,
ყველაფერს დავთმობ, თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება.
58
ის ღმერთიც ხედავს, ვინც დამარქვა მე შენი მონა,
რომ შენს სიმშვიდეს არას ერჩის ჩემი გონება,
რომ შენი ყმობით იმ სარგებლის არ მინდა ქონა,
რომ შემდეგ შევძლო ვერაგულად გაბატონება.
ნება მომეცი, აგედევნო უკან ქარივით,
ან შენი ჩრდილის ნაკვალევზე ჩუმად ვიარო
და მოთმინებით… მორჩილებით… პატიმარივით…
შენი სილაღე მხოლოდ ფიქრში გავიზიარო.
იყავი მასთან, ვისთან ყოფნაც თავად გწადია,
დრო იქ გახარჯე, სადაც დღემდე გაქვს გახარჯული,
ვისაც ისურვებ, მას უძღვენი, რაც გაბადია
და შენი ცოდვის თავად იყავი მკაცრი მსაჯული.
ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი, ეს სულერთია,
მე მაინც გელი!… ლოდინი კი ჯოჯოხეთია.
60
დრო ჩვენს სიცოცხლეს ტალღასავით ნაპირთან განსჯის,
ამაო ყოფნას დაასრულებს წუთი ამაო,
ერთის სიკვდილში სხვას ჩასახავს და მასაც დასჯის,
თითქოს თავადვე არ შობა და ათამამაო.
თითქოს არყოფნას თავადვე არ გამოგვარიდა,
თითქოს თავად არ განგვიწესა დროის შვილობა…
მერე წარგვტაცა თავისივე ნაჩუქარი და
მწარე ბალღამად მოგვიქცია სიამტკბილობა.
დრომ ეს სიცოცხლე ცოდვა-ბრალით თავად დადაღა,
მანვე ისურვა ცოდვილებზე ჯავრი ეყარა,
სიკვდილის ცელით გაამგზავრა დროის გადაღმა,
რაც კი რამ ქვეყნად მოსაცელი შემოეყარა.
მაგრამ ჩემს ლექსებს ნაადრევად დრო ვერ შელახავს,
მარადისობის მცველად მათში რადგან შენ გნახავს.
64
როდესაც ვხედავ, ჟამთასრბოლა როგორი რისხვით
ანგრევს ყველაფერს, რაც რამ მასში ნაშენებია,
როგორ ანარცხებს განურჩევლად ძირს მისხის მისხით,
რაც რამ მისსავე ჩაქროლებას დამშვენებია.
როდესაც ვხედავ ოკეანის მშიერ ტალღებში
ხმელეთი როგორ ნება-ნება კარგავს ნაპირებს
და შემდეგ მიწა, ღვარცოფების წყალზე დაგეშვით,
სამფლობელოთა დაბრუნებას როგორ აპირებს…
როდესაც ვხედავ, რომ ქვეყნებსაც დრო იმორჩილებს,
ერთს ააშენებს და მეორეს ფუძეს მოურღვევს,
მე მაშინ ვფიქრობ – მეც დამადებს ნუთუ ბორკილებს,
ჩემს სიყვარულსაც ნუთუ ეს დრო ბოლოს მოუღებს?!
ნუთუ ხორციელ სიკვდილამდე მომკლავს დროება
და ჩემს ყოფაშიც გამეფდება ამაოება?!
65
დროებით შექმნილს დრო არაფერს დატოვებს არსად:
რაგინდ ზღვასა და რაგინდ ხმელეთს, ქვებს და ლითონებს,
თვით სიტურფესაც, უსასოო ყვავილთა მსგავსად,
წარმავალობის სამსჯავროსთან დაითითოვებს.
დრო აპრილშიაც შემოდგომის აღსასრულს ხედავს,
სიმწრის ალყაში ჩამოანგრევს ტკბობით ანაგებს,
რაგინდ კლდე იყოს და ფოლადის კვარცხლბეკი ედგას,
ძირს მოუთხრის და საარყოფნოდ გააჩანაგებს.
მიტომაც ფიქრით ვიხანგრძლივებ ყოფას ამაზრზენს,
დროის ზარდახშას მსურს მოვტაცო შენი მშვენება!
თუ შენი ყოფნით დრო საწუთროს გაილამაზებს,
შენი არყოფნით მის სიხარბეს რა ეშველება?
რადგან ამქვეყნად სხვა სასწაულს ვერაფერს ვპოვებ,
შენს ნათელ სახეს შავი მელნით ნაწერში ვტოვებ.
66
ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება,
რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას,
ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება
და სრულქმნილება დარქმევია არარაობას.
და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება
და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა
და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება
და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა
და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ
და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე
და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ
და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე…
ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში,
მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში.
71
ორიოდ ცრემლი გადმოაგდე ლამაზ თვალთაგან,
როცა ჩემს სიკვდილს გაუწყებენ გლოვის ზარები,
როცა საწუთროს გაუმაძღარ ბინადართაგან
მიწისქვეშეთის უძღებებთან გავემგზავრები.
როცა ჩემს ლექსებს გადაავლებ მზერას წამიერ,
როცა შენს სულში წამით სევდა ამეტყველდება,
სჯობს, დამივიწყო! – რადგან შენი სული ამიერ
მე წამიერი სევდისთვისაც არ მემეტება.
სჯობს აღარაფრით აიმღვრიო ტკბილი ფიქრები,
აღარ მისდიო მოგონების გზას და ციცაბოს
და შავ მიწაში მეც რომ მიწად გარდავიქმნები,
სჯობს სიყვარულიც ჩემთან ერთად გარდაიცვალოს.
მე სამარეში თან ჩავიტან ჩვენს ლამაზ წარსულს
და მითქმა-მოთქმას სამუდამოდ დავუდებ სასრულს.
72
თუ გამოგკითხეს, ჩემში რა და რატომ გიყვარდა,
თუ გამიხსენეს, ამქვეყნად რომ აღარ ვიქნები,
გიჯობს, საფლავში მომადევნო ავი სიტყვა და
სჯობს, თუ მოყვარე ჩემს მოძულედ გარდაიქმნები.
გიჯობს, სხივებით არ შეამკო მწირი სინათლე,
საზრდო არ მისცე მითქმა-მოთქმის მსუნაგ მსახურებს,
ჩვენი წარსულის დავიწყებით თავი იმართლე,
თუ ჩემი ხსოვნა ლამაზ ტყუილს დაიმსხურებს.
გიჯობს, სიტყვები არ შენიღბო ტრფობის გამხელით,
არ დაეხარბო სიყვარულის მაცდურ არაკებს…
სჯობს, გვამთან ერთად დაიმარხოს ჩემი სახელიც
და ჩვენს აუგზე აღარავინ ილაპარაკებს.
თუკი ამქვეყნად შერცხვენილმა უნდა ვიარო,
სჯობს, ჩემთან ყოფნა არასოდეს გაიზიარო.
73
დრომ გადათელა ჩემი სული მძიმე ფლოქვებით,
დრომ ღამის მეკვლედ მომიქცია ცისკრის ტოროლა
და შემოდგომას მოღწეული ხმელი ფოთლები
საფარფატოდღა დამიტოვა თითო-ოროლა.
მიტომაც ხედავ ჩემს მზერაში სიცოცხლის დამლევს,
ჩემს წუთისოფელს ჩამავალ მზეს მიტომ ადრიან,
გარდაცვალების მოციქულად მოვლენილ ღამეს
მიტომ ვუმზადებ საბრძანებელს დილაადრიან.
მიტომაც ვდგავარ დროის ფერფლით გარსმოხვეული,
მიტომ მამსგავსებ სიყმაწვილის მიმქრალ ორეულს,
მშიერი მიწის საკვებადღა შემრჩა სხეული
და მიტომ ვგავარ მე სიკვდილით ვნებამორეულს.
და რადგან ასე დავრდომილს და დღემოკლეს მხედავ,
მე შენს სიყვარულს უფრო ძლიერ ამიტომ ვბედავ!
74
რადგან ჯერ ტყვე ვარ წუთისოფლის მუხთალი ჟამის,
რადგან ჯერ გიძღვნი სიყვარულით სავსე სტრიქონებს,
რადგან სულ მალე მეც მომისჯის სიკვდილის წამი
მოუსავლეთის საპატიმროს ქორონიკონებს,
რადგან ჯერ მწყალობ, მენდობი და მეამაგები,
რადგან სიკეთის დასაბამი ჩემში გინახავს,
მიწამ წაიღოს ჩემი ტანი, მიწით ნაგები,
სული კი ლექსში მხოლოდ შენთვის შემომინახავს.
მე უკვე ვხედავ ჟამთასრბოლის უძირო ფსკერზე,
რომ ილექება ამღვრეული ჩემი ცხოვრება,
რომ ღატაკივით გადმომდგარა სიკვდილი სერზე
და ჩემს დარჩენილ ორ დღესაც კი მემათხოვრება.
მიწამ თავისი მიიბაროს, დრომ კი – თავისი,
ჩემი სული კი შენია და სხვა არავისი!
75
ჩემს ფიქრებს ისე ასაზრდოებ შენი თვალებით,
თითქოს ცა მიწას ეფრქვევაო წვიმის წვეთებად,
თითქოსდა ვაჭარს ოქრო-ვერცხლის შემოძალებით
ყოფნა ექცაო სარაინდო სულისკვეთებად.
და ასე – ვგავარ ხან ხელმწიფეს, უხვს და იღბლიანს,
ხან სიხარბეში მეკარგება გზა და სავალი,
ხან ყველგან მძარცველს და ავაზაკს ვლანდავ ნიღბიანს,
ხან მინდა ყველას მივცე ჩემი შემოსავალი.
და ასე – ზოგჯერ სიწყვდიადის ეშვება ფარდა.
თვალსაწიერი მოჩანს ზოგჯერ ლამაზ ფერებად…
და შენგან ჩუმად ნაჩუქარი ღიმილის გარდა,
აღარაფერი მეჩვენება ბედნიერებად.
ასე დღითიდღე იწურება წუთისოფელი:
ხან ვფლობ ყველაფერს, ხან არაფრის არ ვარ მფლობელი.
76
დღეს ჩემი ლექსი რომ არ მართავს კეკლუც საუბარს
რომ ვერვინ ხედავს მის წიაღში ჟამთა ცვლილებას,
დროის ცდუნებას იერითაც მხარს რომ არ უბამს
და ახალ-ახალს რომ არ იძენს გამოცდილებას.
რომ არ ყოყოჩობს ჩემი წიგნის არცერთი გვერდი
ნაირნაირად მოკაზმული უცხო სახელით,
რომ დღენიადაგ იგივეს ვწერ, სულ რასაც ვწერდი,
რომ წუთისოფელს ვხედავ ძველი გადასახედით…
ეს იმიტომ, რომ შენ მიყვარხარ! რომ შენ ხარ მარად
მუზა, რომელმაც ძველი გრძნობა ახალს არჩია,
ვერ შევიყვარებ ვერასოდეს ვისაც სხვაგვარად,
ვინც სტრიქონებით თვალთმაქცობას გადამაჩვია.
და როგორც მზისთვის ახალი დროც ძველი ჟამია,
მეც ვიმეორებ, ერთხელ გულით რაც ნათქვამია.
77
როდესაც სარკე დაგანახებს პირველ ჭაღარას,
როდესაც საათს წუთისოფლის მძარცველს უწოდებ,
როდესაც ქაღალდს უნუგეშო ლექსი დაღარავს
და წარმავლობას სამოწყალოდ ხელს გაუწოდებ.
მაშინ სიკეთე მოგაკლდება დღით და საათით,
მაშინ ამაოდ აღარ უნდა გდევნონ აზრებმა,
უნდა გაიგო, რომ სიცოცხლე მდორე ტაატით
მარადისობის მორევისკენ მიიზლაზნება.
მიტომაც უნდა მოუძებნო კენტ სტრიქონს წყვილი,
გონება რასაც ვერ დაიტევს, დაწერო უნდა,
გადაიკითხავ ამ ჩანაწერს და იტყვი – შვილი
მოუსავლეთში წასულივით კვლავ დამიბრუნდა!
დროს არყოფნაში ჩაკლავს სენი განუკურნელი,
მხოლოდ ხელნაწერს შემორჩება მისი სურნელი.
78
შენ, როგორც მუზამ, შთამაგონე იმდენი ლექსით,
იმდენ ნაკადულს მიმადევნე, როგორც სათავემ,
რომ პირმოთნენიც, სახელად რომ პოეტი ეთქმით,
ხოტბას გასხამენ და ჰგონიათ, ლექსებს ხლართავენ.
მუნჯსაც ჰგონია, შენს თვალებთან მართავს საუბარს,
მავან ხეიბარს შენთან თავი გმირი ჰგონია…
თითქოს განგებას ჯადოსნობის ქსელი გაუბამს
და მთელი მისი ვერაგობა მონაგონია.
ნუ გჯერა, რომ ვინც გაგაღმერთებს მხოლოდ მისი ხარ,
მლიქვნელთა ბრბოებს შენსკენ სავალ გზას რა დაულევს?!
შენ სხვებისათვის მხოლოდ ლექსის სამშვენისი ხარ
და გიმართავენ პირფერობის დღესასწაულებს.
შენს სიყვარულში საზრდოს პოვებს ჩემი გონება,
რადგან ხარ ჩემი აღმაფრენა და შთაგონება.
79
შენ ერთადერთი იყავ ჩემი ლექსის იმედი,
არ შევხაროდი მე შენსავით სხვას და გარეშეს,
დღეს კი ჩამოსწყდა ჩემს სტრიქონებს ტრფობის სიმები
და ჩემს მუზაში სხვა ფიქრებმა გაითარეშეს.
ვიცი, შენ უნდა ღირსეული გიმზერდეს თვალი,
სხვას უნდა სთხოვდე ჩუქურთმოვან ლექსთა შენებას,
შენს ძველ პოეტს კი აღარ შერჩა არცერთი ვალი,
შთაგონებისთვის რაც მოსტაცა შენსავ მშვენებას.
რაც დაესესხა შენს ბაგეებს კეთილი სიტყვა,
რა ნაქურდალის დამალვასაც ისევ უნდება,
რა ნაჩუქარიც უკანასკნელ გრძნობამდე მიჰყვა,
დღეს ყველაფერი სარგებელით შენ გიბრუნდება.
შენგან მადლობას მე არ ველი! შენი წვლილია,
რა ვალიც მქონდა და რაც სრულად გადახდილია.
81
არ ვიცი, ვისთვის დაუგეშავს სიკვდილს მსტოვრები,
შენს და ჩემს შორის განუზრახავს ვისი არჩევა;
ის ვიცი მხოლოდ, რომ შენ ყველას ემახსოვრები,
ჩემი ხსოვნის კი ნატამალიც არსად დარჩება.
შენი სახელი დროს სხივივით გადაეფრქვევა,
მე კი ამქვეყნად, როგორც ქარი, გავქრები ველის,
და თუ ჩემს საფლავს ერთი გოჯი მიწა ერქმევა,
შენ ხალხის თვალში საუკუნო სავანე გელის.
შენს ხსოვნას ჩემი ლექსი ძეგლად გამოადგება,
რომ სააქაოს მრავლად ჰყავდეს მისი მნახველი
და სიკვდილის დღე თუ ყველასთვის ერთად დადგება,
მარადისობას დამღად აჩნდეს შენი სახელი.
ჩემმა კალამმა სასწაულის ქმნა თუ ინება,
დროს შენი ხსოვნა სუნთქვასავით დაეფინება.
87
უნდა გამშორდე! აღარ შემრჩა ფიქრი საშენო,
ამ თვალთმაქცობას ბორკილები უნდა ავყარო,
აწ სიყვარული შენს ბადალთან გიჯობს აშენო,
რადგან ვერ იტევს შენს მშვენებას ჩემი სამყარო.
რადგან ბედისგან ნაბოძები არ ხარ ღვთაება,
რადგან არ მინდა, სამოწყალოდ ვფლობდე საუნჯეს,
და რაც რამ ჩვენში სატრფიალო ქსელი გაება
აღარ მსურს ხსოვნად შემორჩეს და დროს გადაურჩეს.
მიტომაც გიჯობს შენს ღირსებას თავად ხედავდე,
არ მოევლინო შეცოდებებს ჩემსას მკიცხავად
და სანამ სათქმელს უკადრისად შემოგბედავდე,
გიჯობს გამშორდე ცოდვა-ბრალის განუკითხავად.
მე მეფე მერქვა, შენ სიზმრების იყავ ფერია,
გავიღვიძე და სანუგეშო არაფერია.
88
ის დროც დადგება, ქედმაღალი მზერით დამხვდები,
როდესაც გრძნობას დაერქმევა თავის შექცევა,
ჩემს საზიანოდ როცა შენი მომხრე გავხდები,
თუ სიყვარული განკითხვის დღედ გადამექცევა.
აღარ დავუწყებ უღირსობას ჩემსას ფერებას,
შენს მაამებელ აღსარებას ვეტყვი მსაჯულებს,
რადგან უჩემოდ სჯობს ეწიო ბედნიერებას,
მე კი ვერავინ გარდამქმნის და გადამარჯულებს.
უკეთურ წარსულს დავივიწყებ, რადგან წამიერ
ვნებაც გაქრება, ცეცხლივით რომ შემომიკეთე
და მთელ სიავეს განგაშორებ, რადგან ამიერ
შენი სიკეთით მე ორმაგი მელის სიკეთე.
ჩემს სიყვარულში გაბატონდი, როგორც მეუფე,
და, ცრუს თუ მართალს, სამუდამოდ შენ დამეუფლე.
89
მითხარ, რომ ჩვენი სიყვარული წარსულს ბარდება,
რომ ჩემს სიმდაბლეს ვერ იფერებ შენი დარივით,
კოჭლიც მიწოდე, თუ დაგჭირდა შენ ეს ბრალდება
და გაგეცლები ფეხმოჭრილი ხეიბარივით.
ჩემს მოძულებას ნუ ეცდები შერცხვენით, რადგან
შენი ბადალი, თავად ვიცი, მე არ ვბრძანდები,
ოღონდ მითხარ და შენს მახლობლად ფეხს აღარ დავდგამ
და სიკვდილამდე აღარსაით მოგელანდები.
შენს სავალ გზაზე დაივანებს სრული მშვიდობა,
ჩემს ბაგეს არსად წამოსცდება შენი სახელი,
რადგან ის კაცი ღირსეულად დაგემშვიდობა,
ვინც იყო შენთვის უღირსობის გამომსახველი.
ჩემი არსება მე საძულველ მტრად შემომყარე,
ვინც შენ არ გიყვარს, აღარც ჩემთვის არის მოყვარე.
90
თუ მიმატოვებ, ახლა წადი… ახლა დამტოვე,
როს ბედისწერის მრისხანება გასცდა ნაპირებს,
შენც, ვით განგებამ, დავრდომილი დამიმარტოვე
და ახლა წადი… წასვლას სულიც სანამ აპირებს.
სმენა მიაპყარ ჩემს გულისთქმას – რას გეუბნება,
ჯერ მახვილს ზურგში ნუ ჩამასობ თავგამეტებით,
ღამეულ ქარებს ნუ მომიქცევ ცისკრის ღრუბლებად…
ჯერ მე და სევდა ქვეყნად ერთად დავეხეტებით.
და როცა წახვალ, შეაყოვნე ნაბიჯი წამით,
ვიდრე საწუთროს ჭირ-ვარამი მემათხოვრება,
დე, შენმა მზერამ წამიერად შეიცნოს ამით,
რა უსაშველო ტანჯვაშია ჩემი ცხოვრება.
სხვას არას ვჩივი, ესღა არის ჩემი ვედრება,
რომ შენს დაკარგვას ვერაფერი ვერ შეედრება.
96
ზოგს თუ სიტურფემ ცოდვიანი ხელი დარია,
ზოგი სიავეს ამ სიტურფის მადლით იცილებს,
ცოდვა-მადლს შუა წუთისოფლად დიდი ზღვარია,
შენ კი ორივე მორჩილებით შემოგციცინებს.
მეფის გვირგვინი რაგინდ ჟამმა გააიაფოს,
მასში დიდება მაინც რჩება მიმქრალ ზმანებად,
შენში კი ცოდვა მარგალიტის მსგავსად კიაფობს
მშვენიერების სადაფებში საგოგმანებლად.
რადგან მტაცებელს არ სჩვევია ცხვრის ტყავი ეცვას,
და მის საკბილოს უნდა ერქვას რადგან ბატკანი,
შენც ნუ ისურვებ სხვის საამოდ ბუნების შეცვლას,
შენს თვალთმაქცობას ვერ გაუძლებს სხვა კაცთაგანი.
დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.
97
უშენოდ ყოფნა დაემსგავსა სევდიან ზამთარს,
მარტოობის გზას მივუყვები მწირი ბერივით,
გაყინულ მზერას საიმდროო წყვდიადი ხლართავს,
როცა სიცოცხლე დამემშევა დეკემბერივით.
ზაფხულის მადლი შემოდგომას როცა აღავსებს,
როცა სიუხვე დაგროვდება ყველგან სამყოფი,
ჩემს ცხოვრებას კი დაქვრივებულ ქალს დაამსგავსებს,
ვისაც საშოში ჩარჩენია ქმრისგან ნაყოფი.
დაობლებული შემოდგომის ყოველი წამი,
ასე მგონია, ერთი სრული წელიწადია,
სადაც უშენოდ საუკუნოდ გაჩერდა ჟამი,
სადაც გალობა ბულბულსაც კი აღარ სწადია…
იმედი ხმელი ფოთლებივით ეცლება ლოდინს
და შემზარავი მარტოობის ზამთარი მოდის.
98
შენ გაზაფხულზე მიმატოვე მშვიდი თვალებით,
როცა აპრილის ფერად კაბებს სიო არხევდა,
როცა სიცოცხლის ყმაწვილური შემოძალებით
ზეცამ სატურნიც ეშმაკურად ჩამოახედა.
როცა ზაფხულის მობრძანების ხმებიც გაისმა,
როცა ბულბულსაც მოენატრა ვარდთან გალობა,
მე ზღაპარივით გაფრენილმა ტურფა მაისმა
შენთან შეხვედრის ერთი წამიც არ მიწყალობა.
ახლა შევყურებ შემოდგომის დღეთა თენებას,
ყველა სიკეთემ ჩამიქროლა ახლა ქარივით
და რომ ვიხსენებ შენს უსაზღვროდ მდიდრულ მშვენებას
წუთისოფელიც მეჩვენება მათხოვარივით.
ზამთარი მოდის უშენობის ბნელი ზმანებით…
მე და ოცნება შენს აჩრდილსღა ვეთაყვანებით.
102
რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს,
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში;
მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს
გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში.
ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას,
ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით,
ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას
და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით.
თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა,
თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე,
მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა
და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე.
ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,
მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.
109
ო, გევედრები, არ მომაკლო სიტყვა კეთილი,
არ დაიჯერო, რომ შემეძლო შენი ღალატი,
ჩემი სული ხომ შენს მკერდშია გამოკეტილი
და სხვა გულისკენ გზას როგორღა გავიკვალავდი?!
არ დაიჯერო, რომ აღარ ხარ ჩემი სავანე,
რომ მენატრება სხვა მხარეთა ცა და ქვეყანა,
რომ დავემგვანე გადამთიელ მავან-მავანებს
და, ჩემს სანაცვლოდ, აჩრდილიღა შემოგეყარა.
არ დაიჯერო, რომ ცოდვილი დაბლა დავეცი,
რომ ჩემს გრძნობებში წარმავლობის ქსელი გაება
და მთელი ჩემი საგანძური ისე გავეცი,
არ შემრჩა შენთვის არაფერი, ჩემო ღვთაება!
მე აღარაფერს ვევედრები ამ დიდ სამყაროს –
მამყოფოს შენთან და არასდროს აღარ გამყაროს!
110
ვაი, რომ მართლაც მთელ ქვეყანას მივედ-მოვედე,
მართლაც რომ ხალხის დასაცინი გავხდი მასხარა,
ახლანდელობით დაბრმავებას ისე მოვენდე,
წარსულის განძი ჩალადაც კი არვინ მახმარა.
ვაი, რომ მართლაც ასე მოხდა!… მართლაც ასეა –
ცდუნებას დავყევ რაღაც ჟამით, რაღაც დროებით…
მაგრამ დღეს გული სიყვარულით კვლავაც სავსეა
და ძგერს იმედით, განა რაღაც ამაოებით.
განა არ კმარა, რაც გადამხდა გადასახდენი,
რაც რამ ქალაქად მომაჩვენა დაბად გებულმა?
ან რაღად უნდა ვადიადო ღმერთი ამდენი
ერთი ღვთაების მონობისთვის დაბადებულმა?!
ან მაპატიე, ან გამწირე, დამდე ვალი ან…
რა ვქნა?! – მიყვარხარ მართლაც ძლიერ, მართლაც ძალიან!
111
შეუბრალებელ უდროობად ქცევა დროისა
ჩემს ბედს მოჰკითხე!… მე მის ცოდვას რას მემართლები?!
მისგან დევნილმა მე შენდობა ვპოვე ბრბოისა
და მოვიარე წუთისოფლის ბნელი ხლართები.
და რადგან ვითმენ ამდენ სირცხვილს, თავზედდატეხილს,
რადგან, ვით მღებავს, მეც შემომრჩა ცოდვა ლაქებად…
მიტომ გავედრებ ჩემს სიცოცხლეს სახელგატეხილს,
რომ ბედისწერა მომიქციო ნანატრ განგებად!
რომ შემიბრალო! – თუნდ გესლიანს მაღირსო წამალს,
რომ განმიკურნო უიღბლობის სენი მზაკვარი,
რომ ჩემთა ფიქრთა უნაპიროდ გადაშლილ ტრამალს
კვლავაც დააჩნდეს ღვთაებრივი შენი გზა-კვალი!
გთხოვ, მაპატიო… განმაშორო ძველი ცდუნება
და ეს იქნება ჩემთვის შვება და განკურნება.
112
ჩემს სასიკეთოს როცა სიტყვას ამქვეყნად იტყვი,
ჩემთვის სიყვარულს და სიბრალულს როცა იმეტებ,
როცა მავიწყებ – ბრძენი ვარ თუ უგნური ბრიყვი
და ნაძრახ დროში მოწყალობით რომ მაიმედებ,
მე მაშინ ვხვდები, რომ ქედს უხრის კეთილს ავი და
რომ წუთისოფლის ყველა მადლი შენში მინახავს,
მთელი წარსული რომ ამ გრძნობის ძებნით გავიდა
და რომ სიცოცხლე მხოლოდ შენთვის შემომინახავს.
და ვკარგავ ხსოვნის უფსკრულებში ყმაწვილს თუ ხნოვანს,
ვისთვისაც ჩემი ნაფიქრალი გზად ვანიავე,
და მლიქვნელთა და ავყიათა საზარელ ხროვას
ვეღარსად ვხედავ, რადგან ქვეყნად ქრება სიავე.
რაც შენზედ ფიქრმა ჩემს სიცოცხლეს ხელი დარია,
ჩემთვის, შენს გარდა, სხვა ამქვეყნად ყველა მკვდარია.
113
რაც შენ დაგშორდი, გონებითღა ვუმზერ სამყაროს,
თვალს აღარ შერჩა საამქვეყნო საქმე და ვალი,
თვალით ნანახმა თუკი შენთან უნდა გამყაროს,
მიჯობს დაბრმავდეს სამუდამოდ ასეთი თვალი.
თვალის სარკეზე მიჯობს ვკლავდე ყველა ცდუნებას,
სჯობს არაფერმა ჩააღწიოს გულის ფიცრამდე,
აღარ ვხედავდე ვარდს და ბულბულს, მზეს და ბუნებას,
და ცოდვათაგან გონებით სჯობს თავს რომ ვიცავდე.
სჯობს თვალს ვავლებდე ხან მახინჯ და ხან ლამაზ ხედებს,
ღამის შემყურეს, მზის სინათლეც თვალწინ მხვდებოდეს,
ვხედავდე ზღვებსაც, მაღალ მთებსაც, გედებს თუ მტრედებს,
და ყველაფერში შენი სახე მელანდებოდეს.
რაგინდ მაცდუნოს თვალმა უცხო წარმოსახვებით,
ნათელ გონებას ვერ ამიმღვრევს ბნელი ზრახვებით.
114
ნუთუ გონება გამეხლართა მზაკვარ გრძნობაში
და, როგორც მეფეს, მლიქვნელობის სენი ერევა?!
ან ეგებ თვალი გაიწაფა ჯადოსნობაში
და პირფერობა სიმართლეში აღარ მერევა.
ნუთუ ურჩხული გადაიქცა ზღაპრულ ფერიად,
ნუთუ სიყვარულს გულწრფელობის მადლი სცხებია,
ან ეგებ ქვეყნად საძრახისი არაფერია
და რაც სიმდაბლე დამინახავს, მომჩვენებია.
ნუთუ ასეა?! – თვალი ხედავს მაცდურ სანახებს,
მიტომაც თან მდევს თვალთმაქცობის სენი მეფეთა…
თვალს რა მოვკითხო? – თავის ბატონს იმას ანახებს,
თუ რამ გონების საამებლად შემოეფეთა.
თვალმა თუ ავი დაინახა, კარგიც მისია,
თუ სილამაზეს არ შეხედა, რის მაქნისია?!
115
თურმე ვცდებოდი, სიყვარულში ზღვარს რომ ვეძებდი,
მე უკანასკნელს არ გიძღვნიდი თურმე სტრიქონებს,
ან რა ვიცოდი, ცეცხლთან ჭიდილს კვლავ თუ შევძლებდი
და ჩემს მახლობლად ტრფობის სიო კვლავ თუ იქროლებს?!
ან რას ვიცნობდი იმ ერთადერთს უთვალავს შორის,
იმ ერთ შემთხვევას, სადიდებელს რაც ხდის საკიცხავს,
რაც ერთ სიტყვით აქრობს თურმე სათავეს ჭორის
და აცვლევინებს თვით მეფესაც ფიცს და საფიცარს.
ან რას ვიგრძნობდი, გაავებულ დროსთან მოდავე,
რომ შემძლებია სიყვარული ზღვარგადასული,
აუხდენელის გაცხადების რომ ვარ მოთავე
და რომ მომავალს ვერ ამიმღვრევს ბნელი წარსული?!
ახლაღა ვხვდები – სიყვარული თურმე ბავშვია
და მის გაზრდამდე მოყვარენი ფრთას რომ არ შლიან.
116
აუგს ვერ ვეტყვი, როცა ვინმეს უყვარს ნამდვილად,
ნამდვილის გარდა, არ ვცნობ ტრფობას სხვას და გარეშეს,
გრძნობა ის არის, რასაც ჟამი ვერ ცვლის ადვილად
რაც მოძალადე ვნებასავით ვერ ითარეშებს.
მე სიყვარულში ქარიშხლიანს ვხედავ სამყაროს,
სადაც სიკეთე გზას იკვალავს დროშის ფრიალით,
სადაც მოყვარე მოყვრისაგან ვერვინ გაყაროს
მაცდურობათა ოკეანის ორომტრიალით.
მე სიყვარულში არ ჩამიკლავს დროის დინება,
არც ვარდებივით გამიფანტავს გზად და მარაოდ,
თოჯინასავით არ მიცდია წარმოჩინება
გალაღებულთა წუთისოფლის სამასხარაოდ…
მაგრამ თუ ვცდები, თუ ჩემს ლექსში აზრი არ არის,
არ ჰყვარებია მაშინ ქვეყნად არვინ არავის.
119
რა შხამი მასვა სიყვარულმა?! ან რა სამსალა
დამალევინა ჯოჯოხეთურ ცრემლთან ნაზავი?!
შიში იმედზე და იმედი შიშზე გაცვალა,
რომ გამარჯვებულს მარცხი მეგრძნო უზარმაზარი.
შეწყალების წილ რას მთხოვდა და რას მავალებდა,
რა ნეტარებას მიმზადებდა, ცოდვის მაგიერს?
ჩემს თვალებს სატრფოს კვალდაკვალ რომ აწანწალებდა,
მიტომაც თვისი საბუდრები გამოანგრიეს.
მაგრამ სიავეს თურმე მადლიც უხვად ჰქონია,
ბოროტებაში მე უკეთესს ჩავწვდი სიმართლეს –
სიყვარულის ხე როცა ყველას მკვდარი ჰგონია,
უცებ ცოცხლდება და მეტ ზაფხულს გადაიზამთრებს.
დღეს სიყვარული მიტევების ღიმილს მაგებებს
და დანაკარგზე სამჯერ მეტად ვპოვებ სარგებელს.
120
შენს აუგ სიტყვებს მე მოყვარის გრძნობით განვიცდი
და ამ გრძნობასთან ჩემი წყენა მონაგონია,
ვით დამნაშავე, ქედს რომ გიხრი, ნუთუ არ იცი,
შენ ჩემი გული ქვა და რკინა ხომ არ გგონია.
ნუთუ გწადია, მეც შენსავით გავყვე ცხოვრებას,
მეც მოვიძიო მოყვასისკენ გზა უკეთური
და ყველა წყენის საუკუნო დამახსოვრებას
მეც მოვადევნო შურისგება ჯოჯოხეთური?!
ნუთუ არ გახსოვს შენ იმ ღამის გრძნეული სევდა,
როცა ერთმანეთს შევალიეთ სული ფერებით
და დავიამეთ სატკივარი, რაც კი რამ გვდევდა,
მაცოცხლებელი სიყვარულის მშვენიერებით.
მე პატიებით განგაშორე ცოდვა ყოველი,
ახლა სანაცვლო პატიებას შენგან მოველი.
123
დროო, უდროოდ ნუ იქადნი შენ ჩემს ცვლილებას,
არც ახალია ეგ ქადილი და არც ძველია…
თვით პირამიდაც, რაგინდ სდევდეს ჟამთა დინებას,
მაინც წარსულის ზმანებათა სამოსელია.
დღემოკლენი ვართ და მიტომაც ასე გვგონია,
მხოლოდ ჩვენ გვესმის საოცარი შენი ზღაპარი,
რომ წუთისოფლად დაბადებას აზრი ჰქონია
და ჩვენ გვეკუთვნის ეს სიცრუის თავშესაფარი.
მაგრამ მე ვხედავ, რა მუხთალიც გიპყრობს ზრახვები,
სხვების დათესილს როცა იმკი სხვაგან მოსავალს,
რა შემზარავი მაცდურობით დაგვენახვები,
სიკვდილის გარდა, რომ ვერ ვპოვებთ სხვა გამოსავალს.
მიტომაც ვფიცავ, სიცოცხლე რომ ჩაივლის მთელი,
ვერ შემცვლი ვერც შენ და ვერც შენი სიკვდილის ცელი.
128
ყოველთვის, როცა შენ აჟღერებ მუსიკის ჰანგებს,
როცა თავად ხარ ამ მუსიკის ჰანგი ეული,
შენს თითებს შუა ჰარმონია მახეს რომ აგებს,
რომ დაატყვევოს ფიქრი ჩემი, გზარეული,
მე შურით ვუმზერ, როგორ თრთიან ხეზე სიმები,
თითქოს შენს ხელებს სტაცებენო წამიერ ამბორს,
თითქოს ჩემს ბაგეს მათ წაართვეს კოცნის იმედი
და ჩემს სათქმელსაც ეს მკვნესარე სიმიღა ამბობს.
ო, როგორ მინდა, მეც სიმივით ხეზე გავება,
ერთი ჰანგიდან მეც რომ გრძნობა სხვისკენ ვიცვალო,
რომ არ მაკრთობდეს ამ სიცოცხლის ჩამოთავება,
ბევრჯერ მოვკვდე და ერთხელაც არ გარდავიცვალო.
უსულო სიმთან შენმა ხელმა მოიკლას ვნება,
მე კი შენს ბაგეს ვემბორო, მომეცი ნება!
130
მზის ბრწყინვალება ჩემი სატრფოს მზერას არ ახლავს,
მეწამულ მარჯანს სულაც არ ჰგავს მისი ბაგენი,
თოვლის სითეთრეს მის გულმკერდზე ვერავინ ნახავს
და აბრეშუმსაც მე მის თმებში ვერ მივაგენი.
დამასკის ვარდებს გადავყრივარ ქვეყნად მრავალგვარს,
მეც შემიგრძვნია სურნელება მათი ნამდვილი,
მიტომაც ვამბობ – ჩემი სატრფო ვარდს რომ არა ჰგავს,
რომ სურნელითაც მდედრი გახლავთ პირწავარდნილი.
მის ხმას რომ ვისმენ, გრძნობის ზღვარიც გადამილახავს,
მაგრამ მუსიკა მე სიამეს მეტად მანიჭებს;
ქალღმერთის ქვეყნად სიარული მე არ მინახავს,
ჩემი სატრფო კი ორივე ფეხს მიწას აბიჯებს.
მაგრამ, ღმერთმანი, მათზე ნაკლებ სიკეთეს არ ფლობს,
ვისაც სიყალბე პირმოთნეთა ჭაობში აფლობს.
140
რა ვერაგიც ხარ, ისეთივე იყავ ჭკვიანი
და ნუ გწადია, ჩემს სატკივარს ახსნა აღვირი,
ნუ მათქმევინებ, რაგინდ იყოს ძალზედ გვიანი,
თუ რა გვალვიან ტრფობაზე ვარ ცრემლად დაღვრილი.
ნუ დაივიწყებ, მოწყალება თუ რამ გებადა,
ნუ გეყვარები, მომეპყარი ოღონდ პატივით…
მე სნეულს ვგავარ, ვინც სიკვდილის გზას მიჰყვება და
მკურნალის რჩევას მაინც ვერ თმობს ანდამატივით.
ნუ გამკიცხავ და სიძულვილს ნუ მისცემ სადავეს,
მე ხომ სიგიჟე შენი ტრფობით შემომეყარა,
ბრბოს საამებლად ნუ დაუდებ იმ ჭორს სათავეს,
რომ ჩემს სირცხვილზე ქირქილებდეს მთელი ქვეყანა.
გულს თუ არ მანდობ, თვალი მაინც გამოიმეტე
და, ზოგჯერ მაინც, თვალთმაქცობით დამაიმედე.
142
მე თუ სიყვარულს ცოდვად მითვლი, შენც შეიქმ ცოდვას,
რადგან სიძულვილს ანაცვალებ ყველა ღირსებას,
არავინ იცის, საძრახისი ვის მეტი მოგვდგამს
და ვისი გრძნობა იმსახურებს გასაძლისებას.
დღეს სიყვარულის ბორკილების აყრა გწადია
და შენი ბაგე საყვედურსაც მიტომ მაგებებს,
თურმე რამდენი შებღალული წელიწადია
სხვების სარეცელს მე ქურდულად ვტაცებ სარგებელს.
და თუ მე კვლავაც მიმზერ, როგორც არარაობას,
და თუ გაგირბის მონატრებით სხვისკენ თვალები,
ჯერ თავად ჩაწვდი შებრალების არსს და რაობას
და მერე სხვასაც დიდსულოვნად შეებრალები.
თუ ძველ მოყვარეს დაამადლე სიტყვა კეთილი,
მომავლისაკენ თვით გექნება გზა მოკვეთილი.
144
ორ სიყვარულში დავატყვევე ჩემი არსება:
გულზედ ბოროტი ძალა მეფობს, სულზედ – კეთილი;
კეთილს მოკეთე კაცთანა აქვს სრული მსგავსება,
ბოროტს კი ქალის ნაკვთები აქვს გამოკვეთილი.
მე ჯოჯოხეთში მიმაქანებს მდედრი სატანა
და იმ ერთადერთ ანგელოზსაც მტაცებს სულიდან,
რასაც განგებამ განუწესა თავის გატანა
დასაბამამდე არსებული აღსასრულიდან…
და მე არ ვიცი ჩემს სიცოცხლეს რა ძალა მართავს,
რას დამახვედრებს განკითხვის დღეს ვნება გრძნეული,
ჩემს მეგობართან ჩემი მტერი სიტყვას რომ ხლართავს,
მეც მეძალება მგზნებარება ეშმაკეული!…
ოჰ, თუ სატანამ ჩემს ანგელოზს ხელი დარია
და ახლა ისიც ჯოჯოხეთის ბინადარია?!
147
მე უცნაური სიყვარულით შევიქენ ავად:
ის მიყვარს, რასაც გავურბოდი ჟამით ჟამიერ,
რასაც სახელად “დამღუპველი” ვუწოდე თავად
და რაც სამსალას უმოწყალოდ მასმევს ამიერ.
ჩემს გონებასაც ღამედ ექცა მადლი დღისა და
ვერ განმიკურნა მე ეს სნება, ნებით ნებული,
და შემომწყრალმა ნუგეშიც კი არ მაღირსა და
სიკვდილის კართან მიმატოვა გაოგნებული.
აქ დავასრულე სააქაო ფიქრთა გზა-შარა,
აქ დაეჭედა ჩემს სიყვარულს ბნელი წერტილი
და უგნურებამ სამომავლო სივრცე გაშალა
სიცარიელის სიქათქათით გადაპენტილი.
აღარ მსურს შენში, სინათლის წილ, წყვდიადს ვხედავდე,
შენ მიმიყვანე სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე.
148
შენ, თავო ჩემო, სიყვარულმა ეს რა დაგმართა?! –
მრუდე ნიღბების სამზერადღა შემოგრჩა თვალი,
ნუთუ გონება ერთმა გრძნობამ ისე წაგართვა,
რომ განუსჯელად შემატოვე ცოდვა და ბრალი?!
და თუ ეს არის ჩემი ხვედრი, რაც ნახა თვალმა,
მაშ, რაღად ვიგრძენ მთელი ქვეყნის ზურგის შექცევა?!
და თუ არ არის, რატომ მამცნო კაცმა თუ ქალმა –
რომ სიყვარული ბედისწერად გადამექცევა?!
ვის დავუჯერო? ხალხს თუ ამ ჩემს დაბინდულ თვალებს,
რომლებსაც ცრემლი აბრმავებს და სიცხადეს ჰპარავს?
ის ვიცი მხოლოდ, მზერა დიდხანს ვერ გამაწვალებს –
მზეც ხომ არსად ჩანს, სანამ ზეცას ღრუბელი ფარავს.
მზაკვარი ტრფობა თვალში ცრემლთა საგუბარს მართავს,
რომ ჩემი მზერა ვერ არჩევდეს ცრუსა და მართალს.
149
არ გიყვარვარო! – ვეღარ მეტყვი ცილისწამებით,
თავადაც ხედავ, საკუთარ თავს მტრად რომ ვექეცი,
რომ შენზე ფიქრში თენებით და შემოღამებით
ჩემსავე სხეულს სუნთქვასავით გამოვექეცი.
ვერ მეტყვი, რომ შენს მოძულესთან დავალ მოყვრებით,
რომ შენს მოშურნეს თვალთმაქცური ჟინით ვხლებივარ,
რომ მორჩილების კვნესითა და ამოოხრებით
შენს სისასტიკეს ერთხელ მაინც შევბრძოლებივარ.
ვერ მეტყვი – თითქოს საკუთარ თავს ვუმზერ პატივით,
რომ შენს სამსახურს არ მივიჩნევ მე ჩემს ღირსებად,
რომ შენი მზერა არ მიზიდავს ანდამატივით
და სიყვარული გადამექცა გასაძლისებად.
მაგრამ შენ გიყვარს ის, ვინც ცხადად ხედავს შენს ცოდვებს,
მე კი სიბრმავე ბედისწერის სასჯელად მომდევს.