Lockheed Martin ქმნის თანამგზავრულ ქსელს სტიქიური უბედურებების ზონაში ინტერნეტის მიწოდებისთვის
ამერიკული კორპორაცია Lockheed Martin-ი გეგმავს შექმნას თანამგზავრების ქსელი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური ინტერნეტის მიწოდება სტიქიური უბედურებების ზონებში. პროექტი დაზარალებულებს საშუალებას მისცემს სწრაფად დაუკავშირდნენ ექსტრემალურ სამსახურებს ან ახლობლებს – წერს New Atlas.
სტიქიური უბედურებებისა და ტექნოგენური კასატროფების ზონებში ხშირად ფიქსირდება კავშირის დარღვევა და გაუმართაობა. ეს პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გადამცემი ანძების დაზიანებით, ასევე ქსელის გადატვირთვით. კავშირის არარსებობის გამო დაზარალებულები ხშირად ვერ ახერხებენ თავიანთი ადგილმდებარეობა აცნობონ სამაშველო სამსახურს – ამის გამო კი მსხვერპლი იზრდება.
Lockheed Martin-ის გეგმის თანახმად, მომხმარებლები ავტომატურად მიუერთდებიან ახალ თანამგზავრულ ქსელს იმ შემთხვევაში, თუკი დედამიწაზე არსებული კავშირის სისტემა მწყობრიდან გამოვა.
პროექტის დეტალებსა და რეალიზაციის ვადებს კომპანია ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს.