5 გზა, თუ როგორ გავიუმჯობესოთ ინგლისური!
ინგლისურის სწავლა რთული, ხანგრძლივი და დამღლელი, რუტინული პროცესია, რომელიც შრომას, ენერგიას და განწყობას მოითხოვს, თუმცა სხვადასხვა ადამიანებისა და ჯგუფების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ამ ყველაფრის გამარტივება შესაძლებელია. ვისაუბროთ 5 მარტივ გზაზე, რომელიც აუცილებლად გაგიუმჯობესებთ ინგლისურად საუბრისა და მოსმენის უნარებს და შეგმატებთ თავდაჯერებულობას!
1) შეეშვით სიტყვების ცალ-ცალკე, გაუაზრებლად სწავლას და დაიწყეთ მზა ფრაზებისა და წინადადებების შესაწავლა ისე, რომ თითოეულის მნიშვნელობა კარგად გქონდეთ გააზრებული. ეს მეთოდი დაგეხმარებათ, რომ საჭირო დროს, საჭირო ფრაზები თავში მშობლიურ ენაზე ფიქრის გარეშე მოგივიდეთ!
2) დააპრაქტიკეთ ნასწავლი მასალა დაუყოვნებლივ! თუ ჩვენ ტვინს რაიმე სიამოვნებს, ეს არის ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება. ტვინს დროის უსარგებლოდ ფლანგვა არ უყვარს და თუ ის, რის შესახებაც რაღაცას კითხულობთ ან მექანუკურად იზუთხავთ, თავად არ გაქვთ გააზრებული, ტვინი არაფერს არ დაიმახსოვრებს. ისწავლეთ ახალი სიტყვა? – მაშინვე ააწყეთ წინადადება. ახალი იდიომა იცით? – წადით და ინგლისურად მოსაუბრე მეგობარი გააშაყირეთ! მოძებნეთ სხვადასხვა გზები, რითაც უშუალოდ ენასა და თქვენს შორის იქნება ურთიერთობა და არა თქვენს, თქვენს პედაგოგსა და ინგლისურს შორის.
3) იყავით მსახიობი! მსახიობს აქვს მხოლოდ ერთი მისია – ისწავლოს სცენარი და შემდგომ, ხალხი დაარწმუნოს, რომ ის რეალობაა. ისინი ამას ახერხებენ საკუთარი ემოციის ცოტათი გაზვიადებული გამოხატვითა და საკმარისი გამეორების შედეგად. რაც მეტად წარმოიდგენთ თავს ინგლისურენოვანი ადამიანების გარემოცვაში და დაიწყებთ საუბარს, თუნდაც საკუთარ თავთან, მით მალე მიხვალთ სასურველ შედეგამდე!
4) უსმინეთ იმდენად ბევრჯერ, რამდენადაც საუბრობთ! უამრავ ინგლისურის შემსწავლელს უჭირს საუბარი სამი მიზეზის გამო: 1. რცხვენიათ მშობლიური ენის გავლენით საკუთარი ინგლისური აქცენტის, 2. არ ახდენდებათ საკვანძო და მნიშვნელოვანი სიტყვები მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, 3. ვერ იგებენ იმას, თუ რას პასუხობს მოსაუბრე მას შემდეგ, როცა ისინი საუბარს ასრულებენ. ამიტომ, ამჯობინებენ, რომ ჩუმად იყვნენ. გამოსავალი ერთია: უსმინეთ სიმღერებს, ინტერვიუებს, პოდკასტებს, ცნობილი ადამიანების საუბრებს, რომელთა მშობლიური ენაც არ არის ინგლისური, და შემდეგ თავადვე ჩაერთეთ იმდენ ინგლისურენოვან დიალოგში, რამდენის შანსიც მოგეცემათ. დაიმახსოვრეთ, რომ რაც მეტად გაიწაფავთ ენას, მით უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ სხვებზე საკუთარი თავისუფალი, აუჩქარებელი და გასაგები მეტყველებით.
5) გადააფასეთ პრიორიტეტები! ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ ვსწავლობ ინგლისურს? ყველა ადამიანის პასუხი იქნება განსხვავებული. ზოგს უკეთესი სამსახური სურს, ზოგს უბრალოდ ის, რომ ფილმებს ინგლისურ ენაზე უყუროს, ზოგს კი ის, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად გაემგზავროს და ამისთვის, საკმარისი ცოდნა დააგროვოს. გახსოვდეთ, რომ ინგლისურს არავინ სწავლობს იმისთვის, რომ თქვენ დაგჩრდილოთ. 😁 მათაც საკუთარი გამოწვევები აქვთ, ისევე, როგორც თქვენ!